ოცნება; უსათაურო; მგოსანი – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1910

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 12-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოცნება; უსათაურო; მგოსანი

ოცნება

 

დაე, გაფრინდი, ოცნებავ,

გაჰგლიჯე ბადე გონების,

იქ წადი, სადაც ამ ქვეყნის,

არა რა მოგეგონების.

ის მხარე შენთვის არსებობს,

შენც გიყვარს, მასაც უყვარხარ.

იქ წადი, იქ იხალისე,

ამ ჯოჯოხეთში ნუღა ხარ.

 

3.07.1910 წ.

 

***

 

ჩემო ბულბულო, რისთვის გამწარდი?

დაგიჭკნა სატრფო? გიხმება ვარდი?

 

იტანჯ-იწვალე, იგლიჯე გული,

კვნესათ აქციე ღრმა სიყვარული,

 

ჰანგში ჩაქსოვე შენი სიმწარე,

შენი კვნესითა აკვნესე არე.

 

შენი კვნესა ცას გულს აუჩუყებს;

მისი ცრემლი ვარდს დაუკოცნს ტუჩებს.

 

და ვარდი ისევ გამოცოცხლდება…

მაშ, შენ იკვნესე – ცაც ატირდება!

 

10.08.1910 წ.

 

 

მგოსანი

 

ზეცაა ჩემი მშობელი,

ბუნება სატრფო გულისა,

მუზა თვით ჩემი გულია,

დამტირი დაჩაგრულისა.

 

გონება ჩემი გულს მონობს,

სწუხს გულის სამწუხაროსა.

გული მომავალს შეჰხარის,

შესტრფის იმედთა წყაროსა.

 

ხან ბულბულივით ის ვარდს სტირს,

ხან მხიარულათ მღერისა,

მუზა ეს ჩემი გულია,

მე კი გული ვარ ერისა.

სანდრო ცირეკიძე

25.07. 1910 წ.