ეთერი (პიესა) – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1914

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 8-ხ

გამოცემა :

პროზა, შემოქმედება

ეთერი (პიესა)

ეთერი

თქმულება

 

მომქმედი პირები:

ეთერი

დედინაცვალი

აბესალო

მეფე – აბესალომის ძმა

მარიამი – აბესალომის და

მურმანი – ვეზირი

პირველი და

მეორე და       } მურმანის დები

მესამე და

აქიმი

შიკრიკი

 

 

მოქმედება პირველი

სურათი 1

 

აბესალოს სენაკი

 

აბესალო. [მგონი ჭკუაზე შევიშალე, ისეთი აზრები მომდის თავში] (შამოდიან მურმანი და პირველი და).

მურმანი. აი, მეც მოვედი… დილა მშვიდობისა, აბესალო.

1 და. დილა მშვიდობისა…

აბესალო. გამარჯობა… მობრძანდით… როგორ გიკითხოთ…

1 და. გმადლობ, კარგათ ვარ.

აბესალო. ორ წელზე მეტია უცხო ქვეყანაში ვიყავი, აღარ მინახავხარ… დამშვენებულხარ…

1 და. შენც დავაჟკაცებულხარ…

აბესალო. კარგია, რომ გაგახსენდი.

1 და. მე არასოდეს დამვიწყებიხარ.

მურმანი. ეს მართალი თქვა ჩემმა დამ, შინ მივალ თუ არა, ყოველთვის შენ ამბავს მეკითხება, მარტო თუა, ყველაფერზე შენ სახელს სწერს… მე ეჭვიც შემეპარა…

1 და. აქ საკვირველი არაფერია… მე და სეფეწული ერთად გაზდილი ვართ…

აბესალო. მართალია… და-ძმათაც გავიფიცეთ, ხომ გახსოვს…

1 და. დიახ… ეგეც მართალია…

მურმანი. აბესალოსთან გაზდილი და ძმათ გაფიცული მეც კი ვარ, მაგრამ ყოველ საღამოს მაგის სახელს როდი ვღიღინობ…

1 და. სამაგიეროთ გათენებამდი გამორბიხარ სეფეწულთან…

აბესალო. მურმან, შენთან ცოტა საქმეც მაქვს.

1 და. მე მარიამთან წავალ.

აბესალო. მოიცა… მე და მურმანი წავალთ და ჩემ დას აქ გამოგიგზავნი. ჩვენც მალე დავბრუნდებით… (გადიან).

1 და. მურმანი მართალს ამბობს, მე მიყვარს აბესალო… და-ძმათ რომ გავეფიცე!.. მე სიყვარულზე ფიქრის უფლებაც არა მაქვს… დობას მაინც გავუწევ… (შემოდის მარიამი; კოცნიან)

მარიამი. რომელმა ქარმა მოგიტანა, დაო…

1 და. სიყვარულის ქარმა.

მარიამი. აბესალო რო უცხოეთში წავიდა, მერე აღარ გამკარებიხარ… არც მურმანი დადიოდა…

1 და. ის ყოველდღე დადის!

მარიამი. მას შემდეგ, რაც აბესალო დაბრუნდა.

1 და. მაშ, სად დადიოდა… ყოველ დილით მოდიოდა სადღაც… რომ ვკითხავდი, სატრფოსთან მივდივარო – მეტყოდა.

მარიამი. ეგ სატრფო მე არ ვიყავი, ხომ ხედავ…

1 და. ნუ მიწყენ, მარიამ … მე როგორც და, ისე … მე ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ შორის რაღაცა იყო… შენ გიყვარს ჩემი ძმა …

მარიამი. საიდან იფიქრე, დაო… პირიქით… ის ხომ სხვასთან დადიოდა…

1 და. ალბათ, ხუმრობდა…

მარიამი. ხუმრობდა…

1 და. ხო, ხუმრობდა და მართლა კი შენ უყვარხარ…

მარიამი. ნეტავი ეგრე იყოს…

1 და. ხომ მართალი ვყოფილვარ…

მარიამი. დაო, მე მართალს გეტყვი … მე მიყვარს მურმანი, გესმის, მიყვარს… შენ სიყვარული არ გამოგიცდია, შენ არ იცი… დღე და ღამ მურმანზე ფიქრი, ოცნება, იჭვი… ის კი არც მამჩნევს…

1 და. გულს ნუ გაიტეხ … (შემოდიან მურმანი და აბესალო).

აბესალო. გაათავეთ მუსაიფი?

1 და. ჩვენ სალაპარაკო მასე ადვილათ არ შემოგველევა.

აბესალო. ბოდიშს ვიხდი… მარიამ, ეს ძვირფასი სტუმარი ცოტა ხნით შენ უნდა დაგიტოვო… მე და მურმანს პატარა საქმე გვაქ…

მურმანი. ეშმაკობს თქვენი ძმა, მარიამ.

მარიამი. სხვა რა შერჩება ცხოვრებიდან… თქვენც გირჩევთ ეშმაკობას, ბატონო მურმან…

მურმანი. ვითომ?.. თქვენ რჩევას დიდი ხანია ვასრულებ.

მარიამი. მე არასოდეს შემიმჩნევია…

მურმანი. სხვაგან, სხვაგან ვეშმაკობ, ქალბატონო.

მარიამი. წამო ჩემთან, დაო (მარიამი და 1 და გადიან).

აბესალო. მე ყველაფერს მოვიტან (გადის).

მურმანი. ეს ქალი, მგონი, საარშიყოთ მიწვევს… ტყუილა გარჯილა, მე ჩემი მიჯნური მყავს … ის კი არა, მე ვარ მისი მიჯნური… იმას არც ვუნახივარ ჯერ… ახლა, ალბათ, თავის ფარას დაღიღინობს ჭალაში… იქნება კიდეც სტირის… მე ახლა იქ უნდა ვიყო; დამიგვიანდა… ეს რა მოიგონა აბესალომ, მშვენიერი დღე დამაკარგვია… რა კარგია: ზიხარ ბუჩქებში და თავისუფლად უცქერი შენ სათაყვანო კერპს… იმან კი ჩემი არსებობაც არ იცის… როდემდე უნდა იქნეს ასე… (შემოდის აბესალო).

აბესალო. ყველაფრი მზათაა… გზაში გადავიცვათ…

მურმანი. კი, მაგრამ მე არც ახლა ვიცი, სად ან რისთვის მიგყავარ… გამაგებიე…

აბესალო. მაგის თქმას გზაშიდაც მოვასწრებ… აბა, წავიდეთ…

ფარდა

 

სურათი 2

 

წისქვილთან.

(ფერდობზე ცხვარი გაშლილა. ნიგვზის ქვეშ ეთერი წინდებს ქსოვს).

ეთერი. საცაა დედინაცვალი ჩმოვა (ამთქნარებს)… ვაი თუ იცის, რომ გუშინ წინ უცხო მწყემსი ვნახე… კუდიანია, ეცოდინება და ვაი ჩემი ბრალი. ჯერ არაფერი მითხრა: დროს არჩევს ჯავრის ამოსაყრელათ… თმით მათრევს… ნეტავი კიდევ მოვიდოდეს ის ლამაზი, თორემ დედინაცვლის ჯავს არ დავეძებ… მერე რა ცელქია… არც ერთ მწყემსს არა აქ ისეთი ცეცხლი, თვალებით მოგიჯდება გვერდში და ისე ჭუკჭუკობს, ისე… წყაროს რაკრაკს წააგავს… წყაროც ლაპარაკობს, ლაპარაკობს და ისე საამო ხმით, რომ მოცილება არ გინდა, მაგრამ რას ამბობს არ გესმის… ისეა ჩემი მწყემსიც… მარტო ის გავიგე, რომ დედა არ ყოლია… (დაფიქრება) მზე კარგა წამოიხარა (ამთქნარებს). დილით ადრე ამაგდო უძილო იმ როკაპმა… (ამთქნარებს) ცხვარი არსად გაიბნევა, პატარა თვალს მივლულავ… (ბალახში წვება, ამთქნარებს) ხახა არ გამიხჩეს, ტორემ მწყემსს არარ მოვეწონები… ნეტა კი მოვიდოდეს და… (ნელა იძინებს. გული გამოეღეღება).

(მაღლა ტყიდან გამოდის აბესალო და მურმანი მწყემსებათ მორთული).

აბესალო. აი, მურმან, სადაც ახლა ვდგავარ, აქ რომ მოვედი, შევჩერდი…

მურმანი (თავისთვის) სად მომიყვანა… ეს ხომ ის წისქვილია… ჩემი ღვთაება სადმე აქვე იქნება…

აბესლო. თვალებით მიმალულ შველს დავეძებდი… უცბათ შევკრთი: წისქვილის კარებთან ახალგაზრდა ქალი იდგა… შენ არ დამიჯერებ, მურმანო, და მე კი თავბრუ დამესხა…

მურმანი(თავისთვის) ჩემ მწყემს-ქალზე ამბობს…

აბესალო. ის ქალი  მწყემსის კონკებში ნახევრათ დანგრეულ წისქვილთან მე ნადირთა ღმერთ-ქალად მომეჩვენა… ფეხშიშველი, გაშლილი ყორნისფერი თმით  და პირ-ცისკარა დალზე ლამაზი იყო… ირემი მიმავიწყდა და სულგანაბული შევცქეროდი მის აკოკრებულ მკერდს…

მურმანი. გული მიმდის… არ შემატყოს მაინც…

აბესალო. წისქვილიდან კაპასი ხმა მოისმა… ქალმა მორჩილათ უპასუხა… წისქვილიდან ლანძღვა დაუწყეს… არ ვიცი, მომეჩვენა თუ სმენა გამიმახვილდა, ქალმა ბალახის სიოსავით წყნარი ხმით უთხრა – დედას რატომ მაგინებო… წისქვილიდან ლანძღვა-გინებით გამოვარდა ჯოჯო-დედაბერი და ჩემი ღმერთ ქალას თმით თრევა დაუწყო… ქალს ხმა არ ამოუღია… მინდოდა, მივშველებოდი, მაგრამ თავი შევიკავე. ტანსაცმლით ქალის დაფრთხობის შემეშინდა… მივბრუნდი და თქვენ დაგეწიეთ ტყეში…

მურმანი. საშინელი აღელვებული იყავი… გული გიცემდა… ჩვენ რო შეგეკითხეთ, ვირბინეო თქვი… დალზე არაფერი გიამბია… კი მაგრამ ახლა რაღათ წამომიყვანე ასე უცნაურათ… იმ ქალის შველა თუ გინდა, ტყუილა ირჯები…

აბესალო. ბოლომდე მათქმევიე…

მურმანი. (თავისთვის) სასიამოს, ვიცი, არ მეტყვი…

აბესალო. შემდეგ ბევრჯელ მოვედი აქ მარტო და უცხო ჩვენებას თვალს ვადევნებდი; მე აქ ეშმაკეული მეგონა…

მურმანი. რა დროზე მოდიოდი ხოლმე?

აბესალო. საღამოობით…

მურმან. (თავისთვის) მე კი დილ-დილა… (იმას) განაგრძე…

აბესალო. გუშინ გავბედე, როგორც ახლა, მწყემსათ მოვირთე და ტყიდან ჩავედი…

მურმანი. ეს რა ამბები ყოფილა…

აბესალო. ქალმა გაკვირვებით შემომხედა… მოწიწებით მივუახლოვდი და ვკითხე – დალი ხართქო? კისკისით მითხრა:დალს რითი ვგავარ, მე მწყემსი ქალი ვარ, ეთერიო….

მურმან. მერე?

აბესალო. ვილაპარაკეთ… ისე შემიყვარდა მაგ ქალი, რომ უმაგისოთ ცხოვრება არ შემიძლია… წამო, ნახე…

მურმან. რას ამბობ, აბესალო… შენ მეფის ძმა და მწყემსი ქალი?

აბესალო. სიყვარული მეფეს და გლახას არ არჩევს…

მურმანი. თუნდ მასე იყოს… მაგრამ თუ ის ქალი სხვას უყვარს?

აბესალო. შენც რომ გიყვარდეს, არ დაგითმობ… რას სულელობ, კაცო… წამო, ნახე და მერე სხვას მეტყვი… სადმე აქვე იქნება…

მურმანი. (თავისთვის) ვეტყოდი, მაგრამ ჟინიანია, არ დამითმობს და უარესი დამემართება… ჯერ ვაცლი…. (ჩადიან).

აბესალო. (ეძებს) ეთერო…

მურმან. (გაქვავებული მიშტერებია ეთერის გაღეღილ მკერდს) ჩემი წმინდათა წმინდა… ჩემ სალოცავს სხვამ ტალახი უნდა ესროლოს… სჯობს არაფერი შევიმჩნევიო… ბავშვური გატაცებაა, მიივიწებს… (აბესალოს) ნუ ყვირი, არ გააღვიძო…

აბესალო. აგერ ყოფილა… არ მოგწონს?

მურმანი. ჰო, არა უშავს რა… ცხვირი აქ ცოტა მოგრეხილი…

აბესალო. შენ ცხვირზე უფრო სწორია… შენ დღეს თვალი გატყუილებს, ძმაო… ეს ჩემი ბედია, მურმან… ახლა წადი და ცოტა ხნით ტყეში მიეფარე: უცხო ხარ და შერცხვება…

მურმან. (ტყისკენ მიდის) ეთერისთვის უცხო ვარ, მაგრამ ჩემთვის კი არაა ეთერი უცხო…

აბესალო. მკერდგაღეღილი, ფეხშიშველა, თმა გაშლილი… როგორც მაშინ, დალის თვალი მიულულავს და თაყვანი უნდა ვცე (დაიჩოქებს და მკერდზე ემთხვევა, ეთერი იგერიებს. მურმანი მოიხედავს, უნებურათ ხანჯალზე ხელს წაივლებს, მაგრამ შეყოყმანდება, ხელს ჩაიქნევს და შედის ტყეში)… ეთერო… (ტუჩებში კოცნის)

ეთერი. აჰ (თვალებ დახუჭული შეჩერებია).

აბესალო. ვერ მიცანი? აბა, კიდე გაკოცებ…

ეთერი. გიჟო, მოიცა… (გაღეღილ მკერდს შეამჩნევს და იფარავს) უი, სირცხვილო… როგორ დამიძინია…

აბესალო. აბა, მითხარი, ჩემო პატარა ბატკანო, გუშინ ხომ არავის უწყენინებია…

ეთერი. დიდი არაფერი მომხდარა… მცემა…

აბესალო. კიდე გცემა? მიჩვენე, სად გცემა…

ეთერი. აი აქ (აბესალო კოცნის), გიჟი!

მურმანი. ისევ აკოცა!… ძმათ გაფიცული რომ არ იყოს, სეფეწულობით არ დავინდობდი და ძვირათ დავუჯენდი მაგ კოცნას… რატო აქამდი არ გამოვუტყდი ყველაფერში… ახლა თქმა გვიანღაა: კაცი გრნობით გახელებულა და ძნელათ დათმობს… უეთერიოდ რომ არც მე მეცხოვრება!.. თითქო უბრალო ქალია და ამოდენა ძალა კი აქ ჩვენზე… ვაჟკაცები დაგვიმონავა… მე ახლო არ მინდოდა მივკარებოდი, თითქო რაღაცასი მეშინოდა… შორით ტრფობას მეუბნებოდა გული… ახლა როგორღა მოვიქცე…

ეთერი.(თეთრ ყვავილს მოიგლეჯს და გულზე აბნევს აბესალოს). ეს ყვავილი ობოლ ეთერს მოგაგონებს და უფრო ხშირათ იფიქრებ ჩემზე…

აბესალო. იცი, ეთერო, ეს ყვავილი შენი გულივით ნაზი და ფაქიზია… შენ ჩემი ღმერთი ხარ, შენ დალი ხარ… ამ ყვავილივით მოგიგონებ და ლოცვას გეტყვი…

ეთერი. რა გიჟი ხარ, ჩემო… გიჟო, გიჟო, გიჟო… სულ გიჟი უნდა გიძახო?(იცინის) მითხარი შენი სახელი…

აბესალო. მე… მე რო არ ვიცი, რა მქვია!..

ეთერი. ნუ ხუმრობ, მითხარი…

აბესალო. მართლა არ ვიცი; ამხანაგებიც გიჟს მეძახიან… ალბათ გიჟი მქვია…

ეთერი. მაშ მეც გიჟს დაგიძახებ…

აბესალო. შენ კი ლურჯთვალა იქნები… შენი თვალები ხომ ლურჯთვალა ზღვასა გავს… იცი რა, ეთერო, ერთი პატარა თხოვნა უნდა ამისრულო…

ეთერი. თქვი.

აბესალო. ერთი ძმა-ბიჭი წამოვიყვანე ჩემ ეთერს განახებთქო… ჩემი მეგბარი მწყემსია…

ეთერი. მერე სადაა? დაუძახე.

აბესალო. ტყეშია; ახლავე მოვა (უსტვენს. მურმანი მოდის).

მურმანი. მე მეძახის. არაფერს ვეტყვი… ჩემი სიყვარული არავინ არ უნდა იცოდეს…

აბესალო. აი, ისიც… ისე მოდის, თითქო მართლა ნადირთა ღმერთ-ქალს უახლოვდება…

ეთერი. მოდი, აქ გიჟის მეგობარო… მისი მეგობარი ჩემი მეგობარიცაა…

მურმანი. ეგ ჩემთვის დაუმსახურებელი წყალობა იქნება… სალამი, ღმერთ-ქალავ!

ეთერი. (აბესლომს) უცნაურათ ლაპარაკობს შენი მეგობარი… ღმერთ-ქალაო… (მურმანს) რა მიგავს ღმერთისა? ყველასგან დაჩაგრული ობოლი მწყემსი ვარ…

მურმანი. რომელი ღმერთი შეგედრებათ… დალსაც არ ექნება ეგეთი შავი თმა, ზღვასავით რომ გადაშლილა… ჩემი თუ არ გჯერათ, კითხეთ აბე…

აბესალო. (ნახევრათ ჩურჩულით) შენ გეშლება, ჩემო მურმან. მე ახლა გიჟი მქვია და ეს წუთსაც არ დაივიწყო…

მურმან.(სიცილით) აი, გიჟსა კითხეთ…

ეთერი. დაჯექი, გიჟის მეგობარო…

მურმანი. მე მურმანს მეძახიან, დედოფალო…

ეთერი. უცნაურ სახელებს მიწოდებ, ჩემო მურმან…

მურმანი. მინდვრის ყვავილთა დედოფალო-თქო, ასე მინდოდა, მეთქვა…

ეთერი. ეს თუ გიჟია, შენ შეშლილი უნდა იყო. დაჯექი, მურმან.

მურმანი. (თავისთვის) მართალს ამბობს. ჩვენ ორივე შეშლილები ვართ სიყვარულით…

ეთერი. ახლა თითო ზღაპარი მითხარით…

მურმანი. თქვენ უკეთესი ზღაპარი გეცოდინებათ, ზღაპარივით მხიბლავო ქალო…

ეთერი. მერე მეც ვიტყვი… დაიწყე, გიჟო. ოღონდ ისეთი, რომ მე გავიგო, თორემ თქვენ ციდან ჩამოფრენილივით ლაპარაკობთ.

აბესალო. მე ვიტყვი ერთ ზღაპარს, მარტო ერთ ზრაპარს… დამიგდეთ ყური! ერთ ღამეს ციდან ორი მეგობარი სული ჩამოფრინდა. ღმერთებმა ეს ორი სული დალოცეს და ცალცალკე გზაზე გაუშვეს… პირველი შემთხვევით მეფის სასახლეში მოხვდა და ახლად დაბადებულ სეფეწულს მიეკუთვნა… მეორე სული ათასფერად აჭრელებულმა სოფელმა შეაკრთო, ლამაზ, ბრჭყვიალა ადგილებში ვერ შებედა და ორღობეებში დაიწყო ხეტიალი… მეწისქვილის ღატაკ ქოხში შევიდა და მის თოთო ქალს დააჭყიტა თვალები… წამოიზარდა სეფეწული, დაჭაბუკდა… მდიდარი იყო მისი სამეფო, ყოველი მისი სურვილი ელვის სისწრაფით სრულდებოდა, მაგრამ სეფეწულის სულს სიმშვიდე არ მიეკარა: სიზმარივით ახსოვდა მას დაბადების ჟამს დაკარგული მეგობარი, სიცოცხლეზე უფრო სწყუროდა მისი ნახვა, გულში ჩაკონება… დადიოდა ის სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, სამეფოდან სამეფოში; ყველგან დაეძებდა მეგობარს, ყოველი ქალისა და კაცის თვალებში დაეძებდა ნაცნობ ნაპერწკალს და ვერსად იხილა იგი… უტიროდა გული სეფეწულს და ვერავის გაეგო მიზეზი მისი ჭმუნვისა…  ერთხელ ნადირობის დროს სეფეწული ტყეში მხლებლებს დასცილდა და განზე გადაუხვია, რომ მწუხარ ცნებას მისცემოდა… დაფიქრებული მიდიოდა სეფეწული… უცბათ ტირილი შემოესმა; აიხედა: მის წინ ტყე თავდებოდა და იქ, მინდორში წისქვილთან, მწყემსი-ქალი მწარეთ მოსთქვამდა თავის უბედობას… მეფის ვაჟმა იცნო: ეს მისი დაკარგული მეგობარი იყო. მივიდა, მიეალერსა… ქალმაც იცნო, თვალები აენთო… გადაეხვივნენ… სეფეწული დედოფალთან მივიდა და უთხრა – ჩემი გამხიარულება თუ გინდა, ესა და ეს მწყემსი-ქალი უნდა შემრთოო. ეწყინათ მეფესაც და დედოფალსაც, მაგრამ რაღას იქმდენ, დასთანხმდენ… ასე შეაერთა სიყვარულმა ცხოვრებისაგან დაშორებული მეგობრები. იქ ლხინი იყო, აქ კიდე უკეთესი გვაქ, ეთერო…

მურმანი. (თავისთვის) ზოგის ლხინი სხვისთვის ჭირია…

ეთერი. ცოტა გავიგე, მაგრამ, ეტყობა კარგი ზღაპარია.

აბესალო. არ გინდა, ეთერო, რომ შენც ვინმე მეფის ვაჟი შეგიყვარებდეს და ცოლათ წაგიყვანდეს…

ეთერი. არა. მეფის ვაჟს შენისთანა უბრალო მწყემსი მირჩევნია.

აბესალო. მურმან, ამაზე უკეთეს ქალს ვიპოვი სადმე?

მურმანი. მზე ერთია, გიჟო მეგობარო… (თავისთვის) მაგრამ მოთაყვანე ათასი ყავს…

აბესალო. ეთერო, იცი რა გითხრა….

ეთერი. რა?

აბესალო.ძალიან გეჯავრება დედინაცვალი?

ეთერი. ო, ძალიან…

აბესალო. გინდა, რომ მოშორდე იმას… ისე, რომ ის ბებრუხანა აღარასოდეს დაინახო, სულ არასოდეს…

ეთერი. მერე ეგ შეიძლება?

აბესალო. კი, თუ შენ მოუსურვებ…

მურმანი. (აბესალოს ყურში) გონებ ხომ არ დაგიკარგავს, კაცო…

აბესალო. (მურმანს ხელით მოიცილებს) თუ ცოლათ წამომყვები, შენ დედინაცვალს თვალით აღარ დაგანახვებ…

ეთერი. სულ შენთან უნდა ვიქნე?

აბესალო. სულ, სულ… არ გინდა თუ?

ეთერი. ჩემი დედინაცვალი რომ კუდიანია, არ გეშინია?

აბესალო. მე არავისი არ მეშინია, ჩემო ეთერო…

ეთერი. (თითებით არჩევს, მიხვდება) კარგი…

მურმანი. (თავისთვის) ჩემ ცნებას ორივე ფრთა შეეკვეცა…

აბესალო. (დანას აძლევს) ეს დანა იყოს თავმდები ჩვენი ერთგულებისა… დაგვლოცე, მურმან…

მურმანი. მე ლოცვა არ ვიცი… განგებამ დაგლოცოსთ…

ეთერი. გმადლობთ, ჩემო მურმან… ხომ კარგი ქმარი მეყოლება?

აბესალო. ხომ კარგი ცოლი მეყოლება? (კოცნის).

მურმანი. მე? მე სადღა ვეძებო (გამოჩნდება ქაქანით მომავალი დედინაცვალი).

დედინაცვალი. ჰაი, შე ზარმაცო, არამზადავ…

ეთერი. (შემკრთალი წამოვარდება) უი მე… აკი ჩამომისწრო… (გაბნეული ფარისაკენ გარბის დედინაცვალი შეამჩნევს და გამოუდგება).

დედინაცვალი. სად მიხვალ, სად… ახლა გაგახსენდა ცხვარი, შე უნამუსო… არცა გრცხვენია, რო მაგოდენა ძროხა მარტო დამჯდარხარ ამოდენა ბიჭებთან და ეჭუკჭუკები…

მურმანი. წამო, აბესალო, გავცილდეთ ამ ვეშაპ დედაკაცს, თორემ ხეირს არ დაგვაყრის…

აბესალო. ეთერი როგორ დავუტოვოთ, ხომ მოკლავს საბრალოს…

მურმანი. აბა გაბედოს! (განზე დგებიან. მოდის ეთერი თავდახრილი).

დედინაცვალი. ახლო მოდი, შე სამიწევ (ეთერი გაუბედავად მიდის).

ეთერი.(ხმის კანკალით) ერთი ცხვარი დაკარგულა.

დედინაცვალი. რაო? დაკარგულაო?! როგორ თუ დაკარგულა? თავი არ დაგეკარგა? (ურტყამს) აჰა, თუ დაგეკარგა… აჰა, თუ დაგეკარგა…

მურმანი. (გადაეღობება) ხელი, დედაბერო!

დედინაცვალი. თავი ხომ არ მოგძულებია, შე უბედურო… ჩემი სულის შებერვა და შენი გაქრობა ერთი იქნება…

აბესალო. ფრთხილად, თორემ თავი ვისაც მოსძულებია, კი დაინახავ…

დედინაცვალი. ეს ვინ მოსულა, შენი ჭირიმე!?

აბესალო. მეფის ძმა, სეფეწული აბესალო მოსულა, აი ვინა! (ნაბდის ნამჯას გადიძრობს და სეფეწულის ტანსაცმელშია) არ ელოდი, თოკის ღირსო დედაბერო?.. ეს კიდევ ვეზირი მურმანია (მურმანიც იცვლება).

ეთერი. (ჩუმათ) უი ჩემ თვალებს…

დედინაცვალი. მაპატიეთ სეფეწულო… ეს სულ შენითა მჭირს (ეთერს თავში უნდა ჩაკრას. აბესალო ხელს დაუჭერს).

აბესალო. ფრთხილად მეთქი, ბებრუცანავ… ამ გოგოს ხელს ნუ ახლებ…

დედინაცვალი. ეს ხომ ჩემი ქალია, სეფეწულო…

აბესალო. შენი თუ იყოს, არცა სცემდი… ეთერი ჩემი საცოლეა…

დედინაცვალი. რა დროს ხუმრობაა, ჩემო ხელმწიფევ…

აბესალო. მე არ ვხუმრობ…

ეთერი.(დანას აძლევს) აი შენი დანა.

აბესალო. ეს რას ნიშნავს, ეთერო… მე როდი ვხუმრობ, მართლა შეგირთავ ცოლათ…

ეთერი. მე ვერ წამოგყვები…

აბესალო. რატო?!

ეთერი. შენ სამეფო ხარ და მე უბრალო მწყემსი… რა შესაფერისი ვიქნები! ყველა დაგცინებს… მალეც მოგწყინდები და უარეს ყოფაში ჩავვარდები, ვიდრე ახლა ვარ…

მურმანი. (აბესალოს) მართალს გეუბნება… დაუჯერე, აბესალო…

აბესალო. ცა რომ ჩამოინგრეს და დედამიწა გასკდეს, მაგ დანას მაინც არ გამოგართმევ…უშენოთ სიცოცხლე მე არ შემიძლია, ეთერო… შემოგფიცავ, რომ ჭირში და ლხინში შენი ვიქნები…

ეთერი. მერე რომ ინანო?…

აბესალო.(დანაზე იფიცებს). მთვარემ პირი მარიდოს, მზის დანახვისა მცხვენოდეს… წყალს რომ დასალევად მივადგე, სისხლათ გადაიქცეს, ლოგინი ნარ-ეკლით მომეფინოს, თუ შენ გიღალატო, ეთერო… მტრისთვის მოქნეულლი ხმალი ვადაში გადამიტყდეს, თუ შენთვის ცუდი ვიფიქრო… ახლა ხომ გჯერავს, ჩემო ლურჯთვალავ, რომ სეფეწულის ტანსაცმელშიც მიყვარხარ…

ეთერი. ახლა მჯერა (გადაეხვევიან. ჩურჩულობენ).

დედინაცვალი. (მურმანს) შენ კი განზა დარჩი, ვეზირო… მე ვიცი, შენ რაც გაწუხებს, მაგრამ ჯერ შენ თავსაც ვერ უმხელ… პატარა ჭია შეგეპარა გულში და იმას იქიდან ვეღარ გამოდენი… ის ჭია სულ გამოღრღნის მეგობრის სახეს შენი გულიდან… თუ ძალიან გაგიჭირდეს, ჩემთან მოდი; მე ბევრი რამ შემიძლია… ხი, ხი, ხი.

 

ფარდა

 

მოქმედება მეორე

სურათი 1

 

აბესალოს სენაკი

 (ეთერი მორთულია; აბესალო თმას უთამაშებს)

აბესალო. დედოფალო, ჩემო პატარა დედოფალო! ნეტა თუ ოდესმე გავძღე შემ ლამაზ თვალებში ცქერით, შენი ხუჭუჭა თმის თამაშით… ნადირთა დამტყვევებელო დედოფალო, დალო… რათ მოიწყინე, რატო არაფერს ამბობ…

ეთერი. მე ისევ დედინაცვალთან წასვლა მირჩევნია…

აბესალო. რატო? ოქროს გალიაში ვეღარ გაძელი, ისევ ამწვანებული ტყე და ჭალა მოგენატრა?..

ეთერი. იმიტომ, რომ…

აბესალო. მზემ ტირილი როდი იცის, ეთერო, და თუ იტირებს, იმიტომ რომ უფრო გალამაზდეს და გახალისდეს… აბა, გაიცინე!

ეთერი. რამ უნდა გამაცინოს… წამოგყევი აქ და ყველა გაგაუბედურეთ…

აბესალო. ნუ ამბობ მაგას, გენაცვალე… ეგ ხომ სისულელეა…

ეთერი. მე მართლა გეუბნები… და ძმას ვამდურე და ძმა-ძმას… არც ერთი აღარ გიკარებს… აქამდე მე ვიყავი ობოლი და ახლა შენც დაგაობლე… რათა? ვიღაც მწყემსი ქალისთვის… მე შენი ტოლი არა ვარ… რომ შენდამი სიყვარული არ მაკავებდეს, ამ დარბაზში ვერ გავძლებ და აქამდე ათასჯერ გავიქცეოდი ჩემ ცხვრებთან…

აბესალო. ასე ადრე გულს რათ იტეხ, ეთერო… სადაცაა მურმანი მოვა მოციქულობიდან და გვახარებს, რომ ძმა – მეფე და ჩემი დაც გვირიგდებიან… გნახავენ, შეგიყვარებენ… გახალისდები, დაჩაგრულო ჩიტუნია… რათ გინდა ტყე, წისქვილი… ყველა ტყე და ყველა წისქვილი ჩვენი არაა… დედინაცვალი როგორ მოინატრე, არ გრცხვენია?… (შემოდის მურმანი) რა ამბავი მომიტანე, მურმან?

მურმან. (ეთერს) დილა მშვიდობისა…

ეთერი. გაგიმარჯოს.

აბესალო. რა ამბავი მომიტანე?

მურმანი. ცუდი, სეფეწულო. მეფესთან ვიყავი და თქვენთვის პატიება ვთხოვე. თქვენი და მარიამიც იქ იყო… იმან გაპატიათ, მეფესაც შეევედრა, დაუჩოქა…

აბესალო. მერე მეფემ რა სთქვა? მალე მითხარი, მეფემ რა სთქვა?

მურმანი. მეფემ წარბიც არ შეიხარა… აბესალომ ჩემ წმინდა სახელს ტალახი ესროლა და ის ჩემი ძმა აღარააო… მეტი არაფერი სთქვა მრისხანე მეფემ…

აბესალო. უბედურო ძმაო, შენ რომ იცოდე, რაა სიყვარული, მაპატიებდი, მაგრამ შენი ცივი გული არასოდეს არ გაულბია ამ გრძნობას…

მურმანი. (თავისთვის) მე თუ ვიცი, რითი გამაბედნიერა…

ეთერი. გამიშვი მე, შენ თავს ნუ იღუპავ, აბესალო…

აბესალო. შენ მაინც ნუღა ამირევ ტვინს, ჩემო ეთერო… შენ ჩემი ხარ და ჩემივე დარჩები… შენ რათ სდუმხარ,მურმან?

მურმანი. აბა რა ვთქვა, სეფეწულო…

აბესალო. მირჩიე რამე…

მურმანი. ეჰ, ბატონო, რჩევა რომ შემეძლოს ჩემმა თავმა ქვა მესროლა?…

აბესალო. ეგ რა პასუხია! შენ რაღა გიჭირს!

მურმანი. თქვენი მწუხარება არ გეყოფათ, რომ ჩემითაც არ დაგტვირთოთ? ისევ ჩემ გულში იყოს ჩემი საფიქრებელი… (შემოდის შიკრიკი).

შიკრიკი. მეფე მობრძანდება (შემოდიან მეფე და მარიამი. მძიმე სიჩუმეა).

აბესალო. მობრძანდით, მეფე-ბატონო…

მეფე. მე მოვედი, რომ ჩემი უკანასკნელი სურვილი გამოგიცხადო აბესალო: გაასწორე დანაშაული და წარსულს დავივიწყებ.

აბესალო. ესე იგი…

მეფე. ესე იგი ქალს თავი დაანებე…

აბესალო. მე არ შემიძლია.

მეფე. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ჩემ ძმობაზე და სეფეწულობაზე უარი უნდა სთქვა… სამშობლოდანაც გაგაძევებ… ირჩიე, რომელიც გინდა…

ეთერი. მე წავალ ჩემ დედინაცვალთან, ოღონდ შენ ნუ გარისხავ შენ ძმას, დიდო ბატონო…

მეფე. ეს ვინ ბედავს ჩემთან ლაპარაკს… ვინა ხარ შენ?

ეთერი. ეთერი…

მეფე. ეგ მე არ ვიცი… საიდანა ხარ?

ეთერი. მწყემსი ქალი ვარ…

მეფე.(აბესალოს) და ჩემმა ძმამ ამ ბავშვში უნდა გასცვალოს დიდება და მეფის გვირგვინი?! გაუშვი ქალი…

აბესალო. არ შემიძლია…

მეფე. მე ჩემი უკანასკნელი სიტყვა გითხარი. ნუ აჩქარდები; კარგათ მოიფიქრე და პასუხი დღეს საღამოთი შემატყობიე: მწყემსი ქალის სიყვარული თუ სამეფო დიდება და შემდეგ მეფის გვირგვინი… კარგათ დაფიქრდი!!! (გადის).

მარიამი. (ეთერს შუბლში აკოცებს) კარგი არჩევანი გცოდნია, ძმაო: ამ მარგალიტს დედოფლის გვირგვინი კი დაშვენდება…

აბესალო. (მარიამს) გმდლობ (ეთერს თვალებში შესცქერის) ეს ლურჯი, ზღვასავით უძირო თვალები ვეღარ ვიხილო!… და ეს ხუჭუჭი თმა (თმას უთამაშებს), საალერსოთ რომ გიწვევენ, შემოდგომის ღამესავით შავი ნაწნავები ავმა დედინაცვალმა დაწეწოს?.. არასოდეს! არასოდეს ამას არ ვიქმ! შენ ჩემთან უნდა დარჩე, ეთერო, ჩემთან უნდა დარჩე… ( გულში ჩაიკრავს… ნელ-ნელა ჩაფიქრდება).

მარიამი. ისევ დაფიქრდა… და სულ ფიქრი, სულ ფიქრი… რა უყავი შენი სიხალისე, აბესალო… თქვენც სულ დაფიქრებული ხართ, ბატონო მურმან…

ეთერი. ჩემო უბედურო თავო, ეს რა ვქენი, ცხოვრება აგიწეწეთ…

მურმანი. რათ ჯავრობთ, ეთერო… ფიქრი ნისლია, გარიჟრაჟზე გაიბნევა; ცა გადაიწმენდს და მზეც გაიცინებს…

ეთერი. მე სხვას მეუბნება გული, ჩემო მურმან: ვაი თუ ნისლი შავ ღრუბლათ იქცეს და ელვა-მეხიც გადმოგვაყაროს…

მარიამი. (მურმანს) ხომ ხედავთ, – სიყვარულმა ტანჯვა იცის… არავინ შეიყვაროთ…

მურმანი. საუბედუროთ… თუ საბედნიეროთ მე უკვე მიყვარს… (შემოდის შიკრიკი).

შიკრიკი. სეფეწულო, მეფემ გიბრძანათ პასუხი დღეს საღამოთიო… დღეს სა-ღა- მო-თი (გადის).

აბესალო. მირჩიეთ რამე… შენ, მინდვრის სათუთო ყვავილო; შენც, ჩემო კეთილო დაო, მარიამ- ვარსკვლავო; შენც, გულადო მეომარო, ბავშვობის მეგობარო მურმან… მირჩიეთ რამე…

მარიამი. შენ უკვე ყოყმანობ, აბესალო, შენ სასწორზე ხარ…

აბესალო. მაგას ნუ ამბობ, დაო… ნურც შენ იფიქრებ ასე, ეთერო… მე ვიცი, ორში რომელი უნდა ვირჩიო, მაგრამ მე თვით არჩევანი მინდა ავიცილო… მირჩიეთ რა ვქნა?…

ეთერი. (აცრემლებული) მე არაფერი არ ვიცი… (მარიამი ეჩურჩულება და ერთად მიდიან).

აბესალო. სად მიხვალ, ეთერ?

მარიამი. ეთერის ნუ გეშინია, ჩემთან იქნება (გადიან).

აბესალო. შენ მაინც მითხარი რამე, მურმან… შენ სიტყვაძვირი ხარ, მაგრამ მეგობრისთვის ნუ დაიშურებ… ჩვენ თან ხომ ერთად გავიზადეთ. ჩვენ ერთმანეთის საიდუმლო არ გვქონია, ჭირიც გაგვიყვია და ლხინიც… ახლა კი თითქო დამშორდი, თითქო კედელი ამიშენდა ჩვენს შუა…

მურმან. სეფეწულო…

აბესალო. ნუ, ეგრე ნუ! ძველებურად აბესალო დამიძახე… ნურც თქვენობით მეტყვი.

მურმანი. რომ იცოდე, აბესალო, რა ცეცხლი ტრიალებს ჩემ გულში…

აბესალო. ხომ გიყვარვარ ისევ, ხომ ძველებურათ გიყვარვარ…

მურმანი. ახლა უფრო მიყვარხარ, აბესალო, ახლა უფრო მიყვარხარ, მაგრამ…

აბესალო. მომეცი ხელი, მეგობარო (მურმანი ხელს არ აძლევს), ჩვენ ხომ ისევ მეგობრები ვართ.

მურმანი. მეგობრები ვართ… მეგობრები… ჰა, ჰა, ჰა… რა უცნაურათ გვათამაშებ, მასხარა ცხოვრებავ!..

აბესალო. მე არაფერი მესმის…

აბესალო. არც მე მესმის, მეგობარო… შენ რჩევას მთხოვ; რა გირჩიო, როდესაც ჩემი სული და გული აფორიაქებულია… თითქო ამღვრეულ წყალში დავცურავ… არ ვიცი, სად ვარ და რა ვარ… ჩემ რჩევას ნუ ენდობი… მე არაფერი მესმის…

აბესალო.  დღეს ან შენ გაგიჟდი, ან მე… მე შენი ვერაფერი გავიგე (გადის).

მურმანი. უფრო კი ორივენი გავგიჟდით, ორივენი… საბრალო აბესალო… საბრალო ეთერი… ე-თე-რი… ტკბილია ჩემთვის ეს სიტყვა… ტკბილია, მაგრამ… ვის უფრო მეტი უფლება გვაქ, მე თუ აბესალოს… აბესალოზე წინ მე შევიყვარე ეთერი… ეთერს რომ აბესალო უყვარს!.. იქნება მეც შემიყვარებდა… აბესალო და ეთერი… აქ მე ზედმეტი ვარ… (შემოდის მარიამი).

მარიამი. აქ საქსოვი დამრჩა (ეძებს). აქ მარტო რას აკეთებთ, ბატონო მურმან…

მურმანი. ვოცნებობ…

მარიამი. ვისზე?

მურმანი. სატრფოზე.

მარიამი. ვინაა იგი, მითხარით და იქნებ ოცნება სინამდვილეთ გიქციოთ…

მურმანი. არა, თქვენ არა ხართ, დაო (მარიამი ტუჩზე იკბენს).

მარიამი. უზრდელი ყოფილხართ! (გადის).

მურმანი.  ასე სჯობია, ცრუ იმედი აღარ ექნება… ჩემი სატრფიალო სულ სხვაა… ეთერი… პატარა, იასავით ნაზი, ნამივით ცქრიალა ეთერი… მე მიყვარს ეთერი… ო, რომ ეთერის უცხო თვალთაგან მოტაცება… ო, რომ შემეძლოს ამის თქმა: ეთერი წმინდაა მთის თოვლივით… ეთერს ჩემს მეტი არავინ შეტრფის… ეთერის ზღვა თვალებში მარტო ჩემი სული ისვენებს… ეთერის თმის რხევა მარტო მე მიგზავნის სიოს, მათრობელ სიოს… ეთერი ჩემიაო, რომ ვიტყოდე, მაშინ ბედნიერი ვიქნები…

ხმა. შეგიძლია!

მურმანი. ეს ვინა სთქვა? ხმა ნაცნობია… (ჰაერიდან იბადება დედინაცვალი).

დედინაცვალი. აღარ გახსოვარ?

მურმანი. შენ აქ რა გინდა?

დედინაცვალი. დაგეხმარები… ეთერს გიშოვნი…

მურმანი. არა, არა… ეს მხოლოდ გზააბნეულის ბოდვა იყო… ეს ნატვრა იყო და სხვა არაფერი… მართალია ეთერი მიყვარს, მაგრამ აბესალოსთან ძმათ გაფიცული ვარ… ის ჩემი მეგობარია…

დედინაცვალი. ჰი, ჰი, ჰი… რა სულელი ხარ!.. სიყვარულს თავისი გზა აქვს და მეგობრობას კიდევ თავისი…

მურმანი. ეთერს რომ აბესალო უყვარს…

დედინაცვალი. და შენ რომ ეთერი გიყვარს!? სისულელეს თავის ანებე და ყური დამიგდე: მე მოგცემ წამალს, რომ აბესალოს ეთერი გააშვებიო…

მურმანი. მერე ეთერი რომ დაიტანჯება… ბარემ ისეთი წამალი მომეცი, რომ აბესალომ ეთერი დაივიწყოს და ეთერმაც მე შემიყვაროს…

დედინაცვალი. ჰი, ჰი, ჰი… მართლა სასაცილო ხარ, ბატონო ბრძენო ვეზირო… ხომ არ გგონია, რომ თქვენდამი სიბრალულმა მომიყვანა აქ… აქ იმიტომ მოვედი,რომ ეთერი აბესალოს მოვაცილო და დავტანჯო… მოკავშირეთ შენ გამოდგები… შენთვისაც ხელსაყრელია… თანახმა ხარ?

მურმანი. არასოდეს!.. მე ფიცს ვერ გავტეხავ… მე… გაეთრიე აქედან, მაცდურო სულო…

დედინაცვალი.  ენით სხვას ამბობ და გულით – სხვას… მე წავალ, მაგრამ ვშიშობ, რომ ეგ წყრომა სანანებლათ დაგრჩება… (სარკმელზე ჯადოს დებს) ეს ჯადოა; თუ ჯადო გატყდა, ეთერი სილამაზეს დაკარგავს… მყრალი მატლები დაესევა და შეზიზღდება უფლისწულს… ეთერს გააგდებენ დარბაზიდან… მაშინ შენ თუ არ წაიყვანე, იგი ჩემთან მოვა და მის ჯავრს ამოვიყრი… თუ ეთერს წაიყვან, შენ ციხეში დააბინავე და სილამაზე დაუბრუნდება… მშვიდობით… (ქრება)

მურმანი. წავიდა… ეს საიდუმლო. პატარა ჯადო აქ დამიტოვა… (ხელში აიღებს). სამი ადამიანის ცხოვრება შენ ხელშია… მე… აბესალო… ეთერი… პატარა ეთერი… აბესალომ მის სიყვარულს ტალახი ესროლა, როდესაც რჩევა დაიწყო… საბრალო ეთერი… (ჯადო გაუვარდება. მურმანი თითქო სიზმრიდან ერკვევა) ეს რა ჩავიდინე!.. ჯადო გავტეხე… ჯადო გავტეხე…

 

ფარდა

 

სურათი 2

 

დარბაზი

(მეფე, მარიამი და მურმანი)

 

მარიამი. ძმაო ბატონო, ნუ გამოიჩენ ზედმეტ სიმკაცრეს… ერთი ძმა გყავს და ისიც უნდა გაუბედურდეს?

მეფე. თვითონ ასე სურს…

მარიამი. აბესალო შენ ნებას არასოდეს გადავიდოდა, მაგრამ, ალბათ ძალიან უყვარს და აპატიე… ჩემთვის აპატიე…

მეფე. შენ, მურმან… შენ რათ არ მეხვეწები აბესალოსთვის… ის შენი მეგობარია… მითხარი, მართალო კაცო, კარგი წყვილი იქნება მეფის ძმა და მწყემსი ქალი?.. შენ ყოველთვის მართალის თქმა იცი…

მურმანი. მე… მეფეზე უფრო მართლად როგორ განვსჯი!.. თქვენ უკეთ უწყით, ბრძანებელო…

მარიამი. საიდან იშოვე ეგ თაფლი ენა, შხამზე უარესია…

მურმანი. მე მარტო თაფლს დავეძებდი და შხამიც თუ გამოყვა, ეს ჩემი ბრალი არაა…

მარიამი. ამას ნუ დაუჯერებ, მეფეო… ეს გულჩახვეული ჭაობია… რამე ცუდი განზრახვა ალაპარაკებს…

მურმანი. ტყუილა მლანძღავთ, მარიამ… მე თქვენთან დამნაშავე არა ვარ…

მარიამი. ჩემზე არ მოგახსენებთ, ბატონო მურმან…

მეფე. ტყუილა დავობთ… მე მწყემს ქალს არასოდეს არ მოვიჯენ გვერდში… ამას ღმერთებიც იუარებენ… (შემოდის შიკრიკი)

შიკრიკი. სეფეწული მობრძანდება… (შემოდის მწუხარე აბესალო).

მეფე. მოიფიქრე?

აბესალო. მე ვიფიქრე, მეფევ და მოფიქრება კი როდის დამაცალა ბედმა… ჩემ მაგივრათ ღმერთებმა იფიქრეს…მთლად ამიმღვრიეს თვალები… ჩემ მაგივრათ ბედმა მოიფიქრა…

მეფე. შენი პასუხი?

აბესალო. პასუხი?.. სადაა პასუხი… პასუხი ბედისწერას მოთხოვე… იგი გიპასუხებს…

მარიამი. შეშლილია საბრალო… შეშლილია…

აბესალო. არა, მე არ შევშლილვარ… მარტო ჩემი ბედი შეშლილა…

მეფე. მე არაფერი მესმის… პასუხი?

აბესალო. (შიკრიკს) შამოუშვი… ( შემოდის დამახინჯებული, სუნადენილი ეთერი)… აი, პასუხი!

მურმანი. (თავისთვის) გამაგრდი, გულო… სიყვარული ცუდს არას ჩადის…

მარიამი. ეთერო… უბედურო ეთერო, ეგ რა მოგსვლია!..

მეფე. მე პასუხი მაინც არ ვიცი…

აბესალო. შენი წყალობა ვირჩიე, მეფევ… (დუმს) ფიცი მახსოვს… მაპატიე…

მეფე. ჭკუა გიქნია… მომილოცავს…

ეთერი. მე წავალ ისევ ჩემს დედინაცვალთან… ჩემს ცხვრებს მივხედავ… შენც მოგიგონებ, სეფეწულო… მე წავალ…

აბესალო. მოიცა…

ეთერი. რა გინდა ბატონო, მე შენზე ნაწყენი არა ვარ… შენი ბრალი ხომ არაა, რომ დავმახინჯდი და …

აბესალო. მოიცა… შენ თქვი –  დედინაცვალთან წავალო?

ეთერი. ჰო.

აბესალო. ეგ არ შეიძლება! მეფევ, მიეცი ნება საბრალო ეთერს, რომ  აქ სადმე იცხოვროს… ამის დედინაცვალი ავია… სცემს, თმებით ათრევს… მე მაგას აღარ შევირთავ, მაგრამ აქ დარჩეს… ცოდოა ეთერი…

მეფე. შეუძლებელია… მაგის სახელის გაგონება, მაგის დანახვა, ყველას მოაგონებს სეფეულის სასირცხვილო საქციელს… შეუძლებელია…

აბესალო. თუ ეთერი დედინაცვალთან გაუშვით, მე… მე არ ვიცი, რას ვიზამ… ეთერი აქ უნდა დარჩეს

მარიამი. ეს მაინც დაუთმეთ, მეფევ ბატონო…

ეთერი. მე არ დავრჩები… ჩემი სიმახინჯე აქ ყველას გულს აურევს, ზიზღით შემხედავენ… ჩემ ცხვართან წავალ… დედინაცვალს ჩემი სიმახინჯე კიდეც მოეწონება… აქ ვის რათ ვუნდივარ მახინჯი…

მურმანი. მე.

მარიამი. შენ!!

აბესალო. შენ?

მურმანი. დიახ, სეფეწულო, მე!.. ის, ვინც ჩემ მეგობარს უყვარდა, უპატრონოთ, ავი დედინაცვლის ანაბარა არ უნდა დარჩეს…  ჩემთან  წამოდი, უბედურო ეთერ; მე შენი სიმახინჯე არ შემზიზღდება… მე შენი მხიბლავი სილამაზეც მახსოვს…

მარიამი. (თავისთვის) აი თურმე ვისზე ოცნებობდა…

აბესალო. გმადლობ, მეგობარო… შენ ყოველთვის დროზე იცი დახმარება… მეფევ, ამის ნება მაინც დაგვრთე, რომ ეთერმა მურმანთან იცხოვროს…

მეფე. კარგი… ოღონდ ისე შეინახე, რომ მაგ ქალის სახელი მურმანის ციხიდან გარეთ არ აწევდეს… უნდა მოკვდეს მაგ ქალის სახელი…

მურმანი. ბატონი ბრძანდებით, მოწყალე მეფე…

აბესალო. შენ თანახმა ხარ, ეთერო?.. ნუ იტყვი უარს…

ეთერი. მე ცხვარში მირჩევნია…

აბესალო. გევედრები…

ეთერი. თუ შენ მასე გსურს, სეფეწულო, მე თანახმა ვარ…

აბესალო. მეგობარო!.. მე… ბედმა მარგუნა ფიცის გატეხა… მომეცი სიტყვა, რომ შენც არ გაუშვებ შარა გზაზე ბედის ამარა…

მურმანი. გაძლევ სიტყვას, რომ ეთერის სიმახინჯეს მე არასოდეს არ დავინახავ… ლამაზ ეთერს კი გიჟის მეტი ვინ გამოაგდებს…

აბესალო. მაპატიე, მწყემსო ქალო…

ეთერი. მადლობის მეტი მე არაფერი მეთქმის, სეფეწულო…

მურმანი. წავიდეთ, ეთერო… მშვიდობით, მეფევ… მშვიდობით, სეფეწულო… მარიამ, მშვიდობით…

მარიამი. მშვიდობას არ გაღირსებ…

 

ფარდა

 

 

მოქმედება მესამე

სურათი 1

 

მურმანის ციხე

(კვლავ ლამაზი ეთერი მდიდრულათ მორთული ზის და ყაჭს ქსოვს. დედამთილი თმას უწნავს).

დედაბერი. შვილო მურმან, როგორი გულის ფანცქალით მოეშურები ახლა შენ ინდოეთიდან… მეფის დის, მარიამის ბრალი იყო მისი იქ წასვლა; იმან ურჩია მეფეს… ამსითანა მერცხალი სახლში გყავდეს, – ინდოეთში რას უნდა დაეძებდე… ტყუილია, ეთერო, შენისთანა თმა არცერთ სეფექალს არა აქვს ჩვენ სამეფოში… მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, მეც კარგი თმა მქონდა… განსვენებული მეფის გულიც ავათამაშე ჩემი მაყვალი თმით… (შემოდის სამი და).

2 და. აი ჩვენც!.. თვალ-მარგალიტები მოვიტანეთ…

3 და. მე გიშერი და ქარვა..

1 და. ისე მოვრთავთ ჩვენ ეთერს, რომ მურმანმა ვეღარც კი იცნოს… (ეთერის რთავენ).

2 და. დედა, დღეს უეჭველათ მოვა მურმანი?

დედაბერი. შიკრიკმა კი გვახარა და… ძალიან გამარჯვებული მოდისო…

3 და. დარდი ნუ გაქ, ჩემი ძმა გზაში აღარ შეიგვიანებს… ახლა ალბათ, ყოველ ნაბიჯზე ეთერი ელანდება და მოქრის მისკენ…

2 და. დიდი ლხინი უნდა გადავიხადოთ, ეთერო…

1 და. რატო მოგიწყენია, ცოდო ეთერო, არ გახარებს მურმანის მოსვლა?..

დედაბერი. როგორ არ ახარებს… ხომ ხედავ – გაწითლდა… თქმისა სცხვენია… ახალგაზდობაზე მეც მასე ვწითლდებოდი…

ეთერი. მე მაგი კი არ მაწითლებს… მე ის მცხვენია, რომ თქვენ, ხელმწიფის ტოლი ადამიანები, მე, ობოლ ეთერს, ასე მექცევით… რითი დავიმსახურე?!.

დედაბერი. მეტჯელ აღარა თქვა ეგრე, გენაცვალე… დაივიწყე, რომ შენ მწყემსი ქალი იყავი… აწი შენ ჩვენი ტოლი ხარ…

ეთერი. რატო?

დედაბერი. მაგას მურმანი გეტყვის…

1 და. მაგებს რას დაეძებ ეთერო… შენ თავს შეხედე, რა ლამაზი ხარ და აღარაფერი გაგიკვირდება…

2 და. საყურე და სამაჯურები გავუკეთე… როგორ შვენის! შეხე, დედილო…

დედაბერი. მშვენიერია…

3 და. მეც გავათავე…

დედაბერი. ახლა უმღერეთ ეთერს, შვილებო… გულიდან დარდი გადაყარეთ… (სამი და ცეკვით გარს  უვლიან; თან მღერიან).

სამი და:

მზეო, ამოდი, ამოდი,

ქალი ეთერი ნახეო:

თვალ-ფირუზს და თმა-მაყვალას

ია-ვარდს უგავს სახეო…

ვარალალი არალე

ეთერო, გენაცვალე…

მზემ თვალი ვერ გაუსწორა,

დარცხვენით თავი დახარა;

სილამაზით ეთერი სჯობს…

მზე დაჯდა, ცრემლი დაღვარა…

ვარალალი არალე,

ქალო, შენ გენაცვალე…

ეთერ, მჯობნი არა გყავს,

ტყუილა ნუ მოგიწყენია…

ტყის ოხვრაც, ბულბულთ გალობაც

და ვარდის ლოცვაც – შენია…

ვარალალი არალო,

წარბი გაშალე, ქალო…

2 და. ნახვამდის, ეთერო … (მიდის).

3 და. ნახვამდის, ეთერო … (მიდის).

ეთერი. ნახვამდის…

1 და. შენ წადი, დედილო… ეთერთან მე დავრჩები…

დედაბერი. არ მოიწყინო, ეთერო, გენაცვალე… (შუბლში კოცნის და გადის).

1 და. (სიცილით) ჩემიც ხომ არ გრცხვენია, ეთერო… მე ყველაფერი მითხარი…

ეთერი. შენთან ისე ვგრძნობ თავს, თუ გინდა დედა გამცოცხლებოდეს…

1 და. რატო ხარ ასე მოწყენილი?..

ეთერი. ცუდი სიზმარი ვნახე…

1 და. მაინც?

ეთერი. მე წყალში ვიხრჩობოდი… ნაპირზე აბესალო იდგა… მომტიროდა… მინდოდა, სიტყვა მეთქვად და შორს იყო, ვერ გავაგონე… სტიროდა… ისე სტიროდა, რომ… მისი ცრემლებით ტბა იზრდებოდა და იზრდებოდა… მე სულ მაღლა და მაღლა ავქონდი წყალს და…

1 და. და რა მოხდა მერე?…

ეთერი. … და აბესალო ვეღარ დავინახე, ტალღამ დაფარა…

1 და. მაგ სიზმარი ცხადს გავს…

ეთერი. რავა?!.

1 და. აბესალოს და მარიამი პარვით შემოვიდა კოშკში… გალავანს, ხომ იცი, ჩემი ცხრა ძმა სდარაჯობს… იმათ არ გაუგიათ… მარიამს შენი ნახვა უნდა და ის გეტყვის ყველაფერს…

ეთერი. სადაა?

1 და. ახლავე შემოვუშვებ… (გადის).

ეთერი. დღეების სათვალავი ამერია… რაც ამ კოშკში შემოვედი, ამბავი აღარ მომსვლია აბესალოდან… სულ ველოდი რაღაცასა და თურმე ეს იყო… (შემოდის მარიამი).

მარიამი. ეთერო… (ეთერი მივა და ხელზე კოცნის) აპატიე აბესალოს, ეთერო…

ეთერი. მე მას დიდი ხანია ვაპატიე…

მარიამი. შენ ყველაფერი არ იცი… აბესალო ავათაა… შენ რომ  დატოვე, იმის შემდეგ აბესალოს ერთხელაც არ გაუცინია… ჩუმ სევდას მიეცა… გაზაფხულზე, მურმანს რომ ინდოეთში აგზავნიდა, კითხა – ეთერი როგორააო…  წყეულმა მურმანმა უპასუხა –  შენგან დაწუნებული ეთერი ვარსკვლავებს ეთამაშებაო… მის სილამაზესთან სირცხვილით მზეს თავი ვეღარ გამოუჩენიაო… გაუორკეცდა ვარამი აბესალოს… ბროწეული ლოყები ჩამოეჭკნო… ლოგინათ ჩავარდა და ახლა სიკვდილს თვალით შესცქერის…

ეთერი. … ნუ თუ გადარჩენა აღარ შეიძლება… და ყველაფერი ეს ჩემი გულისთვის… რა უბედურ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული…

მარიამი. ეთერო, წამო აბესალოსთან… ნუ თუ აღარ გიყვარს, ეთერო…

ეთერი. მე.. მე დღე და ღამ აბესალოზე ვიქრობ… მე წამოვალ… მაგრამ ის?.. მეფე?!.

მარიამი. მე მოვახერხებ როგორმე… წამო, ეთერო… სიკვდილის წინ მაინც მოგკრას თვალი… მე აბესალომ გამომგზავნა… შემიბრალე, ეთერო, შენ უნახავათ ნუ მომკლავ…

ეთერი. მე წამოვალ … მე ახლავე წამოვალ…

მარიამი.  მეშინია, რომ აქ ვინმემ მომისწროს… მე წავალ… შენ წამოდი… (გადის).

ეთერი. მეც ახლავე… მეც ახლავე… (სასთუმლიდან დანას იღებს… კარებში 1 დას შეეფეთება).

1 და. ეთერო, ჩემი ძმა ჩამოვიდა, მურმანი… საცაა აქ მოვა…

ეთერი. მე აბესალოსთან უნდა წავიდე…

1 და. მოიცა… (შემოდის მურმანი… გახარებული მიდის ეთერთან და კოცნის. ეთერი მუმიასავით დგას).

მურმანი. რამ დაგაღონა, ჩემო  გვრიტო?..

ეთერი. წავიდეთ აბესალოსთან…

მურმანი. რას ამბობ, ეთერო… გინდა ორივე გამოგვაგდოს დარბაზიდან?.. ხომ იცი, რომ აბესალოს შენ სძულხარ… ესეც რომ არ იყოს, რათ გინდა აბესალოსთან წასვლა…

ეთერი. ის ავათაა… შენ სცდები, მურმან… მე აბესალოს ვუვარვარ…

მურმანი. (ერთხანად გაშტერებული დგას) … არ დაიჯერო, ეთერო… ეგ ტყუილია…

ეთერი. მართალია! მე ვიცი… შენ არ იცი?.. მართლა არ იცი?..

მურმანი. შენ იცი?

ეთერი. ვიცი.

მურმანი. (1 დას) მართლა?

1 და. კი, იცის… აქ მარიამი იყო…

მურმანი. ო, მარიამი… ყველგან და ყოველთვის მარიამი… (მურმანი დადის… თითებს ინტვრევს… უცბათ გაჩერდება ეთერის წინ) შენ იცი… მეც ვიცი, ეთერო… მე შენზე მეტი ვიცი… ო, მე ბევრათ მეტი ვიცი…

ეთერი. შენ იცოდი!.. მერე რათ არ მითხარი?!.

მურმანი. იმიტომ, რომ იმიტომ, რომ მიყვარხარ, ეთერო… გიკვირს… ნუ გიკვირს!.. მე აბესალოზე ნაკლებათ არ შემიძლია სიყვარული… დაივიწყე ის, ეთერო, და შენი მონა ვიქნები… ეთერო…

ეთერი. მე აბესალო მიყვარს…

მურმანი. მე? მე არ გიყვარვარ?

ეთერი. (თავს აქნევს) მე მარტო ის მიყვარს…

მურმანი. უბედურო ჩემო თავო, ამისთვის ესწრაფოდი ინდოეთიდან!!. ეთერო… შენი სიტყვები აქ, აქ (გულზე უჩვენებს) რას შვრებიან, რომ იცოდე… (დადის) მოიცა, მე ყველაფერს გეტყვი… თავიდან, სულ თავიდან… მე აბესალოზე წინ ჩამეხატა შენი სახე გულში… მანამ აბესალო ნადირობის დროს გიპოვიდა, მე ათასჯერ ქურდულათ ჩავსაფრულვარ ბუჩქებში და იქიდან დავმტკბარვარ შენი ცქერით… მე შორით მიყვარდი, ეთერო… შენ ჩემი სალოცავი იყავი… როცა აბესალოს ვნებიანი ტუჩები შეგეხო, ეს ჩემი ღმერთის, ჩემი სათაყვანო არსების, ჩემი წმინდა გრძნობის შეურაცყოფა იყო… ეთერო, ეთერო… გრიგალი შამოიჭრა მაშინ ჩემ გულში… მე აბესალო მიყვარდა, მაგრამ ვერ ვაპატიე… მაშინ განვიზრახე შენი მისაკუთრება… აბესალოს დასჯაც…  შენმა დედინაცვალმა ჯადო მომცა და დაგამახინჯე … მე დაგამახინჯე… ჯადოთივე დაგიბრუნე სილამაზე… დანარჩენი შენც იცი…

ეთერი. შენ!!

1 და. შენ!! ეგ რა ჩაგიდენია, ძმაო… რა უფლება გქონდა, რომ სხვის ბედნიერებაში შეიჭერი!..

მურმანი. მე მიყვარდა ეთერი – აი ჩემი უფლება! მარტო ეთერი და აბესალო  უნდა ყოფილიყვნენ ბედნიერი და მე? მეც მინდოდა ბედნიერება და ეს იყო ჩემი უფლება!.. მე  თუ არ შემიყვარებ, აბესალო მაინც დაივიწყე, ეთერო… მე იმაზე მეტათ მიყვარხარ…

ეთერი. ტყუილა გვაწვალე ორივე… მე არ მიყვარხარ… მე აბესალო მიყვარს…

მურმანი. არც გებრალები…

ეთერი. შენ შეგვიბრალე?! (პაუზა) … მშვიდობით… (გადის).

მურმანი. იყო ზღაპარი და გაქრა… საფლავის ლოდივით ჩუმი იქნება ჩემი ძველი ციხე…

 

ფარდა

 

სურათი 2

 

აბესალოს სენაკი

(აბესალო წევს. აქიმი, მეფე, მარიამი)

 

აქიმი. ცუდათაა, მეფე ბატონო…

მარიამი. ღმერთებო!.. (ჩურჩულობს).

აბესალო. წყა..ლი..

აქიმი. (წყალს აძლევს) როგორ გრძნობთ თავს სეფეწულო…

აბესალო. მალე გაგანთავისუფლებ, აქიმო… თქვენი წამალი ვეღარ მიშველის…

აქიმი. მაგას რას ბრძანებთ, სეფეწულო, ხვალ კარგათ იქნებით…

აბესალო. არა… ხვალ მე აღარ ვიქნები…

მეფე. მაგგვარ ცუდ აზრებს ნუ ფიქრობ, აბესალო… აქიმმა აკი გითხრა, რომ ხვალ კარგათ იქნებიო… აქიმს უნდა დაუჯერო…

აბესალო. აქიმი ყველას როდი ეუბნება მართა…ა…ა… (სული ეხუთება).

მეფე. აქიმი, აქიმი, უშველეთ…

აქიმი. ნუ გეშინიათ…

მარიამი. აბესალო, აბესალო… შემომხედე, ძმაო…

აქიმი. დაწყნადით, სეფე-ქალო, ბატონიშვილისთვის სიჩუმეა საჭირო…

მარიამი. აქიმო, უშველეთ რამე, აქიმო… (იცრემლება) (შემოდის 1 და).

1 და. მარიამი სადაა…

აქიმი. ჩუმათ, ქალბატონო… სეფეწულს სძინავს… (1 და მარიამს უჩურჩულებს).

მარიამი. მეფე-ბატონო, აბესალომ მე გამგზავნა ეთერი მომიყვანეო… ეთერი მოსულა… ნება მომეცით – შემოვიდეს…

მეფე. ვინ ეთერია?

1 და. მწყემსი ქალია…

მეფე. მწყემსი ეთერი…  მერე რა უნდა…

1 და. სეფეწულის ნახვა უნდა, ბრძანებელო…

მეფე. გიჟი ყოფილა! გააგდეთ ის ქალი!!.

აქიმი. ეგ ხომ ის ქალია,  სეფეწულს რომ …

მეფე. შენც იცი?!

აქიმი. სეფეწულმა თვითონ მიამბო… შამოუშვით, მეფევ, ის ქალი…

მეფე. არ შეიძლება!

აქიმი. სეფეწულს ენატრება მისი ნახვა… სეფეწულმა სთქვა: სიკვდილის წინ ნეტა ეთერი მაინც მანახაო… უბრძანეთ, მეფევ, შემოვიდეს…

მეფე. არა, აქიმო… შეუძლებელია…

მარიამი. ძმაო, გევედრები… უკანასკნელი სურვილი მაინც აუსრულე აბესალოს…

1 და. მეც გევედრებით, მეფევ …

მეფე. მწყემსი ქალი და ჩემი ძმა!!

აქიმი. სიკვდილის წინ ყველა სწორია, მეფე-ბატონო…

მარიამი. ახლა მაინც დაივიწყე მეფის გვირგვინი და აბესალოს ძმათ მოევლინე…

მეფე.  თქვენ ხვეწნას ვინ გადარჩება!.. კარგი, შამოიყვანეთ… მხოლოდ მე გვირგვინს ვერ დავივიწყებ და მეფე მწყემს ქალს არ შეხვდება… შენც გახსოვდეს, აქიმო, რომ მეფე სიკვდილის წინაც მეფეა… (გადის).

1 და. ახლავე მოვიყვან…(გადის).

მარიამი. (აბესალოს გადახედავს) რა წყნარათ სძინავს… ნუ თუ არ მორჩება, აქიმო?..

აქიმი. არა, სეფექალო… (შამოდის 1 და და შემდეგ ეთერი).

1 და. ქალი ეთერი მოვიყვანე…

მარიამი. მოდი, ეთერო, ნუ გეშინია…

ეთერი. მე მოვედი… არავინ არ გამიწყრება?.. სეფეწულის ნახვა მინდა…

მარიამი. აქიმო, შეიძლება გავაღვიძოთ?

აქიმი. ჯერ იძინოს.

1 და. (თავისთვის) ჩემო აბესალო… შენი და მოვედი… ეთერი მე მოგიყვანე…

ეთერი. (აბესალოს დასჩერებია) სძინავს… გამხდარა… ვაი ჩემ თვალებს…

მარიამი. (აბესალო თვალს ახელს) ჩუმათ, ეთერო, ნუ გააღვიძებ…

ეთერი. მაპატიეთ…

აბესალო. ეს ვისი ხმაა?

ეთერი. ეთერი ვარ, სეფეწულო…

აბესალო. ეთერი! (წამოდგება) ეთერი! შენ ეთერი ხარ?!

ეთერი. ჰო ეთერი ვარ…

აბესალო. ეს მოჩვენებაა… ეთერი  ჩემთან აღარ მოვიდოდა… იგი მე გავაგდე… გავაუბედურე… ეთერი…

ეთერი. ეთერი ვარ, ჩემო გიჟო (ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდის. აბესალო იცნობს და ხელს მოხვევს).

აბესალო. ეთერი ხარ… ეს შენი ხელებია, ეთერო… ეს შენი სახეა… არ გეცოდები?… მე ვკვდები, ეთერო…

ეთერი. მე დაგღუპე, აბესალო… მაპატიე…

აბესალო. ძალიან გძულვარ, ეთერო?..

ეთერი. მე მიყვარხარ, აბესალო… რა გემართება, სეფეწულო!..

აბესალო. მა…პა…ა…ა (დაეცემა)

მარიამი. აქიმი, უშველეთ…

აქიმი. (სინჯავს) გარდაიცვალა… (1 და ჩუმათ ტირის).

ეთერი. გარდაიცვალა… აბესალო გარდაიცვალა… (დანას ამოიღებს) აი, შენი დანა, აბესალო… ჩვენი თავმდები… (გულში ჩაიცემს) მეც შე… (ეცემა).

აქიმი. (სინჯავს) ესეც გარდაიცვალა… (შამოდის მეფე).

მეფე. წავიდა ქალი? ეს რა ამბავია!..

აქიმი. გარდაიცვალნენ… სეფეწული და მწყემსი ქალი გარდაიცვალნენ… (შამორბის შიკრიკი).

შიკრიკი. ბრძანებელო, ვეზირმა მურმანმა თავი მოიკლა… (მარიამი 1 დას გადაეხვევა.  ორივენი სტირიან).

მეფე. ბორიო ტყეს ლეწავს… ჭანდრის ხეს გრიგალის არ ეშინია…

 

ფარდა

 

აპოთეოზი

 

სასაფლაოზე

ღამეა. სიჩუმე… სოფელში მამალი იყივლებს… საფლავებიდან ხმები ისმის: გმინავენ, კვნესიან…

საფლავიდან ამოსული ეთერი აბესალოს საფლავს უკაკუნებს… საფლავი გაიხსნება და ამოდის აბესალო… გადახვეულნი დაჯდებიან ერთად.

მოშორებით მწუხარე მურმანი ამოდის საფლავიდან და სევდიანი თვალებით შესცქერის შეყვარებულთ…

 

ფარდა