ბატონებო! როდესაც ილიასა და აკაკის უპირისპირებენ ერთმანეთს, მათ ჩვეულებრივათ ასეთ განმარტებას აძლევენ. ილიამ იცის და ქმნისო და აკაკი ქმნის და თავის შემოქმედებას მერე ეცნობაო. უფრო მარტივათ რომა ვთქვათ ილიას შემოქმედება შეგნებულია და აკაკის შემოქმედება კი შეუგნებელიო. ვიმეორებ, რომ ეს აზრი საერთოთაა თითქმის მიღებული, მაგრამ მე ამას როგორღაც ვერ ვეთანხმები. ჩემი აზრით, ილიას შემოქმედებაც შეუგნებელია და ეს მსურს „კაცია-ადამიანი?!“-ს განხილვით დავამტკიცო.
როდესაც ამბობენ პოეტი შეუგნებლად ქმნისო, ეს იმას კი არ ნიშნავ, თითქო პოეტს თავის შემოქმედების არაფერი არ ესმოდეს! ეს სიცრუეა!.. პოეტი მართლა ანთებიანი ადამიანი ხომ არაა, რომ დაუფიქრებლად, უაზროთ და ბოლოს უმიზნოთ წამოისროლოს სიტყვები ან თუ გნებავთ მთელი პოემა-დრამები? ნუ თუ აკაკი წერის დროს გონების დაუკითხავათ, სრულებით მის მონაწილეობის მიუღებლათ მოკიდებს კალამს ხელს და ენას აღვირს აუშვებს. ნუ თუ წერის დროს მას არავითარი გარკვეული აზრი არ უტრიალებს თავში, გარკვეული მიზანი არა აქ წინ, ნუ თუ გონება არავითარ მონაწილეობას არ იღებდა „თორნიკე ერისთავი“ს შექმნაში?.. მაშინ ხომ იგი მართლა ავათმყოფის, ანთებიანის ბოდვა იქნებოდა! ეს ზღაპარია!.. „შეუგნებელი“ შემოქმედება სხვა რამეს გულისხმპბს, სხვა რამეს ქვია!
შემოქმდებების დროს ხელოვანს, მე არ ვამბობ თითქო ყოველ ხელოვანს, მაგრამ უმეტესობას კი, ესმის თავის შემოქმედება, მაგრამ მთელი სიღრმე სიგანით კი არა! ზერელეთ, მისი ცოდნა აქ გარეგნულია, ვიწროა. ხშირათ, განსაკუთრებით რეალისტ-პოეტები, ყველა რეალისტ მწერლები კი არა, ნამდვილე „მირონცხებული“ პოეტები აიღებენ პუბლიცისტური ხასიათის აზრს, განზრახვათა აქვთ ეს აზრი მხატვრულ სამოსელში გამოხვიონ, სილამაზისთვის კი არა, მეტის სიმარტივისათვის მხოლოდ მხატვრული სახე მისცენ, მაგრამ პოეტურ შემოქმედების ნიჭი, ინსტიქტურათ, პატრონის გაუგებრათ ჩუმათ მუშაობს, გარმონიასა ქმნის და პუბლიცისტური აზრი უბრალო მხატვრულ სამოსლის წილ პოეზიის სათუთ ლეჩაქს იცვამს, მშვენიერების ნაზის მორცხვობით გამოიცქირება… აი, აქაა შეუგნებელი შემოქმედება… პოეტი აქ მშვენიერებას ქმნის, მაგრამ შეუგნებლათ… იგი შემოქმედების დროს ვიწრო ჩარჩოებში იხედება და სინამდვილე კი მას ამ ვიწრო ჩარჩოებს აცილებს და ბუმბერაზათ ხდის…
ავიღოთ სერვანტესი… იგი, როდესაც თავის უკვდავ დონ-კიხოტს სახეს აძლევდა, მის უკვდავებაზე საერთოდ არ ოცნებობდა… მისი აზრი ამ დროს კონკრეტულ სინამდვილეს არ ცილდებოდა, პრაქტიკულის ჩარჩოებში ტრიალობდა… ასე ეგონა, მაგრამ უნებურათ გაცილდა წვრილმანობის საზღვრებს და პატარა ღელის წილ ოკეანე გვაჩუქა, ოკეანე პოეზიისა… რომელი იტყვის, რომ დონკიხოტი პოეტური ძლიერებით არაა აღჭურვილიო? რომელ მკითხველს არ აგრძნობიებს სილამაზის, მშვენიერების ჯადოსნურ ძალას? რომელს არ დაუკმაყოფილებს მის ესთეთიურ მოთხოვნილებას?
გადავიდეთ „კაცია ადამიან“ზე. „კაცია ადამიანის წერის დროს ილიას, როგორც ამბობს თვითონ, განსაზღვრული მიზანი ქონდა. „მე სარკეს ვაკეთებ, შიგ ჩაიხედეთ და თქვენი თავი იცანითო“. მაგრამ ვისთვის აკეთებს ამ სარკეს? ვინ უნდა ჩაიხედოს შიგ? რასაკვირველია, იმან, ვისთვისაც უწინაც უკეთებია და ვისი მახინჯი სახეც უწინაც გამოუშკარავებია. ის ქართველ თავადებზე მოგახსენებსთ, ქართველ ბატონებზე. იმათ უწინაც ბევრჯელ უგემებიათ ილიას გულშემატკივარი დაცინვა და კაცია ადამიანშიდაც იმათ უნდა ჩაიხედონ, აქ მათი სახეა. ლუარსაბი, ბატონებო, ღიპიანი, ჩასუქებული ლუარსაბია ქართველ მებატონეების სახე. დახედეთ ამ ფუფუნების, უზრუნველობის შვილს? დახედეთ და დაინახეთ, თუ სანამდე შეუძლია ადამიანის მიყვანა ცხოვრებას, მის ბედით თამაშს. იგი ცხოვრების განარიყია, უზრუნველათ ყრუ სოფელში მიგდებული, მკითხავ დედაკაცების ანაბარათ მიტოვებული. ცხოვრებას მისთვის ცივი ტალღა არ შეუტყორცნია, საბრძოლათ არ გამოუწვევია და არც ლუარსაბია შეჩვეული მასთან ბრძოლას. სხვის ზურგზე დამჯდარს, სიარული დავიწყებია. რა საბრალოა ლუარსაბი, საბრალო კი არა, სასაცილო, რომ ტირილის მომგვრელი არ იყოს, როდესაც იგი ბუზებს ითვლის. ნუ თუ აქამდე უნდა ჩამოქვეითდეს ადამიანი? ის ადამიანი, რომელიც კაცობას იჩემებს, ღმერთის ნაწილათ მოაქ თავი. სად ღვთაებრივი სული და სად ბუზების მთვლელი ლუარსაბი? ძლიერ შორს არიან ერთმანეთზე… ან და ის ლუარსაბი, რომელიც თავის ღირსეულ მეუღლეს ხვალინდელ სადილზე ეკამათება… უყურებ, უყურებ ლუარსაბს და უნებურათ ღიმილი შეგითამაშდება პირზე, ტკბილი, მხიარული ღიმილი კი არა, მწარე, ნაღვლიანი ღიმილი, რომელიც ცრემლზე შორს აღარაა…
გაიხსენეთ ლუარსაბის სცენა მკითხავთან… მკითხავ დედაბრისაგან შემოტანილმა ძონძებმა ლუარსაბი კინაღამ ჭკვაზე შეშალა… ლუარსაბის უგუნურება იქამდე აღწევს, რომ იგი ღმერთს უსწორებს ანგარიშს, „მე წირვა-ლოცვას არ ვაკლდები, მარხვას ვინახავ და შენ მაინც სჯულის გამტეხ დავითს რათ სწყალობ და მე რათ მივიწყებო?“ სადაა აქ ღვთის შთანაბერი სული? სადაა ზეციური, ბიწიერებას მოკლებული? პირიქით, ლუარსაბი წვრილმანობის, დღიურობის ტალახშია ჩაფლულიი და ისე ღრმადაა შიგ დაძირული და ცის დანახვა იქედან შეუძლებელია. გონება დაჩლუნგებული მკითხავებს და რაღაც სომხის ტერტერებს ეთაყვანება. სადაა აქ სულიერი თავადობა? იგი ჩამომავლობით დავადობათ გადაქცეულა, დაწვრილმანებულა, ფორმალურობაში მისუდრულა და გულმოკლული ილია მწარეთ გვეკითხება: „კაცია ეს ადამიანიო“ ან და საერთოთ „კაცია ადამიანიო?“ აი, რისი თქმა უნდოდა ილიას და თქვა კიდეცა. ახლა ვკითხოთ: ესმოდა მას ბუმბერაზობა „კაცია ადამიანისა“? მე გიპასუხებთ, რომ არა! მას შემოქმედების დროს ესმოდა მისი ვიწრო მნიშვნელობა და არა უკვდავება. „მე სარკეს ვაკეთებ, შიგ ჩაიხედეთ და თქვენი თავი იცანითო“, გვეუბნება იგი. ილიას „კაცია ადამიანის“ შექმნის დროს აზრათ არ ქონია ვისიმე ესთეთიური მოთხოვნილება დაეკმაყოფილებია. აქ იმას სულ სხვა მიზანი ქონდა, უფრო პრაქტიკული, ხელშესახები. „სარკეს ვაკეთებ, შიგ ჩაიხედეთ, იცანით თქვენი თავი, თქვენი ნაკლულევანება და გასწორდითო“. გზა აბნეულ ადამიანებს ამხილებს, მათ სიგლახეზე მიუთითებს და მწარეთ ეკითხება: „ადამიანო, შენ, რომლისთვისაც ღმერთს თავისი უკვდავი სული შთაუბერია, რას დამგვანებიხარ? სადაა შენი ღვთაებრივი ნაწილი, რომ კაცი დაგიძახო? განა შენ კაცი ხარო?“ ამ სიტყვებით ის მაშინდელ ქართველ თავად-აზნაურობას, მებატონეებს მიმართავს და საზოგადოთ კი ყველას, ყველა ადამიანს. ლუარსაბი მას ქართველობის სიმბოლოთაც გამოყავს, მათის უზრუნველობის, დაუდევრობის გამოსახულებათ ასწერს, რა ლუარსაბის ეზოს, უყურადღებოთ მიტოვებულს, დასძენს: „პატრონი, ეტყობა, ქართველიაო“. და კიდევ რამოდენი რა არ თქვა ილიამ „კაცია ადამიანში“? ეს ხომ აზრთა დაუშრეტელი წყაროა და რამოდენი რამის თქმა არ უნდოდა ილიას? ბევრის, ძლიერ ბევრის, შეგვიძლია ვიფიქროთ… თუ გნებავთ ყვველაფრისაც, მაგრამ სილამაზის, მშვენიერების შექმნა კი არა? ამ აზრიდან იგი შორს იყო. მე არ ვიტყვი, თითქო ილიას პოეტური ნაწარმოების შექმნა არ უნდოდა თქო! ღმერთმა დამიფაროს! პირიქით იმას პოეტური შემოქმედება ქონდა აზრათ, მაგრამ იგი რას ეძახდა პოეტს? იგი ხომ პოეტს პრაქტიკულ დანიშნულებას აძლევს. „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკონ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“ო, ამბობს მისი პოეტი, ესე იგი თვით ილიაც. აქ პოეზიათ მხატვრულ სამოსელში გახვეული პუბლიცისტიკა იგულისხმება. ერის წინ გამძღოლი ხომ ყოველდღიურ ჭირ-ვარამით დატვირთული პუბლიცისტიკაა. ამას მიტომ ვამბობ, რომ ჩემი შეხედულებით პუბლიცისტიკა და პოეზია სულ სხვა და სხვანი, თითქმის მოპირდაპირები არიან ერთანეთისა. პუბლიცისტიკა წვრილმანურია, ყოველდღიურია, კონკრეტულია. მას დროსა და ადგილის გადაშორება არ შეუძლია. და პოეზია? პოეზია ხომ სილამაზეა, მშვენიერებაა და განა სილამაზე, მშვენიერება დროულია? პირიქით იგი აბსტრაქტული, განყენებული რამაა, იგი დროსა და ადგილს არა სცნობს, პოეზიის შროშან-ზამბახით მორთული ნავი აბსოლუტურ სივრცეში მიმოცურავს, მან არ იცის დასაბამი და არ იცის ბოლო. იგი უკვდავების სიმბოლოა. და განა ასეთ აბსტრაქტულ პოეზიას რაიმე საერთო აქ პუბლიცისტიკასთან? მაგრამ ილია დროის შვილი იყო და დროს ზედგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ რეალისტი ილია ჭავჭავაზე პოეზიასა და პოეტს ასეთი საზომით ზომავდა, თუ იგი „ღმერთთან მისთვის ლაპარაკობს, რომ წარუძღვეს წინა ერსა“. საქმე ისაა, ამ შეხედულებას ის ხორცს ასხამს თუ არა? და ამის მაგალითი ზემოთ არ ვნახეთ? განა „კაცია ადამიანში“ იგი ამ რწმენის თანახმათ არ მოქმედებს. აქაც ხომ ერის წინამძღოლობას, ერის კი არა და კაცობრიობის წინამძღოლობასაც სცდილობს. მის ზნეობრივი გარდაქმნა აქ მიზნათ დასახული, სურს, მასში ღვთაებრივი მხარე, ზეციური ნახევარი გააღვიძოს, აამაღლოს და სრულიათ ვერ ამჩნევს, რომ ამ მუშაობის გვერდით, თვით ამ მუშაობაში სხვა კიდე უფრო მაღალი, კიდე უფრო ძნელი მუშაობაა გაჩაღებული. ეს გახლავთ სილამაზის, მშვენიერების, პოეზიის შექმნა. განა უკვდავი ნაკადი ზეაღმაფრენ გარმონიისა „კაცია ადამიანში“ ტკბილ მუსიკათ არ გადმოჩუხჩუხებს? იგი ნაკადი პოეტის შეუმჩნევლათ გადმოიხეთქა შემოქმედების უკვდავ მთიდან და უხილავი საამურ ლიკლიკით ჩადის მკითხველის გულში, იქ ზექვეყნიურ გალობათ დნება, ადნობს თქვენს გულსაც და პუბლიცისტიკა ხომ უჩინარათ დნება. ეს შეუგნებელი შემოქმედება შეგნებულ, უკეთ ვთქვათ, განზრახულ შემოქმედებას ჩაბნის თავის მომჯადოებელ ძალით. განა ეს ასე არაა?
რატომაა, რომ „კაცია ადამიანის“ ერთხელ წაკითხვა არ გაკმაყოფილებთ, გსურთ, მეორეთ, მესამეთ და მეათეთაც გადაიკითხოთ? უეჭველია, არ დაკვირვებიხართ და თუ დაკვირვებიხართ, ან შემცდარი აზრი გამოგიტანიათ და ან საიდუმლოების ცივი კარები ამართულა თქვენ წინ. იქნებ გგონიათ, რომ ეს პრაქტიკული, უფრო პუბლიცისტური აზრები გიზიდავენ? ტყუილია! აბა, როდის გინახავათ, რომ დღიურ ჭირ-ვარამზე ბაასს კაცი მოეხიბლოს? მიზეზი სხვაგან უნდა ვეძიოთ და სახელდობრ შეუგნებელ შემოქმედების ნაყოფში, გარმონიაში, პოეზიაში. ეს საამო სხივები, კაცია ადამიანიდან რო გამოკრთის, გვეხვევა, გვბოჭავს, თავისკენ გვეზიდება, ეს გარმონიულ ტიპთა სხივებია. დიახ, ლუარსაბისა და დარეჯანის ხასიათები ილიას გადმოცემაში აბსოლუტურ გარმონიას წარმოადგენენ. თქვენ უეჭველია დამცინით: შეხე, საწყალს, უვიცს ლუარსაბისა და დარეჯანის ხასიათი მოსწონსო. მაგრამ დაფიქრდით! მე ეგ გითხარით? სრულებითაც არა! მე არ ვამბობ, თითქო ლუარსაბი და დარეჯანი იდეალური ტიპები იყვნენ, პირიქით, ისინი უარყოფითი ტიპები არიან, მაგრამ განა ეს მათი ხასიათის გარმონიას ხელს უშლის? ნუ თუ გარმონია მხოლოდ კეთილს შეეხება? სრულებითაც არა! გარმონია კეთილისთვისაც და ბოროტებისთვისაც გარმონიათ რჩება და თუ დადებითი მხარეების შეწყობა შეიძლება გარმონიულათ, რატო ესევე არ ითქმის უაყოფით მხარეებზედაც! ლუარსაბისა და დარეჯანის ხასიათები სწორედ ასეთ გარმონიას წარმოადგენენ უარყოფით მხარეებისას და გამოდის მთლიანი გარმონია, უარყოფითი, მაგრამ მაინც გარმონია; გარმონია ხომ იგივ მშვენიერებაა და ამგვარათ ეს ხასიათებიც მშვენივრები არიან. მე ამ ორ პიროვნებაზე იმიტომ დავამყარე ყურადღება, რომ მთელი მოთხრობის სინამდვილეს ისინი ქმნიან.
აქვე უნდა დავძინო, რომ „კაცია ადამიანში“ დახატული სინამდვილე ემპირიული, ხელშესახები სინამდვილე როდია! თქვენი არ ვიცი და მე კი აქ სულ სხვა სინამდვილესა ვგრძნობ, ეს ოცნებისებური სინამდვილეა. აქ გარმონიაა, გარმონია სრული, თუმცა უსრულესი კი არა, მაგრამ მაინც საკმაო, რომ მშვენიერება სჭვრიტოთ, განიცადოთ. „კაცია ადამიანის“ კითხვის დროს გემოვნება განვითარებულ ადამიანს სულ ავიწყდება ილიას მიერ განზრახული ჩარჩოები და შეუგნებელი შემოქმედება იტაცებს მას… იგი რეალურ სინამდვილეს სწყდება და საამო მუსიკის სივრცეში მიმოცურავს პოეზიის ხალისიან ყვავილებით მორთულ ნავით… იქ იგი ნეტარების ბურუსში ეხვევა.
ძნელია პოეტურ ნარწარმოების მესამე პირისაგან გადმოცემა. ამისათვის თვით პოეტია საჭირო, რომ ერთი პოეტური ფაბულა სხვა ფორმებში ისეთივე მშვენიერებით ჩამოასხას. იგი თვით უნდა იგრძნოთ. მშვენიერება განმარტებას არ საჭიროებს, იგი თავისათვის თვით ლაპარაკობს, მისი ზექვეყნიური ძალა ყოვლად შემძლე ძალაა, თვით იკაფავს გზას ადამიანთ მოუქნელ გულში და იქ ლამაზ დნობას განიცდის.
„ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს
ყოვლად უბიწო მშვენიერება?“ო – ისევ ილია ამბობს და მისი „კაცია ადამიანის“ მშვენიერებაც ინადირებს მკითველის გულს. პოეზია თვითვე იკეთებს თქვენს გულში სანეტარო ბინას და სილამაზის ჯადო-ბადეში გახვევთ. მაშინ გრძნობთ რაღაც შეუგნებელს, უხილავ სიტკბოებას და იგი სიტკბოება შეუგნებელი იყო შემოქმედ-ავტორისთვისაც. დიახ! „კაცია ადამიანის“ პოეზია ილიას უხილავი შემოქმედებაა.
ალ. ცირეკიძე
9 ნოემბერი, 1911 წ.
ქუთაისი
ამ წერილს ნათლად აზის მოუმწიფებლობის ბეჭედი; მე ახლა ამის მიღება აღარ შემიძლია, მაგრამ ერთგვარ სიმართლეს კი ახლაც ვხედავ შიგ. აქ პირველათ ჩაისახა ჩემი აზრი პოეზიაზე როგორც რაღაც მისტიურზე, გონებისთვის მიუწვდომელზე. მაშინ ეს აზრი მკაფიო სახით ჯერ კიდევ არ მომგონებია და წერილშიდაც ბუნდოვანი სახე მიიღო, გადამახინჯდა.
ალ. ცირეკიძე
4/XII