მოზაიკის ღვთიშობელი – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1919, დეკემბერი

პროზა, შემოქმედება

მოზაიკის ღვთიშობელი

შუა ბაზარში ტაძარია. ცოდვებით მძიმეა ძველი კედლები.

ნოტიოთი და საკმეველით  სუნთქავენ ფრესკის გამხდარი წმინდანები.

სათნოა თვალები მოზაიკის ღვთიშობლის, შეშლილ დიაკონს უყვარს. წირვის დროს ის ოცნებობს კიბეზე, რომ ასწვდეს და კოცნით დაფაროს შიშველი ფეხები.

 

მზეში და სიცხეში ათას ფერად ჰყვირიან ფეხზე ვაჭრები მჟავე კიტრზე და იაფ გალანტერეჲაზე. ხარბია თვალები, ფულებს რომ ითვლიან მუშტრის ხელში.

ფეხშიშველმა ქალმა შეშინებულათ გაიარა ბალახანებში.

ტიტველი ძუძუ აღიზიანებდა მეწვრილმანე ებრაელს.

მარტო შეშლილმა იცნო ქალწული მარიამი, შეწუხებულმა აინაბა და გაიქცა ტაძარში.

ბაზარი იცინოდა.

 

ბნელ კუთხეში დაუშვა ძვირფასი ტვირთი აჩქარებულმა. დაიჩოქა და მტვერიანი ფეხები დაუკოცნა მტირალს.

ბედნიერმა ახედა გუმბათს და შეუშინდა თვალები, იქ მოზაიკის ღვთიშობელი რომ ისევ დაინახა. სათნოა სახე მისი და გუმბათი მაღალ.

ცოდვებით მძიმეა ტაძრის კედლები.

 

სანდრო ცირეკიძე

1918

ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1919, დეკემბერი