მოთხრობები – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1906 წლის შემდეგ

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 5-1-ხ

გამოცემა :

პროზა, შემოქმედება

მოთხრობები

მზეთ-უნახავი

(მოთხრობა)

შედგენილი ა. ცირეკიძის

იყო და არა იყო რა. იყო ერთი ხელმწიფე ჰყავდა ერთი ცოლი ერთი ვაჟი და მრავალი მოახლე. ეს მეფე  მეფობდა ერთ პატარა სახელმწიფოშიდ.

ერთხელ გავიდა ხელმწიფის ვაჟი სანადიროდ ათი მხლებლით, ეს ჩვენი მონადირენი გავიდნენ ქალაქ გარედ დიდ უდაბურ ტყეშიდ. იარეს, იარეს და ვერაფერი ვერ ინადირეს.

ოლოს იქნამდიდ მივიდნენ, რომ გზა დაჰკარგეს. ჩავარდნენ ჩვენი მონადირენი საფიქრებელშიდ. ბოლოს გამოიგონეს კონპასით ნახვა. დახე უბედურებას, რომ კონპასიც კი გაფუჭებულიყო.

ეხლა დარჩნენ ჩვენი მონადირენი სულ პირში ჩალა გამოვლებული. დაიწყეს აქეთ იქით ხეტიალი. ხელმწიფის ვაჟმა დაინახა პატარა კოხტა მინდორი, გარშემო უდაბური ტყე შემოვლებული, შუაგულშიდ პატარა კოტა სახლი აგებული. ამ პატარა მინდორშიდ იყო მრავალი ხეხილი. ამ სახლამდინ მიზდევდა უდაბურ ტყიდამ გველივით დაკლაკნილი ბილიკი, ერთის სიტყვით არ შეგვიძლიან ამ ალაგის სიმშვენიერის აღწერა. ხელმწიფის ვაჟი გაიტაცა აღტაცებამ. გაეშურა პირდაპირ ამ ბილიკისკენ, რომელიც მიდიოდა იმ პატარა და ლამაზ ადგილისაკენ. გაიარა პატარა გზა. მიაღწია იმ პატარა ლამაზ სახლთან, რომელიც წინ ვსთქვით. მივიდა თუ არა, შესდგა კიბესთან. გასაკვირებელი არ არის მისი გაჩერება. მას მოესმა მშვენიერი ტკბილი სიმღერა. გაიარა პატარა ხანმა და განაგძო სიარული ვაჟმა, ავიდა კიბეზედ მიადგა ფანჯარას. ჯერ ყური დაუგდო მშვენიერს სიმღერას და მერმეთ ცქერა დაიწყო ფანჯარაშიდ. მან დაინახა მზეთ უნახავი ახალგაზრდა ქალი ოქროს სკამზედ გიტარით ხელშიდ ამღერებდა მშვენივრად. მას მოსმოდა ფეხის ხმა და უეცრად შეხედა ხელმწიფის ვაჟს. ქალმა მიიწვია დაუპატიჟებელი სტუმარი და პატივი სცა. ქალს მოეწონა ვაჟი, რასაკვირველია, ვაჟსაც მოეწონა ქალი. ვაჟმა უამბო თავიანთი თავგადასავალი. ქალმაც მოუყვა თავიანთი თავ გადასავალი. ქალმა მოუყვა შემდეგ თავ გადასავალი. მე ვარ ამ სახლის პატრონი. მე დედ-მამამ ბავშვობიდან დამკარგეს ტყეშიდ, მერმე მე შემხვდა ერთი ხვთისნიერი კაცი, გამზარდა და მომცა ეს, რასაც თვალით ჰხედავთ. მერმეთ მოკვდა ის კაცი და დავრჩი მარტოკა აქ. ესთე გაეცვნენ ერთმანეთს ჩვენი ახალგაზრდენი. ბოლოს უთხრა ვაჟმა, რომ ცოლად უნდა შეგირთოვო. ქალიც დაჰყაბულდა. გადაეხვნენ ერთმანეთს ახლად გაცნობილნი და გაჰდაკოცნეს ერთმანეთი. მერმედ გაგზავნეს კაცი, დეიბარეს დედ-მამა და ყოველი ნათესავი. გამართეს ქორწილი, დეიპატიჯეს მრავალი ხალხი და გადაიხადეს დიდი ქორწილი. ჩიტის რძეც კი იყო იქ იმ დროში. მეც იქ ვიყავი, ყორიფელი ბევრი ვჭამე ვსვი, მაგრამ პირშიდ არ ჩადიოდა სულ წვერებზედ იქცეოდა.

1906

 

ელგუჯას თავ-გადასავალი

I

იყო და არა იყო რა, იყვნენ ერთნი ცოლ-ქმარნი. ძალიან ღარიბნი ასთე, რომ მათ არა გააჩნდათ რა გარდა ერთი ქოხისა თავის მოწყობით. ისინი იყვნენ უშვილონი და მათ ძალიან ენატრებოდათ შვილი.

არა ერთხელ წარმოსთქვამდნენ ხვთის ვედრებით – „უფალო, შვილი მოგვეცო“.

უფალმა შეიწყნარა მათი ლოცვა და მათ შეეძინათ ქალ-ვაჟი. ეს მოხდა ასთე, რასაც შემდეგი მოგვითხრობს.

 

II

ერთხელ ცოლი გავიდა ახლო ტყეშიდ, მან დაინახა ხე, რომელსაც გამოესხა მშვენიერი წითელი ნაყოფი. ეს გახლდათ ვაშლის ხე. ამ ქალს მოეწონა ეს ვაშლი მოსწყვიტა და დაბრუნდა სახლშიდ დიდის კმაყოფილებით. როდესაც მოვიდა ეს ქალი სახლშიდ მან გასთალა ნაპოვნი ვაშლი, ჯერამ მან კანები შესჭამა მერმე კი გული. განვლო ერთმა კვირამ, ელისაბედი დაორსულდა. ისეთი გაიხარეს, რომ მათ სიხარულს საძღვარი არა ჰქონდა. ცხრა თვეც კიდევ და ქალი მორჩა და მას შაეძინა ორი შვილი – ქალი და ვაჟი. ქალიშვილი დღენაკრული გამოვიდა და მალე გარდაიცვალა. ვაჟიშვილი კი გამოვიდა მოსული და მარჯვე. ვაჟკაცი ხუთმეტი წლის რომ შაიქმნა, მან გადაისახა პირჯვარი და გასწია ადგილის საშოვრად.

 

III

ელგუჯა ჩავიდა ერთ პატარა სოფელშიდ. ის დადგა ამ სოფელშიდ მწყემსად ერთ კაცთან იმ პირობით, რომ ორის წლის შემდეგ ნახევარ ფარას პატრონად გამხდარიყო. ხაზეინს ჰყავდა ერთი ქალიშვილი შავ თვალწარბა, შავი თმა და წითელი ლოყები ამშვენებდა მას, ტანად მაღალი და წვრილი. ჩაუვარდა ქალის სიყვარული. ქალსაც შეუყვარდა. დიდხანს იტანჯეს ამ ფარული სიყვარულით.

 

IV

ერთხელ ელგუჯა იჯდა დაფიქრებული და გაჰყურებდა თავის ფარას. უეცრად მხარზედ ვიღაცამ ხელი დაადო და უთხრა ტკბილის ხმით:

– „ელგუჯა“! – ელგუჯა შეკრთა ხმის გაგონებაზედ.

– „ციცია შენა!“ – უპასუხა ელგუჯამ.

– „რად ჩაფიქრებულხარ, ჩემო სიცოცხლევ, ეგრე მწარედ.

– „არც არად“ – იყო პასუხი ელგუჯასაგან.

– „ეხლა საქმისას რას იტყვი?“

-„რა საქმისა!?“…

-„რა საქმის და მამას შუა კაცებს არ გაუგზავნი!?“

-„ჰაი, ჰაი, რო გამოვგზავნი, მაგრამ… შენ თუ მომიძულე?!“……..

-„რას ამბობ!.. შენ თუ არ მიყორხარ, სხვა ვინ უნდა შემიყვარდეს!?..“

-„მაშ ეგრე. სიცოცხლევ!!!…. – და ამ სიტყვებით გადაეხვივნენ ერთი-მეორეს და დაუწყეს კოცნა. იგინი გაიყარნენ ამ სანატრელ წუთიდგან იმ პირობით, რომ ელგუჯას იმ დღეს შუა-კაცები უნდა გაეგზავნა ციციას მამასთან.

 

V

ერთ საღამოს იმ სოფელშიდ, სადაც ელგუჯა იდგა, ერთ პატარა შეძლებულ ოჯახშიდ ცეცხლს შემოსხდომოდნენ: ერთი კაცი და ორი ქალი. ერთი ახალგაზრდა და მეორე კი ბებერი. ეს კაცი და ბებერი ქალი გახლდათ ციციას დედ-მამა. და ახალგაზდა ქალი კი თვითონ ციცია. უეცრად მოისმა ხმა „ნიკო, ნიკო“.

-„ჰე, ბოშო, გაჰხედეთ ვინაა“ – წამოიძახა ნიკომ. ციცია მივიდა კარებთან და სიფრთხილით გააღო. სახლშიდ შემოვიდნენ სამი კაცი. თავმდაბლად თავი დაუკრეს სულ ყველას და მერმეთ დაიწყო ერთმა.

-„ერთი რამე სათხოვარი გვაქვს თუ არ გაგვლახავთ“.

-„ბრძანეთ“, – უპასუხა ნიკომ, – „რა არის მაგისთანა“.

-„ელგუჯამ გამოგგვზავნა შვა-კაცებად“, – განაგრძო მეორემ, – „ციცია ცოლად უნდა შევირთო და შენ თანახმა ხარ თუ არაო.

ნიკომ გადაჭრილი უარი უთხრა და შვა-კაცები გაუშვა პირშით ჩალა გამოვლებული.

 

VI

ერთ დღეს მზე გადასული იყო. მინდორზედ გამოფენილიყო ფარა ცხვრისა; ელგუჯა ჩამოყრდნობილიყო კომბალზედ და გაჰყურებდა თავის ფარასა. ის მისცემოდა ფიქრებს და ამ ფიქრებს იგრე გაეტაცებია, რომ ვერც კი შეამჩნივა ციცია, რომელსაც სადილი ჩამოეტანა. ციცია მივიდა და მოუჯდა ელგუჯას გვერდშიდ.

-„რას ჩაფიქრებულხარ, ჩემო თვალის სინათლევ!“ – დაიწყო ციციამ.

-„ციცია! რაზე ჩამოდი?! როგორი ამბავია?! რა სთქვეს წუხელი?“ – ჰკითხავდა ელგუჯა ციციას.

-„გლახა ამბავია შენი ჭირიმე“.

-„მაინც?!“

– „არ შეიძლება ელგუჯას როგორ გავატანთო.“

-„მაშ გავიქცეთ, ციცია, უნდა გაგიტაცო“.

-„როდის“?!….

-„ეხლავე, ცხენები აგერ მყავს და სამიც შეიარაღებული ბიჭია: გიორგი, ფრიდონ და ელბე“.

-„მაშ წავიდეთ, მე მზათა ვარ“.

-„რო მოგეწყინოს ჩემთან?!……

-„შენთან რა მომაწყენს, შენი ჭირიმე!…

ადგნენ და შევიდნენ ტყეშიდ, სადაც დახვდათ ზევით მოხსენებული სამი კაცი და ხუთი ცხენი. ისინი მიესალმნენ ერთმანეთს და დაიწყეს სჯა თუ როგორ მოქცეულიყვნენ.

 

VII

პატარა ხანს მომტაცებლებზედ ლაპარაკი შევსწყვიტოთ, და გადავიდეთ იმაზედ, თუ რას აკეთებდა ციციას დედ-მამა ამ დროს: როდესაც ციცია მოიტაცა ელგუჯამ. იმ ღამის მეორე დილას, ციციას მამას რო შუამავალი კაცები მოუვიდა ელგუჯასაგან გამოგზავნილი, ციცია ადრე ადგა და სადილი გააკეთა ელგუჯასთან წასაღებად. სუფთა ჩაიცვა დაიხურა და გასწია ელგუჯასაკენ სადილის მისატანად. გზაშიდ სულ იმას ფიქრობდა, თუ როგორ მოჰყოლოდა ელგუჯას წუხანდელ ამბავს.

 

VIII

იმ დღეს ციციამ ძალიან დაიგვიანა. [მამას მოსვენება] აღარ ჰქონდა, ელგუჯამ მომტაცაო და დაიყვირა – „სოფელო, ციცია მომტაცა ელგუჯამ, არიქა მდევარიო“.

ეს სიტყვა არც კი გაეთავებია, რომ მის წინ გაჩნდა, თითქოს მიწიდგან ამოძვრაო ოცი შეიარაღებული კაცი. სულ მოსული ვაჟ-კაცები, ცხენებით. ნიკომაც გამოიყვანა ცხენი, შეჯდა და გაუძღვა წინ მდევრებს ჩირაღდნით ხელშიდ.

 

IX

მდევრებმა ბევრი ეძებეს ციცია და მისი მომტაცებლები, მაგრამ ვერსად ვერ იპოვეს, და გულ დაწყვეტილნი დაბრუნდნენ შინ.

 

X

ამ დროს ელგუჯა თავის ამხანაგებით და ციციათი უკვე გადასული იყო დაღისტანშიდ, სადაც იმ დროს თავს აფარებდა ყოველი დევნილი კაცი.