სალიტერატურო საღამო – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 21.10.1911

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალი „ჩონგური“, 1911, 21 ოქტომბერი, №5

სტატიები, შემოქმედება

სალიტერატურო საღამო

ხუთშაბათს 20 ოქტომბერს ჟურნალ „ჩონგურის“ რედაქციამ გამართა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ოთხი ახალგაზრდა მწერალი, „ჩონგურის“ თანამშრომლები: სანდრო (იგივე ალ.-), ფუტკარი, ობოლი და კვნესა. საღამო 6 საათზე დაიწყო და გვარიანათ ჩაიარა. მხოლოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროთ. საზოგადოება ძალიან ცოტა დაესწრო, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი წრის მწევრებიც კი არ დასწრებია ყველა. გვიკვირს, რომ ეს ვაჟბატონები, ალბათ, მეტ პატივს არ სცემენ ასეთ საღამოებს. დამსწრე საზოგადოება ისე ცოტა იყო, რომ არ ვიცი, მაყურებლები ვჯობდით რიცხვით, თუ მწერლები სცენაზე. საღამო კარგი შინაარსინი იყო. აქ მე არ შევუდგები კრიტიკულათ გარჩევას იმ ნაწარმოებთა, რომელნიც ამ საღამოზე იყვნენ წაკითხულნი, რადგან ეს ხელობა ვერ მეიოლება; მხოლოთ მოკლეთ აღვნიშნავ იმ შთაბეჭდილებას, რომელიც ამ საღამომ ჩემზე მოახთინა.

საღამო ორ ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში ბ. სანდრომ წაიკითხა რეფერატი შემდეგ თემაზე: „ინდივიდუალიზმი ჩვენ ახალ მწერლობაში“. რეფერატი კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე მართალი გითხრათ, სრულათ არ შემითვისებია და არც მომისმენია სრულათ, რადგან კითხვის დროს ვიღაც მოვიდა, დაუწყო კარებს რახუნი და იმან შემიშალა ხელი; ამიტომ მეტს ვერაფერს ვიტყვი იმაზე. რეფერატის შემდეგ ბ-ნმა ფუტკარმა წაიკითხა პოემა „ფეფენა“, ობოლმა ორი ლექსი და კვნესამ ერთი ლექსი და ამით დათავდა პირველი ნაწილი. ჩემი აზრით, პირველი ნაწილი ბევრათ ჯობდა მეორე ნაწილს. მეორე ნაწილში პირველათ ბ. ობოლმა წაიკითხა ესკიზი „მოგონება“, მის მერე ბ. ალ.-ემ წაიკითხა ესკიზი „ჯადო-ჩონგური“. ესკიზებს არა უშავდა რა. ორივემ გვარიანი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. ამის შემდეგ ბ. ფუტკარმა წაიკითხა სამი ლექსი, რომლებმაც გლახა შთაბეჭდილება იქონიეს არა მარტო ჩემზე, ვფიქრობ, ყველა მსმენელზე. ამ ლექსებმა, ჩემი შეხედულებით, სულ დაუკარგა ელფერი საღამოს. მაგრამ ამის მიზეზი ლექსები კი არ იყვნენ, არამედ თვით ავტორი. საქმე იმაში იყო, რომ ბ. ფუტკარმა, ვგონებ, იუკადრისმა ქაღალდზე დაწერილი წაეკითხა ლექსები და ამიტომ ზეპირათ მოყვა. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ზეპირათ არ ცოდნოდა და ამით დაუკარგა ელფერი თავის ლექსებს, დაამახინჯა. ფუტკარის გაჭირვების დროს ბ. ობოლმა გულკეთილობა გამოიჩინა და ფუტკარის დასახმარებლათ სუფლიორობა დაიწყო, მაგრამ ვერც ამან უშველა რამე და ლექსებს შნო დაეკარგა. ავტორი დაიწყებდა ლექსს, იტყოდა რამოდენიმე ტაეპს, მაგრამ ქვეით დაავიწყდებოდა, რამოდენიმე ხანს გაჩერდებოდა; ამ გაჭივრების დროს ბ. ობოლი ჩაუსუფლიორებდა ხოლმე, მაგრამ ამაოთ. ავტორი, რამოდენიმე გაჭირვრების შემდეგ იძულებული იყო ისევ ქაღალდი აეღო და გაგრძელება ეძებნა შიგ. ფუტკრის შემდეგ ბ. ობოლმა წაიკითხა ორი ლექსი, რომლებითაც მომიბრუნდა ფუტკრის ლექსების გაჭივრებით შეწუხებული გული. დასასრულ ბ. კვნესამ წაიკითხა ლექსი და ამით გათავდა საღამო. არა უშავდა ბ. კვნესას ლექსებს, მხოლოთ თვით ახალგაზრდა მგოსანი ძალიან ადრე შეუპყრია პესიმიზმს. მას მუდამ „ყორნები“, „ჭოტები“ დაჩხავიან თავს და მისი პოეზია გაჟღენთილია „კვნესით“ და „ცრემლებით“. როგორც ზევით ვთქვი საღამო საერთოთ კარგი იყო. გათავდა 7 საათზე. მადლობის ღირსი არიან ის პირნი, რომლებმაც ითავეს ამ საღამოს გამართვა და ვუსურვებთ, რომ მომავალშიც გაემართოთ ასეთი საღამოები.

 

S (სანდრო ცირეკიძე)

ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალი ჩონგური, 1911,  21 ოქტომბერი, 5