გრიგოლ რობაქიძეს – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 30.03.1920

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26101-1-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

გრიგოლ რობაქიძეს

პატივცემულო გრიგოლ!

თქვენთან ბოდიში მმართებს: ვერ გაცნობეთ „შვილდოსნის“ გამოსვლა, დაუკითხავად ვისარგებლე თქვენი ლექსებით, დროზედ ვერ გამოგიგზავნეთ „შვილდოსანი“. დამნაშავე არა ვარ – თბილისელმა მეგობრებმა დაიზარეს თქვენი მისამართის გადმოცემა. დღეს ვალერიანმა მიიღო თქვენი ბარათი და ვიჩქარი უნებური შეცდომა გავასწორო. ვაგზავნი „შვილდოსანის“ ორ წიგნს. ვალერიანმა მთხოვა, გადმოგცეთ მოკითხვა და „მეოცნებე ნიამორების“ მესამე წიგნი.

მე გავბედავ, თხოვნითაც მოგმართოთ. მართალია, „შვიდლოსანს“ ნაკლი უფრო მეტი აქვს, მაგრამ ერთი ღირსება აქვს უეჭველად: ცისფრ ყანწელებს (და მათ ეპიგონებს) აღარ შეფერის; დროა, საქართველოში პოეტის სახელის პრეტენდენტი თუნდაც „შვილდოსანის“ პრიმიტიულ სასწორზე აიწონოს და „მარუთა შუამდინარელის“ ფასი ითქვას. კიდევ უფრო საჭიროა დადებითი მუშაობა და თეორეტიული კვლევა და პოპულარიზაცია. ბევრი მტერი გავიჩინეთ (გომართელიც – აგრარულ საკითხზე ჭკუა დაქნილი კრიტიკოსი). შეცდომები მეტი დავუშვით. თბილისელი მეგობრები იმოდენათ არ გვეხმარებიან (ვერ მოიცალეს) და სამმა კაცმა ყველაფერი ვერ შევძელით. შეიძლება მეოთხე ნუმერი აღარ გამოვიდეს, რადგან მასალები არ მოგვაწოდეს. სწორედ აქაა ჩემი თხოვნა.

ქართულ პოეზიას და ესთეტიკას დღეს თქვენზე ძვირფასი სახელი არ ეგულება. „შვილდოსანის“ ბოლო ორი წიგნი ამაყობს თქვენი ლექსებით. თუ ნებას მომცემთ, მესამე წიგნისთვის (№4) „ავტომედალიონს“ გამოვართმევ ვალერიანს. მაგრამ ამას ვერ დაგჯერდებით: გაიმეტეთ ერთი წერილი „შვილდოსანისთვის“. თემა რაც გენებოსთ – მალარმე, სიმბოლიზმი, პოეზია და პროზა ან სხვა. თქვენი სიტყვა ყველგან ჩასწვდება სიღრმეს და ახალ ღირებულებას აღმოგვიჩენს.

თუ „შვილდოსნისთვის“ არაფერი დასწერეთ, ამით გავიგებთ, რომ თქვენი შეხედვით იგი უარყოფითი მოვლენაა და აღარ გამოვა: საქართველოში თქვენზე მეტათ არავის ვუჯერი.

 

სანდრო ცირეკიძე