ღამე. ქარი. შემოდგომა.
გზაჯვარედინი ქალაქში. ერთ კუთხეში კაფეა: სანთლები, ჭიქების წკარუნი, სიცილი, ლანდები, გადაღმა ბაღის კუთხეა: ფარანი, ყვითელი ფოთლების ცვენა და ტრიალი. პირდაპირ ქუჩაა ბნელი პერსპექტივით.
ბაღიდან გაჩნდება მხიარული კამპანია:
პირველი: პოეტები ყველა ფანტაზიორები ხართ. გამოიგონებთ, დაიჯერებთ და სხვებსაც აჯერებთ.
პოეტი: მაღალია. თვალები ლურჯად აშუქებენ. მარგალიტი და ფირუზი. ბროლის კოშკშია. სდარაჯობენ თეთრი თავადები და მწვანე აზნაურები. ფარჩა და ხალიჩა. შორია სამეფო მისი და ნათელი.
მეორე: ასეთ ქარიან ღამეში მგონი მეც გამაგიჟო.
პირველი: კარგია ოცნება, მაგრამ ცხოვრება მაინც ქარიანია და მძიმე.
მეორე: სიმძიმეს ქარი ამჩატებს და ხანდახან უცხო სახეებს გამოაქროლებს, ბედნიერებას მოგვაჩვენებს.
პოეტი: ბედნიერებაა პირიმზის ბროლის კოშკში და სიხარული. ოდესმე მოვა იგი ბროლის კოშკიდან და მოიტანს სიძვირფასეს.
პირველი: ახლა ცხოვრება მარჩილი ჰღირს, მაშინ ჯორკიდებული ოქრო ეღირება.
პოეტი: მე ყოველთვის ვოცნებობ მასზე. ყველა ოცნებობთ. ყველა ნატრობთ. მოვა შორეულის დედოფალი და ყველაფერი გამოიცვლება.
პირველი: ნეტავი ოდესმე მოვიდოდეს პირიმზე.
მეორე: უნდა მოვიდეს და შეგვიბრალოს. ჩვენ გვინდა ბედნიერება. სიცოცხლე ისე ხანმოკლეა.
პირველი: აქ გზაჯვარედინია. ნოემბრის ქარია და მთვარე. ვილოცოთ პირიმზეზე.
გაჩერდებიან და ბუტბუტებენ.
პოეტი: ისმინე ვედრება ჩვენი, დიდო ქალწულო. მოვედინ! მოვედინ! მოვედინ!
დაუბერავს ქარი, ავარდება მტვერი, აფორიაქდება ჰაერი და ბნელი ქუჩიდან მოვა პირიმზე.
პირველი: აჰ!
პოეტი: პირიმზე!
მეორე: მოვიდა!
პოეტი: (აღელვებული მიეგებება): თქვენ ხართ. მთელი სიცოცხლე გელოდებოდით მე, ეს ხალხი. თქვენზე ლოცულობდა ყველა გიჟი და მეოცნებე.
მეორე: როგორ უბრწყინავს თვალები.
პირველი: სიზმარში ვარ სწორედ. ალბად, ღვინო მეტი მომივიდა.
პოეტი: ჩვენ აქ მეგობრები ვართ: ეს პირველი. ეს მეორე (თავს უკრავენ) თქვენზე ვლაპარაკობდით. მოგვწყინდა ეს ცხოვრება. ჩვენ ქვეყანას არ იცნობთ თქვენ: აქ სიღარიბეა, სიცივე. ჩვენ დღეს დარდისაგან გადავკარით.
პირველი: მე დღეს სადილის ფული არ მქონდა.
მეორე: მე საზაფხულო პალტოთი დავდივარ სიცივეში. რა ცივი ქარია. ფოთლებიც ცვივიან. ჩვენ უბედურები ვართ.
პირველი: ღარიბები.
პოეტი: მეგობრებო, აწი ყველაფერი გამოიცვლება. ჩვენთან იქნება პირიმზე.
პირველი: რამოდენი მარგალიტები აქვს.
მეორე: ქოშები რა ძვირფასია. არ დაგემტვეროთ თეთრი ქოშები: ჩვენ ქვეყანაში ქარი ცელქია. (ცხვირსახოცით უწმენდავს).
პირველი: ყელსაბამი! სამაჯურები! სულ ძვირფასი ქვებია. რამდენი უცხო ქვაა!
პოეტი: თქვენ მეტად კეთილი იქნებით. ჩვენთან არ მოგეწყინებათ: ამან მუსიკა იცის, ეს მხატვარია.
პირველი: ჩვენ გვყავს კიდე მეგობარი. ისიც ჩვენთან იქნება.
პოეტი: რომ შეგვცივდება, მოგვეფერეთ. ჩვენ ატირებაც ვიცით და ნუ შეგეშინდებათ.
მეორე: ჩვენ ხშირათ გროში არა გვაქვს, რომ ლამაზი ყვავილი ვიყიდოთ.
პირველი: გვაჩუქეთ რამე.
პოეტი: გააჩინეთ ოქროს ფულები.
პირიმზე ხელს გაიშვერს და ქარს ოქროს ფულები მოაქვს.
მეგობრები იჭერენ და ჯიბეებს იტენიან.
პირველი: რა ლამაზი ფულებია.
პოეტი: ახალი მოჭრილია.
პირველი: ბევრს ქარი იტაცებს.
პოეტი: ჯიბეები დამიმძიმდა. გაივსო.
პირველი: უბეში ჩაიტენე. ყოველთვის ვერ იშოვნი.
პოეტი: უჰ, დავიღალე.
მეორე: მეტი აღარ შემიძლიან.
პირველი: ცოტა მაცადეთ. გულისჯიბე არ გავსებულა.
პოეტი: პირიმზე კი დაგვავიწყდა.
მეორე: გვაპატიეთ სულწასულობა.
ბაღიდან ღიღინით მოდის ვიღაცა.
პირველი: ვინაა?
მეორე: ჩვენი მეგობარი იქნება.
მოდის მესამე.
პოეტი: ეს ჩვენი მეგობარია.
მესამე: თქვენი მონა მორჩილი გახლავართ (თავს უკრავს ბარბაცით).
პოეტი: მაგ ჩვენზე მეტად სწუხდა და სუფრაზე ჩამოგვრჩა.
მესამე: ტყუილს მოგახსენებსთ, ქალბატონო. პოეტები ყოველთვის ცრუობენ. ეს მაგათი ხელობაა. ათას უცნაურობას იგონებენ და აწვალებენ საწყალ ხალხს.
პირველი: (მესამეს ჩუმად) ნუ შეაწუხებ. ეს პირიმზეა.
მესამე: ოო… მე ახალი აზრები მომივიდა… თავი ამერია (პირველს); პოეტი რო ამბობდა, ისა?
პირველი: ჰო.
პოეტი: რომ იცოდე, რა ბედნიერები ვართ.
მესამე: დიდათ, დიდათ სასიხარულოა. (ჩუმად პირველს) კი მაგრამ უღვინოდ როგორ შეიძლება.
მეორე: შევიდეთ კაფეში.
პოეტი: ძვირფასო სტუმარო, კაფეში ხომ წამობრძანდებით? მეგობრებს უნდათ ბედნიერება იდღესასწაულონ.
მესამე: მაგრამ ფული რომ სულ დავხარჯეთ.
მეორე: მე მაქვს ფული.
პირველი: ჩვენ გვაქვს ფული. პირიმზემ გვაჩუქა.
მესამე: ოჰ, დიდებულია. მაშ წამობრძანდით, დიდო მეგობრებო.
მეორე სამაგალითოდ უნდა მოვილხინოთ.
პირველი: ყველას ვანახოთ პირიმზე.
პოეტი: არავის დატოვებს უნუგეშოთ. ყველას დაასაჩუქრებს, ყველას გაახარებს.
მეორე: მე სიტყვა უნდა ვთქვა – შორეულზე, ქარზე, ბედნიერებაზე.
შედიან კაფეში. კაფე გამოცოცხლდება: მეტი წკარუნია და ლანდების სიჩქარე.
ამოდის მთვარე. ქარია.
გაიარს ღვდელი პირჯვრის წერით. უკან დიაკონი მისდევს.
ღვდელი: რა საძაგელი ღამეა. ასეთი ქარი წელს არ ყოფილა. მერე რა საცოდავათ კნავის ხანდახან.
დიაკონი: ჭინკებია, მამაო. ჭინკების თვეა. ადამიანს ატყუებენ.
ღვდელი: დაგვიფაროს სამას სამოცდახუთმა წმინდა გიორგიმ. ფუი ეშმაკს.
დიაკონი: ამინ.
მგზავრები:
დაბალი: ქარმა ბედის მოტანა იცის.
მაღალი: წაღება უკეთესი.
პირჯვრის წერით და ბუტბუტით გადიან.
კაფეში სიცილია, ხარხარი, ხმაურობაა. პირიმზე და მეგობრები გამოვარდებიან და გარბიან. კაფედან ხარხარით აცილებენ.
მეორე: ჩვენი ვერ გაიგეს.
პოეტი: საცოდავი ხალხი.
მესამე: ჩქარა. დაგვეწევიან.
პირველი: რა სირცხვილი დაგვემართა.
პოეტი: ნელა. პირიმზე დაიღლება.
მიიმალებიან. კაფედან გამოდიან სტუმრები.
მოხუცი: რაში იყო საქმე, შვილო.
შვილი: იმ ოთხმა ვიღაც ქალი მოიყვანეს. ქეიფი უნდოდათ და ფულის მაგივრად გამხმარი ფოთლები ამოაჩნდათ.
მოხუცი: გადაბრუნდა დრო. გაფუჭდა ხალხი.
მეორე ჯგუფი:
ერთი: ის ქალი ვიღა იყო?
ქალი: შეღებილი სახე ჰქონდა.
მეორე ქალი: იაფი პეპელა იქნებოდა.
ქალი: სხვა მაგათთან ვინ წამოვიდოდა.
მესამე ჯგუფი:
შავი: მე ვიცნობ მაგათ ვინც ბრძანდებიან.
ნაცრისფერი: მთვრალები იყვნენ, თორემ მაგას მაინც არ იკადრებდენ.
ყავისფერი: როგორ შერცხვათ საწყლებს.
ნაცრისფერი: ის ქალი ვიღაც უცხო იყო.
შავი: რა ლამაზი იყო. იმას თითქო არაფერი გაუგია.
ყველა წავიდა. კაფე დახურეს. მთვარეა. ქარი.
მოდიან პირიმზე და მეგობრები.
პოეტი: დავისვენოთ, მეგობრებო.
ჯდებიან.
პირველი: მეტად ჩქარა ვიარეთ.
პოეტი: პირიმზემ მოიწყინა.
მესამე: ბევრი შეურაცხყოფა შეხვდა.
პოეტი: ბრილიანტები და ფირუზები დაეკარგა.
მეორე: ფარჩა დაეხა. ქოშები დაემტვერა.
პირველი: ყველამ მასხარად აგვიღო. გვიკივლეს. მეგონა ქვებსაც გვესროდენ.
иемпие: მიუტევე, უფალო, რამეთუ არა იციან რას იქმან (ამთქნარებს, ეძინება).
პოეტი:პირიმზეს თვალები ნაღვლიანი აქვს. გვაპატიე, რომ ასეთი ცუდია ქვეყანა.
მეორე: ეს ჩვენი ბრალი არაა.
პოეტი: ჩვენ შეგაცდინეთ. მოგატყუეთ.
иелое: ჩვენ სულ სხვას ვფიქრობდით.
პირიმზე დგება.
პირველი: პირიმზე მიდის.
მიდის.
მეორე: პირიმზე მიდის ბროლის კოშკში.
პოეტი: ნუ დაგვტოვებთ. ჩვენ მარტო გვეშინია.
მეორე: ჩვენ აღარავინ მოგვეფერება. ნუ წახვალთ.
პოეტი: ბროლის კოშკში ბედნიერებაა. სინათლეა. სითბო.
პირველი: იქ ქარია და სიცივე.
დაუბერავს ქარი და წაიღებს პირიმზეს.
მეორე: წავიდა.
პოეტი: ისევ მარტო დავრჩით.
პირველი: არაფერი დაგვიტოვა.
სანდრო ცირეკიძე
20/IX, დილით და ღამით
[1923 წლამდე]