პაოლო იაშვილი (ბიოგრაფია) – Blue Horns

ავტორი : შალვა დემეტრაძე

თარიღი : 1954-1971 წლები

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25979-1-ხ.

გამოცემა :

ბიოგრაფია, ბიოგრაფიები

პაოლო იაშვილი (ბიოგრაფია)

(1892-1937)

პაოლო იაშვილი იმ გამოჩენილ პოეტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა საზოგადოებრივი მოღვაწეობა რევოლუციის წინა დღეებიდან იწყება. მისი შემოქმედების შესახებ ვრცელი გამოკვლევა ჯერ არ დაწერილა, მაგრამ როგორც ვიცით, ის იყო ქართული ლექსის ერთ-ერთი ნოვატორი, საუკეთესო ოსტატი და ნათელი პოეტური სახეების მხატვარი.

მწერალმა ძალზე რთული გზა განვლო და არ შეიძლება, რომ ეს გზა მარტოდენ ფრანგული მოდერნიზმის გატაცებით აღინიშნოს. ქართული მწერლობა პოეტის შემოქმედებას ღებულობს მთლიანად მისი განვითარების პროცესში. პაოლო იაშვილი არ ეკუთვნოდა ორტოდოქსალურ სიმბოლისტების ჯგუფს, და არც მათ, ვინც სიტყვას აზრზე მეტ ანგარიშს უწევდა მისი მუსიკალური მნიშვნელობის გამო, და მაღალ როლს ანიჭებდა ლექსის ხმოვანებას.

პარნასელების სკოლის გავლენამ სტილისა და ფორმის სფეროში და სიმბოლისტური პოეზიის იდეებით გატაცებამ, პოეტი საბოლოოდ ვერ ჩამოაშორა ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციებს.

მზიურობისა და ვაჟკაცური ტემპერამენტის მგოსანს არ ახასიათებდა ბუნდოვანება. ის ლექსებიც კი რომელიც ელენე დარიანის სახელით აქვს გამოქვეყნებული, ნათელია პოეტური საღებავებით და ქალური სულის სინატიფესა და კდემამოსილებას გამოხატავს.

არ შეიძლება, აქვე არ აღინიშნოს, რომ ახალ პოეზიაში რამდენიმე სხვა ქართველ პოეტთან ერთად პაოლო იაშვილმა განამტკიცა ქართული კლასიკური სონეტი, მანვე შემოიტანა ტრიოლეტისა და თავისუფალი ლექსის ფორმა. ქართული ენის ოსტატობა, ლექსის სიმსუბუქე, გამჭვირვალობა ზუსტი რითმები, ასონანსები და ალიტერაციები  მისი პოეზიის სამკაულებია. ის ქართული ახალი ლექსის ერთ-ერთი რეფორმატორიცაა. მისი ლექსების წიგნში თქვენ შეხვდებით რამდენიმე ლირიკულ შედევრს და დარწმუნდებით, თუ რაოდენ დასანანებელია ამ საინტერესო პოეტის უდროოდ დაკარგვა. სამწუხაროდ, პაოლო იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა დიდი არაა. მას თავის ცხოვრების ხანმოკლე პერიოდში ლექსების წიგნი არ დაუსტამბავს. როგორც მისი საუკეთესო მეგობარი ბ. პასტერნაკი წერს, პ. იაშვილის ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელი შემთხვევებით, რომელიც მხატვრულ ნოველებს წააგავდენ. შემთხვევითობა პირდაპირ მიილტვოდა მისკენ, ეწებებოდა მას. ის სიმბოლისტების შემდგომი ხანის შესანიშნავი პოეტია. მასში ბევრი სივრცე და ჰაერია. იგი მოძრაობს და სუნთქავს.

მეორე დიდი რუსი მწერალი, ანდრეი ბელი მოგვითხრობს პაოლო იაშვილთან შეხვედრას და შემდეგი სიტყვებით ახასიათებს მას “Ветер с Кавказа“-ში: „Конечно, узнал его сразу: сказало мне имя: один из крупнейших художников слова, краса поетической Грузии, старший средь братьев культурной семьи, о которой не раз слышал прежде и от Городецкого, и от Есенина… Я сам искал случая, ближе узнать своих братьев грузинских по творчеству; я о них слышал давно; может, быт, от Бальмонта еще, когда он проповедывал всем Руставели; я знал, что Тифлис есть культурнейший центр поэтический. …Яшвили день провел у нас, атмосфера, которою он окружил нас, теплилась, когда он уехал: и жили слова о старинной грузинской культуре, о новой, о Пушкине, о символизме, о Гете; Яшвили в Париже живал до войны; был когда-то ценителем Артура Рембо, Маларме и других символистов; французких и русских; дивился, как знает он русскую литературу; его замечания о Блоке, Бальмонте и Брюсове – тонки, отчетливы, трезвы; он много себе уяснил: в нем поэт и общественный деятель слиты: он став на советской платформе – живет в современноси, соединяя в себе революцию быта с кипением лучших порывов вчерашнего дня. Истый грузин – с головы и до ног европеец он; оригинальная Европа подкавывает металличесский звон его строчек, в которых прекрасны – согласные; эти согласные напаминают породы грузинских холмов, по его выражению – „чугунных“. Он видится – бронзовоогненным я вижу Яшвили: Язон аргонавтов двадцатого века, поэтов Колхиди, встает“.

 

* * *

პაოლო იაშვილი დაიბადა 1892 წლის 29 ივნისს სოფელ არგვეთში. პოეტი სწავლობდა ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში და შემდეგ ანაპაში. პ. იაშვილი მოწაფეობის წლებიდანვე გატაცებული იყო პოეზიით – 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ „კოლხიდაში” („ღმერთო, ღმერთო“). გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1912-1913 წლებში სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალს „ოქროს ვერძს“. ამავე წლებში ის გაიტაცა მხატვრობამ, გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში.

პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებს და პოეტებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანის და ილია ერენბურგს. ამას ნათლად მოწმობს გ. ქიქოძის და  ი. ერენბურგის მოგონებები და ერთი ადგილი მის პატარა მოთხრობიდან „ფერადი ბუშტები” – ერთ ღამეს პ. იაშვილი, ილია ერენბურგი და გიიომ აპოლინერი სწვევიან მათხოვრების ბანაკს ალექსანდრე მესამის ხიდქვეშ, მაშინ ომი დაწყებული იყო და კამათიც მათხოვრებს შორის მის გარშემო წარმოებდა. ყველას შიოდა, ათი მათხოვარი წაუყვანიათ კაფე „როტონდოში” სავახშმოდ. კაფეში მათ ესპანელი მხატვრის – რიბიერას ბრძანებით და მხატვრების ერთ-ერთი მეცენატის მეთაურობით გაუმართავთ ვახშამი, რომელზედაც მიუწვევიათ პაბლო პიკასოც, მაგრამ გაგზავნილი მანქანა ცარიელი დაბრუნებულა, ვინაიდან ის წინადღით ფრონტზე წასულიყო. კაფე „როტონდოს“ იმ ღამის სურათი აუწერია აღტაცებაში მოსულ ახალგაზრდა პოეტს ალბერტ ჟანს და ლექსი ი. ერენბურგისათვის გადაუცია სათარგმნელად.

ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას, და მაშინდელ ქართულ პრესაშიც ღებულობს მონაწილეობას. ბეჭდავს წერილებს და თარგმანებს „თემში”, „მეგობარში”, „თეატრსა და ცხოვრებაში”, „კოლხიდაში” და სხვა ჟურნალსა და გაზეთებში. პოეტი შემდეგ არ გაყოლია მხატვრობის გზას, მაგრამ ჩვენს ხელთ არის მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. პ. იაშვილი პარიზში ყოფნის დროს შეხვედრია ბალმონტს და მისთვის უჩუქნია „ვეფხისტყაოსანი” ბალმონტის ასული, ბრუნინის მეუღლე იგონებს:

„Я хорошо помню Паоло – молодой, элегантный, красивый, он с такой горячностью рассказывал Бальмонту о „Вепхисткаосани“, что не мог усидеть на месте, постаянно вскакивал и продолжал разговор стоя, обмениваясь со своими друзьями короткими фразами на грузинском языке или читая – помнится наизусть – отрывки из поэмы Шота Руставели („Лит. Грузия“, 9-10, 1966).

ბალმონტის აღტაცება უსაზღვრო ყოფილა და სტუმრებისათვის განუცხადებია: მრავალი ქვეყანა მინახავს, ისეთიც კი, სადაც ხალხი პირველყოფილ მდგომარეობაშია, საქართველოში კი, რომელიც სიყრმიდანვე მიყვარს, ჯერ არ ვყოფილვარ, ეგებ რაღაც ძალა განგებ მაგვიანებდა, რომ ყველა ნახული სილამაზის შემდეგ მენახა მხარე, რომლის სილამაზე, ხალხი და დიდი რუსთაველი ტკბილი სიზმრის დასასრული ყოფილიყოო. შემდეგ კი ბალმონტს ერთი წიგნი ასეთი წარწერით მიუძღვნია პ. იაშვილისათვის: „საჩუქრად მისგან, ვისაც უყვარს მატყვევებელი მარგალიტი კავკასიისა – საყვარელი საქართველო“. პ. იაშვილი ამ წლებშივე თარგმნის კ. ბალმონტის ლექსებს და აგზავნის სამშობლოში. „ვეფხისტყაოსნით” დაინტერესებული ბალმონტი ჩამოდის საქართველოში და ახორციელებს რუსთაველის უკვდავი პოემის თარგმანს.

როგორც ყველასათვის ცნობილია, ბალმონტმა თბილისში წაიკითხა „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე თავის თარგმანი, 1915 წ. ესტუმრა ქუთაისსაც და გამართა უკვდავი პოემის კითხვის საღამო. ქართველი პოეტები ბალმონტს გულმხურვალედ შეხვდნენ. ვალერიან გაფრინდაშვილი უძღვნის რუსულ ენაზე სონეტს. ბალმონტმა ახალგაზრდა პოეტებს უპასუხა ლექსითვე:

Как нежный лепет колибелы,

Как странный шорох птичьих крилий,

Люблю содружных Руставели

Гаприндашвили и Яшвили.

Я с ним в Грузии грузином,

Цвету опять всем сердцем к маю

И нежной розой по далинам,

Приемля ветер расцветаю“.

Х. 9. Риони

(ავტოგრაფი დაბეჭდილია „ცისფერ ყანწებში“ 1916 წელს, #1).

პაოლო იაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, ტ. ტაბიძესთან, ვ. გაფრინდაშვილთან, კ. ნადირაძესთან, ს. ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს „ცისფერი ყანწების” ორდენს და 1916 წელს რედაქტორობს ამავე სახელობის ალმანახს.

საქართველოში ახალი ლიტერატორული სკოლის გამოჩენამ ძველი თაობის მხრივ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. ახალგაზრდა პოეტები ფრანგული და რუსული სიმბოლიზმის თეორიებს ქადაგებდნენ, რაც არაორგანული იყო ქართული ლიტერატურისთვის. ჟურნალების და გაზეთების ფურცლებზე ისინი თავიანთ „პირველთქმასა“ და მანიფესტებში ქადაგებდნენ ფორმალიზმსა და „ხელოვნებას ხელოვნებისათვის“, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პაოლო იაშვილი ბუნებით არ იყო დეკადენტი, როგორც გერონტი ქიქოძე ამბობს: ის სიმბოლისტურ და დეკადენტურ პოეზიის სკოლას უფრო თავით მიემხრო, ვიდრე გულით. ეს იყო ლამაზი, მაღალი, გრუზათმიანი, შავგვრემანი ჭაბუკი, ის ნამდვილი ახლადმოვლენილი ავთანდილი იყო თავის მეგობრებისათვის. პ. იაშვილი ძველი დროის რაფსოდებს და ტრუბადურებს ჰგავდა. მისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება მარტოოდენ მისი დაბეჭდილი ლექსების მიხედვით. ის იყო იმპროვიზაციის ჯადოქარი. მისი სიტყვები შინაარსიანი და გონებამახვილი იყო ერთსა და იმავე დროს, აქ ის თითქოს თავისთავს სჭარბობდაო. საინტერესოა მოვიყვანოთ სანიმუშოთ რამდენიმე ექსპრომტი. 1917 წლის პირველ იანვარს პოლონელთა კაფეში რუსულ ენაზე პოეტს ექსპრომტად წარმოუთქვამს „უეცარი ლექსი – პოლონეთს” (იხ. გაზ. „საქართველო“ #6, დამატება #2, 1917 წ., თბილისი), ხოლო 1919 წელს ქუთაისში დავით კლდიაშვილის იუბილეზე შემდეგი ლექსი:

შენში გაცოცხლდა იმერეთი თავის მაჭრებით,

მე ვუმზერ ბოსტნებს, ვიწრო შარებს, შეშის ბოგირებს,

აგერ ირინე მეწვრილმანეს აცდენს ვაჭრობით,

მღვდელი ზოსიმე დამშეულ ჯორს მიაბოგინებს.

თავლა და კალო, გალესილი ჩქარი ნამგალი,

ღობეში ღორი უღლიანი, ღრიალებს მწარედ

და სოლომანი, გაცრეცილი მხნე მაჭანკალი,

ჭიშკართან ყვირის: „მაინძელო, გამოდი გარეთ”.

ქართველი პოეტები ხშირად იგონებენ პაოლო იაშვილის ექსპრომტებს. სამწუხაროდ, რამდენიმე პოეტური თქმა დაკარგულია, ზოგიც მივიწყებული, პოეტს ბევრი ექსპრომტი და სიტყვა უთქვამს დღესასწაულებზე, იუბილეებსა და ბანკეტებზე, რომელსაც ლიტერატურული მნიშვნელობა დღესაც არ დაკარგვია. ამ რამდენიმე ხნის წინად გამოჩენილი რუსი მწერალი კორნეი ჩუკოვსკი წერდა:

„Мало кому известно, что замечательный грузинский поэт Паоло Иашвили мастерски владел русским стихом. Я познокомился с ним на первом съезде писателей. Внимательно перелистав мою „Чукокаллу“, он мгновенно, с удивившей меня быстротой вписал в нее стихотворный экспромт по-грузински. Увидев, что я с тоской всматриваюсь в непонятные строки, Паоло тотчас же перевел их – стихам! – на русский язык:

Какое чудное соседство:

Здесь Белый, Блок и Пастернак.

Я рядом занимаю место,

Как очарованный простак.

Перевожу вам эти строчки

На несравненный русский лад –

Поэт моей любимой дочки,

А для меня – весь Ленинград.

19 августа, 1934, Москва

(„Прометей“ сборник)

 

* * *

პოეტმა ბევრი ლექსი უძღვნა განახლებულ სოციალისტურ საქართველოს, სოციალისტური მშენებლობის მიღწევებით არის შთაგონებული „სამგორისათვის”, „პოეზიის ინჟინრებს”, „ცხოვრება ალიოშა ჯაფარიძისა” და მთელი ციკლი „ახალი კოლხიდა”. პაოლო იაშვილისათვის პოეზია იყო უმაღლესი საფეხური ადამიანის სულის სიწმინდისა და შთაგონებისა. უკანასკნელი პერიოდის ლექსებში ის თანდათან თავისუფლდება უცხო და ნაციონალისტურ ბურჟუაზიულ განწყობილებისაგან, ეუფლება რეალისტური პოეზიის ტრადიციებს და სოციალისტური რეალიზმის თემატიკის საფუძველზე ჰქმნის ახალ პოეტურ სახეებს და დგება საბჭოთა პოეზიის მოწინავეთა რიგებში. იწყება პოეტის აღმავლობა, არღვევს მოდერნისტული პოეზიის ჩარჩოებს და ცილდება სიმბოლისტური სკოლის საზღვრებს. ის მთელ თავის ჯანსაღ პოეტურ პათოსს და მხატვრულ ფერებს სწირავს ახალ ეპოქას.

ლექსების გარდა პოეტმა დატოვა ორი პატარა მოთხრობა „ფერადი ბუშტები“, „სამი ტკივილი“, დაუმთავრებელი პოემა „გზა მშვიდობისა“, თარგმანები ალექსანდრე პუშკინიდან, ვლ. მაიაკოვსკიდან, კ. ბალმონტიდან, ვ. სოსიურადან და უცხოეთის პოეტებიდან. პაოლო იაშვილმა თავის შემოქმედება და მოღვაწეობა პირნათლად შესწირა ქართველი ხალხის სამსახურს, ის 1927 წელს არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატათ და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს ამიერ კავკასიის წევრად. პოეტი დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით. პ. იაშვილი გარდაიცვალა 1937 წ. პოეტის ნეშტი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

შალვა დემეტრაძე