სანდრო ცირეკიძე, ლექსები – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1904

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 5-2-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სანდრო ცირეკიძე, ლექსები

ნინიჩკას

 

ვახ, ნინიჩკას ვენაცვალე!

ნამდვილ ის არს მზე და მთვარე!…

ვახ, ნინიჩკა ლამაზია,

თეთრი არის და ნაზია!…

 

გაზაფხული

 

გაზაფხულდა, გაზაფხულდა!..

ბაღი აივსო ყვავილით!.

კუდ მაგრატელა მერცხლები

ჩვენკენ მოდიან ჟღავილით!….

იგინი ბუდეს აგებენ,

შიდა ჩასდებენ კაჟებსა!

მერმედ კი დააჯდებიან,

გამოსტეხავენ ბჟღარტებსა!

ბჟღარტებსა ფინჩხით დაზრდიან,

თან ასწავლიან ფრენასა!….

წასვლას რო დაადგებიან,

თოვლი დაიწყებს ფენასა!…

 

1904

 

ზაფხული

 

ზაფხულია, ზაფხულია!..

ყანა პურით ავსილია!..

სიმინდი დატაროებულა,

ღომი ცხელი დამწიფებულა!..

მუშები პურსა მკიანა,

ზვინებს ბლომადა სდგმიანა!..

მუშები ნადურს დასძახებს,

მთელ სოფელს გამოაყრუებს!..

მუშაკნი ჩრდილშიდ სხდებიან,

სადილსაც შეექცევიან!..

ყანწი ტრიალებს ნადშიდა,

ყველა მარჯვეა მკაშიდა!..

მუშები პურსა ლეწავენ,

წისქვილშიდ აქბევინებენ!..

ცომს კი მაგრადა ზელავენ,

თონეშიდ აცხობინებენ.

 

 1904

 

შემოდგომა

 

შემოდგომა გვეწვია,

ღვინო დაგვილევია!

მუშა ყანას შესევნია,

ტარო დაუტეხნია!..

ყურძენი დამწიფებულა,

ფერი მასა აქვს ლალისა!..

ზედ მუშაკნი მისეულა,

ბავშვებიც შიგა დარბისა!..

რთველი არის, რთველი არის,

ისმის, ისმის კიჟინება!..

ვინც წელს ჩვენს ღვინოსა დალევს,

იგი, ნამდვილ გაგიჟდება!

მარანშიდ ყურძენს წურავენ,

თან დამღერიან დელიას!..

ვინც აქ ყურძენს მოიპარავს,

მას დაარქმევენ მელიას.

ქვაბებშიდ ტკბილიც ჩუხ-ჩუხებს,

შიგ ჩაუყრიათ ქვილია!..

ეტყობა ფელამუში სდუღს,

მით ბავშვს უცინის გულია!..

 

ზამთარი

 

გავიგე, რო დაგვიზამთრდა,

თოვლმა დაიწყო ფენაო,

აბა შეჰხედეთ ბავშვებსა,

მათ ეხლაც იწყეს ლხენაო.

თოვლის გუნდებს აგორებენ,

მშობლებს აღარ აგონებენ.

თარბიან და თამაშობენ,

ერთმანეთს შიგ აგორებენ.

ჩიტს ზდევნიან პატარები,

ჭიდაობენ და დარბიან.

მშობლები რო დაუძახებს,

კურდღელივითა გარბიან.

თამაშობით დაღალულნი,

ბრუნდებიან ღამე შინა.

ეშმაკობას ერთმანეთშიდ,

არ მოშლიან არც მაშვინა.

 

1904

 

თევზის ლექსი

 

საწყალი თევზი ჩიოდა,

არ დამაყენეს წყალშია,

შემაგდეს ქვისა ძირშია,

როს გამოვედი კარშია,

ბადე დამიგეს თავშია,

ამომიყვანეს წყალშია.

გაუხტენი იმ წუპაკებს ხელშია.

და წავყევი დაბლისკენ ზღვაშია.

აწი აღარ ვიახლებ იმ ადგილებშია.

 

ა. გ. ცირეკიძე

1904       

 

 

 სევდა-ქალი

 

ახ.-ის ქალს

 

ფერდამდნარი თეთრი სახე

დღეს მეც ვნახე, ვნახე, ვნახე…

გულში ხატათ დავისვენე,

შევინახე.

ლურჯი თვალი ცისა ფერი

შევიყვარე, ვმღერი, ვმღერი;

თეთრ ლოცვაში გადავადნე

გრძნობის ჩქერი…

მკრთალი ღიმი ტუჩს უხევდა

და ტანს ალვას მიარხევდა…

მე ვიცანი: იმის ღიმილს

ქვია სევდა.

სევდა-ქალის თეთრი სახე

მე დღეს ვნახე, მე დღეს ვნახე,

გულში ფრთხილათ შევინახე,

იქ დავმარხე…

 

11/07/1914 წ.