I
ეს შესანიშნავი ტრადიცია დიდი ხანია, რაც საქართველოში დამკვიდრდა. ირაკლი აბაშიძემ კი 1967 წელს განაცხადა, რომ „პოეზიის დღე“ რუსთაველიდან იწყებაო და გაზეთს „პოეზიის დღეს“, „პოეზიის დღე – რუსთაველის დღე“ დაარქვეს.
ეს რასაკვირველია, მხოლოდ უმართებულოდ წარმოთქმული ფრაზაა, რომელიც ქართული პოეზიის ისტორიაში სინამდვილედ ვერ მიიჩნევა. თავისთავად ეს, შესაძლოა, დიდი კატეგორიის პრობლემას არ წარმოადგენდეს ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის; რასაკვირველია, არა ისეთს, როგორიც არის, მაგალითად, სიმბოლიზმის, ან ფუტურიზმის წარმოშობისა და განვითარების საკითხი, მაგრამ რად დასჭირდა ამხ. ირაკლი აბაშიძეს „პოეზიის დღის“ საერთოდ, ხელახლა მონათვლა? ამის მიზეზი ადვილად გასაგები გახლავთ: საჭირო იყო „პოეზიის დღისა“ არა როგორც „ცისფერი ყანწელების“ მიერ მსოფლიოში პირველად ასეთი რამის შემოღების აღიარება, არამედ ირაკლი აბაშიძის მიერ შემოღებული და დაწესებული ლიტერატურული მოვლენა. ნუ გაიკვირვებთ ისტორიის ამგვარად გადაკეთებ-გადმოკეთება ისტორიულ ფაქტების ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე დამახინჯება, მიჩქმალვა და თავდაყირა დაყენება – საუბედუროდ და სავალალოდ ერთგვარ მოდად გადაიქცა.
ისტორიკოს-მკვლევარს, მომავალში, სიზიფის შრომა დასჭირდება იმისათვის, რომ ისტორიულ სიცრუისა, სიყალბისა და დამახინჯების მორევში უტყუარი, ფაქტიური მასალა ამოკრიფოს და გამოავლინოს.
ისტორიულ ფაქტების გაყალბების და უხეშად დამახინჯებას უნდა მივაკუთვნო აგრეთვე ის ამბავიც, რომ ია ეკალაძის (ცინცაძის), ჩვენი დაუცხრომელი მოწინააღმდეგისა, აკ. ფაღავასი და სხვათა უმართებულო თხრობის შედეგად, პროფესორი დიმიტრი ბენაშვილი წერს, თითქოს გ. ტაბიძის ლექსები „ცისფერ ყანწებში“ მისი სურვილის გარეშე დაიბეჭდა. ამასვე ამბობს იგი ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ. ეკადრება პროფესორს ლიტერატურის დარგში ასეთი მონაჩმახის წერა? ეგ ხომ სრული უპასუხისმგებლობაა! ამას ხომ არა მარტო ისტორიული სიცრუე, არამედ უარესი, ცილისწამება და შეურაცყოფა ეწოდება! ჯურნალ „ცისფერი ყანწების“ მონაწილე ავტორებისა და მათი ნაწარმოებთა სია ხუთი თვის განმავლობაში ქვეყნდებოდა თბილისის და ქუთაისის გაზეთებში. სად ბრძანდებოდა გ. ტაბიზე, თუ მას არ სურდა, რომ მისი ლექსები „ყანწებში“ დაბეჭდილიყო? მაშინ იგი ქუთაისში გახლდათ. ვინ უშლიდა მას, გამოეცხადებია, რომ არ სურს „ყანწებში“ დაბეჭდვა? ვინ უშლიდა მის მიერვე მოტანილი ლექსების უკან წაღებას?? სად არის აქ უბრალო, ელემენტარული ლოღიკა? ეგ ხომ აბსურდია!
აქ მომავალი სინდისიერი ისტორიკოსი თავისუფალი იქნება ამ ჯოჯოხეთური შრომისაგან, რადგან მე, ამ წერილის ავტორი, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ზუსტად შემიძლია გაზეთ „პოეზიის დღის“ დაარსების აღწერა როგორც ამ გაზეთის ერთ-ერთი დამაარსებელს.
1916 წელს გამოვიდა „ცისფერი ყანწების“ მეორე ნომერი. მან, როგორც პირველმა ნომერმა წარმოუდგენელი მითქმა-მოთქმა და მღელვარება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ჩვენს წინააღმდეგ გააფთრებული შეტევები დაიწყო, განსაკუთრებით ბობოქრობდნენ ქუთაისელი ვაჭრები, ეგრეთ წოდებული „მოქალაქეები“ და დაბალი დონის ინტელიგენცია – პროვინციალიზმის ფილისტერული სახეობა, მენშევიკური აზროვნებით დამბლადაცემულნი. მათ უფრო მოკრძალებულად ჩვენი თავადაზნაურობა უჭერს მხარს.
როგორი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ ჩვენთვის,როგორი ცილისწამება, დაცინვა: რას არ წერდნენ, რა იდიოტურ ჭორებს არ თხზავდნენ, ქუთაისიდან ჩვენს გასახლებასაც კი მოითხოვდნენ, და ასეთ გამწვავებულ პირობებში ამ აუტანელ „პოშლიაკურ“ მღელვარებაში და მეშჩანურ ღრიანცელში მხოლოდ კიტა აბაშიძემ გაბედა ხმის ამოღება ჩვენს დასაცავად და ეს არა იმიტომ, რომ იგი „იდეალისტური და კოსმოპოლიტიკური შეხედულებებით“ იყო გამსჭვალული, როგორც ამას „სოციალისტური რეალიზმის “ ცრუ აპოლოგეტები ბრძანებდნენ, არამედ იმიტომ, რომ კეთილშობილური და უაღრესად განათლებული ინტელიგენტი გახლდათ, დიდი მხატვრული გემოვნებით დაჯილდოებული. აქ მინდა, შევნიშნო, რომ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ქმნილებანი, ხელოვნების სფეროში შექმნილია რელიგიით (წარმართული, ბუდისტური, ებრაული, ქრისტიანული და მაჰმადიანური), დიადი სიყვარულით იდეალიზმით და რეალიზმით – ჩვეულებრივი რეალიზმით! ვფიქრობ, ამ ცოტათი ბანალურ ჭეშმარიტებაში სადავო არაფერია.
საქმე იქამდე მივიდა, რომ მამაჩემს ანონიმური წერილიც კი მოუვიდა ასეთი შინაარსის: „ღრმად პატივცემულო გალაქტიონ სტეფანეს ძევ! დაუჯერებელია ჩემთვის, რომ თქვენ ასეთი შვილი გაგიზრდიათ, ისიც ერთადერთი ვაჟი. უნდა იცოდეთ, რომ ის არცხვენს თქვენს ოჯახს და ქუთაისის მთელ კეთილშობილ საზოგაღოებას! ნუთუ გიმნაზიაში და უნივერსიტეტში მას ასეთი რამ შეასწავლეს? მიიღეთ მის წინააღმდეგ სასტიკი ზომები და ეცადეთ, სწორ და ნათელ გზაზე დააყენოთ იგი. თქვენი პატივისმცემელი და კეთილის მსურველი“· წერილი რუსულად იყო დაწერილი და, როგორც ეტყობოდა, ქალის მიერ. იმდროინდელ ქართველ მანდილოსნებს გარუსების ძლიერი ელფერი გადაჰკრავდათ. ამ გარემოებით იყო გამოწვეული თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწის პედაგოგის და გულწრფელი პატრიოტის სილოვან ხუნდაძის წერილი, რომელიც მან, თუ არა ვცდები, ქუთაისის გაზეთ „მეგობარში“ დაბეჭდა შემდეგი ორიგინალური სათაურით: „კარტველი კალები“. ამ წერილში სილოვან ხუნდაძე დასცინოდა იმდროინდელ ეგრეთ წოდებულ „განათლებულ და წარჩინებულ“ მანდილოსნებსა და „ბარიშნებს“, რომელნიც დამახინჯებული ქართულით წარმოთქმულ ყოველ ფრაზაში რუსულ სიტყვებს ურთავდნენ, ან კიდევ სულაც თაკილობდნენ ქართულად ლაპარაკს.
ჩვენი მოწინააღმდეგენი ხედავდნენ მხოლოდ ჩვენს შეცდომებს და გადაჭარბებულ ნიჰილიზმს, რაც ყველგან და ყოველთვის ხდებოდა ხოლმე ახალი პოეტური სკოლის შექმნის დროს. განსაკუთრებით არ მოსწონდათ ჩვენი მანიფესტის მოწოდება: „ვნებიანად გიყვარდეთ ქალი და დაუზოგავად ამრავლეთ ხალხი“. სხვათა შორის, ჩვენს ქართულ არისტოკრატიულ წრეებში, გერმანიის მიბაძვით, თანდათან ძლიერდებოდა „ცვაი კინდერ“-ის სისტემა, რაც უთუოდ დასაგმობი იყო.
ძლიერ აღშფოთებას იწვევდა პაოლო იაშვილის წინასწარი განზრახვით დაწერილი ლექსი:
პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს, მაგრამ, ფარდა! შექსპირს უარი!
რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყრუ არი,
და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი!
გინებისა და ლანძღვის საგანი იყო ვალერიან გაფრინდაშვილის „ტილებიანი სონეტი“, ლელი ჯაფარიძის „ორსული მზე“ და ჩემი „ავზნიანი ქალაქი“, მაგრამ ყოველივე ამას ოდნავადაც არ შეუცვლია მდგომარეობა და ჩვენ მტკიცე გადაწყვეტილება მივიღეთ, გვებრძოლა მოზღვავებული „პოშლიაკობის“ წინააღმდეგ.
ჩვენ გვწამდა, რომ არსებითად სწორ გზას ვადექით, რომ ქართული ლექსის ფორმა, მისი ჟღერადობა და კულტურა დაკნინებას განიცდიდა, რომ აკაკი წერეთლის მიერ სავსებით ამოწურული ლექსის სტრუქტურა, აკაკისებური ლექსთწყობა, გადაიქცა შტამპად, შაბლონად, რომ აკაკის, ამ დიდი პოეტის, ეპიგონებმა დაუკარგეს ლექსს სილამაზე, გააუბრალოეს იგი, დააყრუეს, ჩაფლეს საზოგადოებრივ მოტივებში. რომ ქართული ლექსი გახლდა გემოვნების დაცემისა, პროვინციალიზმის და ჩამორჩენილობის მაჩვენებელი.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს რუსთაველი უფრო თანამედროვე პოეტი იყო, ვიდრე აკაკის მიმბაძველ პოეტთა ლეგიონი. ცალკეულ პოეტთა ხმა (ა. აბაშელი, ი. გრიშაშვილი, სანდრო შანშიაშვილი) იკარგებოდა ამ უგემოვნობის ზღვაში, რადგან მათი განცალკავებული, ერთპიროვნული გამოსვლა, რაც მთავარია, არ ქმნიდა ერთ მთლიანს და მებრძოლ ფრონტს, ე. ი. პოეტურ სკოლას.
შესაძლოა, ბევრს პარადოქსად მოეჩვენოს, არ დამეთანხმოს, მაგრამ მწამს, რომ მომავალში ქართული პოეზიის განვითარების ღრმად დაკვირვებული და მიუდგომელი მარტიროლოგი, განსხვავებული ახლანდელ ზერელედ მოაზროვნე, უგემოვნო „პროფესორებისაგან“, გაიზიარებს ჩემს აზრს.
ჩვენი მიზანი იყო, მოგვეხდინა უპირველეს ყოვლისა ქართული ლექსის რეფორმა, მოგვეშორებია მისთვის პროვინციალიზმის და ჩამორჩენილობის ქერქი და აგვეჟღერებია ქართული ლექსი სწორედ ისე, როგორც ეს გააკეთეს სიმბოლისტებმა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში და ნორვეგიაში. მიგვეცა ლექსისათვის ის ძალა და ჟღერადობა, როგორც ეს შესძლეს რუსეთში სიმბოლიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლებმა (ბალმონტი, ანდრეი ბელი, ბრიუსოვი, ბლოკი).
ჩვენ მივაღწიეთ ამას. ამის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა ჩვენი მაღალი კულტურული დონე, ჩვენი გემოვნება და ღრმა სიყვარული სამშობლოსადმი.
ამაოებად მიმაჩნია პოეზიაში „კათაკმეველთა მრავალთა“ ყოველგვარი ცდა, რათა ეს ისტორიული მომენტი ჩვენი პოეზიის განვითარებისა უკუღმა წარმოვიდგინოთ და ჩაუთვალონ ვინმე სხვას, განცალკევებულ პიროვნებას, ამ დიდი ამოცანის გატარების ავტორობა.
ნურას უკაცრავად, სიცრუისა და უგემოვნების დარგში დაოსტატებულნო, პოეზიის „მცოდნე“ ბრძენთა–ბრძენებო“! მერწმუნეთ, არაფერი გამოგივათ! თანდათანობით ის დრო გადის, როცა შავი თუჯი ბაჯაღლო ოქროს ფასში გადიოდა, ხოლო „თვალი პატიოსანი“ უბრალო შუშის ნამტვრევად ხურდავდებოდა!
II
„სადა ხართ ძმებო, მეგობრებო, გულის სიმებო?! “
ერთ დღეს, ჩემთან შეკრების შემდეგ, ქუთაიაის მყუდროებით მოცულ ქუჩებს ვეწვიეთ. გაზაფხულის საუცხოო გვიანი საღამო იყო. ცოტა ხანს ცრიდა, მაგრამ მალე გადაიღო და ცა ვარკვლავებით მოირთო. ხანმოკლე ხეტიალის შემდეგ მოგვინდა მყუდრო სადარბაზოში ჩვეულებრივ ღამის გათევა. არ გვსურდა განშორება. პოეზია მთელი თავისი სიდიადით და ღვთაებრიობით იპყრობდა ჩვენს სულს, ათბობდა უხილავი ცეცხლით ჩვენს მეგობრობას, ასპეტაკებდა გულისცემას და თვით ბედნიერებას თვალით ხილულს ხდიდა.
ჩვენ ხომ ასე გვიყვარდა ქუთაისის მყუდრო და ღრმა სადარბაზოები! ამოვარჩიეთ ერთი სადარბაზო კათოლიკეთა ეკლესიასთან, სანდრო ცირეკიძის ბინის მახლობლად. მე შინ დაბრუნება მომიხდა, რათა საჭმელი და ღვინო წამეღო. თან ვანო ყიფიანი წავიყვანე (მას ჩვენ ალერსით „ივის“ ვეძახდით). ზენა ქარი ამოსვლას აპირებდა, ხეების ნელი რხევა იწყებოდა და უბინაო ძაღლები ქუჩებში დაძრწოდნენ. დედამ მალე გაგვიხაზირა საუზმე, ღვინო ჩამოგვისხა და დარიგებით გამოგვისტუმრა.
– ჩვენ დღეს ერთი რამ უნდა გადავწყვიტოთ, – გვითხრა პაოლომ, – იმედი მაქვს, მოიწონებთ ჩემს აზრს და შევძლებთ მის განხორციელებასაც.
– რას? – შეეკითხნენ ერთხმად სანდრო ცირეკიძე და ვალერიანი.
– ახლავე გაცნობებთ…
– წინასწარ ვიწონებთ და გეთანხმებით,- თქვა შალვა კარმელმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა იყო. მას მეტად ლამაზი, შვლის ნუკრის მსგავსი თვალები ჰქონდა. მორიდებული, მორცხვი და ნიჭიერი პოეტი იყო. ყველას გვიყვარდა.
– ჯერ ყელი გავისველოთ, ვიდრე საქმეს შევუდგებოდეთ, – თქვა პაოლომ.
ღვინო დავლიეთ. მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდა, ქარი უკვე გააფთრებით უტევდა ქუჩებს. ახმაურებდა ფანჯრებსა და დარაბებს, ებრძოდა ხეებს და შორს გაჰქონდა მათი ჯერ კიდევ ნორჩი, ახლადგაშლილი ფოთლები.
– აზრად მომივიდა გაზეთის გამოცემა, რომელსაც…
– გაზეთის? – შევეკითხეთ ჩვენ, – ამას ხომ დიდი თანხა დასჭირდება!
– რომელსაც, – განაგრძო პაოლომ, – პოეზიის დღე უნდა ეწოდოს.
– „პოეზიის დღე?“
– დიახ, პოეზიის დღე, სადაც ახალი ლექსებით წარმოდგენილი იქნებიან ქართველი პოეტები და რომელიც ნათლად გამოავლენს ჩვენი პოეზიის მდგომარეობას. ამას არც იმდენად დიდი თანხა დასჭირდება, როგორც თქვენ ფიქრობთ, იგი ხომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოვიდეს. მე და კოლაუ ამას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, დაგვეხმარებიან ისინიც, ვისაც ქართული პოეზია უყვარს.
ჩვენ ერთსულოვნად მოვიწონეთ ეს აზრი. ყველანი აღგვაფრთოვანა გაზეთ „პოეზიის დღის“ გამოცემის იდეამ.
– ჯერ, ვგონებ, არც ჩვენში და არც არსად ასეთი გაზეთი არ არსებულა. – თქვა ვალერიან ვაფრინდაშვილმა.
– შესანიშნავია, ბრწყინვალე აზრია, – ამბობს სანდრო ცირეკიძე.
იგი ჩვენს შორის სიდინჯითა და თავშეკავებული ენთუზიაზმით გამოირჩეოდა ღამე სადარბაზოში გავატარეთ. ოდნავ შეზარხოშებულებს კვირადღე თავს დაგვათენდა და კათოლიკური ეკლესიის ზარების რეკვამ გამოგვაღვიძა. სახლის პატრონს ალბათ ჯერ კიდევ ეძინა, არც არავის დავუნახივართ.
იმავე დღეს, საღამოს ჟამს ნიკო ლორთქიფანიძეს ვეწვიეთ. მან ძლიერ მოიწონა ჩვენი განზრახვა. დახმარების გაწევა დაგვპირდა და გვითხრა:
შევეცდები სხვებიც ჩავაბა ამ საქმეში. უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, მწერლები და მოწინავე პედაგოგები. ვეტყვი დავით კლდიაშვილს, ფანცხავას, დომენტის, თეოფილე ხუსკივაძეს, ილია ჭყონიას, გარსევანიშვილს, იოსებ ოცხელს, ჯაჯუ ჯორჯიკიას და სხვებსაც…
ნიკო ლორთქიფანიძემ შეასრულა დაპირება. თანხა შეგროვდა. გაზეთის გამოცემისა და დაბეჭდვის ნებართვა მივიღეთ და ყველანი გაზეთისათვის საჭირო მასალების შეგროვებას შევუდექით. ამას არც ისე ცოტა შრომა დასჭირდა. ტიციანი და გალაკტიონ ტაბიძე რუსეთში იყვნენ. ეს გარემოება ცოტათი ართულებდა საქმეს, მაგრამ ყოველივე დაბრკოლება გადალახულ იქნა და ახალშობილი გაზეთი „პოეზიის დღე“ 26 მაისს უკვე ხელში გვეჭირა.
ეს დიდი დღესასწაული იყო ჩვენთვის. ამ ამბის აღსანიშნავად, მწიგნობარმა, პატივცემულმა ისიდორე კვიცარიძემ მოგვიწვია ქართველი მწერლები და მოწინავე საზოგადო მოღვაწეები, რათა ჩვენი ერთობლივი სურათი გადაეღო. ეს მეტად საინტერესო ჯგუფი ამ წერილის პირვანდელ ტექსტთან ერთად დაიბეჭდა ჩვენს ლიტერატურულ გაზეთში. სურათის ორიგინალი ინახება ჩემთან.
სურათზე არის პაოლო იაშვილი. იგი იმ დღეს თავის სოფელში არგვეთში მამასთან ერთად წასულიყო. ქუთაისში სამწუხაროდ, არ იმყოფებოდნენ იმ დღეს არც ივი ყიფიანი და შალვა კარმელი.
გაზეთი „პოეზიის დღე“ მას შემდეგ ყოველწლიურად გამოდიოდა. 1922 წელს კი მისი უკანასკნელი ნომერი გამოვიდა, პოეზიის მტერთა (უმთავრესად „რაპის“-ს) უაზრო და მტრული საქმეში ჩარევის გამო. ასეთი გახლავთ გაზეთ „პოეზიის დღის“ მოკლე, მაგრამ უტყუარი ისტორია.
კოლაუ ნადირაძე
1974
თბილისი