ყველას სძინავს… – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 30.10.1911

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 14-ხ.

გამოცემა : ხელნაწერი სალიტერატურო ჟურნალი „ჩონგური“, 1911, 30 ოქტომბერი, №6

პოეზია, შემოქმედება

ყველას სძინავს…

 

ცივი ღამე კაეშან-ხელს გულზე მისვამს, გულს მიყინავს…

შავ უფსკლურში გადაკარგულს თვალ დახუჭულ ვარსკვლავს სძინავს.

ღრუბელს მოსწყდა მთვარის შუქი და ფიფქ თოვლზე მოიქარგა…

მიიკარგა…

მოლივლივე ნაკადული ვერცხლ-ბორკილში მიილულა,

და… ჩემ ობოლ სიმღერაში მწარი სევდა გახვეულა…

სით წავიდე?… ნეტავი მეც ზღაპრის მკერდზე მიმაძინა…

ჩუ! შორს ღამემ გაიცინა!..

მე დამცინა!..

 

 ალ. – (სანდრო ცირეკიძე)

1911, 22 ოქტომბერი

ხელნაწერი სალიტერატურო ჟურნალი „ჩონგური“, 1911, 30 ოქტომბერი, 6