სანდრო ცირეკიძე, ლექსები 3764028735627!!! – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1910

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 7-ხ.

გამოცემა : გოშმაშა

პოეზია, შემოქმედება

სანდრო ცირეკიძე, ლექსები 3764028735627!!!

ობოლი რაინდი

 

დაუთავებელი პოემა

სანდროსი

 

გამოცემა 1

გამოცემა „გოშმაშა“-სი

ქუთაისი, სტამბა ალ. ცირეკიძისა, 1910

ფასი 10 კაპ.

 

თავი პირველი

 

მორბის, მოშხუის მდინარე,

მოსძახის კლდეს და მინდორსა:

„მთაში ვარ დაბადებული,

ბარში ვერ პოებთ ჩემ სწორსა.

მთამ მომცა ძალი და ღონე,

სულიც მთიური მბერია,

წინ ის დამიხვდეს, მებრძოლოს,

ვინცა თავისი მტერია.

ჩამომეცალეთ, გზა მომეთ,

წინ ნურავინა მიხვდებით,

თორემ ძალას ვიქმ, გაგანტროვთ,

და ვინც ვარ, მაშინ მიხვდებით“.

მოქშუის, მორბის, მოსძახის,

ებრძვის კლდეებს და ნაპირებს.

მედიდურია, ძალას გრძნობს,

ქვეყნის დაპყრობას აპირებს.

ჰგონია, ყველა დააფრთხო,

შებრძოლვას ვერვინ გაბედავს.

მოხტის… წინ აგერ დიდ ქვებსა

საბრძოლათ ჩარაზმულთ ხედავს.

ღონით ეჯახვის გმირებსა,

მაღლა ხტის, შხეფათ იქცევა,

ერთს გაიელვებს მზის სხივზე,

მერმე ქვებს იქით იქცევა.

ბობოქარ მდინარის პირას

ჩაფიქრებული ჯდია ყმა,

ჩაჰკვირებია მდინარეს,

თითქოს ატკბობსო მისი ხმა.

მის ღიმსა აზრი არა აქ,

სახეც სრულიათ მშვიდია,

ფიცხობა მას არ ეტყობა,

თუმც ხმალი გვერდზე კიდია.

ტანთ-საცმი მეომრისა აქ,

სახე განდეგილ მერისა,

აბჯარი ვაჟკაცურ ტანზე

მშვიდს სახეს არად შვენისა.

პატრონის გვერდით ნამგზავრსა

ოფლიან ბედაურს სძინავს.

ვინ იცის, რა ესიზმრება!

პატრონით საით მიფრინავს!

იქნება მისი ოცნება

თავის ქვეყანას სხოფრ ქმნიდეს,

და რაში რაინდიანათ:

იმ მხარისაკენ მიქრიდეს.

ჩუ! ეს რა უცხო ხმებია,

მდინარის პირს რომ გაისმის!

არც მჭექარეა, არც მტკბარობს,

არცაა იგი ხმა რისხვის.

არაა სიყვარულის ხმა,

არც მთქმელი საყვედურისა,

არა, ეს რაღაც უცხოა,

ჯერ არ მომხვედრი ყურისა.

ნეტა ვისია, რას ამბობს

ხმა უცნაური, ხმა მშვიდი?

მაგრამ რას ვხედავ? მდინარეს

ესაუბრება რაინდი.

„ჩემებრა ლაღო მდინარევ,

ჩემ ძარღვთა სისხლებრ მჩქეფარო,

მომწონხარ და საიდუმლო

ჩემი მსურს რომ ჩაგაბარო,

და ვინც მოვიდეს შენ პირას

ძველთ ამბავთ საკითხველადა,

ყველას უთხარი, რომ ერთხელ

მეც ვრბოდი მინდორ-ველადა.

ეს ცხენიც მოიხსენიე,

ჩემ ჭირ-ვარამის მყოფელი,

საიდუმლოცა უთხარი,

უთხარ, რომ მძულდა სოფელი.

არა, არ მძულდა, მაგრამა

არც სიყვარული მიგრძვნია,

ალერსიანი სიტყვაი

ჯერ არავისთვის მიძღვნია.

ტანჯვა-წვალებაც ტყვილია,

არ ვიც, რას ქვია ის ჯერა,

ან სიბრალული, ან გული

რომ ქვეყნად იყოს, არ მჯერა.

ტყე-ღრეში დავხეტიალობ,

ვყაჩაღობ, ვეძებ რაღაცას,

მაგრამ მიწაზე ვერ ვნახე,

თითქოს წაეღოს იგი ცას.

მე სამშობლოიც არა მაქ,

არც ვინ კეთილი მყოლია,

ნეტავი ვინმე ჩემ გარდა

ჩემსავით თუ ობოლია.

თუ სხვების ამბავი ითქვას,

არც ჩემი დაიფაროსა,

ახლა წავალ და კვლავ ვეძებ

ჩემ უპოვნ საძებნაროსა“.

ყმა დგება, გვერდზე იხედვის,

და რა სურათი უხვდება!

მდინარის პირას ნიავი

ობოლ იასა უხდება.

მთანი და კლდენი მოსულან,

თავის თოვლ, მინდორ, ტყიანა,

და საშნოებლათ იასა

რგოლათ გარს შემორტყმიანა.

მდინარეც იქვე მოქშუის,

ნამის წილ შხეფებს აბკურებს,

თაყვანს სცემს იას ბუნება,

ის მეფურ გამოიყურებს.

მდინარის მონაბერალი

ნელი ნიავი არხევს მას

და თავს ისე ხრის, „მოდიო“,

თითქოს ეძახდეს იგი ყმას.

უცქერს იასა რაინდი,

ღიმიცა უკრთის ტკბილადა,

და იმას იის ჭვრეტანი

გულს გადესხმიან თბილადა.

ის ახლა თუნდ მთელ ქვეყანას

ამ ობოლ იას შესწირავს.

ამ დროს თანა გრძნობს, მას თითქოს

რაღაც ძლიერი იჭირავს.

სცნობს,  სცნობს რაინდი ამ ბორკილს,

აქამდე თუმც არ უნახავს.

ეს სიყვარულის თოკია…

იგ აწ იას ტყვედა ჰყავს.

„ოჰ, თურმე შენ დაგეძებდა

გული, რომ ვძრწოდი ტყეღრეში,

შენა ხარ ჩემი იმედი,

შენა ხარ ჩემი ნუგეში.

ეს ჩემი თავისუფლება

შენთვისა შემომივლია;

იმ გზითა აწ აღარ ვიარ,

რა გზითაც დღემდე მივლია“.

რაინდი ერთს გადახტება

და იისა წინ იჩოქებ,

თან სინანულის ცრემლებს ღვრის,

და თან უმჟღავნებს ძველ ცოდვებს.

ფიცსაც სდებს, აწ იარაღზე

მე ხელი ამიღიაო,

და ყოველ დაჩაგრულისთვის

ჩემ გულს აქ კარი ღიაო.

„იმასაც მოყვრად შევხვდები,

ვინც მე არ მემოყვრებაო,

მაგრამ თუ ვინმე შენ გაწყენს,

მას სისხლი დაეღვრებაო.

მის სისხლში ამ ხმალს კვლავ გავსვრი,

არ დავზოგ არც ჩემ თავსაო,

და ავის შემძულებელი

კვლავად ჩავიდენ ავსაო.

ასე ეფიცვის იასა

რაინდი თვალ ცრემლიანი,

და მას მოწმობენ მდინარე

და მთანი მწვანე ტყიანნი.

ამ დღიდან იას რაინდი

აღარ სცილდება ერთ წამას;

თავს დასტრიალებს, ევლება,

აღარც სმას ეძებს, არც ჭამას.

ბულბულნი საზდოს უზიდვენ,

ცის ნამს საჭმელად ხმარობსა.

შეყვარებულთა სიამით

ბუნებაც სტკბება,ხარობსა.

მუდმ მკაცრნი ბუმბერაზ მთანიც

სიამის ცრემლებს ღვრიანა.

ნაკადნი ყმის სანახავად

მთიდან ბარს ჩამორბიანა.

დღით მზე და ღამით მთვარეი

ალერსით ჩამოსცქერიან.

ყველანი გუნდრუკს უკმევენ,

ფრინველნი მუდმ უმღერიან.

 

სანდროს ბიოგრაფია

 

ალექსანდრე ანუ სანდრო თანამედროვე გამოუჩენელი არა პოეტია. იგი დაიბადა, არ ვიცი, სად და როდის. საცხა აღიზარდა და როგორღაც ახლა ცხოვრობს. სანდროს დიდი უნიჭობა ეტყობა და დიდი უადგილობაც უკავია ჩვენს ლიტერატურაში, იმას ყველა ან იცნობს ან არ იცნობს და ამიტომაც მეტს აღარაფერს ვიტყვი. ვიტყვი მხოლოთ, რომ სანდროს დიდი უმომავლობა მოელის.

 

ბ. როქე.

1911 წ.