მთვარეული – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : "ცისფერი ყანწები"

პოეზია, შემოქმედება

მთვარეული

მთვარეული

ქალაქის ბაღის ჭლექიანი ხეები ინაზებიან მთვარის ნათელში. ხან და ხან ავათმყოფური თამაშით მთვარის შუქს ტოტით დაუფარავენ გიჟს, ნარვალში რო კოლოფებს აგროვებს.

ნახავს კოლოფს, გადაშლის და მთვარეს შეუშვერს. სავსეა სალარო სიზმართა დედოფლის და უხვად აბნევს ოქროს შუქს მტვერიან კოლოფში. გიჟი იცინის ხალისით. ავსებულ კოლოფებს კეტავს, ფერად ქაღალდებში ხვევს, უბეში ინახავს. ბევრი კოლოფია ბაღის ნარვალში. ყველა აიღო გიჟმა, ყველა გაავსო მთვარემ, პირდამჭკნარ დედოფალს რო გავს ცისფერ ფარჩაში. უხვათ აბნევს ოქროს შუქს ჭლექიან ხეებს და ბაღის ბილიკებს:  ტაძრის გუმბათიც მოოქრულია: სიკვდილის წინ თავის სიმდიდრეს ანიავებს სიზმრის დედოფალი – მთვარე. ჩქარობს გიჟი. კოლოფებს ავსებს, ფერად ქაღალდებში ხვევს.

შუა ქუჩაში ლანდივით მიიპარება გიჟი, რომელსაც უბით მთვარის სიმდიდრე მიაქვს.

დამწვარ დუქანში ღამეს თვალი დაუხუჭავს. იქ ნაცარში დაჯდა გიჟი. ამოალაგა კოლოფები. კრძალვით გახსნა პირველი: ცალიერია. მეორე გახსნა, – იმაშიდაც მარტო ღამეა. აკანკალებული ხელით შეეხო მესამეს, – მთვარის ნაჩუქარი აღარც იქაა.

ეტკინა გიჟს. ატირდა.