ამოდის, ნათდება – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 07.12.1927

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი 24893-4-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ამოდის, ნათდება

ამოდის, ნათდება!

ამომავალ მზის ოქროს ნათელი

თავზე ადგება საქართველოს მთებს.

და ნამქერებში ღამე ნათევი

მთვარე ანათებს და არც ანათებს.

ზევით ღრიალით მოგორავს თერგი,

ქვევით გრიალი გაუდის არაგვს,

მზეს გაუდვნია ყინულის ქერქი,

მთა დაუფშვნია უხილავ წერაქვს.

ქარს მიაქვს თოვლი და მიიხვეტავს,

გადააფარებს ყაზბეგს შვინდებათ,

შერცხვეს ვაჟკაცი, თუ ამას ხედავს

და სიკვდილს კიდევ შეუშინდება.

მივჩერებივარ ცას გაკვირვებით

და ამიტაცებს სიცოცხლის ფეთქა.

ვაჟა-ფშაველას ვსუნთქავ ფილტვებით,

ხიმიკაურის გული ჩამედგა.

 

ტიციან ტაბიძე

7 დეკემბერი, 1927