პროზაიული ნაწყვეტები სანდროსი (ა. ცირეკიძე) – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1911

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 1-ხ

გამოცემა :

პროზა, შემოქმედება

პროზაიული ნაწყვეტები სანდროსი (ა. ცირეკიძე)

ორი სურათი

I

სიჩუმეა. არავითარი ხმა არ ისმის. სდუმს მთვარეც. იგი უღრუბლო, ვარსკვლავებით მოჭედილ ციდან თითქოს დაჰღიმის მიწას. მთვარე იღიმება, მე თვით ვუმზერ, იღიმება, მაგრამ მისი ღიმილი ჩვეულებრივს არა გავს. მისი ღიმილი სასოებითა და გრძნობითაა სავსე; იგი რაღაც საიდუმლოებითაა მოცული. მთვარის ღიმილი ღიმილია მიჯნურის, რომელიც სატრფოს მოპარვით კოცნას უპირებს. მთვარე კოცნის და მისი კოცნა ჰაეროვანია; მისი კოცნა შუქია, რომელიც ალერსივით მოჰფენია მთას, მოჰფენია ბარსა და მდინარეს.

საუკუნეთა მსვლელობის მოწამე თმა გათეთრებულ მთას გულს უტოკებს მთვარის ალერსი და მიიწევს მთვარისაკენ სახე გაბრწყინვებული, რომ ჰაეროვან კოცნის პასუხათ ნამდვილი მიწიერი კოცნა დააბეჭდოს მის მღიმარ სახეს.

ბარიც, ადამიანთა სისხლით მორწყული ბარიც მოუხიბლავს მთვარის ალერსს. მაგრამ იგი მთავსავით მაღლა კი არ მიიწევს! იგი მთვარეს თავისკენ ჰპატიჟობს: გადაუშლია გული, რათა დაანახოს მთელი თავისი გრძნობა, მთელი თავისი სიტურფე. მთვარის საალერსოთ გამოუფენია ფერად-ფერადი სუნნელოვანი ყვავილები, ადამიანთა სისხლის წვეთებზე ამოსულნი.

მდინარეს მომეტებულის გრძნობით სუნთქვა შეუჩერებია და ჩვეულებრივ ტკბილ დუდუნითაც ვეღარ პასუხობს მთვარის კოცნას, მთვარის შუქს. ჩუ! აგერ ბულბულმაც დაისტვინა და დაარღვია საერთო დუმილი. იგი უგალობს თავის სატრფოს სიყვარულზე, ბედნიერებაზე, კოცნაზე.

II

ჯოჯოხეთურ ბნელს მოუცავს მთელი ქვეყანა. გაშავებული ბრაზმორეული ცა სჭექს, თვალთაგან ცეცხლის წილ ელვა-მეხს ისვრის, დორბლათ კოკისპირულ წვიმას აქცევს და მოსპობას უქადის დედამიწას.

საუკუნოებით დადინჯებული მთაც გახურებულა ცის სითავხედით და ყოველივე რისხვას, მისგან გამოსროლილს, საშინელის გამოხმობით ჰპასუხობს.

ბარს საბრძოლათ გაუშლია გული და ყვავილების წილ ეკლები გამოუფენია ცისთვის, რომელსაც გმინვით პასუხობს მის რისხვაზე.

მდინარეც იბრძვის, ღრიალით ეჯახება მის თავისუფლების შემზღუდველ ნაპირებს, დაძლეული უკან იხევს, მეტის სიბრაზისაგან სუნთქვას უმატებს, მკერდს უფრო მაღლა წევს და ძალას იკრეფს, რომ მეტის გამბედაობით და ხმაურობით დაეჯახოს მის მტანჯველებს. ყველა იბრძვის და მათი ჭექა, ღრიალი, მათი მკაცრი გმირული ხმა საშინელ გრგვინვათ გადაქცეულა. ჩუ! ამ შემზარავ ხმებში ეს რა ტკბილი ჰანგი გამოისმა! ეს ბულბულის ხმაა. იგი დაჰკვნესს ბორკილებათ გადაქცეულ აწმყოს და მოუწოდებს ყველას ბრძოლისაკენ, თავსუფლებისაკენ.

1910 წ. 1 ნოემბერი

 

მეგობრები

 

ზაფხულის კვირა დღე იყო. დასავლეთისაკენ გადახრილი მზე, თითქოს მეტის შრომისგან დაღლილაო. ზარმაცათ აფენდა თავის ძალაგამოლეულ სხივებს მიჩუმებულ ქალაქს და თითქოს მუქარით ჩამოსძახოდა: „დღეს რაც იყო, იყო და ხვალ უარეს დღეს დაგაყენებო“. ქალაქს მზე ალერსიანათ არც დღეს მოპყრობოდა. დილიდან მოკიდებული შეუსვენებლათ ეგზავნა სიმხურვალე მისთვის და იმდენათ გაეთბო მოქალაქეები, რომ გარეთ გამოსვლა ვეღარ გაებედათ. ყველა სიგრილეს ეძებდა და ქუჩაში მზის შესუსტებული, მაგრამ მაინც საკმაოთ მხურვალე სხივები ხომ არ გააგრილებდათ?

ისევ შინ უფრო პოულობდნენ შესაფერ ადგილებს: ზოგი ხის ჩრდილში სთვლემდა; ზოგი მზისაგან ცოტათი თუ ბევრათ დაფარულ ოთახში ბანქობიას თამაშობდა; ზოგიც ბნელ სარდაფში გრილის ღვინით მზის გარდა დარდებითაც გახურებულ გულს იგრილებდა. ყველას თავისი შესაფერი კუნჭული მოენახა.

ანტონაც დამალოდა მზეს. იგი მდინარის ნაპირზე დიდის ქვის ძირში მიმჯდარიყო და ფიქრს მისცემოდა. მისი ერთ წერტილს მიშტერებული თვალები, როგორც ეტყობოდათ, ვერაფერს არჩევდენ. მობანავე ბავშვისაგან გამოსროლილი ქვა ანტონას ცხვირში კინაღამ მოხვდა და ის ოდნავაც არ შენძრეულა. ფიქრს იმდენათ გაეტაცებია, რომ დრო გამოშვებით თითებზე თითქოს რაღაცას თვლიდა და ხან ნაწყვეტ-ნაწყვეტათ სიტყვებსაც სროულობდა.

– მანათი… სოფელი… ჯამაგირი… პური… თუმანი… ორი აბაზი… ფეხსაცმელი… წყალი… ხუთი მანეთი… შაური… პალტო… – ანგარიშობდა ანტონა და ვერ ამჩნევდა მის წინ გაჩერებულ თვრამეტ-ცხრამეტის წლის ყმაწვილს, რომელიც ახალ ქუდში და ახალ პალიტოში თავის მხიარულის სახით კარგს შთაბეჭდილებას ახდენდა. უკვე ხუთი წამი იქნებოდა, რაც ეს ყმაწვილი აქ იდგა და განცვიფრებული შეყურებდა ჩაფიქრებულ ანტონას. მისი სახის გამომეტყველებას მოუთმენლობა ემჩნეოდა; ალბათ ანტონასაგან ყურადღების მიქცევას თუ ელოდებოდა.

– ანტონა! – წამოიძახა ბოლოს ყმაწვილმა და მისი ხმა სრულიათ ამტკიცებდა მის მოუთმენლობას.

– ანტონ, ანტონა! – გაიმეორა იმან და თან ხელით შეეხო ანტონას, რომელმაც პირველი დაძახილი ვერ გაიგონა. ხელის შეხებაზე ანტონა ისე შეინძრა, თითქოს ბუზს იგერებსო და ისევ თავდავიწყებას ეძლეოდა, რომ ახალგაზრდას თავისი დაძახილი არ გაემეორებია. ანტონა შეხტა და ერთის წამით ისეთი გამომეტყველება მიიღო, როგორიც შეუძლია მიიღოს უცხოეთში გადახვეწილ, გადაყრუებულს ადამიანს სამშობლო ხმის გაგონებაზე. უცნობის გაკვირვება თანდათან მატულობდა.

– რა დაგემართა, ანტონა; რას ფიქრობ, ბიჭო!

– რაა, რა ამბავია? – უაზროთ ამბობდა ანტონა და ნაძალადევათ დგებოდა. იგი ძილ-მღვიძარ ადამიანს გავდა. უცნობს მოუთმენლობა დაეტყო.

– ბიჭო, ანტონა, ანტონ! რა გემართება, კაცო, შენ! – აღელვებულათ წამოიძახა იმან და კიდევ შეანძრია ანტონა, რომელიც შეხტა და გამოირკვა.

– ოჰ, სილბისტრო, შენ ხარ? – უკვე ფხიზლათ წამოიძახა ანტონამ.

-მე ვარ მარა რა! პატარა დააკლდა, რაღმე გადამრიე კაცი.

– რავა?

– რავა და, კაცო, ასე მწარეთ რას ფიქრობდი? ერთი საათია აქანე ვარ და შენ გამოფხიზლებას არაფელი ეშველა! რას ფიქრობდი?

– ეჰ, საფიქრებელი კი მაქ სხვა რამე თქვი თვარა, – ისე წაილაპარაკა ანტონამ და ჩაიქნია ხელი, რომ გეგონებოდათ, ისევ ფიქრს აპირებსო.

– შე კაცო, საფიქრებელი ვის არა აქ, მარა მასე! არა მართალი თქვი რას ფიქრობდი? – ჩააცივდა სილიბისტრო.

– ეჰე. – ამოიხვნეშა ანტონამ და დაუმატა: – წამო, სახში წევიდეთ და გზაში გეტყვი ყოლიფერს.

– წევიდეთ. – დაეთანხმა სილიბისტრო და ორივენი ლაპარაკით გაემართენ ქუჩისაკენ.

ჩამავალის მზის მკრთალი სხივები ეკკლესიების ჯვრებსღა აბჭყვიალებდენ. ჩამოჩრდილული ქალაქი გამოცოცხლებულიყო. მოსეირნე ხალხს გაევსო ქვაფენილები, განსაკუთრებით ზოგიერთ ამოჩემებულ ადგილებისა, სადაც მოსაქმე კაცს გავლა გაუჭირდებოდა.

სილიბისტროსა და ანტონას ქვაფენილებისათვის უარი ეყოთ, რადგან გვერდების „გაკვრა-გამოკვრის“ გუნებაზე არ იყვნენ და მტვერიან ქუჩის შუა გულს დადგომოდენ.

– ექვსი მანეთი, ოცი… თუმანი… ამდენი ფული მჭირდება და სადა მაქ! – ნაწყვეტ-ნაწყვეტათ ისროდა ანტონა.

– რატომ ფიქრობო! შენ ჩემ ადგილზე მეტს იზამდი… ამდენი ფული!.. – ანტონა ისევ ფიქრმა წაიღო.

სილიბისტროს მხიარული სახე მოღმუშვოდა და ხმა გაკმედილი ანტონას გვერდით მიყობოდა. მაგრამ ეს დუმილი და მოღმუშვა მის ცოცხალ სახეს არ ეთანხმებოდენ და ასე გეგონებოდათ, საცა გულიანათ გადაიხარხარებსო.

– ერთი ასი მანეთი მანახა ნეტა ამ მტვერში. – ჩაფიქრებით წაილუღლუღა ანტონამ და წაჰკრა მტვერს ფეხი.

– ძალიან კარგი იქნება. ნახევარი ხო მე მერგება? – წამოიძახა მხიარულათ სილიბისტრომ.

– ასი მანეთი კარქათ გამიწყობდა ხელს. – განაგრძობდა ანტონა, რომელიც სილიბისტროს სიტყვებს არ დაკვირვებია.

– ასი კი არა, ხუთი თუმანი – გაუსწორა სილიბისტრომ ანტონას, რომელმაც გაკვირვებით გამოხედა გვერდზე.

– ხუთი კი არა, მე ასი ვთქვი, ასი უნდა ვნახო.

– ასი კი, მარა იმ ასში ხუთი თუმანი მე მერგება. – მხიარულათ უპასუხა სილიბისტრომ ანტონას სერიოზულ ხმაზე.

– შენ რატომ გერგება?

– ერთათ რომ მივდივართ, მიტომ მერგება.

– გერგება, გერგება, – ისე იმეორებდა ანტონა, თითქოს ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის და გაგებას ნდომობსო, – არ მოგცემ! – წამოიძახა იმან და ამღვრეულის თვალებით გახედა სილიბისტროს, რომელიც ამ დროს გვერდზე იყურებოდა და მისი თვალები არ დაუნახავს.

– წაგართმევ. – არხეინათ წამოიძახა იმან და ცალ თვალ დახუჭულმა გამოხედა თანამგზავრს, რომლის დანახვაზედაც შეკრთა.

ანტონა კაცს აღარ გავდა: თვალები სისხლით დავსებოდა, კბილები დაეკრიჭა და ისე მიჩერებოდა სილიბისტროს, თითქოს შეჭმას უპირებსო.

– წამართმევ! ჩემ ფულებს წამართმეევ! – გაბოროტებით შეყვირა ანტონამ.

– რა გემართება! არ წაგართმევ, არა! – აჩქარებით ამშვიდებდა სილიბისტრო გამხეცებულ ამხანაგს, მაგრამ ამ უკანასკნელს მისი სიტყვები აღარ ესმოდა…

ანტონას ხელმა გაიტლაშუნა სილიბისტროს ლოყაზე.

მოსეირნე ხალხი აინგრა და სეირის საყურებლათ შემოესია მოჩხუბარს, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. ანტონა ერთი ისე შეინძრა, თითქოს ეშმაკის ბადისაგან გამოთავისუფლდაო, მოეხვია სილიბისტროს ყელზე და დაიწყო გულ ამომჯდარი ტირილი.

– სახში წევიდეთ. – მხიარულათ წამოიძახა სილიბისტრომ და მეგობრები გაუდგნენ გზას.

1910 წ. 8 ქრისტეშობისთვე

 

 

შემოდგომის ქარი

 

შემოდგომის ქარი თავისუფლებას შეექეიფიანებია და ბუქნას უვლიდა ქალაქის ჩაბნელებულ ქუჩებში. ზედ, როგორც ზარხოშთა საერთო ჩვეულებაა, თავისებურ სიმღერასაც აბამდა, რომელიც ხან ტირილათ გადადიოდა და ხან კიდევ სტვენათ, ან ხარხარათ გამოისმოდა. ხშირათ სხვა და სხვა ხმებს ერთათ აურევდა და ასე გეგონებოდათ, რაც ავსულია – ჭინკა, კუდიანი და სხვა ამ გვარი, ყველა გარეთაა და ფერხული გაუბამთო. მაცეკვავი ქარი წარა მარა ფანდალობდა და ეჯახებოდა ფანჯრებსა და კარებს; ხან სახურავზედაც გაისეირნებდა.

სიმონას ფანჯარასაც ხშირათ უკაკუნებდა იგი, მაგრამ ამ შეჩვეულ ხმას ყურადღებას არ აქცევდენ არც სიმონა და არც მისი სტუმარი ექვთიმე.

სტუმარ-მასპინძელი მიჯდომოდენ პატარა, ადამის დროის მაგიდას, რომელიც, თითქოს სამსახურიდან დათხოვას იხვეწებაო, წარა-მარა ჭრიალობდა, და ტკბილათ საუბრობდენ. ხან და ხან ყელს გაისველებდენ თითო ჭიქა ღვინით, რომლითაც შუამდე მოყრილი ბოთლი მაგიდაზე ედგათ. ბოთლს გვერდს უმშვენებდენ ექვთიმესაგან ძღვნათ ჩამოტანილი ხაჭაპურები და ქათამი; იქვე ბრძანდებოდენ პური, რაღაცის წვენი, მწვანილი, მარილი და სხვა მწვრიმალეულობა. ქათმისა და ხაჭაპურებისათვის მოხუცებულებს ხელი არ შეეხოთ. ისინი ღვინოსა და მწვანილს უფრო ეტანებოდენ.

– აპა, ექვთიმე, რავა გაჩერებულხარ! მოკიდე ჭიქას ხელი. – შესწყვიტა ლაპარაკი სიმონამ და წაუწვადა ხელი ბოთლს.

– აჰ, გვეყოფა. – გააქნია ხელი ექვთიმემ და მერმეთ ჩამოფინჩხული ულვაშები ჩამოიწმინდა.

– ჯერ რა დროისია, არტემას არ ადღენძილეფ! დეიჭი ჭიქა!

ექვთიმემ თავპატიჟი აღარ გაიდვა და ჭიქას ხელი მოკიდა.

– ადღინძელოს ღმერთმა. როგორიც იმას უნდოდეს, იმნაირი ცხოვრება და ბედ-იღბალი მიცეს.

– მადლობას მოგახსენებთ. ღმერთმა ისმინოს მარა რა! იმას რო ბედი აქ, ღმერთმა მტერსაც ააშოროს. – ხვნეშით წარმოსთქვა სიმონამ.

– მართლა, რავაა იმისი საქმე? – ისეთის სიბეჯითით იკითხა ექვთიმემ, თითქოს დაბადებიდან ამის გაგებას სურვობსო.

– რავაა და კაცი რო მოყობა მთელი ქვეყნის საქმის სწორებას, აპა, რა დეემართება! ბატონო, მთელი ქვეყანა მე უნდა გავასწოროვო, იძახოდა და თავის საქმეც ქე ჩეეხლართა. რავა შეიძლება მდიდარ-ღარიბის გასწორება?

– ერთი საგნით მდიდარ-ღარიბის გასწორებას კარქს უბნობდენ. – ჩაურთო ექვთიმემ.

– მდიდარი თუ აღარ იქნა, ჩემისთანა ღარიბ კაცს ვინ არჩენს? – განაგრძო სიმონამ, – ვინ მომცემს სამუშაოს! იმათ ჭკუაზე რო წევიდოთ, შიმშილით მოვკვდებით ყველა. დღეს ბინაზე რო ვიყავი, ღარიბი კაცი არ მოსულა ჩემთან საქირავოთ. ისთევე მდიდარმა კაცმა წამიყვანა, მამუშავა და ამ ჭადის საყიდი გროშები მომცა. რო მდიდარი არა, შენი მტერია, მე დღეს ეს ჭადი არ მექნებოდა. – ამ სიტყვებით სიმონამ პური ერთი ადგილიდან მეორეზე გადადვა.

– ერთი იგავით ეგეც მართალია. – დაემოწმა ექვთიმე და ჩიბუხს დაუწყო კეთება.

– ჰო და ის ჩემი მეზობელიც ასთე იძახოდა და იყო ერთ ამბებში და ახლა საცხა არხანგელცკი ღუბერნიაში გადაასახლეს. თუ გინდა ვთქვათ, კარქიც რო ყოფილიყო ამნაირი ცხოვრება, მაინც რას დეეძებს ჩემისთანა და შენისთანა წვრილი კაცი! ჩვენ საცხა ჩვენ საქმეს ვერ ვასწორებთ, ქვეყნის საქმეს რას დევეძებთ? – გაათავა სიმონამ და იმანაც ჩიბუხი გაიკეთა.

– ჰო, მართალია, ჩემო სიმონა, მპუი, მპუი, მპუი, კაცმა ჯერ თავისი საქმე უნდა ეძიო და მერე სხვისი: „დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, თავი ყველას მირჩევნიაო“. ბრძენებისგანაა ნათქვამი; მპუი, მპუი, მპუი. – ჩიბუხის წევით ამბობდა ექვთიმე.

– ეჰ, ისთევე ძველი დრო ჯობდა, მპუი, მაშინ მშვიდობიანობაც უფრო იყო, უფროს-უნცროსობაც, სამუშაოც და დოვლათიც. მაშინდელი წვრილი კაცი ახლანდელს ხუთს შეინახავდა. მპუი. ყოლიფრათ კარქი იყო ძველი დრო, – წაილაპარაკა სიმონამ და გააბოლა, – ძველი თაობაც ჯობდა ახალს, მარა მაგენს მაინც თავისი თავი მოწონთ. – პატარა სიჩუმის შემდეგ დაუმატა ისევ მან.

– მპუი, მპუი, რამდენი თავია, იმდენი ჭკუაა, ჩემო სიმონა, მპუი, მპუი. – დასვა ბეჭედი ექვთიმემ.

– ეგეც მართალია… აპა, დალიე; რავა ჩერდები! – მიუბრუნდა ისევე სიმონა ღვინოს.

– აჰ, ახლა მეტი იქნება. – დადგა უარზე ექვთიმე.

– იმე, რავა იდეფ თავპატიჯს. – შეწყრა სიმონა და ბოთლს ხელი მოკიდა.

– აპა, ეს საყოვლაწმინდო იყოს. აღარ გვეკუთნის მეტი. – ექვთიმემ გამორეკა ჩიბუხი და მოჰკიდა ჭიქას ხელი.

– ყოვლათ წმინდა ღვთიშობელი იყოს თქვენი შემწე. ღმერთმა ნუ მოაკლოს მისი წყალობა ამ ოჯახს.

სიმონას ოთახში ლამპა მალე ჩაქრა და ბნელში დაძინებულთ ხვრინვა გამოისმა. ამ ხმას ქარიც ბანს აძლევდა ფანჯარაზე კაკუნით და შორეულ სტვენა-სისინით. იგი გაურჩევლათ ეჯახებოდა მდიდრების ფანჯრებსაც და ღარიბებისასაც და ყველას ერთნაირათ ასმენდა თავის ტირილსა და ხარხარს, ყველას სახლის თავებზე ერთნაირათ უვლიდა ბუქნას.

1910 წ.    11 ქრისტეშობისთვე

 

 

აკოფას მემკვიდრენი

I

დიდი ხანია, რაც იაკოფ წვალაშვილი, ანუ, როგორც მას მეზობლები ეძახოდენ, აკოფა გაჭაღარავებულ და შუბლ დანაოჭებულ თავს მეტათ დაძველებულის ნაბდის ქუდით იმშვენებდა და ტანზე უკვე რამოდენიმე ადგილს დაკერილ სერთუკს და ძალზე გამოხუნებულ პალიტოს ატარებდა. ამათი ყიდვა აკოფას აღარ ახსოვდა და მათ სამაგივროს შეძენაზე ფიქრი მეტათ მიაჩნდა. კიდევაც რომ ეფიქრებია, გაუცდებოდა, რადგან არამც თუ საამისო ფულები არ გადარჩებოდა იმის საწვრილმანო დუქნის შემოსავალს, იგი სხვა ხარჯებსაც ძლივს ისტუმრებდა. აკოფა თავს მაინც ბედნიერათ რაცხდა, როდესაც უყურებდა გიმნაზიელ ვაჟსა და გართულ ქალიშვილს. მოხუცს ძალიან იმედი ქონდა ვაჟის, თუმცა ეს უკანასკნელი ვერაფერი სახარბიელო გიმნაზიელი იყო; ცალი ფეხი ედგა გიმნაზიაში, რადგან ერთსა და იმავე კლასში მესამე წელიწადს იჯდა და წელსაც ვერაფერ იმედს იძლეოდა. ეს ვაჟბატონი მიშათ იწოდებოდა. აკოფას მიშაზე უფრო მის დაზე, სონაზე ამოდიოდა მზე. სონას ის უკვე დამართოდა, რაც მის ძმას ახლა ემართებოდა. იგი იმავე უსწავლელობისთვის პროგიმნაზიის პირველ თუ მეორე კლასიდან იყო გამორიცხული და ახლა გართულ ქალიშვილის ცხოვრებას ეწეოდა: დილიდან დაწყებული საღამომდე ჩაცმა-დახურვისა, სარკეში ცქერისა, ყმაწვილების გაცნობ-გამოცნობისა და მათში ლაზღანდარაობის მეტს არაფერს აკეთებდა. აკოფას თუ დაუნახსოვრებელ დროიდან სულ ერთი ქუდი ეხურა, სამაგიეროთ მისი ქალიშვილი ყოველ კვირაში ახალ შლიაპას ყიდულობდა და თვეში ერთხელ მაინც ჩაითა და ხილეულობით საღამოს მართავდა ყმაწვილების გასამხიარულებლათ. ამ საღამოებზე აკოფა ძნელათ, უფრო სულ არ ესწრებოდა, მაგრამ მისი მეუღლე და მიშა ძალიან დატრიალობდენ. ეს უკანასკნელი ხანდახან თავის მხრითაც მოიწვევდა ვისმეს, რადგან სონაზე ნაკლები გართული არც ის იყო.

II

გაზაფხულის გრილი კვირა საღამო იყო. ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ეგერ-აგერ შავი ღრუბლები დასცურავდენ დინჯათ და აკვირდებოდენ მათ ქვეშ მდებარე მიდამოს, სადაც სხვა სინათლეებთან ერთათ აკოფას სახლიდან გამომჭვირვალე სინათლეც მოსჩანდა, რაც უეჭველათ ღრუბლებს აფიქრებიებდათ, რომ აკოფას სახლში ამ ჟამათ ვინმე არისო, მაგრამ ისინი რომ დაბლა ჩამოსულიყვენ და აკოფას სახლში ფანჯრიდან კარგათ შეეჭვრიტათ, სწორეთ ვერავის დაინახავდენ. სონა და მიშა სასეირნოთ იყვენ, დედა მათი მეზობელთან გადასულიყო და აკოფა კიდევ სადმე გაიარდა.

ამ დროს გაიღო კარები და სონა და მიშა ხტუნაობითა და კის-კის-ხარხარით შემოვიდენ ოთახში.

– ჰა, მიშა, კწო ონ, მითხარი ერთი, რა იყო! – ეხვეწებოდა სონა მიშას.

– რას დეეძეფ? შენ ის მითხარი, ვინცხა იყო, თვარა, ის კაკოი ტვოი დელო! – უპასუხა მიშამ და ფეხსაცმელებზე დაიხედა, – უჰ რა დამსვრია! – დაამატა მან.

– ოჰ, მითხარი, შენი ჭირიმე… სკაჟი, ახლა ჩწო წაკოი! – ბოლო სიტყვები სონამ ცხვირში წაილაპარაკა.

– არა, ჯერ ის მითხარი. – გაჯინდა მიშა.

– ოი, შენ!.. იმას მარგალიწა…ონ?

– ონ… ვანია! ახლა!

– ვანია! ვანია! კაკაია პრეკრასნაია იმია! გამაცვნე! – ისევ შეეხვეწა სონა.

– ბლუწ! ჯერ შენ პაზნაკომი და მერე მე.

– მე სად გაგაზნაკომო ახლა შენ ის?

– საცა გინდა.

სონა ჩაფიქრდა და უცბად გაუბრწყინდა სახე.

– მოდი, რა ვქნათ, იცი? – წამოიძახა იმან.

– რა!

– სლუშაი. მე მარგალიწას დავპაწიჯეფ ჩაიზე; შენ ვანია პრიგლასი; მე იმას პაზნაკომლიუ და შენ ის პაზნაკომი და ძელო სკანცომ. ხარაშო!

– კარქი. – უპასუხა მიშამ და ორივემ ტაში დაჰკრეს.

III

ვანია, მარგალიტა და რამოდენიმე სხვა მართლაც დაპატიჟეს ერთ საღამოს ჩაიზე და ვისაც ვინ სურდა, გაიცნო. მიშასაგან მარგალიტას გაცნობა გაცნობათ დარჩა, ხოლო მეორე წყვილის გაცნობამ უფრო სხვა ხასიათი მიიღო. ამ საღამოის შემდეგ აკოფას სახლში ვანია ხშირ-ხშირათ დადიოდა და თავის მხრით სონაც ვანიასთან ერთათ თითქმის ყოველ დღე სეირნობდა. აკოფას მეზობლებმა ასეთ ქცევას სხვა თვალით დაუწყეს ყურება და ხმაც დავარდა, რომ ლიზა და ვანია შეყვარებულნი არიან და თავის სიყვარული ერთგულების პირობითაც დააგვირგვინესო. მაგრამ ჯერ მხოლოთ ჩურჩულობდენ ამ კავშირის შესახებ, სანამ იგი ერთ დღეს ყველასათვის აშკარა არ შეიქმნა.

ეს მოხდა მარიამობის თვის ბოლოში.

სონა სასეირნოთ იყო წასული და იქიდან დაბრუნდა რამოდენიმე კაცის თანხლებით, რომელთაც ხელით მოყავდათ იგი. სონა წივილ-კივილით იწევდა ხან აქეთ და ხან იქეთ, მაგრამ მისი მხლებლები აკავებდენ. აკოფას ცოლს გაეგონა შვილის ხმა და მიეგება მას წივილ-კივილითვე. ხმაურობაზე მეზობლებიც მოცვივდენ და როდესაც სახლში შეიყვანეს სონა, მას გარსემო მთელი ბრბო ეხვია.

– რა დაგემართა, შვილო, რა ამბავია? – ეკითხებოდა სონას დედა მისი, მაგრამ წივილ-კივილის მეტ პასუხს ვერ ღებულობდა.

ამასობაში მოვარდა აკოფაც, რომელსაც ეს ამბავი ე. ი. სონას წივილ-კივილით სახლში მოსვლა დუქანში გაეგო და გამოქცეულიყო.

– მამა, მამა, ვკვდები. – მიაკივლა სონამ აკოფას.

– რა ამბავია, შვილო, რა იყო? ნუ გეშინია! – ამშვიდებდა სონას აღელვებული აკოფა.

– ვაი, უნა მოვკვდე! – ყვიროდა სონა.

– რა მოგკლავს, შვილო, რა ამბავია? რა ხვთის რისხვაა ჩვენ თავზე! – აღელვებულათ ამბობდა აკოფა, რომელსაც საქმის ვითარება კარგათ არ ესმოდა.

არ ვიცი, დამშვიდებისა თუ დაღალვისა გამო სონამ ხმას თანდათან უკლო და ბოლოს ლაპარაკიც შესძლო.

– რაშია საქმე, გამაგებიე, შვილო! ტყვილა რო იკივლო რას გაგიკეთებს?

– მიღალატა, მიღალატა ვანიამ. – ძლივს ამოილაპარაკა სონამ და დაიწყო ხვნეშა.

– რავა გიღალატა! ვინ გიღალატა? რაში გიღალატა! კარქა თქვი. – ამბობდა გაოცებული აკოფა.

– ვაი, ვანიამ მე პირობა მომცა, რომ მიყვარხარო და დღეს საგულავოთ რო ვიყავი, დევინახე, რომ ლიზასთვინ ამეედვა პადრუჩკი და დაგულავობდა. მე შორიდან დამიკრა თავი და იმას სხვანეირათ უმზერდა. მე ვთქვი, რო ნამდვილათ მიღალატათქო და თავის დახჩობა მევინდომე და წევედი წყალზე. მარა მე ვთქვი, ჯერ გავშინჯავ წყალსთქვა და მერე ჩავხტებითქვა. ჩავყავი ფეხი და ძალიან ცივი იყო და ვიკივლე. მინდოდა ჩახტომა, მარა ვინცხა კაცები მოცვინდენ და წამომიყვანეს ძალითა, თვარა თავს დევიხჩობდი. ვაიჰ. არა, თავი მაინც უნდა დევიხჩო. უნდა მოვკვდე, არ შეიძლება, ვაიჰ. – დაათავა სონამ და გაჩუმდა; ხვნეშასაც მიანება თავი და ისე იდგა სულ განაბული, თითქოს დამნაშავეა და თავის მსაჯულებთა წინ სდგას განჩინების მოლოდინშიო. არც სხვა ვინმე იღებდა ხმას და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. აკოფა ჩაფიქრებული იყო. მერმეთ ადგა, „ჩემ მოსვლამდი არსა წახვიდე, თვარა მოქკლავ“-ო, დაუბარა სონას და წავიდა დუქანში.

დაარღვია თუ არა სიჩუმე აკოფამ, მაშინვე ყველამ ერთათ აიბა ენა, თითქოს აქამდე იმიტომ სდუმდენ, რომ პირველობის ეშინოდათო. მალე დაშლაც დაიწყეს და ლაპარაკით გემართენ ქუჩისაკენ.

– მასე კი არ იყო, კაცო, – ეუბნებოდა ერთი კაცი მეორეს, – ჩაყო ფეხი თვარა, ეცივა და დეიწყო კივილი. თან სიცივისგან კივოდა და თან „ვიხჩობიო“ იძახოდა. ჩვენ მივცვინდით და წამევიყვანეთ. გზას თვითონ გვასწავლიდა.

იმ დღიდან აკოფამ სონაზე გული აიყარა და მთელი თავისი იმედი გადაიტანა მიშაზე, მაგრამ ბედმა აქაც უმტყუნა: მიშა სასწავლებლიდან გამორიცხეს და აკოფა დარჩა უიმედოთ. მის წინ აღარავითარი სინათლე აღარ სჩანდა, არც ერთი ნაპერწკალი აღარ ბჟუტავდა, რომ ის დაესვა მიზნათ და ცრუ იმედით მაინც აღფრთოვანებული გადგომოდა შორე გზას. აკოფას თავის დამჩაგვრელთა დაჩაგვრის მეტი აღარაფერი დარჩენოდა და კიდევაც შეუდგა ამას.

მიშას ვითომ კერძოთ სწავლისათვის საჭირო ფულზე უარი უთხრა და ურჩია: „ჩემთან მოდი და საწვრიმალო ვაჭრობა ისტავლე“-ო, მაგრამ მიშამ ეს იუკადრისა და ისევ უსაქმოთ ხეტიალი ამჯობინა. დაიწყო ისეთი ცხოვრება, როგორსაც რამოდენიმე ხნის წინათ ეწეოდა სონა. ამ უკანასკნელს აკოფამ სრულიათ აღუკრძალა გართვა-გამორთვა და ახალ-ახალ შლიაპების ყიდვაც მოუშალა, თუმცა ამით თავის დამსახურებულ ქუდს თავისუფლება მაინც ვერ მიანიჭა.

1910 წ. 22-30 ქრისტეშობისთვე

 

 

ზედმეტია?

 

სტეფან სვიმონის ძემ ჩვეულებისამებრ გამოყო თავი ფანჯარაში და გადმოხედა ქუჩას. შუადღეს მიწეული ზამთრის მზე მხიარულათ, მაგრამ ცივათ დასცქეროდა მიწას, რომლისდამიც მისი მხურვალე გრძნობები განელებულიყვნენ და ახლა მოწყალებასავით უგზავნიდა ძალა გამოლეულ სხივებს; თან დამცინავ ღიმილსაც ატანდა დაბეჩავებულ სატრფოსთან. მაგრამ ნამოწყალევ სხივთა ნახევარი დღის შრომას ტყვილა არ ჩაევლო და უდნავ მაინც გაელბო ტროტუარებზე და ღრმა თოვლში გატკეპნილ სამარხილე გზებზე გადაკრული ყინულის ქერქი, რომელიც დილაობით ბევრ მოხუცსა და ახალგაზრდას იხუტებდა გულში, ეამბორებოდა… მზის მოწყალებით გამხიარულებული მოქალაქეები შეუწყვეტლივ მიდი-მოდიოდნენ ქუჩაზე, დრო გამოშვებით მარხილებიც გაისრიალებდენ და ზარების რაწკუნით სიცოცხლეს მატებდენ სტეფან სვიმონისძის წინ გადაშლილ სურათს.

სტეფან სვიმონისძე გაფაციცებით ადევნებდა თვალს გამვლელ-გამომვლელებს, რომ რაიმე ყურადღების ღირსი არ გამოპაროდა.

ქუჩის თავში გამოჩნდა ერთი მოხუცი, რომელსაც არაფერი განსაკუთრებულობა არ ემჩნეოდა. ყაბალახით წაკრული თავი, მის ქვეშ, შემოდგომის დღესავით მოღმუშული სახე, ტანზე-შემოხეული ჩოხა და ფეხებზე პირდაღებული წუღები ჩვეულებრივი მოვლენაა ქ….სისებურ ქალაქში, მაგრამ სტეფან სვიმონისძეს ეს არაჩვეულებრივათ მოეჩვენა და მოხუცმა მისი ყურადღება მიიპყრო; კიდევაც ჩააფიქრა.

– რა მოხელეა მაგის სიცოცხლე? ტანჯვის მეტს მაგი რას აკეთებს? მაგისთვის ახლა სიკვდილი ბევრათ სჯობია. სიბერეს თავი დაანებე და სიღარიბეს საღა მიუვა! ნახევარჯელ მშიერ-მწყურვალი ეგდება. მაგის გულს გაძღომის ნატვრის მეტი არაფერი ეცოდინება. არაფერი მაგას აღარ ახარებს; არც სხვის გამხარებლათ ვარგა. ვის რათ უნდა? ვის რას არგია? – ამბობდა გულში სტეფან სვიმონისძე და თან მოხუცს თვალს არ აშორებდა. ის კი ნელა დაღვრემილათ მოაბიჯებდა გამლბალ თოვლში.

– ნათლია! – გაისმა უცებ ბავშვის ხმა მოხუცის ახლო. სტეფან სვიმონისძემ წამით მოაცილა თვალი მოხუცს და გაიხედა ბავშვისაკენ. შუაგულ ქუჩაში გაჩერებულიყო შვიდი-რვა წლის ჩანთიანი ბიჭი და სახე გაბრწყინებული შეყურებდა მოხუცს, რომელიც ბავშვის ძახილზე შეჩერდა და მისკენ მოიხედა. მოხუცის მოღმუშული სახეც გამოცოცხლდა და აღფრთოვანება დაეტყო.

– ოჰ, შენა ხარ? – ალერსიანათ დაეკითხა იგი ბავშვს.

– ხო. – დინჯათ უპასუხა პატარამ.

– აქეთაა შენი კლასი?

– ხო, აქეთაა.

მოხუცი ცოტა ხანს მხიარულათ შეყურებდა ბავშვს.

– ისწავლე, ისწავლე და ახლა ქე წადი, ნათლია, სახში. – ისეთის ხმით უთხრა მოხუცმა ბავშვს, თითქოს სურს, იგი სულში ჩაიძვრინოსო.

ნათლული მორჩილებით მობრუნდა და და გაუდგა გზას, მაგრამ მალ-მალე იხედავდა უკან; ეტყობოდა, სული მოხუცთან რჩებოდა, რომელიც კიდევ დიდხანს იყო გაჩერებული ერთ ადგილზე და გაიყურებოდა იქეთ, საითაც ბავშვი მიიმალა. ბოლოს ერთი ამოიხვნეშა და თვითონაც გაუდგა გზას.

სტეფან სვიმონისძემ კიდევ გაადევნა თვალი მოხუცს და შემდეგ ხალხში დაეკარგა. ბევრი ათვალიერა, მაგრამ ვეღარ დაინახა. მოსწყინდა…

იმანაც ამოიხვნეშა, ერთხელ კიდევ გადახედა გამოცოცხლებულ ქუჩას და მიხურა ფანჯარა.

1911 წ. 14 იანვარი

 

 

იასონა

 

– აბა, ჰე, ერთი რიგიანათ დავსცხოთ; არ შეგვაშინოს. ეჰაჰა, გაუსვათ ნიჩაბი, გაუსვათ! – გასძახოდა ორ სართულიან სახლის თავზე წელამდე თოვლში ჩამდგარი იასონა ამხანაგებს, რომელთაც მისი გამხნევება არ სჭირდებოდათ. ისინი იასონაზე ნაკლების სიმარჯვით არ ხმარობდენ ნიჩაბს. ყველა ძალიან ტრიალობდა და აგერ საათი იქნებოდა, რაც მიადგენ ამ სახლს, მაგრამ ჯერ თოვლისთვის ვერაფერი დაემჩნიათ. გასროლილი ფიფქი თოვლი ნახევრათ ისევ სახურავზე ცვივოდა და ცაც თავისას უხვათ ამატებდა. მთელი სივრცე თოვლის ფირფლებს გაევსოთ, ჰაერი ჩამოეხუთათ და იასონასა და მისი ამხანაგების ხმა ყრუთ გაისმოდა, თითქოს ვინმე ჭურიდან ამოიძახისო.

– აბა ჰე, ბიჭები, ჰაი, ჰეი. – გაიძახოდა ვიღაცა მეორე სახურავიდან.

– ნახავთ, ამ თოვლმა თუ არ დაგვიჯაბნოს! – წაილაპარაკა იასონას ერთმა ამხანაგმა.

– ბიჭოს და მართლაც, რა ოხერი სათოვლია! – დაუმატა მეორემ. – აგერ რამოდენი ხანია მივადექით და ჯერ ვერც კი გავანახევრეთ.

– აბა, სიმღერა და ნიჩაბი ერთად დავატრიალოთ  და იქნება რამე გვეშველოს. – ურჩია ამხანაგებს იასონმა და დაიწყო სიმღერა, სხვებმაც მოსძახეს, ზედ ნიჩბებიც ააყოლეს და ფიფქი თოვლის მტვერში გაეხვიენ.

– დავიღალე. – წამოიძახა ერთმა და შეჩერებული ნიჩაბზე დაეყრდნო. მალე სხვებმაც მას მიბაძეს; სიმღერა შესწყვიტეს და ნიჩბებიც შეასვენეს.

– უჰ, შემცივდა. – წამოიძახა მალე იასონმა და ფეხების ბაკუნი დაიწყო.

– რამ შეგაცივა, კაცო, ხომ არ გადაირიე! – ის იყო დაიწყო, დაიწყო მეორემ, მაგრამ მესამემ აღარ დააცალა.

– მაგას კი არა, ცოტა მეც შემცივდა. – წამოიძახა მან.

– გავუსვათ, გავუსვათ ნიჩბები და გავხურდებით. – გამოიტანა განჩინება მეოთხემ და თავის სიტყვების დასასაბუთებლათ ზლაზვნით გაუსვა ნიჩაბი…

იასონმა დაბლა სართულის ფანჯარაში ზეით ამომცქირალე ქალს მოჰკრა თვალი და ამოიხვნეშა.

– რა გახვნეშებს, ბიჭო? – დაეკითხა ხანში შესული ამხანაგი, რომელმაც ის იყო, ნიჩაბი მოსასობათ მოიმარჯვა.

– რავა რა მახვნეშებს! აი, ის ქალი რომ მოგვჩერებია იმ ფანჯრიდან, ის რათ უნდა იჯდეს თბილ ოთახში და მე კი მისი სახლის წმენდისთვის აქ უნდა ვიყინებოდე? რატომ მეც თბილ ოთახში არ უნდა ვიჯდე? ის ჩემზე ბედნიერი რათ უნდა იყოს?

– ბედნიერი!

– ჰო ბედნიერი, ჩემზე ბედნიერი ის ქალი ან მისი მამა, ძმა რათ უნდა იყოს? – გაიმეორა იასონმა.

– ეჰ, ბიძია, რა იცი, რომ ის ქალი შენ არ შემოგნატრის? – რაღაც კიდევ უნდოდა ეთქვა მოხუცს, მაგრამ აღარ დაათავა და ნიჩაბი მოუსვა.

– ჩემისთანა ბედნიერს ვინ არ შემონატრებს! – დაცინვით წაილაპარაკა იასონმა, დააბაკუნა ფეხები და იმანაც აამუშავა ნიჩაბი.

ისევ ადინდა თეთრი მტვერი, რომელიც ზღაპრულ მდევ-გმირებათ იშლებოდა თოვლის ფერფლებით ავსებულ ჰაერში.

1911 წ. 15 თებერვალი

 

 

მიჯნურნი

(ვუძღვნი ჯაჯუს)

 

– ოჰ, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო მზევ, რა რიგ მიყვარხარ, ჩემო ჩიტუნიავ!

– მეც მიყვარხ, მეცა. – ეუბნებოდა ქალი და მთლათ გრძნობათ გადაქცეული ეკონებოდა ვაჟს მკერდზე. სურდ, უფრო ახლოს გაეგონა, ეგრძნო ტკბილ ალ წაკიდებული გულის კვნესა, კვნესა ნეტარებისა.

გამიჯნურებული გულები ჯადოსნურს ქსელს ახვევდნენ, ეზიდებოდენ ერთმანეთს; შეხება სურდათ და ქალი უფრო მაგრათ ეკვროდა, ეხუტებოდა ვაჟს. ვაჟი თვალებში ჩაშტერებოდა საყვარელს: იქ გულამდი ჩახედვა და მასზე დიდი ლამაზი ასოებით წარწერილი თავის სახელის ამოკითხვა სურდა…

– მიყვარხარ, ძლიერ მიყვარხარ. – იმეორებდა იგი თავდავიწყებით. აღარ ახსოვდა მის წინ შხულით მომჩქეფარი მწვანე სამოსელში გახვეული მდინარე და თანაგრძნობით მაცქერალი აფერადებული მთა.

– მიყვარხარ, ჩემო იმედო, ცხოვრების მიზანო, ჩემო სიცოცხლევ. – კვლავ და კვლავ იმეორებდა იგი და საყვარლის თვალებში თავის სახეს დაეძებდა.

– მეც მიყვარხარ, მეცა – უპასუხებდა ქალი და გველივით შემოხვეულ ხელებს უფრო მაგრათ უჭერდა მძლავრ მკერდს, ეხუტებოდა, გრძნობათ ადნებოდა…

გულები იწვოდენ…

ქალის გული დაიწვა… მოკვდა… შეყვარებულის გულის ფერფლმა სამარეში იპოვა მშვიდი ბინა.

ვაჟი ხშირათ ნახულობდა მის აყვავებულ საფლავს… იგი უტოლოთ დარჩენილი, ობოლი დიდხანს, დიდხანს დააცქერდებოდა ხოლმე ჯერ შეუყვარებელ, ბედნიერათ მოღიმარ ყვავილებს და მწარეთ იტყოდა!

– იცინეთ, იხალისეთ, სანამ სიყვარულის ალი არ მოგდებიათ; ინავარდეთ სიცოცხლის ხალისიან ფრთის ქვეშ… თქვენც შეგიყვარებთ მზე და მისი პირველი კოცნა, სიკვდილის კოცნა იქნება… მიჯნურებს საუკუნო გვირგვინს მხოლოდ სიკვდილი ადგამს, სიცოცხლე კი მათ არ გუობს…

შემდეგ ნაღვლიან თვალებს გადაავლობდა მოცინარ ყვავილებს და მძიმე ნაბიჯით წამოვიდოდა სიყვარულის სამეფოდან…