მწერლის სახელოვანი, შემოქმედებითი გზა – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1937

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, №29

სტატიები, შემოქმედება

მწერლის სახელოვანი, შემოქმედებითი გზა

შალვა დადიანის მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივია. შ. დადიანი ეკუთვნის მხატვრული სიტყვისა საუკეთესო ოსტატთა რიცხვს.

შალვა დადიანი, გამოსული გაბატონებულ წრიდან, აღზრდილი ამ წრეში, ახერხებს კლასობრივი შეზღუდულობის გარღვევას და თავის სალიტერატურო თუ თეატრალურ მოღვაწეობას მჭიდროდ უკავშირებს ხალხის განმათავისუფლებელ მოძრაობას.

დაწყებული 1896 წლიდან, როცა მან გაზ. „ივერიაში“ მოათავსა თავისი პირველი მოთხრობა „წმინდა ცრემლები“, შალვა დადიანს კალამი აღარ გაუგდია ხელიდან. იგი არაჩვეულებრივ შემოქმედებითს აქტივობას იჩენს და მისი ნაწერები იბეჭდება ყველა იმდროინდელ გაზეთსა და ჟურნალში. აღსანიშნავია, რომ ეს შემოქმედებითი ენერგია არა თუ დაცხრა, არამედ უფრო გაიზარდა უკანასკნელ წლებში, ჩვენში სოციალიზმის საბოლოოდ გამარჯვების პირობებში. მიუხედავად 63 წლისა, შალვა დადიანი, გატაცებული ჩვენი ბედნიერი ცხოვრებით, აღფრთოვანებული სოციალისტური მშენებლობით, გაცილებით მეტი ინტენსივობით მუშაობს, ვიდრე ოდესმე უმუშავნია.

მთავარი, რაც შალვა დადიანის შემოქმედებას ახასიათებს, ეს არის მხატვრული სიტყვის ცენტრში სოციალური საკითხების მოქცევა. მისი კალამი ყოველთვის მღელვარეა, მებრძოლი. პროგრესიულ პოზიციებზე მდგარი დრამატურგი, პროზაიკოსი ახერხებს მხატვრულად მთლიანი და მაღალი ღირსების პროდუქციის მოცემას, მხატვარი პრინციპიალურად ვერ ურიგდება  იდეურად დაცლილ ნაწარმოებს, მისთვის ყოვლად მიუღებელია მხატვრული პროდუქცია, რომელიც სოციალურ საკითხს არ წყვეტს,

პირველ მხატვრულ ნაწარმოებშივე მკვეთრად გამოჩნდა მხატვარი მოქალაქე, მომწოდებელი უკეთესი მომავლისაკენ.

ეს იყო 1906 წელს, როცა პირველი რევოლუციის ხმა ჯერ კიდევ გაისმოდა, ჯერ კიდევ არ დამდგარიყო რეაქციის საშინელი სუსხი.

შალვა დადიანი სწერს პირველ დრამატიულ ნაწარმოებს, „როს ნადიმობდნენ“, – პიესას, რომელიც ხალხური იდეების პროპაგანდას ემახურება. პიესაში დასმულია სოციალური ურთიერთობის საკითხი. აქ ნახულობს მხატვრულ ასახვას ბრძოლა შრომასა და კაპიტალს შორის, და ავტორის მთელი თანაგრძნობა შრომის, ხალხის მხარეზეა. პიესა ნათელი ოპტიმიზმით არის გამთბარი. მწვავე ბრძოლაში შრომა გამოდის გამარჯვებული. ამგვარად, შალვა დადიანი პირველ მხატვრულ ეტიუდში რეალისტური მეთოდის პოზიციებზე დგება. იგი ხედავს საზოგადოებრივი განვითარების მთავარ ტენდენციას, მთავარ ნიშანს და მას მხატვრულ ფერებში აყალიბებს. აღსანიშნავია, რომ შალვა დადიანი ბოლომდე რეალისტური მეთოდის დაჯერებულ დამცველად დარჩა თავის მხატვრულ ნაწარმოებებში. ამიტომ არის, რომ ეს ნაწარმოებნი მკითხველსა თუ მაყურებელზე ყოველთვის მხატვრულ ეფექტს ახდენენ, ყოველთვის დადებითი ემოციური ზეგავლენის ქვეშ აყენებენ.

მეორე დიდი ღირსება, რომელიც ახასიათებს შალვა დადიანს, როგორც მახტვარს, არის დრამატურგიაში მარტივი ხლართის გაბმა და მისი ნათელის გახსნა. ამით აიხსნება, რომ მისი პიესები, ღრმა იდეურობასთან ერთად, გამჭირვალე, ნათელი ყალიბით არის გამოკვეთილი უმთავრეს შემთხვევებში.

სოციალური უკუღმართობის საკითხია წამოჭრილი შალვა დადიანის მეორე დრამატურგიულ ნაწარმოებში, რომელსაც „გეგეჭკორი“ ეწოდება. ამ პიესაში დაპირისპირებულნი არიან ხალხის ფართო მასები და მაღალი წრე. გეგეჭკორი, განათლებული ადამიანი, ვერ ურიგდება არსებულ სოციალურ უსამართლობას, ჩაგვრას, დუხჭირ ცხოვრებას, და თავისი წრის წინააღმდეგ მიდის. გეგეჭკორი სასტიკ ბრძოლას გამოუცხადებს ამ წრეს. მისი იდეალია თავისუფლება და თანასწორობა.

შეუძლებელია იმის თქმა, რომ მაშინდელი შალვა დადიანი, როგორც მხატვარი, დრამატურგი, დასრულებული მებრძოლი ყოფილიყოს სოციალური იდეებისათვის, ამის თქმა სინამდვილეს არ შეეფერება.  პირიქით, მაშინდელი შალვა დადიანი უფრო იდეალისტია, ხშირად ინდივიდუალისტური აზროვნების მეხოტბე. მაგრამ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მის შემოქმედებაში მოცემულია მთავარი ტენდენცია საზოგადოებრივი განვითარებისა, რომ იგი ნიღაბსა ხდის გადაგვარების გზაზე მდგარ სოციალურ ფენებს, რომ ავტორი ყოველთვის აქტუალურ საკითხების ცენტრში დგას და ამ საკითხებს პროგრესიული აზროვნების პოზიციებიდან აშუქებს. ასეთია მისი შემდეგი პიესა „გუშინდელნი“ – ერთ-ერთი საუკეთესო კომედია ჩვენს ლიტერატურაში.

აღნიშნულ ნაწარმოებში გაშიშვლებულია გადაგვარებული წოდება თავადაზნაურებისა. კომედია იშვიათი მხატვრული ოსტატობით არის დაწერილი. დრომოჭმული საზოგადოებრივი ფენების ცხოვრების ფონზე იშლება გადაგვარებული ადამიანების მეტად ღარიბი შინაგანი სამყარო, თავისი ყოფითი აქსესუარებით. „გუშინდელნი“, რომელიც მეტყველი ფერებით გამოხატავს ჩვენი საზოგადოებრივი ფენების განვითარების გარკვეულ საფეხურს, დაწერილია მახვილი, სატირული ენით და იგი ჩვენი დრამატურგიის ნიმუშად უნდა  ჩაითვალოს.

აღსანიშნავია, შალვა დადიანის მხატვრული მიდრეკილება ისტორიული შინაარსის თემებისადმი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებში მხატვარი თავისი დროის იდეების ენით ლაპარაკობს. ამ შემთხვევაშიც იგი მეტად აქტუალურ საკითხებს აყენებს და მხატვრულად წყვეტს. ამასთანავე ავტორი გრძნობს ისტორიას არა როგორც მკვდარს, გარდასულს, გაქვავებულს, არამედ როგორც ცოცხალს, ზემომქმედს, თავისი ფესვებით თანამედროვეობაში შემოჭრილს. ავტორი მშვენივრად, ზედმიწევნით იცნობს სტილს, ცოცხალ მაჯისცემას ეპოქისას, რომელსაც იგი აგვიწერს.

ამ მხრივ გამოსარჩევია ავტორის მონუმენტალური რომანი „უბედური რუსი“. რომანში მოცემულია თამარის ეპოქა. მთელი რომანი გაშლილია ამ ხანის ბრწყინვალების ფონზე, მოცემულია მაშინდელი ზნე-ჩვეულება, ურთიერთობა ჩვენსა და ჩრდილოეთ მეზობელს შორის. რომანში გაცოცხლებული არიან ისტორიული პიროვნებანი, თამარ მეფის კარისკაცნი. ავტორი გრძნობს ეპოქის სურნელებას, მის ზვიად სტილს და სწერს ასეთივე აწეული სტილით. მისი ენა ჩუქურთმოვანია, კრიალა, შალაშინ-გავლებული. ენა მდიდარია და ამასთანავე ლაპიდარული. იგი ბოლომდე არ ხსნის მოცემულ სახეებს, უფრო „ჩამოკრულით“ მოგვითხრობს. ავტორს , ეტყობა ერთგვარი მისწრაფება წარსულის სტილიზაციისკენ, „გალამაზებისკენ“. იგი ვერ სცილდება ტრადიციულ გზას ჩვენი მემატიანეებისას. მეტ ადგილს უთმობს მაღალი წრის ცხოვრების აღწერას, ხალხი კი იმ სახით, როგორც ამას ილია ჭავჭავაძე მოითხოვდა, ნაკლებად ჩანს. მაგრამ ამ წრის გარემოცვა, მისი ზრახვები, მისი ყოფა ისეთი მხატვრული ხერხით არის აწერილი, ისეთი მხატვრული ზომიერებით და ამასთანავე ისეთი გამართული მხატვრული სურათოვანი ენით, რომ მკითხველს იტაცებს. შესანიშნავი და დაუვიწყარი საღებავებით არის, მაგალითად, დახატული რედედიას კიმღერა,სვეტლანას და იურის შეხვედრა, დადიანი, თამარ მეფის კარისკაცი, და სხვა. ლექსიკონი მდიდარი და მრავალფეროვანია. ავტორი გრძნობს სიტყვას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს.

აღსანიშნავია ავტორის ესტეტიური პოზიცია, რომელიც იშვიათად თუ ემთხვევა მის შემოქმედებით პრაქტიკას. თეორიულ სფეროში იგი განიცდის იმპრესიონიზმის გავლენას. იგი პირდაპირ მოითხოვს იდეის „ჩამოკრულებით“ გამოთქმას. ერთ-ერთს თავის მოთხრობაში ავტორი ასე განსაზღვრავს თავის შემოქმედებით პოზიციებს: „მე ყოველთვის მეშინია ხოლმე, როცა ვწერ. მეშინია, არ წავართვა მკითხველს სრულიად ფანტაზია, ყოველი მზამზარეულად მივართვა. ლიტერატურულ ნაწარმოებს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ჰაერის სადენი, ლამაზი და ფართო აივნები“. იგი ცდილობს კიდევაც ამ დებულების გამართლებას შემოქმედებაში, მაგრამ თანმიმდევრობით მის განხორციელებას ვერ ახერხებს. ხშირად მხატვარი მოქალაქე ძლევს მის მცდარ თეორიას და იმარჯვებს რეალისტური ხაზი. ამასთანავე მასში ძლიერი ნაკადით არის მოცემული გარემოს ათვისება რეალისტური პოზიციებიდან.

ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ჩვენში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან შალვა დადიანი გულწრფელად მოდის ხელისუფლებასთან და მთელ თავის დაუშრეტელ შემოქმედებას და პრაქტიკულ ენერგია ხალხის სამსახურს ანდომებს.

მის კალამს ეკუთვნის პიესები: „მღვიმეში“, „ვარამი“, „შენი ჭირიმე“ და სხვა. დადიანი არ მოსულა თანამედროვეობასთან როგორც დასრულებული, მზამზარეული რეალისტი მწერალი. მის შემოქმედებას ამ ხანაშიც ახასიათებენ შეცდომები, გადახვევები. ასეთი იყო, მაგალითად, მისი კომედია „კაკალ გულში“, მცდარი სატირა საბჭოთა მუშაკებზე, კომედია, რომელშიაც მცდარად არის წარმოდგენილი საბჭოთა სინამდვილე.

შემდეგში, შემოქმედებითი მუშაობის პროცესში, დადიანი ძლევს ამ მცდარ მიდგომას სინამდვილისადმი და იგი საბოლოოდ ყალიბდება როგორც რეალისტი მწერალი, რომელიც ხაზგასმით აგვიწერს წარსულ სოციალურ უკუღმართობას, ჩაგვრას, ეროვნულ დაბეჩავებას.

შალვა დადიანის შემოქმედება გამოირჩევა თავისი ღრმა ოპტიმიზმით. ყველა მისი ნაწარმოები მზიანია, გამთბარია სიყვარულით, იმედით, მომავლისადმი. ყოველ თავის მხატვრულ ნაწარმოებში ავტორი მშრომელის ინტერესების მოსარჩლედ გამოდის. იგი სიცოცხლის მოსარჩლეა.

განსაკუთრებული სიმახვილით იგრძნობა რეალისტური ხაზი მწერლის შემოქმედებითი პროდუქციის უკანასკნელ ნიმუშებში. ასეთია მისი დაუმთავრებელი რომანი „ურდუმი“ და პიესა „ნაპერწკლიდან“. ამ ნაწარმოებებში ავტორი საბოლოოდ სწყვეტს კავშირს წვრილ-ბურჟუაზიულ ინდივიდუალიზმთან და გაბედულად დგება სოციალიზმის პოზიციებზე. აღფრთოვანებული დიადი სოციალისტური მშენებლობით, მშობლიური ქვეყნის წინსვლით და მისი აღორძინებით, შალვა დადიანი ახალგაზრდული გატაცებით განაგრძობს ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას და სწერს ისტორიულ რომანს, რომელშიაც უკვე დაdლეულია ადრინდელი შეზღუდულობა და აღებულია ხალხის ფართო მასობრივი მოძრაობა, მიმართული ექსპლოატატორების წინააღმდეგ. რომანის შინაარსი იშლება გლეხთა აჯანყების ფრონტზე მემამულეთა წინააღმდეგ. მთავარი გმირი, მომქმედი და წამყვანი არის ლეგენდარული უტუ მიქავა.

სიყვარულით და ისტორიული პერსპექტივის სწორი გათვალისწინებით არის დაწერილი შ. დადიანის უკანასკნელი პიესა – „ნაპერწკლიდან“. პიესის თემად აღებულია მუშათა მოძრაობა ჩვენს ახლო წარსულში და დიდი ბელადის – ამხანაგ სტალინის ხელმძღვანელი როლი ამ მოძრაობაში. პიესა დაწერილია ნამდვილი რეალისტური მეთოდით და მხატვრული ზომიერებით.

ამ მეთოდის მომარჯვებითვე არის გასცენირებული  შ. დადიანის მიერ ეგნატე ნინოშვილისა და ილია ჭავჭავაძის მხატვრული ნაწარმოებები პირველი „ნინოშვილის გურიას“ და მეორე „ჩატეხილი ხიდის“ სახით. ორივეში ავტორი ახერხებს დასახელებულ მწერალთა წამყვანი იდეის განსახიერებას, მათივე გმირების გაცოცხლებით, ორივე პიესაში ხაზგასმულია ავტორების შემოქმედების დამახასიათებელი გზები, მიმართული თავისი დროის მამოძრავებელი ძალებისა და სოციალური ფენების ასახვისაკენ.

ასეთია მოკლედ შალვა დადიანის მხატვრული შემოქმედება. მისი გზა გრძელი და სახელოვანია, იგი დაკავშირებულია ხალხის ინტერესებთან, მის განმათავისუფლებელ ბრძოლასთან. შალვა დადიანის შემოქმედების უკანასკნელი პერიოდი უშუალოდ ემსხურება სოციალისტურ მშენებლობას. იგი მთელი არსებით და შეგნებით ამ მშენებლობის პირველ რიგში დგას. ამიტომ არის, რომ მან უდიდესი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა მშრომელთა შორის და იგი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილთა რიცხვში მოხვდა. მშრომელმა კოლმეურნეებმა იგი წამოაყენეს თავიანთ კანდიდატად საკავშირო საბჭოში. აქ ერთხელ კიდევ დამტკიცდა საბჭოთა ხელისუფლების მზრუნველობა ჭეშმარიტ საბჭოთა ადამიანზე, შემოქმედზე.

შალვა დადიანი თავისი შემოქმედებითი პროდუქციით, თავისი პრაქტიკული მუშაობით ხალხს ეკუთვნის, და იგი კიდევაც შესძლებს გაამართლოს ამ ხალხის, საბჭოთა ხელისუფლების, პარტიისა და დიდი სტალინის ნაცადი მოწაფის – ამხანაგ ლავრენტი ბერიას ნდობა.