სანდრო ცირეკიძე – სერგო კლდიაშვილს – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 28.09.1920

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

სანდრო ცირეკიძე – სერგო კლდიაშვილს

სერგო, მარგალიტო! რითი ავავსო ეს ფურცელი ცალიერ ქუთაისში. წვიმს. დარია. და ყოველთვისაა მოწყენა. „ჯერ არასდროს არ ყოფილა ქუთაისი ასე წყნარი და უბედური. შარშან „ნიამორებით“ და „შვილდოსანით“ ვირთობდით თავს. წელს პირობები სხვაა და მელიტონი – მიუკარებელი. ჭიჭიკო გულს არ იტეხს, მაგრამ მე აღარ მჯერა ქუთაისში რამეს გამოსვლა. ქუთაისი მთლად პროვინცია გახდა. უიალქნოთ დავდივართ და ვეძებთ ერთმანეთს სამი კაცი: ჭიჭიკო, კოლია და მე. თუმცა კოლია უფრო განზე ერთობა. შენ გიგონებთ ხშირათ. გვენატრება შენი გძელი წერილები და უფრო – შენი უცაბედი ჩამოსვლა.

მე აქ ვერსად მოვეწყვე და „ჯიბეებში ხელჩაწყობილი“ დავიარები. შენ ბედნიერი ხარ, რომ ასე ადვილათ შეგიძლია ქუთაისის მიტოვება. ქუთაისში მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვარ (არავინ არ მიმიღო საქმეზე) და გასავალი გზა ვერ მიპოვია. იცი რა, სერგო – აღარ მინდა აღარც ფედერაცია, აღარც… კუჭი და კეთილი ცხოვრება პირველი საქმე ყოფილა. ამაზე შენ დამასწარი, მაგრამ მეც!..

მოიწერე უსათუოდ.

შენი სანდრო

28/IX. 1920

[ქუთაისი]

P. S. „შვილდოსანის“ სრული ლიკვიდაცია მოახდინე და რეზულტატები კალისტრატეს ხელით გამომიგზავნე.