- 28. V.
ვარსკვლავები
ხშირად შევცქერი შუაღამეზედ,
როსაც ვაკეთებ რამე საქმესა,
და სახლშიდ ჩემს მეტს არავის ღვიძავს,
ცაზედ ციმციმა მე ვარსკვლავებსა.
იქა არიან გაფანტულები,
ვითა ბატკნები დაბლა ბარზედა,
ჯოგივით ჯგუფად და მწკრივდებიან,
ვით მარგალიტნი წვრილ ბაწარზედა.
და ბრწყინვენ ყველა დიდზედ ირგვლივა;
ბრწყინავენ ბრწყინვით მშვენიერითა…
ვუცქერ მე დიდსა დიდებულებას
და არა ძალმიძს გავძღე ცქერითა.
როსაც შევცქერი ასე ცის გუმბათს,
დამეკითხება მე ჩემი გული:
„არს ქვეყნად რამე ისეთი კარგი,
როგორც ჯავრია და სიხარული“.
მერმედ საჩქაროდ ვწობი ლოგინზედ
და დიდხანს ვწევარ იქ მე ფხიზელი.
ვფიქრობ და ვფიქრობ შეუწყვეტელად
და მოუთმენლად განთიადს ველი.
(ელაუბნიუსიდგან)
- 1. VI.
მეც მინდა…
მეც მინდა, ვიმხიარულო;
მეც მინდა, რომ გავიხარო;
მაგრამ, ოხ, გულო, ოხ, გულო,
შენ რა ულმობელი ხარო.
არ გიყვარს შენ სიხარული;
გიყვარს ჯავრი და მოწყენა;
თუ შეგხვდება დაჩაგრული,
მხოლოდ იმას უხმობ შენა.
მასთან ერთად შენცა სტირი;
მასთან ერთად ღვრი ცრემლს მწარეს;
სიცილი გძულს, როგორც ჭირი;
არ თანაუგრძნობ მცინარეს;
ვერ გავიგე მე ჯერ ესა,
რად ხარ ესე მობრალული,
რად გიყვარს ჯავრი და კვნესა,
და რისთვის გძულს სიხარული.
ნეტავი გამაგებია,
რად გიყვარს ეგრე ცრემლები.
თუ გებრალება სხვებია,
მე რად აღარ გებრალები!
გამიგონე, დამიჯერე,
გულო ჩემო, შემიბრალე,
ვით სხვებმა, შენცა იმღერე.
გამახარე მალე, მალე…
მეც მინდა, ვიმხიარულო;
მეც მინდა, რომ გავიხარო;
მაგრამ, ოხ, გულო, ოხ, გულო,
შენ რა ულმობელი ხარო.
***
მძიმე შავი ღრუბლები
მოდიან ნელა ნელა
და ამ მთის მწვერვლის ირგვლივ
იკრიბებიან ყველა.
ცა უკვე მთლად მოფარეს;
შემოეხვივნენ მთებსა;
ვით ღამით ჩამობნელდა;
მზე აღარ ანათებსა.
აგერ ცეცხლის ზოლივით
ელვამ გაიპრჭყვიალა;
იქ ხეს მეხი დაეცა,
და ბდგვენამ იგრიალა.
მოიწმინდე, ცავ, ნუ ხარ
ეგრე მოღრუბლულია;
იქნება გამიწმინდო
მით ეს ჩემი გულია.
ღრუბლებო, გაიფანტეთ;
დამანახეთ მზის შუქი;
იქნებ მან დამიწყნაროს
გულშიდ მყოფი ქარ-ბუქი.
გამოანათე, მზეო;
გაჰფანტე ეს მწყვდიადი;
იქნებ შენ მოიტანო
ჩემ გულშიდ განთიადი.
თორემ, ვით ცას ჰფარავენ.
ეს შავ-ბნელი ღრუბლები,
ისე მახვევია მეც
გულზედ მწარე ფიქრები.
დაჰბერე, ქარო, ნუა
ცა ჩამოღრუბლულია;
იქნება ცის გაწმენდით
გამეწმინდოს გულია.
- 19. VI.
ნატვრა
სადაც ყველაა
თავისუფალი,
და სიყვარულის
ანთია ალი,
სადაც მონა არ
დაბადებულა,
და ბატონობა
ზღაპრათც არ თქმულა,
სადაც ღალატი
არვის სმენია,
და არ იციან
„ჩემი“ „შენია“,
სადაც სულ ყველა
არიან ძმები,
და მეგობრობენ
კაცთან მხეცები,
სადაც სულ ყველა
ქვეყნის გმირია,
სადაც სულ ყველა
კმაყოფილია,
სადაც სიძულვილს
არა აქვს ბინა,
ნეტავი იქა
მე გამაჩნა.
იმ ხალხთან მომცა
კავშირი ძმური.
ხალხთან, რომელმაც
არ იცის შური.
- 18. VI.
ამონაკვნესი
ჰოი, ვარსკვლავნო!
ჰიო, მთვარეო!
ჰოი, შენც მზეო;
პირ მცინარეო!
ჰოი, რომ მუდამ
ხართ მხიარული,
და არ მოგწყინდათ
ცად სიარული.
მე კი მომბეზრდა…
დამღალა ამა
ცხოვრების აღმართ
გზაზე ვლამა.
ცხოვრების გზაზედ
მომბეზრდა რბენა…
ჰოი, მუდმივნო
ჭაბუკნო, თქვენა!
1909.21.VII.
ლოდინი
ვზივარ. ვუცდი მატარებელს.
მე ლოდინით დავიღალე.
ლიანდაგს შორე გავყურებ
და ვიძახი: „მალე“ „მალე“.
მე აქ ვზივარ. ცხრა მთას იქით
დაფრინავს ჩემი გულია.
სადაც მე ჯერ არ მივსულვარ,
იგი დაბარგებულია.
ჩემი გული იქ დაფრინავს .
მე მარტო ვიცდი აქანე.
ლიანდაგს ვუმზერ და ვამბობ:
„მოდი მალე – წამიყვანე“.
1909.16. VIII.
* * *
განთიადო, მალე მოდი,
მომაცილე ამ ღამესა.
მასშიდ მე ვერა ვპოულობ
მოსვენებას,სიამესა.
გარდა ყოველ გარყვნილების
და ყოველ ბორტობისა…
რას ჰგვიანობ! თუ არ ეხლა,
აწღა მოხვალ შენ როდისა?
მოდი, მზე ამოიყვანე,
მომაშუქე მზის სხივები,
და მაშვინ გახარებული
შენ, ვით მსნელს, მოგეგებები.
1909.18.VIII.
ღამე
მზე ჩაესვენა;
გაჰქრა ნათელი;
გამეფდა ქვეყნად
ღამე შავ-ბნელი.
მიჩუნდა მთა და
მიყუჩდა ბარი;
სიცოცხლის ნაშთი
აღარსად არი;
სძინავს მინდორსა;
იძინებს ტყეცა;
და ვარსკვლავებით
იჭედება ცა.
აგერ ეს, – ისეც
იქ ვარკსვლავია.
ცაზედ ვარსკვლავი
უთვალავია.
ყველა ციმციმებს,
ყველა ბრჭყვიალობს,
ბნელს კი ვერა სძლევს
და ტყვილა წვალობს.
მათი სხივები
შორს იფანტება.
ბნელი კი ისევ
ქვეყნად ბრძანდება.
ჩუ, ამოცურდა
დიადი მთვარე;
განათდა ოდნავ
ძირს არე-მარე.
- 19.VIII.
შემოდგომა
გაჰქრა, წავიდა ზაფხული;
წაიღო სიცხე, სიმწვანე,
და შემოდგომა მობრძანდა.
ვკითხოთ მათ: „რა მოგვიტანე?“
„მინდორს გახმობა; ტყეს ფოთოლთ
გაჭკნობა, ჩამოცვენაო;
ცას მუდამ შავი ღრუბლები,
წვიმა, ელვა და ბდგვენაო;
ფრინველთ გავდენი, მაგივრად
ავაგალობებ ქარსაო;
ერთხელაც აღარ განახებთ
წყნარ დღესა და კარგ დარსაო;
სითბოს გადავცვლი სიცივეთ;
ვამწიფებ ვენახს, ყანასო;
ქეც შევაწუხებ და კიდეც
გავაძღებ ამ ქვეყანასო.“
- 22. VIII.
გვალვა
ცა მოწმენდილი, უღრუბლო;
მიწა სიცხისგან დამსქდარი;
ტყე, ყანა, მინდორ, ვენახი
გაყვითლებული გამხმარი;
დამშრალი წყარო, ჭა, ღელე;
მდინარეც დაკლებულია;
ბალახის გახმობის გამო
ოთხფეხი დამშეულია;
ჯერ კიდევ მკუხე ნაყოფი
გამხმარ ხეზედ შემჭკნარია.
მინდორშიდ ცხელი ჰაერი;
გზაშიდ მტვერი და ქარია.
ჩიტთა ჟღივილის მაგივრად,
სადღაც ჭრიჭინა ჭიჭინებს,
და მოწყენილს, გამხმარ ხის ქვეშ
მწოლარე გლეხს არ აძინებს.
- 28. VIII.
ვინ მღერის
ჩვენ დროში მხოლიდ ის მღერის,
ვინც არ ჩივის სხვის ავ-კარგსა,
მომავალზე ვინც არ ფიქრობს
და არ სჯავრობს დანაკარგსა,
აწმყოსაც ცალ თვალით უმზერს,
მეორე დაუხუჭია,
ბედნიერება ჰგონია,
თუ გამოიძღო კუჭია.
ორ ჭიქა ღვინოს გადაჰკრავს;
მოსძახებს დელი-დელასა.
თვითონ დამთვრალ, გამაძღარი
ბედნიერად ჰრაცხს ყველასა.
ის იმაზე სულ არ ჰფიქრობს,
რა ალი სწვავს სხვების გულსა.
მისი გონება მოუცავს
მარტო თავის თავს და ფულსა.
აქ თავის ფულისთვის სხვისი
სიცოცხლე არ ენანება;
იქ კმაყოფილი იმღერის,
თავის ბედს ეთაყვანება.
თვით ვითომ ბედნიერს, სხვისი
უბედურება არ სჯერა.
ამ დროში, ვინც ასეთია,
მხოლოდ მას ძალუძს სიმღერა.
- 28. VIII.
გამოთხოვება
უკანასკნელად ვუმზერდი
ჩვენ მწვანით შემოსილ სოფელს;
უკანასკნელად ვართმევდი
ბავშვობის მეგობარს მე ხელს;
უკანასკნელად ვუმზერდი
ჩვენ სახლს, ჩვენ ადგილ-მამულსა;
უკანასკნელად ვისმენდი
მე მწყემსის ტკბილ სალამურსა;
უკანასკნელად მე ღვინოს
ჩრდილშიდა შევექცეოდი;
უკანასკნელად ნუგეშსა
მე მშობლებს ვეუბნებოდი;
უნაგერ დადგმული იქვე
მე გვერდშიდ მიდგა ცხენია.
მე ძველ დროს ნიშნად მის მეტი
არასფერი შემრჩენია.
სამშობლოს ვეთხოვებოდი;
მე ჩემ ბედს შორს… შორს მივყავდი.
ვიცოდი, რომ იმ დღის შემდეგ
სამშობლოს ვეღარ ვნახავდი.
- 1. IX.
მეომართა სიმღერა
მეგობრებო, წამოთ, წამოთ.
მოთ, ჩავკიდოთ ხელი ხელსა.
წამოთ, მტერს ჩვენც შევებრძოლოთ,
ჩვენც ვეწვიოთ ბრძოლის ველსა.
ჩვენ მეომრებს მოვეხმაროთ,
ჩვენც ვებრძოლოთ სამშობლოს მტერს,
ჩვენც სხვებთან თავი შევწიროთ
სამშობლოსა და მშობელ ერს.
მეგობრებო, სამშობლოსთვის
სიკვდილი ტკბილი ყოფილა,
მაშ წამოთ თავი გავწიროთ,
შინ რისთვის ვზივართ ჩვენ ტყვილა.
თუ მოვკვდით სამშობლოსთვის
მოვკვდებით სახელოვნადა,
სამშობლოსთვის უნდა მოვკვდეთ,
რადგან სამშობლომ დაგვბადა.
და თუ ცოცხალი გადავრჩით,
დავამარცხეთ ჩვენი მტერიც,
მაშვინ ჩვენც ვიმხიარულოთ,
ვახაროთ მშობელი ერიც.
სიკვდილის წილ სასახელო
გვექნება ჩვენ მომავალი,
შინ ჩვენ მაშვინ ვიქეიფოთ
და ვიძახოთ არალალი.
მაშ, მეგობრებო, წამოდით,
გადავხვიოთ ხელი ხელსა
სამშობლოს მტერს ჩვენც ვებრძოლოთ
ჩვენც ვეწვიოთ ბრძოლის ველსა.
- 4. IX.
სიმღერა
ტირილს რად მივეჩვიეთ!
სიცინი არ სჯობია!
ქვეყნის საღობი ღობე
ერთს ვის გაუღობია?!
თუმც, მართალია, ეხლა
ყველა უბედურია,
ვისაც უნდა შეხდო,
სულ ბედის მომდურავია,
მაგრამ ჩვენ რისთვის ვტირით!
მით ჩვენ რა დაგვემართა!
ნუ თუ ჩვენი ტირილი
ბედს მოუტანს იმათა!..
ჩვენ რომ თავი ვიმტვრიოთ,
მით სხვებს ჩვენს რას ვუშველით?
უბრალო ცრემლის ღვრითა
რისგან რას გამოველით?
ხელის განძრევა უნდა
წამხდარ საქმის შველასა
ასეთ დროში კი ტირილს
აჯობს ვიძახდეთ დელასა.
აქ მოდი, ჩემთან, ვისაც
საქმე შემოგელია.
მოდი, ერთად ვიმღეროთ
ოდელია, დელია.
ტირილი რას გვიშველის!
სიცინი არ სჯობია!
ქვეყნის საღობი ღობე,
ერთს ვის გაუღობია?
- 16. IX.
თოვლი
სცვივა თოვლი, სცვივა, სცვივა
ეფინება თეთრად მიწას.
დედამიწამ უნდა ზიდოს
ის, რაც ვერ უზიდავს თვით ცას.
აი აგერ მოუხშირა
ნელა, ჩქარა, კვლავ ნელდება.
ხაფანგში გაბმულ მხეცივით,
ხან წყნარია, ხან ხელდება.
სცვივა ძირს და მელა ჰკერავს
თოვლის თეთრ, მოსქო ზეწარსა
ჰკერავს და იქვე ახურავს
მიძინებულ მთას და ბარსა.
მივალ თავზე მაცვივდება;
თვალში ვეღარ ვიყურები.
გამდნარ თოვლით მისველდება
თავი, ცხვირი და ყურები.
მაღლიდან თეთრ ბოჩებივით
მოფრინვენ ძირს ნაზად ყველა.
არც დღესავით სინათლეა
არც ღამესავით ბნელა.
ყველაფერი თეთრად მოსჩანს:
მთა, ბარი, ტყე, მინდორ-ველი;
მაგრამ თოვლის გადაღებას
მაინც ამაოდ მოველი.
თოვლი თავისას არ იშლის,
სცვივა, ეფინება მიწას.
დედა-მიწამ უნდა ზიდოს
ის, რაც ვერ უზიდავს თვით ცას.
- 4. X.
პირველი ბიჯი
პირველი ბიჯი! პირველი ბიჯი!
რაღაც იმედის გამომთქმელია.
ან პირველ ბიჯსა მეორე ბიჯიც
რომა მოჰყვება, უეჭველია
—————————-
სიტყვას პირველსა რომ გავიგონებ,
მეორ-მესამე მომაგონდება,
გული იმედით შესცქერის პირველს
და მომავლისთვის აღარ ღონდება.
—————————–
პირველი ბიჯი! რა სიტყვა არი!
სიტყვა დიადი, ბევრ რამის მთქმელი!
პირველი ბიჯის გაგონებაზე
მეორე ბიჯსაც იმედით ველი.
- 11. XI
***
ჩანგს მისთვის კი არ ვუმღერ, რომ
უკვდავის ძეგლი ავიგო;
არც იმისთვის, რომ სახელი
და მსმენელთ გული მოვიგო.
ჩონგურს მისთვის კი არ ვუკრავ,
რომ ხალხს შევაყვარო თავი
და პატარა კატუნიამ
წამოვისხა ვეფხვის ტყავი.
სალამურს მისთვის არ ვასტვენ,
რომ დავუტკბო მით სხვებს სმენა;
არც იმისთვის, რომ შემაქონ
და მიწოდონ მე ტკბილ ენა.
ზაზანდარს მისთვის არ ვბერავ,
რომ განვდევნო სევდა, დარდი,
ხალხი გავამხიარულო,
ავაყვავო თოვლში ვარდი.
არა! ჩანგს მე მისთვის ვაჟღერ,
მისთვის ვუკრავ მე ჩონგურსა,
ზაზანდარსაც მისთვის ვბეერავ,
მისთვის ვასტვენ საამურსა,
რომ სევდას სევდას დავურთო
დარდს ზედ დარდი დავუმატო
და ის, რაც გულში უტყვათ მაქვს,
სიტყვიერათ გამოვხატო,
რომ ის, რაც ჩემ გულში ბუდობს,
კარგათ გავითვალისწინო
და როდესაც ტირილი სჯობს,
სულელივით არ ვიცინო.
მინდ, ჩემი დარდ-ვარამი
ერთი ორათ გავადიდო
და ჩემ გულს სიყვარულის წილ
სიძულვილი წავუკიდო.
- 12. XI.
ზღვაში
ზღვა ხმაურობს, ზღვა ბობოქრობს,
ტალღა ტალღას ეხალება,
ებრძვის, სძლევს, თვით წინ მიდის,
და სადღაც შორს იმალება.
მის ადგილს მეორე იჭერს,
კვლავ იწყება ტალღათ ომი,
ტალღა ტალღას ისე ებრძვის,
როგორც დაკოდილი ლომი.
ზღვა შფოთავს, ჰქაფდება, ჰღელავს
ტალღებათ გადაქცეული;
ყოველ ბიჯზე გვხვდება ნავი,
ან ხოლმადი დამსხვრეული.
ჩემ პატარა მარდ ხოლმადსა
ზრვის რისხვის არ ეშინია;
ტალღებს სჭრის, წინ მიდის და ზღვას
შეჰყეფს ავით სპილოს ფინია.
ზღვა სულ ახალ მსხვერპლს თხოულობს,
შფოთს, თანდათან მძვინვარდება
ჩემი ხოლმადი კი მაინც წინ მიიწევს, არ შინდება.
გაშმაგებულ მებრძოლ ტალღებს
ის გმირულათ ეომება:
ზოგს სჭრის,ზოგს ევლება თავზე
და ზოგს კი წინ ეღობება.
აი ვუმზერ, აი იქა
ნავები იღუპებიან…
საწყალი მეზღვაურები
შველასა მეხვეწებიან .
წუთიც! ყველა მიიმალა;
შთანთქა ზღვამ თავის მსხვერპლები…
საწყლებს არც კუბო ეღირსათ
და არც საყვარელთ ცრემლები.
ჩემი ხომალდი კი ისევ
ამაყათ მიიწევს წინა;
ვერც ზღვამ, ვერც ნავთა დაღუპვამ
ვერ შეაკრთო, შეაშინა.
აგერ შორს მიწაც გამოჩნდა
გამიმთელდა უცბათ გული;
წეხანდელ შიშს მოერია
იმედი და სიხარული.
მალე ფეხს მიწაზე შევსდგამ,
ამ ჯოჯოხეთს მოვცილდები…
ვაიმე: ჩემ ხოლმადს სხვისი
დაეჯახა…ვიღუპები!..
„მშვიდობით, ნანატრო მიწავ!
მშვიდობით, შენც ცრუ იმედო!
მშვიდობით, ჩემო სიცოცხლევ!
მშვიდობით, მუხთალო ბედო!“…
- 10. XII.
ფული
ადამიანი,
ჩვენა გვგონია,
ყოველ არსების
რომ ბატონია.
ეს ბრძენთაგანაც
გამიგონია.
ვფიქრობთ, რომ ქვეყნად
არა რა არი
ძლიერებითა
კაცისა მდარი.
მაგრამ სტყუვდება,
ვინც ამბობს ასე.
არის ძლიერიც
ადამიანზე,
ადამიანის
ძალის დამფასე.
კაცმა თვით შექმნა
თავის მფლობელი;
თვითვე დაარქვა
იმას სახელი.
ეს ყოვლის შემძლე
არს მხოლოდ ფული,
კაცისაგანვე
გაღმერთებული,
და ბევრისაგან
თაყვან ცემული.
ყველა მას მონობს,
მას შესტრფიალებ;
მისთვის ცოდვასაც
დაატრიალებს.
ფულმა რომ ვერ ჰქნას,
რაა ისეთი!
იმას მორჩილებს
მთელი კაცეთი;
მისი მონაა
თვით ჯოჯოხეთი.
სულ ყველაფერი
მორჩილებს მასა;
მისთვის არ ინდობს
ძმა თავის ძმასა.
მის ფეხთ ქვეშ პორტყავს
ადამიანი;
იმას შეხარის
გრძელ რქებიანი;
ის კი სულ შფოთავს,
ვით ბრაზიანი.
მას მორჩილებენ
ავი ძალები;
ფულს კაცი ვერსად
დაემალები.
ფულია ეხლა
ქვეყნად ბატონი,
ყოვლად შემძლე და
ყოვლის პატრონი;
კაცნი არიან
მისი საყმონი.
თვით კაცმა შეჰქმნა
თავის მფლობელი;
თვითვე დაარქვა
იმას სახელი.
- 31. XII.
ახალო, ძველო
მშვიდობით, ღრმა ჭაღარავ;
მშვიდობით, ძველო წელო.
გამარჯობა ახალო,
იმედის მომცემელო.
მტანჯველო, ძველო წელო;
წადი, წაიღე ბარგი;
ახალო შენ აქ მოდი…
მგონი, არც შენ ხარ კარგი …
შეხე! როგორ გწყევლიან,
ძველო წვერებ ჭაღარო…
შენ, ახალო, ეცადე,
ნაკლები ცრემლი ღვარო.
მშვიდობით, ძველო წელო…
სულ ყუელას დამტანჯუელო…
გამარჯობა, ახალო,
იმედის მომტანელო.
- 15. I.
ცაო…
ცაო, მალე დაიქუხე,
დასჭექე, დაეცი მეხი;
ქვეყნიურ ბოროტებასა
მოსტეხე ორივე ფეხი.
რაც ქვეყნად ავსულიანი
ან კაცია, ან ცხოველი,
ან ზნე და ან ჩვეულება,
მოსრისე, მოსპე ყოველი.
ამ განწმენდის შემდეგ, ქვეყნად.
გთხოვ, კეთილი გაამეფო,
და ძმობა და სიყვარული
გაავრცელო, გააეფო…
- 7. VIII.
სამშობლო
ჩემთვის სამშობლო
არის ძვირფასი.
სამშობლოს ერთში
არ მსურს სხვა ასი.
სიტყვა „სამშობლო“
სულ სხვა რამეა;
სიტყვა „სამშობლო“
მოსიამეა.
უცხოეთს კაცი
ვინმე თუ კვდება,
ეტყვი, „სამშობლო“,
გამობრუნდება.
ჩემი სამშობლო
მამაპაპური
მიყვარს; მას ძალა
აქვს უცნაური.
- 2. II.
პესიმისტებს
თქვენი ცრემლი და გლოვა
სულაც მეტი ბარგია…
თავში ხელის ჩაჩქუნი
საქმეს არას არგია.
დროს ნეტავ რა ბრალი აქ!
ტყვილად რად სწყევლით წელსა!
თუ მენავე ღელვის დროს,
ნიჩაბს გაუშვებს ხელსა,
ხელს დაიჭდობს და ჩოქვით
წაიკითხავს ლოცვასა,
ნუ თუ იგი დასთურგნის
ამით ბობოქარ ზღვასა!
არა! ლოცუაც უნდა სთქვა,
არც ნიჩაბს უშვა ხელი,
და მაშინ კიდეს გახვალ
სრულიად უვნებელი.
მაშ, გლოვა და ცრემლები
არაფერს გვარგებს ჩვენა…
როდესაც თვით ხელს ანძრევ,
მაშინა წყალობს ზენა.
და თუ ხელს არ ხმარულობ,
მხოლოდ გიცრემლს თვალია,
მაშინ საქმის წახდენა
ნეტავ ვისი ბრალია?!..
მაშ, ნუღარავინ სტირით;
ნიჩბებსა სტაცეთ ხელი,
მაშინ დანაშაული
აღარ იქნება წელი.
- 2. II.
ჭინკა
ჭინკა ვარ მე მოხუცი.
კარ და კარ ვიარები;
ხან ერთს და ხან მეორეს
ღამით მივეპარები…
ვინც დანაშაულია,
უფსკრულში გადავაგდებ.
მის იქ ტანჯვა-წვალებას
მე არაფრად ჩავაგდებ.
მას ასეთი სასჯელი
დაუმსახურებია.
რად გადანაშაულდა,
თუ ეს არ სურვებია!…
ვისაც არ გსურს, ჭინკასთან
ასე იმოგზაუროთ,
უფრთხილდით, ჭინკის რისხვა
აღარ დაიმსახუროთ.
- 30. XII.
ძველი და ახალი წელი…
ახალი წ.: აჰა, მამილო, როგორ ბრძანდები?
ძველი წ.: ახ! მე ქვეყანას დღეს ვესალმები
ამეირიდან ხარ, შვილო, შენა
ქვეყნის მმართველი
და ქვეყნის ზენა.
ახალი წ.: როგორ ატარე ამ ქვეყანაზე
ეს თორმეტი თვე, მამილო ჩემო!
იყავ თუ არა კარგ გუნებაზე,
და ნახე ქვეყნად თუ არა გემო?
ძველი წ.: თუ ღმერთი გწმდეს, მკითხავ ნუღარა…
ხედავ? ქვეყანამ გამაჭაღარა.
- 2. II.
მაისის ვარდი
ვუძღვნი ვ. რუხაძეს
ეკლის ბურდში
განაზარდი
მაისისა
იყო ვარდი;
მოწყვეტილი
მთელ ქვეყანას,
მოკლებული
ქარის ნანას,
ის დახშული
იზრდებოდა;
მიდამოს
ვერ ეცნობოდა.
არვინ სცნობდა,
იქ იმასა;
არვინ სცემდა
საწყალს ხმასა.
დაფარული
ბარდებითა,
ჭკნებოდა ის
დარდებითა.
მაგრამ დადგა
გაზაფხული…
ვარდი, ბურდით
დაფარული,
გადიფურჩქნა,
გადიშალა,
ფერიც, სუნიც
შეიცვალა.
სუნნელება
შორს მოჰფინა;
ნაცნობები
შეიძინა.
- 3. II.
[ივ. კოვალენკოს]
ი. კ…
ნუ დამივიწყებ, არც დაგივიწყებ;
ნუ შემიძულებ, არც შეგიძულენ;
ნურც შენა გასწყვეტ მეგობრულ კავშირს,
და მეც მეგობრად მარად გიგულებ.
ჩვენ ერთმანეთსა ბავშვობიდან ვსცნობთ;
ეს ნაცნობობა გვაჩნს მეგობრობად,
და მეგობრული ჩვენი კავშირი,
მსურს, რომ არც აწი გვეცვალოს მტრობად.
ჩემსავით შენცა მუზას მსახურებ
და შენშიდ ეს მე ძვირად დავფასე…
ნუ დამივიწყებ, არც დაგივიწყებ,
და ვიმეგობროთ ჩვენ მარდ ასე.
- 6. II.
ტიკ…ტაკ…
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, საათო,
იძახი, ხვალ წინაო;
თითქოს ამით გსურს გვითხრა,
რომ დრომ გაირბინაო.
შენ ტიკ-ტაკის ძახილით
სამარეს ვახლოვდებით.
დროსთან სიცოცხლეც გარბის,
და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით…
გაჩუნდი აწ, საათო;
ტიკ-ტაკს ნუღარ მაგონებ;
ნუ მახვევ შავ-ბნელ ფიქრებს;
მწუხარს ნუღარ მაღონებ,
და სიცოცხლის საშინელ
თამაშს ნუ მომაგონებ.
- 7. II.
ჩემ მუზას
მოფრინდი, ჩემო მუზავ,
სიხარულს მოკლებულო,
მუდამ თვალცრემლიანო,
მუდამ შეწუხებულო.
მოფრინდი, კვლავ მანახე
შენი ფერმკრთალი სახე.
შენი მღიმარის ნახვა,
სწორედ რომ ვთქვა, ძნელია…
მუდამ სამგლოვიარო
შენ არ შემოგელია.
ქვეყნის სატირალს სტირი.
სწორედ ხარ გასაკვირი.
მაშ მოდი, ჩემო მუზავ,
ქვეყნისთვის მწუხარო.
ეს საერთო დარდები,
გთხოვ, მეც გამიზიარო.