რიტმი პროზაში – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 03.12.1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ბახტრიონი“, 1922, 3 დეკემბერი, №21

სტატიები, შემოქმედება

რიტმი პროზაში

სიტყვის ხელოვნებაში, და ყოველ ხელოვნებაში, პირველი სამკაულია რიტმი. ისაა რომ ანათესავებს ხელოვნებას პოეზიასთან და რევს მათ სახელებს.

რიტმის გაგება უნდა გაფართოვდეს. ყოველი მიმდევრობა ერთნაირის, ინტენსივობის გამეორება-ქმნის დაუსრულებელის ილჲუზიას, რიტმს: არაბესკები, ბერძნული კოლონადა, საერთოდ სიმეტრია, ტილოზე რომელიმე ფერი დომინანტ… რიტმის ასე გაგება უნდა მივიტანოთ ლიტერატურასთან.

თითოეულ ელემენტარულ ხმას ცალკე აქვს თავისი ინტენსივობა, ტონალობა სუბლიმინალური ასოციაცია ფერის და ხაზის. გათლილ სიტყვაში ეს ხმები ეწყობიან კრისტალივით და მათი წმინდა ფერები ერთდებიან ახალ გარმონიაში. სიტყვაში ჩნდება ტაკტები: უბრალო მიმდევრობა გრძელი და მოკლე ხმოვანების (ძველ ენებში), მაღალი და დაბალი ხმოვანების, ყველა ხმების ინტენსივობის, ფეროვნობის, ხაზოვნობის… ამის გარდა გადაბმულ თქმაში ქმნის ახალ ტაკტს წი-ნადადების დალაგება და ლოგიური ინტენსივობა.

ტაკტების წესიერება მიმდევრობა, ერთნაირების წყობა-არის რიტმიული თქმა, ლექსი.

რიტმი ქმნის მარადიულის სიახლოვის ილჲუზიას, მოზომილ ინერციას, სულს განაწყობს მაღალისათვის, დაუსრულებლისათვის, საზღვრების გადალახვისათვის, ამიტომ თავიდანვე ლოცვისთვის, ფილოსოფიისთვის, თამაშობისთვის სიტყვა ლექსათ დაეწყო. აქედან მათი არევა: ლექსი და პოეზია გახადეს ორეულებათ. თითონ ლექსის გაგება კი დაავიწროვეს აი როგორ:

ყველაზე მარტივი და ადვილი შესამჩნევი არი მარცვლების (ხმოვანების) სიგრძეზე და სიმაღლეზე აშენებული ტაკტი და რიტმი. კიდევ უფრო მარტივია სილაბიური რიტმი. მარცვლების არითმეტიკის, მეტრიული ლექსთწყობა შესცვალა სილაბიურმა და ტონიურმა. ამ ტრიუმვირატმა ოცდახუთი (ან მეტი) საუკუნე ატარა ლექსის სახელი და დაისაკუთრა.

რაც არაა აგებული მეტრიულ, ტონიურ ან სილაბიურ ზომით, ის არაა რიტმიული, ის არაა ლექსი, ის პროზაა. კიდევ მეტი, ის არაა პოეზია. პროზა გახადეს დიდ ყუთად და იქ ერთად ჰყრიდენ ყველაფერს: გაზეთის ფელეტონები, გიმნაზიის სახელმძღვანელოებს, ვერბსცკაიას რომანებს, პუშკინის და ბოდლერის პროზას. პროზის საძმო სასაფლაოსთვის ერთნაირად გაიმეტეს ყველაფერი, რაც არ იყო დალაგებული ხმოვანების რიტმზე.

პროზისა და ლექსის ასეთი კატეგორიული დაპირისპირება არაა სამართლიანი. სიტყვა პროზა მეტათ ფართო მნიშვნელობით იხმარება და ხშირად ამ ნიშნით იფარება ახლო ნათესაობა ძველი ლექსის. ხელოვნიურ პროზაში არი რიტმები ზოგჯერ უფრო დაწვრილებული, ვიდრე მეტრიული და ტონიური რიტმებია ნჲუანსი, რიტმი ოდნავი. ხმოვანებზე აშენებული რიტმები მკაფიოა და კუთხედი. ის ბრწყინავს ბრილიანტის ყველა ბრწყინვალებით. ამიტომა აქვს მას გრძელი ისტორია. სხვაა რიტმები პროზაში მთვლემავი.

წინადადებაში სიტყვების თავისებური დალაგების გამეორება ქმნის რიტმს გრძელს, მაგრამ სათუთს. ეს რიტმი პროზაში უფრო ძველია და დამუშავებული თუმცა ინსტინქტურათ. მაგალითები იცის ქართულმა ლიტერატურამაც.

თანხმოვანების ინტენსივობის და ფეროვნობის რიტმი ჩუმია, მარგალიტივით მკრთალია და მშვიდი, ეს რიტმი არაა ყველასათვის. მეტად მახვილი სმენა უნდა, რომ აითვისოს წყნარი, მგლოვიარე დენა თანხმოვანების: ერთი ინტენსივობის და მგვანი ტონალობის ბგერები ხვდებიან ერთმანეთს მეზობლების აღმართ-დაღმართებში და სულის ქანაობას აბრუნებს ერთ სწორ ხაზზე მუსიკის ლეიტმო-ტივივით. აქედანაა ალიტერაცია. ეს გზა, ბოლომდი მიყვანილი, მიდის სწორ რით-მასთან, რომელიც ხდება ტონიურ რიტმზე უფრო ხმიერი. ხმოვანების რიტმის ხასიათი თუ კუთხეებია, თანხმოვანების რიტმი ოდრიკალებია და სწორ რითმაში ის წრეთ მრგვალდება. მაგრამ სწორი რითმის მკაფიობა თანხმოვანების რიტმს არ უხდება და უკვე ძველი ლექსის ოსტატებშიაც გაჩნდა სიყვარული ასონანსის და დისონანსის. სწორი რითმის სისრულე ალიტერაციამ მიიღო ტონიურ და სილაბიურ ლექსში სტუმრობის დროს: იქ ის შეეგუა ხმოვანების რიტმის ხასიათს. და პროზაში, მარტო თანხმოვანების რიტმში, რომელიც მოკლე და მკრთალ ტაკტებისაგან შესდგება, რიტმის სიდიდე და ხმაურობა არ შვენის და, პირიქით, ისმის შეუგუებელ დისონანსათ. თანხმოვანების რიტმში გაქანების მაქსიმუმი უნდა იყოს ალიტერაცია.

პროზას ლექსზე უფრო უყვარს კიდევ ერთი კანონი-გამონაკლისები კანონებიდან. უცნაური შვენებაა რიტმის  ერთნაირ დენისას მის მოულოდნელ დარღვევაში. სიმეტრიის დაკოჭლების შვენება იცის არხიტეკტურამაც მაღალ საფეხურებზე.

ხმოვანების რიტმის კულტურა ბოლომდი მივიდა სონეტში, მივიდა ტუპიკში და სიტყვის ხელოვნება თუ არ უნდა გაიყინოს ამ მაღალ წერტილზე, უნდა მოიძებნოს გამოსავალი. ფრანგი სიმბოლისტები გაახარა თავისუფალმა ლექსმა, მაგრამ ეს არ იყო ახალი გზის ნახვა, ეს იყო ტონიურ ლექსთწყობაში სილაბიური კანონის უარყოფა, პალიატივი: თავისუფალი ლექსი (აქამდე) შენდება ტონიურ რიტმზე, მხოლოდ იქ ტაკტების რაოდენობა იცვლება და ერთი ტაკტი არ ჩადის ლექსის ბოლომდი თავისუფალი ლექსი ვარიაცია იყო ძველ თემაზე და ის მალე დაბერდა და დაიშალა ფუტურისტების ხელში.

სიტყვებს გამოუხუნდა ხმოვანები ათასი წლობით მზეზე გამოფენილი. ლექსი უნდა აშენდეს სხვა რიტმებზე. ეს გზა არაა მოკენჭული და მოსწორებული ასფალტით. მაგრამ აქ არის ბილიკები-პროზის ველურების ნაკვალევი. მათზე ზოგჯერ გაუვლია სიტყვის დიდ ოსტატებსაც. როდესაც ლიტერატურაში ჭეშმარიტი პოეზია არის ნჲუანსების და დაწვრილებული ირონიის. იმას დაამძიმებს ხმიერი რიტმის დერიდახოლები და ბრწყინვალება და ლიტერატურაში უნდა მოვიდეს მკრთალი შვენირებაც პროზაში დაფარული რიტმების.

 

სანდრო ცირეკიძე

გაზეთიბახტრიონი“, 1922, 3 დეკემბერი, №21