ლიტრატურული პროფილები – ვალერიან გაფრინდაშვილი – „დაისები“ – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 01.1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „შვილდოსანი“, იანვარი, №1

სტატიები, შემოქმედება

ლიტრატურული პროფილები – ვალერიან გაფრინდაშვილი – „დაისები“

ქუთაისმა გვიჩვენა წიგნის კულტურა. „მეოცნებე ნიამორებისა და „კირჩხიბის“ ყოველ გამოცემას ამჩნევია ოსტატის ხელი. ასეთია ,დაისებიც“. ეს პირველი წიგნია ყანწელის და მით უფრო საინტერესო: აქ უნდა ვეძიოთ სიმბოლიზმის პირველი გამართლება საქართველოში. ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია სუბიექტურ ემოციათა ანარეკლია, ჯადოსნური სარკეა. მისი სულიერი განცდების ყოველი ნიუანსი საოცარ ფერებით არის ჩაძირული ამ სარკეში. ინდივიდუალური ასახვა მოვლენის: რელიგიური განცდაა შეპუდრული ნიღაბით მოჩვენებული. პოეზია, როგორც სავანე რელიგიურ ჭვრეტისა, გავლაა შეუმჩნეველ ხიდზე, მეორე დასაწყისში კაშირია ორი სამყაროსი. გაფრინდაშვილის პიროვნება გაორებული: და ეს მეორე „მე“ ჰამლეტის ტოგაში გამოხვეული, მუდმივი თანამგზავრია მისი. წარმოდგენა უხსნის გზას პოეტის ფანტაზიას და იწვევს მასში დაუშრეტელ ოპტიმისტურ სიხალისეს. გაფრინდაშვილი წარმოდგენის საშვალებით ჰქმნის ახალ სამყაროს, არსებულის ანარეკლს. იბადება კითხვა – რომელი უფრო რეალურია ყოველ შემთხვევაში რეალობა პოეტისათვის ერთი გარდამავალი ზონაა. მის გადაღმა, პოეტის შინაგან ათვისებაში ჩამოისხმის მარადიული სახე დაუსრულებელ სამყაროსი. აქ თვით პოეტია მდგომარეობის ბატონი. ასეთია ექსტატიურ წარმოდგენის სიძლიერე. მას შეუძლია უფრო ცოცხალი სახით, დამძიმებულ ფერებით გააცოცხლოს ყოფილი ან ზმანებული სურათები. პოეტმა ნახა ქარვისფერ ქარში საოცარი ხელთათმანი და შეიყვარა იგი ხელზე უფრო. საკმარისია პოეტისთვის ხელთათმანის ხილვა, რომ მოელანდოს მას უცხო ქალწული სარკის სურნელოვან სიღრმეში. პოეტი ეტრფის ხელოვნურ თითებს: მათში არის დამალული სული უცნობი ქალწულისა.

გაფრინდაშვილისთვის ჭვრეტა არის მთლიანი და რთული პროცესი. იგი წინამორბედია საგნის შეცნობისა. ამიტომ პოეზია და ხელოვნური შემოქმედება პრიმატია. ფარავს ყველაფერს – სინამდვილე გამოგონებაა. პირველი სრულყოფილია, ავხაზებში მომწყვდეული. მეორე დაუსრულებელია, მცდარი და მოკლებული სიღრმეს. პოეტი გათქვეფილია სავსებით პირველ სამყაროში და იქიდან იყურება მოწყენილ ირონიით. ფუგა, სადაც ინასკვება დუალისტური აღელვება, სულის სარკეა, ყველაზე უფრო ღრმა და წმინდა. ამიტომ უყვარს პოეტს სარკის ნატეხი. იქ, მის სიღრმეში მოსჩანს აჯანყება მიღმა არსებულ ფანტომების, მისტიურ ორეულების. ეს პოეტის მეორე სამყაროა ფანტასმაგორიულ სახეებით დასახლებული. ამიტომ დაეხარება სინამდეილეში დაბრუნება. პირველი უფრო ნამდვილია და განცდილი, პოეტს სწამს ერთი ესთეტიკა: ესთეტიკა მოჩვენებების და გაურკვეველ ლანდების. ორეული პოეტის მუდმივი, მარადიული თანამგზავრია, ორეულებთან შეხვედრა ხიდზე სასტიკა შებრძოლებაა პოეტის თავის ბედისწერასთან, უაღრესი დაჭიმვაა ენერგიის.

„შევებრძოლები ორეულებს მეტი სიმწარით

და წრეს ჯადოსნურს თავს დავაღწევ გაგიჟებული“.

არც ერთი არ ეგუება თანამედროვე ფსიხიკას ისე, როგორც გაფრინდაშვილი მისი „შუაგაპობილ სულით“, შემომქმედ გალიუცინაციებით. ჩამავალ მზის სპილენძის სხივებში, ლალით შეღებილ ცაზე დადიან ნაირი მოჩვენებანი, რომელნიც მესმერიულ ჩაგონებით იჭრებიან პოეტის ასარკებულ სულში: დაისი პირველი, დაისი მეორე, დაისი მეხუთე ამ მოჩვენებების რკალია მჭიდროდ შეკრული. საკვირველი სიძლიერით ქრის ეს მოჩვენებათა გრიგალი. ეს მოჩვენება კი ისევ მისი ორეულია. კვლავ იბადება  ეჭვი: რომელი დამარცხდება ამ დაუსრულებელ ქაოტიურ დუელში? ყოველ შემთხვევაში, მისი ორეული უფრო ნამდვილია, უფრო მისაღწევი:

„მე ისევ ვეტრფი ორეულთა სასტიკ მყინვარებს,

რომ აჩრდილების მოვისმინო თეთრი ბრძანება“ („სურნელი სარკე“)

გაფრინდაშვილი ყველაზე უფრო მდიდარია ფანტაზიით. მან დააყენა ქართულ პოეზიაში სახის პრობლემა. ყოველი მისი ლექსი ამ სახეების მზიური გამოფენაა „დაისი მესამე“:

„იწვის არღანი, იკლაკნება იქ ფისმანდური

და ჩემი ცქერა მოჩვენებას კვლავ შევაფარე.

ანგელოზები სამართებლით პარსავენ ლოთებს,

მსახურებს დააქვთ ოპიუმი მაღალ ვაზებით“ და სხ.

ამ ლექსში საოცარი სიუხვეა კვეთილი სახეების. მაგრამ ამასთანავე არის აღმოსავლური ყნოსვა კაფესი და დაისის დაფერფლილი სუნთქვა. აქ არის დაქცევა ჩამავალ მზის სიჯამბაზის.

უფრო ხშირად გაფრინდაშვილის სახეებს განყენებული იერი აქვთ. ეს აძლევს მთელ პოეზიას აბსტრაქტიულ სახეს. ჩემთვის ეს დადებითი მოვლენაა.

პოეტი ახალი ესთეტიკის ვირგილიუსია ჩვენში: ამით აიხსნება მისი მიდგომა გაუგებარ აზრის და მისტიურ თრთოლვის. მან გააბატონა მკრთალი მისტიური სახეები, ანალოგიები, სიმბოლოები საკვირველ ლითონებით. მისი ოფელია პირველი მარადიული ქალური სახეა ჩვენ პოეზიაში.

„შენ, სულო ჩემო, საოცრება ისევ შეჰქმენი“ („ოფელია დაისებში“).

ოფელია მიუწვდომელი სახეა სიზმარში ნახულ წმინდა ასულის, რომელიც ხან „განისლდება“, ხან ლოცვად იქცევა.

გაფრინდაშვილმა გვიჩვენა ქართული პოეზიისათვის უჩვეულო ინტიმის და სულიერი განწყობილება.

„მივყვები მთვარეს დაუღალავს მე მორიდებით,

ვით კოლომბინას ტიციანი ნორჩი, თვალღია

(თვალთა საფერფლე სევდიანი ყვითელი მთვარე),

რაშს შემოაგდებს მთვრალ კაფეში ლაღი მგოსანი

და ეს იქნება თვით პაოლო, თვით სხივოსანი („დაისი მესამე“).

ან და მკრთალი ხელებით ასწევს სტრიქონებს შუა ფარდას კოლაუ  „ცხვირ გატეხილი“.

გაფრინდაშვილის ლექსს აქვს თავისი არხიტექტონიკა, ინდივიდუალური სახე. უმთავრესად მისი აზრი გაბედულად და შეუზღუდველად იშლება  მარცვლოვან სტრიქონებით აწყობილ ლექსში. უკანასკნელის მძიმე რიტმიული სვლა სავსებით ეგუება პოეტის აზრის აბსტრაქტიულ გაქანებას მთელი მისი პოეზი –დორიული ტაძარია მძიმე და ამაყ სვეტებით დაჩრდილული.

პოეტს უყვარს სიტყვის სიამპარტავნე და ინტიმური აზრი. მისი სიტყვა ფოლადივით მძიმეა, ხანდახან ძნელი ასაღები ხელში, მაგრამ მძიმეა თვით პოეტის მოჩვენება, მათი დენა მოითხოვს სიტყვის ნელ რიტმიულ სვლას. გაფრინდაშვილი სიტყვის არისტოკრატი ოსტატია, მოხდენილად თლის სიტყვის ახალ ფორმებს; არსებით სახელს აძლევს ზმნის ხასიათს: დარბაზი – ედარბაზა, ანგელოზი – ეანგელოზა.

გამოიყვანა ასპარეზზე ბევრი დაკარგული სიტყვები: მერამლე, ფისმანდური, ყირამალა. იგი რითმის საოცარი ვირტუოზია მიმართავს ყოველგვარ საშვალებას, რომ შექმნას დაუსრულებელი გარმონია. მისი ლექსები დამძიმებულია უხვი ასონანსებით, დისონანსებით და ახალი რითმებით.

საუცხოვო ასონანსები: რაინდს – მაინც, ჰაერი – სხვანაირი, სარკეზე – ნარგიზი, მინაშე -წინაშე. უფრო საყურადღებოა ერთი ხერხი, რომელსაც მიმართავს პოეტი რითმის არჩევის დროს; ასეთ შემთხვევებში იგი შეუდარებელი მაესტროა, მაგალითად: მარტო – ვიდარდო, რითმა: არტო – არდო. ორი თანხმოვანი ბგერა „ტ“ და „დ“ ეკუთვნის კბილის მიერი და ამიტომ იძლევა სრულყოფილ გახანგრძლივებულ ერთნაირ გარმონიას, რაც აძლიერებს სახეს ასეთი მაგალითები: იარაღს – არაყს (ღ, ყ), ყოველთვის – ელტვის (ტ, თ) მომაწოდებს – მაცოდებს (ნ, ც)“ თავგამეტებით – მედებით (ტ, დ)…

აქვს ალიტერაციით დაწერილი ტრიოლეტები, რომლებშიაც ერთი და იმავე თანხმოვან ბგერის სიუხვეს მივყევართ თავის მწუხარების სითეთრისკენ (სენტიმენტალური ტრიოლეტი).

სახეების და ლექსის ტეხნიკის ამოდენი სიახლე ერთ წიგნში უჩვეულოა ჩვენ ლიტერატურისთვის „ცისფერი ყანწების“ ჯგუფი თავისი ოთხი წლის გამოფენას აწყობს და მათი პირველი წიგნი გვიჩვენებს, რომ ქართული პოეზიისთვის იწყება ახალი გზები, ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისებში“ აღარაა აზიის პრიმიტიული კეკლუცობა, აქ ევროპის პუდრაა და ყელსახვევი. ქართულ პოლიტიკას ქართულმა ლიტერატურამ დაასწრო  ევროპისაკენ დაბრუნება.

შალვა დემეტრაძე

ჟურნალი „შვილდოსანი“ 1920, იანვარი, №1