პოეტი და მკითხველი – Blue Horns

ავტორი : სანდრო ცირეკიძე

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, წიგნი მეცხრე, იანვარი, 1922

სტატიები, შემოქმედება

პოეტი და მკითხველი

კულტურა კონუსით შენდება: მეტი მაღალი მეტი ვიწროა და მწვერვალებზე დგომა შეუძლია მარტო ერთეულებს.

პოეზია ყველგან ერთია არსებითად, მაგრამ ადამიანის განცდას აქვს საფეხურები და ისტორიის სიგრძეზე პოეტური თრთოლვა იცვლება და წვრილდება, იცვლება პოეტური ხედვის ობიექტი, სჲუჟეტი, იცვლება თვითონ ხედვის მახვილობა და მომართვა. როგორც მუსიკალური ხმები, ისე პოეტები არიან სხვა და სხვა სიმაღლის. მოვლენასთან მისვლას აქვს ნაირი დაღუნვა და აფერადება სანახაობის. არი აღმართები და დაღმართები, მაგრამ საერთო ხაზი მაინც აღმართია.

არი პოეტური ხედვის დაფერვა, არი პოეზიის კულტურა: მიწვდომა, გაჩვევა, გზის გაგნება. ყოველი შემდეგი ეპოქა უფრო რთულია და ახალი. ფრანგმა პარნასელებმაც კი – წმინდა ლიტერატურულმა შკოლამ – პოეზიას ახალი ბოროტების ყვავილები დაამყნეს: გჲუგომ მისწერა ახალგაზდა ბოდლერს – „პოეზიაში თქვენ მოიტანეთ ახალი თრთოლვა“. პო, ბოდლერი, მალარმე – ესაა ხაზი ამ ახალი თრთოლვის. „ყორანი“, „ბოროტების ყვავილები“, „ზამთრის თრთოლვა“. შემდეგ ლააორგი ირონიით და ტკივილით. მისი ჩივილები ჭეშმარიტათ ახალი ხილვაა სამყაროსი, „გაბზარული ვაზის“.

ასევეა სიტყვიერ და ყოველ სხვა ხელოვნებაში. ჩვენი ათვისების მთავარი გზები – სმენა, მხედველობა – არა ერთიანად ღია და გატკეცილი. კულტურა, დისციპლინა სცვლის შვენიერი ათვისების კანონებს. ერთეულებში ყოველთვის არი შესაძლებლობა ძველით დადაღვის და წყურვილი ახალი სპეტაკი ხილვის. ვაგნერი, სკრიაბინი, თავისუფალი ლექსი, იმპრესიონიზმი, თავის დროზე საერთო დონეზე მაღლა დგომა იყო. არი კონუსი ოსტატობის.

მწვერვალებმა იცის სიცივე მარტოობის. პოეტს შეუძლია იყოს მარტო: ამაში ერთნაირი სიამოვნებაც არი – სიამოვნება ტანჯის. ხელოვანისთვის მარტოობა სიკვდილია. ხელოვნება ხომ თქმაა – თქმას მსმენელი უნდა. მსმენელები მრავლათაა კონუსის დაბლა ფენებში. მსმენელები ჯოგათ მიყვებიან ეპიგონებს უკვე მიღწეულ სიმაღლეზე. კონუსი წვრილდება და ვიწროვდება რკალი მკითხველების. ევოლიუცია ნელია და თანდათანი. ევოლიუციას ადვილათ მიყვება ფართო აუდიტორია. მაგრამ რევოლიუციონერს -გულივერის დიდი ნაბიჯებით რომ ადის მაღლა ახალი ცის დასანახავათ – ბრბო ვერ გაყვება – ბრბო გატკეცილი გზით მიდის. ოსტატს გენიოსს სჭირდება მკითხველი გენიოსი, რომელიც მისი თანაბარი იქნება  ხედვის და სმენის დაწვრილებით. პოეტს გენიოსს უნდა შეხვდეს მკითხველი გენიოსი, რომლის თვალები გაუძლებდეს ქვეყნის ახალი გვერდით დანახვას. მაღალი აუდიტორია ზოგჯერ ამაღლებს ხელოვანსაც და ათქმევიებს მაქსიმებს. მკითხველების სახელებს იშვიათად ინახავს ისტორია – არიან ბედნიერები – მეცენატი, სტანკევიჩი, ბელინსკი, ლიუდოვიკ ბავარიელი, არჩილ მიქაძე, ალი არსენიშვილი. ეს ხდება მაშინ, როდესაც მკითხველი შემოქმედების ბედში ერევა ქონებით ან დამფასებელი სიტყვით. მაგრამ მკითხველის პათოსი უფრო ხშირად პასივობაა, სმენაა, მიმღეობაა.

როდესაც კითხულობ ლიტერატურის დიდებული ეპოქების ისტორიას, გრძნობ დიდებული ჩრდილების სიახლოვეს. არ ვიცით მათი სახელები და სახეები, მაგრამ კეთილშობილი ჩრდილები მათი უცნაურათ არხევენ და ათბობენ ჰაერს.

 

ალექსანდრე ცირეკიძე

ჟურნალი მეოცნებე ნიამორები, წიგნი მეცხრე, იანვარი, 1922