მინიატჲურა – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, წიგნი პირველი, 1919

სტატიები, შემოქმედება

მინიატჲურა

ჩვენში ახლა ძალიან გავრცელდა მინიატჲურა. ეს ფორმა ყველაზე უფრო შეიყვარა აწინდელმა ქართულმა ბელეტრისტიკამ. მაგრამ ჩვენი ხალხი და ხშირად კრიტიკაც ყალბი აზრისაა მინიატჲურაზე.

მეოცე საუკუნეში ყველაფერს მიზეზი უნდა მოეძებნოს და ჩვენში მინია-ტჲურასაც მოუნახეს მიზეზი. მის გენეზისს ელექტრონის ტრამვაის უკავშირებენ და ამბობენ: ევროპაში ელექტრონის და მოტორის ხანაა; იქ ცხოვრების ტემპი ძალზე აჩქარდა, გრძელი ამბებისათვის, დიდი მხატვრობისათვის აღარავის სცალია; ბუნებრივია, რომ ევროპაში მინიატჲურის წერა დაიწყეს რომანების მაგივრათო. დასძენენ: ჩვენში ცხოვრება ჯერ საკმაოთ ნელია, აქ მინიატჲურა ანორმალური მოვლენაა, ჩვენ ჯერ რომანები უნდა ვწეროთო. არაა ეს მართალი.

არც ისაა მართალი, ვინც ყველა მინიატჲურისტებს ერთ შკოლაში აჯგუფებს.

მინიატჲურა ფორმაა ისე, როგორც რომანი, ტრიოლეტი, სონეტი. შკოლას უმთავრესად ახასიათებს წერის მანერა და არა ფორმა. სონეტებს სწერდენ კლასიკებიც, პარნასელებიც, სიმბოლისტებიც; და არავის მოსვლია ფიქრად სონეტის ავტორები ერთ რკალში, ერთ სახელში მოემწყვდია. პეტრარკა, პრჲუდომი და მალარმე არა არიან შკოლის მოზიარენი.

მინიატჲურის ფორმა არ შობილა ევროპაში. მისი აკვანი, როგორც ბევრი სხვა ფორმის, აღმოსავლეთში დაირწა პირველათ.

მინიატჲურა ყველაზე უფრო მხატვრობაშია ცნობილი. დიდი ხანია ადიდებენ სპარსელ მინიატჲურისტებს. და სწორედ აღმოსავლეთში უნდა შობილიყო მინიატჲურიზმი, მიკროსკოპიზმი. დიდ სურათს უნდა ფართო, გაბედული კალმის მოსმა. ეს შეიძლება ჩქარ ქვეყნებში. მინიატჲურა წერტილებით იწერება. იმას ზანტი, მოზომილი ხატვა უნდა. მინიატჲურას მოცლილი სპარსელი უნდა ხატავდეს შუადღისას ჭადრის ჩრდილში. მონასტრის მშვიდ კედლებში ხატავდენ მინიატჲურებს გელათის სახარებისთვის, სადაც მინიატჲურაზე ფიქრობენ, იქ ცხოვრების ფერადი კარუსელი ისე ნელა უნდა ბრუნავდეს, როგორც არსად სხვაგან. მინიატჲურული ფორმა აღმოსავლეთის კანონიერი შვილია და ევროპაში ის მოგზაურობს მხოლოდ.

ევროპაში მინიატჲურას მაინც ჰყავს თავისი სახელოვანი კავალჲერები: კატულ მენდესი, შარლ ბოდლერი, ოსკარ უაჲლდი, სტეაან მალარმე, ვილჲე დე ლილ ადანი, ალტენბერგი, ტეტმაჲერი, რუსეთში – ტურგენევი, რემიზოვი.

საქართველო ევროპის კარებზეა. ჩვენ ევროპას სამხრეთის ლურჯ ჰაერში უნდა შევხედოთ პირდაპირ და არა ჩრდილოეთის გაყინულ სათვალეებით. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს როლი საქართველოსი. ყველაზე უფრო ჩვენ უნდა შევიყვაროთ მინიატჲურის ფორმა და ერთხელ კიდევ გავაკვირვოთ ევროპა, როგორც ჩვენი წინაპრები აოცებდენ მათ უჩვეულო მინანქრებით.

ჩვენ მწერლობაში მინიატჲურის ფორმა გვიან შემოვიდა და მალე გაბატონდა. ყველგან მინიატჲურებსა სწერენ ახლა საქართველოში, მაგრამ ეს მწერლები ეკუთვნიან სხვადასხვა ლიტერატურულ ჯგუფებს თავის მსოფლმხედველობით, მანერით, ტემპერამენტით. მინიატჲურის ფორმაში შეიძლება ამღერება მრავალნაირად და ჩვენი მინიატჲურისტების მანერაც ნაირია.

ყველაზე ადრე ჩვენში მინიატჲურიზმის გზას დაადგა ვაჟა-ფშაველა. მისი წერის მანერა ძველია, რეალისტური. ვაჟას უყვარს დეტალების ამოხატვა, მაგრამ ისე, რომ მის ხელს მუდამ მართავს ვაჟას თავისებური პანტეიზმი.

ვაჟა-ფშაველას დროსვე ადრე დაიფერფლა ნიჭიერი დეკანოზიშვილი, ნაზი, უცხო. ვაჟას შემდეგ თანდათან იკლო ქართული მოთხრობის მასშტაბმა და ახლა ქართული ჟურნალ-გაზეთები ნამდვილი მინიატჲურებითაა მოფენილი.

რომანის გადაგვარების პროცესი ჩვენში დამთავრდება მინიატჲურის საბოლაო დაკანონებით და მიღებით.

ჩვენ მინიატჲურისტებში ყველაზე უფრო პოპულიარულია ჯორჯიკია და ნიკო ლორთქიფანიძე.

ჯორჯიკია დამთავრებულ სიუჟეტს გადმოგვცემს უბრალოთ, მოკლეთ.

სულ სხვაა ნიკო ლორთქიფანიძე. მას ერთი გარკვეული წერის მანერა აქვს რომანში და მინიატჲურაში. ლორთქიფანიძე იმპრესიონისტია და, როგორც ასეთი, ნამდვილი შვილია ელექტრონის და სიჩქარის. ლორთქიფანიძის მანერა ფრანგ მხატვარ ლოტრეკის მანერასა ჰგავს. ის აიღებს რომელიმე ნაჭერს მთელისას და ამოხატავს. მის მინიატჲურებში ყოველთვის გრძნობთ, რომ ეს ეპიზოდია მთელის. კიდევაა ჩვენ მინიატჲურისტებში საინტერესო სახელები. აღარ ჩამოვთვლი. მე მინდოდა მხოლოდ ზოგი კორექტივი შემეტანა პოპულჲარულ აზრებში მინიატჲურის შესახებ.

 

ალ. ცირეკიძე

ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, წიგნი პირველი, 1919