ბაზრის ქუჩაზე სცხოვრობდა ლაჲა. იმას ჰქონდა ოქროს თმა.
ხშირია აღმოსავლეთში მზიანი დღე. ლაჲას არ უყვარდა მზიანი დღე.
ფირუზის ღამეებში, ბაზრის დარაბები რომ დახურული იყო, სეირნობდა იგი გაშლილი თმით. შედიოდა ჭრაქით განათებულ მხიარულ ყავახანებში; ოქროს კავებს დაასველებდა წითელ ღვინოში, გეტერას რომ მიქონდა შეღებილ ტუჩებთან. ზარხოში კავალრები ვეღარ არჩევდენ ლაჲას თმის ოქროს ფერს და ქამარ შეხსნილნი მიიწევდენ მის მაცდუნებელ ტანისკენ. სიცილით გამორბოდა ლაჲა ორთქლიან კარებიდან და ბნელი ქუჩებით მიდიოდა სხვა სანთლებთან.
მძინარი დარაჯები მაშინ სიზმრათ ხედავდენ ოქროს თმებს. მეორე დღეს მთელი ქალაქი დაეძებდა ქუჩაში ოქროს თმის ნაცვენს. ლაჲას თმებს ფიცულობდა მთელი ბაზარი.
ხან დანებდებოდა ლაჲა მზის ცხელ პატიჟებს. თავშიშველი გავიდოდა ბაზარში. მაშინ იქნებოდა ბაზრის დღესასწაული. აირეოდა ხალხით ქუჩები. ხარბი მზე აცხელებდა ლაჲას თმებს. მშიერი თვალების ტალღებში მთვარისფრად ბზინავდა გამთბარი ოქრო ჩამოვარცხნილი. სოვდაგრები და ქუჩის ქალები ჩოქვით მისდევდენ ლაჲას და ოქროს თმის ჩუქებას ევედრებოდენ.
ღერ თმას დაარიგებდა. ნაჩუქარისთვის ერთი¬მეორეს ატირებდენ მოხუცი ვაჭრები.
ლაჲა მიდიოდა მზეზე ზმორებით.
ლაჲას უყვარდა ფირუზის ღამე. მისი ოქროს თმა უყვარდა მზიან დღეს.
სანდრო ცირეკიძე
მზიანი ტარაველი
ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1919, თებერვალი, №1