უდებს ასურელები იტყვიან ბნელს შუა მდიბარიდან, თუმცა ვერ ვიტყვით ამას უცილოდ.
ექსარხოსმა ისიდორემ უვიცობით ისინი მორდველებს (Мордва) მიაკუთვნა და კვლავ ჰიპოტეზად მოჰყავდა მათი ჰუნნობა – თუმცა მათში არა სჩანს საამისო შენაქსვი და თანაშენასწორობა. ვაწინამდებარებთ ერთს მოსაზრებასაც: არეზის მხარეს ძველად იყო პროვინცია utica (უთიკა – უდი). შეიძლება, ეს ტომი აქედანაც იყოს ნაარსი. ამას ვერ ასხვავებს ჯერ ვერც ადგილშორისობა და ვერც განმარტება სხვანაირი. ქართულ გეოგრაფიაში უთიკას გარდა არის მესხეთის სოფელი უდე, არის ქართული სიტყვაც უდები (დაუდევარი) სხვა კი არა ვიცით, რა შესამსგავსი…
ოდესმე მშვენიერ თქმით იხსენიებს სტრაბონი და შემდეგ კი ვიცით ის, რომ გახდნენ საქართველოს თანამოქალაქედ და დადგნენ მის წითელშავი დროშის ქვეშ…
საქართველოს დამოუკიდებლობისას ისინი ნახულობდნენ საქართველოს ზვიად სასახლეს და გრძნობდნენ მის სიამაყეს…
ხომ არ არის უდობა ერთი იმ ტალღათაგანი, რომელიც დაიძრა შუამდინარიდან ქართებთან ერთად და შემდეგ დაესახლა ალბანიაში? (კასპიის ზღვის სანაპიროებზედ), სადაც ქრ. (4 საუკ.) დაბადებამდე ინახებოდა ძველი ქართული წარმართული რელიგია და სადაც ეთაყვანებოდნენ მთვარეს ტაძართა აღშენებით და კაცთა მსხვერლის შეწირვით? ისტორია არ არის ამის ამის გამომეტყვი და ჩვენც ვერ დავიჟინებთ.
მრავალ საუკუნოებში უცხოვრიათ როგორც უსამშობლო ლანდებს. დაღლილი თავი დაუდვიათ დაღესტნის თოვლიან ბალიშზე და ტიგროს-ევფრატი დაიტირებს მათ დაკარგულს სახელს…
ქართულ მატიანეში პირველად მათ შევხვდებით წმ. ელისეს ცხოვრებაში. წმ. ელისე საქადაგებლად ჩამოვიდა სპარსეთით, მოვიდა მასაგეტებში – ალანები = დღ. ოსები.
აქ დაიწყო სწავლის გაფენა ჩოღას ანუ ჩორას = ჩურულს, ე. ი. დარუბანდის არე-მარეს, იქიდან მოვიდა უდოს სამის მოწაფით, რომელთაგან ერთი მოჰკლეს აქ.
უდინები უტეხი ნებისყოფის ხალხია და ადვილი არ იქნებოდა მათში ქრისტეს ჩირაღის ანთება, რასაც შედეგობა დაგვიმოწმებს.
წმ. ნინოს – მოსე ხორენელის სიტყვებით – მიუღწევია მასაკუთებშიც (რუსულ რუქაზე – (Массагеты) – ისინი კი უდებს 30 ვერსით ჰშორავდნენ… არჩილ I-ლმა აქ დააწესა გიშის კათედრა, რომელის ეპისკოპოსიც მწყსიდა შაქს და ნუხს, წუჯეთს, ელისენს და რომელსაც ქართველ მეფეთა ზეიმობაზე მე-40 ადგილი ეჭირა. ქალკედონის კრების დადგენილებანი გიშის ეპარქიამ არ მიიღო, კვალად მიიქცივნენ წარმართულს სჯულზედ და მე-X საუკუნეში იგინი მოაქცია დინარ დედოფალმა.
საუდოს მეზობლობდა სულ ახლო პროვინცია განუხი.
მცხეთის სვეტიცხოველს მეათე საუკუნეში აქ ჰყვანდა 50 გლეხი 1118 წ. აქ იბანაკებს დავით აღმაშენებელი. 1613 წ. აქ მოვიდა მგოსანი მეფე მგოსანი მეფე თეიმურაზ პირველი და ადგილობრივ კულმუხელებს დაურიგა 100 ტყავი, ძვირფასეული, ცხენები და 60 აქლემის საპალნე აბრეშუმი (არჩილისი 44-60) 1633 წ. ამავე მეფეს აქ ჰყვანდა ქევხად (დ. ფურცელაძე. Груз. Дворю грам. გვ. 5) ქართული ორიენტაცია აქ ოდითვე მძლეობდა, რასაც ზემო თქმულება დაგვიმოწმებს… საქართველოს საზღვარი აქეთ ყოფილა ხალხალი (ქ. ცხ. 272, ეღიმე გვ. 124, კაღანტ, გვ. 86) და ყაბალა – ესენი კი უდინების იქით არიან და ამათ სიტყვით რომ საუდო მუდამ საჩვენოში ყოფილა. ყაბალას იხსენიებს სტრაბონი ალბანიის დედაქალაქად (Cabalica) ქართლის ცხ. მას სთვლის შირვანის ქალაქად. იგი ამბობს (გვ. 248) მოვიდეს (1120 წ.) დანუხს და მასვე შვიდეულსა, პირმარხვას დღესა აღიღო (დ. აღმაშ.) შირვანისა ქალაქი ყაბალა და აღავსო სამეფო თვისი ოქროთა და ვერცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა და დაბრუნდა ქართლს“ (იხ. მ. ჯანაშვილის საინგილო).
არის ერთი ძვირფასი ცნობაც: არაბ-სპარსულ მწერალთა მოწმობით ყაბალაში მჯდარა ქართველი მთავარი. 1221-1222 წელს კაბალის ქართველ მთავარს შემოებრძოლნენ ყოფჩაღნი – დარუბანდისა და განჯის მთავრის დახმარებით. ქართველებმა აიღეს იგინი (არაბ. სპარს, მწერალთა გეოგრ. და ისტორ. ცნობანი საქ. შესახებ, თარგ. მ. დეფრემერისა). როგორც დიდად პატივცემულმა მ. ჯანაშვილმა გადმოგვცა აქეთ არის ახლაც სოფელი „ყოფჩათის“ სახელწოდებით. ალბათ ქართველებს ტყვე ყიფჩაღები აქ დაუსახლებიათ. რასაკვირველია, უდოხ ბლომა მსხვერპლს გაიღებდა, ისე როგორც ყოველთვის. უდობა ინგილოებთან ერთად იცავდა საქართველოს აღმოსავლეთ კარებს და ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ…
აღსანიშნავია ერთი გარემოება: ქართველნი მეფენი აქეთ მხრის გამგებლად ჰნიშნავდნენ ეპისკოპოსებს, რაიც გვაგონებს ხალიფებს, რომელნიც ერთს და იმავე დროს განაგებდნენ მხარის საერო და სასულიერო საქმეებს. კახეთი ჰერეთის ქორიკოზები შირვან-შამაჰიაში გამგედ ჭყონდიდელს ან ბედიელ ალავერდელს ნიშნავდნენ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრ. გიორგი ეპ. მიიღო მართვაი მესხეთისა. ასევე გლონქორ ეპისკოპოსმა მეხუთე საუკ. დავ. აღმაშენებელმა 1126 წ. შირვანის გამგედ დაადგინა მწიგნობ. უხუცესი სვიმ. ჭყონდიდელი (ქ. ცხ. 252).
ქრისტიანობამ ქართული ორიენტაციით გაანათლა დაღესტანი. თეიმურაზ ბატონიშვილის მოწმობით „ქისტნი, ღლივნი და ძურძუკელნი პირველ იყვნეს ენითა ქართულით მომზრახნი და ქრისტეანენი. ლეკნიც იყვნენ ქრისტიანენი და სცვიდეს ენასა ქართველთასა ვიდრე თემურ-ლანგამდე (1387 წ.) რომელმან მრავლითა ტანჯვითა, ლიქნინდა წყალობითა მიაქცია. მისცა მათ ბრძანება ფიცხნი – არღარა კითხვად და არცაღა სწავლად ქართულისა წიგნისა და რათა არცაღა ენა ქართული იზრეხებოდეს მათ შორის. მხოლოდ დაშთა ენა ქართული ლეკთა შორის ანწუხელთა (თეიმურაზ ბატონიშვილი – ივერიის ანუ გიორგიის ისტორია). მეფე ალექსანდრემ 1414-1442 წელს განდევნა არაანი მოლანი და მოაქცია ისევ ქრისტიანობაზედ.
მართლმადიდებლობის გარდა, უდებმა ქართული ენაც შეითვისეს, თუმცა მათ აქვთ საკუთარი ენა, რომელსაც მცირედი ნათესაობა აქვს ქართულთან და უფრო დიდი ლეკურთან.
უდების რიცხვი დღეს 7,000-ია. მოსახლეობენ ნუხის მაზრაში (განჯას გუბ.). ხალხი მეტად ნიჭიერი, გულ-ამაყი და გამბედავი. მათი ტომი სხვანაირობს… არის მათში მაჰმადიანი, გრიგორიანი, ურიაც და ქართულ-მართლმადიდებლობის აღსარებელი სულ ორი სოფელი. დიდი სოფელია ვართაშენი. გიშელ-ქურხუხელი მთავარ-ერპისკოპოსი მას ვარდაშენს ეძახის. ვართაშენი უდურად არის ქალაც[ა]ცაკ = დიდი ყვავილი. სომხები ამბობენ, რომ ის აღაშენა სპასპეტმა ვარდანმაო (ვახტანგ გორგასლანის დროს), რასაკვირველია, ეს მეტად იაფფასიანი საბუთია. უფრო კი ნიშნავს – ვარდის სანერგეს = ვარდიანს… მონგოლთა შემოსევისას პირველად ესენი გახდნენ მსხვერპლი ყვითელ ხელით აშიშვლებულ მახვილისა… საუდო მოოხრდა და იავარქმნა. ვართაშენი ამოსწყდა. იმ ადგილს, რომელიც ჰქონდათ მაშინ საფარად უდინებს ახლა იურტაგას უწოდებენ. მონგოლურად იურტ = ნიშნავს კარავს და ეს ნამდვილად შეესაბამება განმარტებას.
1310 წელს ვართაშენი კვლავ იხსენიება.
1330 წელს იგი მოიხილა ექვთიმე მთავარ-ეპისკოპოსმა.
1310 წელს აუშენებიათ თლილი ქვის ეკლესია წმ. ილიას სახელობაზედ.
გიორგი ბრწყინვალის დროს 1330 წელს ვართაშებს ჰქონია „სავაჭრონი და ჰყოლია ვაჭარნი დიდნი“. ძველადგანვე აქ მისდევენ მეაბრეშუმეობას, მევენახეობას და ხვნა-თესვას. საქართველოს რუსეთთან შეერთებისას უდინებმაც გადასცეს თავი თვისი რუსთა ხელმწიფებას და მისი ნაყოფიც ხომ ერთად ვიგემეთ. წარსულ საუკუნეში ჩვენ არ მოგვიცლია უდებისთვის და აქიდან იწყება მათი ჩამოშორება საქართველოდან; თუმცა უდინი ახლაც „გურჯობს“ და გრძნობს ქართულ სისხლს ვიმეორებ: წარსულშიც და ახლაც უდებში თავადობა ქართული ორიენტაცია…
აღსანიშნავია აქ სომეხთა ცილობა. წარსულში, აქაც გააბეს თავისი ქსელი და მოიყოლეს უდინებიც… უდინთა უმრავლესობამ მიიღო გრიგორიანობა და დღეს სოფ. ნიჟი, სადაც რამდენიმე ათასი სულია, გასომხებულია. ეჭვი არაა, ისინი არ დაჰკარგავენ სომხებს, მართლმადიდებელმა ვართაშენმა კი განაახლა კავშირი საქართველოსთან.
უდებს არ უნდა მოვექცეთ როგორც დღევანდლამდე. უნდა დავიახლოვით როგორც ძველი მეგობარი. დღეს, როცა ქართველის ხმა ზარიანად გაისმის კავკასიაში – უდინები სიხარულით ეშურებიან ჩვენკენ. საქართველოს ინტერესებისთვის საინგილოსა და საუდოში აღდგენილ უნდა იქმნეს მიშელთა საეპისკოპოსო ეროვნულ მოსაზრებით.
გიორგი ლეონიძე
გაზეთი „საქართველო“, 1917, 16 დეკემბერი, №274