საქართველოსმიერნი – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 25.01.1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „საქართველო“, 1920, 25 იანვარი, №18

სტატიები, შემოქმედება

საქართველოსმიერნი

დღეს, დიდუბეში, რომელიც იქცა საქართველოს დიდების პანთეონად ქართველი საზოგადოება მიუტანს ამაყ სიხარულს იმ უმაღლეს ქართველებს, რომელთაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველო საკუთარ ხერხემლით ატარეს.

ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომელნიც სისხლისგან დაცლილები ისხდნენ საქართველოს გემის კიდურზე და ჩონჩხების სალამურებზე მღეროდნენ:

„ორთა ობლად მცურავთა,

ჩვენ და ჩვენს მცირე ნავსა,

ჰოი, გვედრი მდინარევ,

იმ დიდ ზღვაში ნუ შეგვრევ“!

საქართველოს ისტორიას – მოწამეთა მარტიროლოგიას ეძახიან, მაგრამ რა მოწამებრივია მეცხრამეტე საუკუნის საქართველო, როცა თვითეული ქართველი მოწამე იყო. მაშინ ქართული პოეზიაც იყო ტრაური და ტრაური საქართველოსთვის,

თვითეულ ქართველს აწუხებდა ის, რომ „შემკრებლობითი, დიდებულ ერთიანი აზრი დიდი ხანია დაირღვა და გონებიდან ამოშრა“!

„მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,

რომ შენს მიწაზე ამდენ ხალხში კაცი არ არი,

რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გაუზიარო“.

და ამ ხალხმა ყველაფერი დასთმო საქართველოსთვის, ეს გვირგვინოსნები შეციებულ ნაბდებში დაიარებოდნენ და თან საქართველოს იღბალს ატარებდნენ. მათი ლოცვა იყო უბირი და საწყალი. სისხლიანი თვალებით ისინი მუდამ ახლოს იყვნენ ღმერთთან და შეჰქმნეს „ეკტენია  საქართველოსთვის“

„მოჰმადლე ქართველს, ქართვლის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული! ჰოი, სახიერო, ცისარტყელა განავლე ცასა, რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა“! დღეს, ცისარტყელების მსუბუქი ბურანები გაჰქრა და მჭრელი მზე გვადგა თვალებზე. არის ირონია და თანაც მძაფრი, რომ ბედმა არც ერთი მათგანი შეციებული არ მოასწრო დღევანდელ მზეს.

მაგრამ თუ მათი სიცოცხლე იყო ნუგეში საქართველოსთვის, თვისი სიკვდილით მათ განამტკიცეს საქართველო და თვითეულ მათგანის კუბოს აწევა იყო თავის ამართვა ეროვნულ სიამაყისა!

მიწის ხავერდში წასულმა მათმა ხელებმა ჩვენი გზები შეაერთა და ერთ დიდ ჯვარედინად შეჰკრა, ჩვენი მუხლი კი დღეს იმდენად ღონიერია რომ ამ სწორ გზაზე ვიაროთ და ძველი მემატიანესავთ წარვთქვათ: „არცა ვის ვეყმოთ, არცა ვის ვემონით“.

დიდუბის აკლდამებში დაცულია შეციებული საქართველო; ჩვენი სიხარულის სიცხე ოფლს მოადენს მათ შეციებულ სულს!

 

გიორგი ლეონიძე

გაზეთი „საქართველო“, 1920, 25 იანვარი, 18