I
190* წელი წასვლას ადგა და მომავალი წელი ჩვენ ცოდვილ ქვეყანას უახლოვდებოდა, ნახევარი დღის სავალი ღა აკლდა. უმზეო, მაგრამ თან უთოვლო დღე იყო: ეგერ-აგერ თუ წამოთოვდა პატარას, თორემ ისე ადრინულათ ვეღარ აბამდა, თითქოს ცაც უქმობდა ახალ წლის მოსვლას, მაგრამ უქმობა ცოტა ადრე დაეწყო.
– რეიქნა მამაია ამდენხანს! ივანესას ხაჭაპურები გამოაცხვეს, ახლა ცხვარს კლავენ და ჩვენ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. – ეუბნებოდა მოწყენით ათი წლის ბიქტორა მატრონას, დედა მისს.
– მართლა სა წევიდა ი კაცი ამდენხანს! ვითომ და ძვირათ თუ ფასობდენ ყორიფელს, მარა ამდენ ხანს დილას აქით, რაც უნდა იყოს ან ვიყიდდი რამეს და ან სულაც ქე დავანებებდი თავს. – დაუმატა მატრონამ და დაუწყო ჩუმება იქვ კუთხეში მიკუნჭულ მტირალ ეროს.
– რო დაანებებდი, მერე ხვალ სტუმრებს რას უზამდი? – დაეკითხა უკმაყოფილოთ ბიქტორა დედა მისს.
– მართლა, მაგ კი აღარ მიფიქრია მე. ი სტუმრები რო მოდიენ ახლა, რა უნდათ ნეტაი ვიცოდე. ვინ პატიჯობს! ვისაც მოსვლა უნდა, სხუმის ვერ მოვა! არა, მაინდამაინც ახლაო. სწორეთ გლახა ჩვეულება აქთ ეს ქუთეისში. ყორიფელს თავი დაანებე, მარა ე სტოლის გაწყობა რო იციენ, ვითომ რაო! თუ ვინმე მესტუმრება, მაშინ ვერ მოუტან სტოლზე, რაცხა მექმება მოსატანი! არა, სტოლზე უნა დააწყო ყორიფელი, რაც გაქ და თუ არ გაქ, მაინც უნა გექნესო. რუსობას ხედავენ. ვითამ ისინენი აწყობენ და ჩვენც უნა გავაწყოთო. – ელაპარაკებოდა თავის თავს მაკრინე.
– რომ არ გავაწყოთ, რას გვიზამენ? – დაეკითხა დედას მისი მსჯელობით დაინტერესებული ბიქტორა.
– რას გვიზამენ და სიცილს დაგვიწყებენ, ასე და ასე, სტოლი არ ქონდათ გაწყობილი ახალ წელიწადსო.
– გაგვცინონ, მერე რა იქნება?
– არაფერი არ იქნება, მარა მაინც არაა რაცხა საჭაშნიკო. როგორც ტოლ-აფხანიკობაში გამოწყვეტაა გლახა, ისთეა მეზობლობაში გამოწყვეტაც. რომ არც სხვები გააწყობდენ, ისე შევკრავდეთ პირს, ქვე რა გვიჭირს, მარა თავობას ვერავინ ბედავს. მე ჩემი მეზობლის შიში მაქ: მე რო არ გავაწყო, ის მაინც ქე გააწყოფს და მერე დამცინებსთქო, ჩემ მეზობელს კიდო ჩემი შიში აქ და ასე ერთმანეთის წამხედაობით ვერ ვბედავთ, თვარა არავის არ უყვარს ი სტოლის გაწყობა. ასე ერთმანეთის წამხედაობა გვღუპავს. სხვების წამხედურობით სტოლის გაწყობა რომ არა, ნასესხები თუმანი კი არ დაგვჭირდებოდა, მარა სხვების წამხედურობამ აგვაღებია ვალი. სოფელში ქე გვიჯობდა ისთევე რო ვყოფილიყავით. იქინა ე სტოლის გაწყობა მაინც არ ქვჭირდებოდა და ქე ვიქნებოდით ალხეინათ ჩვენთვინ. არც ვალი გვქონდა და არც არაფერი, მარა იქიდანაც ამ წამხედურობამ წამოგვიყვანა. არა, ბატონო, ე წამხედურობა გვღუპავს ჩვენ სულ. სოფელში შრომა ცოტა მაინც გადიოდა. მარა ე კაცი რეიქნა ამდენხანს!
II
ამავე დროს გელათის ქუჩაზე, ქუთაისის გასარიელში ორი კაცი მიფანდალობდა. ისინი ორივენი მთვრალები იყვენ, მაგრამ ერთ ზომათ კი არა. ამას სულ უბრალო, დაუკვირვებელი კაციც შეატყობდა იმით, რომ ერთი მათგანი, სახელდობრ წითელ ჩოხა, სჯობნიდა მეორეს, თეთრ ჩოხას, ატალახებულ თოვლზე ფეხებით დაღრაკნილ ხაზების კეთებაში. თეთრ ჩოხა უბრალოთ, მაგრამ სუფთათ იყო ჩაცმული და სახეც უფრო უმტკიცებდა ოჯახის კაცობას, ვიდრე წითელ ჩოხას. ამ უკანასკნელს ჩოხა რამოდენიმე ალაგას ქონდა გახეული და ახალოხი ხომ უარეს მდგომარეობაში იყო. თავზე დახეული მწვანე ყაბალახი შემოეხვია, თეთრ ჩოხას რამოდენიმე ალაგს, თითქოს საშნოებლათ, ტალახიც მოსცხებოდა და ჭარხალივით გაწითლებული პირისახე უაზრო ღიმილს დაეღრანჯა. წითელ ჩოხა დამტკიცებულ ლოთს არ გავდა, მაგრამ არც ღვინის უარისმყოფლობა ეტყობოდა, თეთრ ჩოხას ლოთობის არაფერი ეცხო.
წითელ ჩოხას თეთრ ჩოხასათვის გადაეხვია ხელი და ისე გავდა, თითქოს ძალით მიათრევდა ამ უკანასკნელს და თან უზომოთ ფანდალდებოდა, თეთრ ჩოხა კი რაც შეეძლო, ფეხს იკიდებდა და გზაში ხშირათ ჩერდებოდა.
როგორც ქვემო მოყვანილ ლაპარაკიდან დავინახავთ, თეთრ ჩოხას გიგოს ეძახდენ და წითელ ჩოხას – იაკოს. მეც ორიოდ პწკრის შემდეგ ამ სახელებით მოვიხსენიეფ მათ.
– თუ კაცი ხარ, იაკო, წამო სახში. გვეყოფა აქანა სმა. – ეუბნებოდა თეთრ ჩოხა წითელ ჩოხას.
– არა, გიგო, დღეს უნდა ვსვა სულ საღამომდი, უნდა ვსვა, სანამდი არ წევიქცევი. – ჯინიანათ უპასუხებდა წითელ ჩოხა გიგოს და თან მიქაჩავდა წინ.
– დამიჯერე, იაკო, თუ ჩემი ძმობა ქწამს, დამიჯერე. დავანებოთ აწი თავი და წევიდეთ სახში.
– არა, არ იქნება. ტყულა რაღას ირჯები. უნა ვსვათთქო, რო გეუბნები, ხო გესმის? – ამ სიტყვებით იაკო შეჩერდა შუა ქუჩაში. ცალი ხელი წამოიკუდნა და დოინჯი შემოიდგა, მეორე ხელი კი გიგოს ჩაკიდა მკლავში და ისე წამოეჯგიმა წინ, თითქოს ერთი შეხედვით სურს, გააქროსო. გიგოც შეჩერდა და რადგან დრო ხელსაყრელათ ჩათვალა, დაუწყო ვედრება.
– რავა არ მესმის! კი მესმის და მეც მიტომ გეუმბები: რახან მაინდამაინც უნა ვსვათ, რაღა აქანე ხარჯავ ფულებს, წამო ჩემთან სახში და იქინა ვსვათ. მე და ჩემმა ღმერთმა, იმისთანა ღვინოს გასმევ, რომ პრინცკსაც არ ექნება იმისთანა ღვინო.
იაკოს არ ესმოდა გიგოს ხვეწნა და ისე ერთგვარათ, სულელურ თვალებით შეჩერებოდა, თითქოს სხვა გამომეტყველების მიღება არ შეუძლიაო.
– დამიჯერე, წამო ჩვენსა ვსვათ. – გაიმეორა გიგომ.
– შენსას ვსვა? – გამოერკვა იაკო. – არა, შენი არაფერი მინდა მე. ჩემსას სვი, ჩემსას. ერთი ჩემი ღარიბი პურიც ჭამე. არ გეკადრება? გესმის, ჩემსას უნა ვსვათ!
– კარქი, წამო შენსას ვსვათ. – ამ სიტყვებით გიგომ გასწია იაკოს უკან, ქალაქისკენ, მაგრამ იგი არ დანებდა. იქვე ახლო სამიკიტნო იდგა გზის პირას და იქიდან მოისმოდა სიმღერა და დრო გამოშვებით ხრინწიანი ხმები. იაკო იშვერდა ხელს სამიკიტნოსაკენ და იძახოდა:
– იქაა ჩემი სახლი, იქ. იქინა ვსვათ. იქაა ჩემი ღარიბი პური. წამო!
– ცოლშვილი მაინც აღარ გებრალება?
– სადა მყავს მე ცოლშვილი?
– რავა სადა გყავს?
– თუ მყავს და, იმისი დედას… წამო, წამო ვსვათ…
III
გიგო მოქოშვილი და იაკო ალაბიძე სოფელშიდაც მეზობლები იყვნენ და ქუთაისშიდაც ახლო სცხოვრობდენ ერთმანეთზე. ამიტომ ისინი ერთმანეთს თითქმის ნათესავებათ თვლიდენ. ასეთ დამოკიდებულებას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ ორივე ახალი ჩამოსახლებულები იყვენ ქუთაისში. იაკო ღარიბათ ცხოვრობდა სოფელში. არც მისი მეზობელი გიგო იყო იმაზე შეძლებული, მაგრამ სამაგიეროთ ის ქალაქში ნამყოფი კაცი იყო, კალატოზობა იცოდა და სოფელს ცალი თვალით უყურებდა. გიგო ნახევარჯელ ქალაქში იყო და ნახევარჯელ სოფელში. ქუთაისში ჩამოსახლება იმას შეგირდობიდანვე ამოეჭრა გულში და ეს სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც დაინახა, რომ სოფელში მისი ხელობა ბევრათ ვერაფრათ გამოადგებოდა. უკვე დაცოლშვილდა გიგო, მაგრამ მამის სიცოცხლეში ვერაფერს ბედავდა. ამასობაში მამაც მოუკვდა და გიგომ თავისი სურვილი სისრულეში მოიყვანა: გაყიდა სოფელში თავისი ღარიბი საცხოვრებელი და ჩამოესახლა ქუთაისში იჯარით აღებულ ქალაქის განაპირ ადგილში, რომელიც შემდეგში შეიყიდა. გიგო პატიოსანი და დინჯი კაცი იყო, ფუქსავატი ცხოვრება არ უყვარდა და ფეხის ხმას არ დაყვებოდა. ამიტომ ქუთაისში თავისი ღარიბი ცხოვრება კარგათ მოაწყო და მისი ოჯახი მდიდრულათ არა, მაგრამ უვალოთ კი რჩებოდა.
იაკოს საქმე უფრო სხვანაირათ იყო. იმას მამის მაგივრათ ძმები ყავდა. სულ სოფელში იყო, კარგათ მუშაობდა, მაგრამ არ იქნა ფეხი ვერ მოიკიდა, ოჯახი ფეხზე ვერ წამოაყენა. ამის მიზეზათ ის უმიწობას თვლიდა. ერთი სიტყვით უჭირდა ცხოვრება. ამავე დროს ის ხედავდა, თუ როგორ წამოდგა ფეხზე ქალაქში ჩამოსახლებით მისი მეზობელი გიგო. და თითონაც იფიქრა ქალაქში ჩამოსახლება. არ გასულა სრული სამი წელიწადი გიგოს ჩამოსახლების შემდეგ, რომ იაკომაც აიღო გიგოს მახლობლათ იჯარით ქალაქის ადგილი, ჩადგა შიდ სოფლიდან ჩამოტანილი სახლი და ჩამოესახლა. იაკოს ფიქრი, რომ ვითომ ქუთაისში ქუჩებში აბნევდენ ოქროებს, გაუცრუვდა. ქალაქში მოხელე ფასდება ცოტათი, თორემ, შავი მუშა სოფელზე უფრო გლახა პირობებშია. გიგო ხელობის კაცი იყო და იაკო შავი მუშობით აპირობდა მის გატოლებას. ამიტომაც იმან გიგოსავით ჩექმები ვერ ჩაიცვა და ისევ წუღებს ატარებდა. შავი მუშობით ანაღები ფულები კუჭის ოდნავ დასაკმაყოფილებლათ ძლივს ყოფნიდა და ცხოვრების გასაუმჯობესებლათ ერთი კაპეიკიც არ რჩებოდა. იაკოს ქალაქში გაჭივრებულ ცხოვრებას ისიც ხელს უწყობდა, რომ იგი გიგოსავით დინჯი კაცი არ იყო და ფეხის ხმის აყოლა უყვარდა. შეხედა, რომ ქუთაისში ყველა სტოლს აწყობს ახალწლისთვის და აღდგომისათვისო და თითონაც ისე მოინდომა. პირველ ახალ წლისთვის და აღდგომისთვის კი მოყვა ცოტა ხელში, მაგრამ ამ ახალ წლისთვის აღარ გააჩნდა. მაინც არ დაიშალა და ერთი თუმანი ისესხა სტოლის გასაწყოს საყიდათ. კიდევაც წავიდა ხსენებულ დღეს ბაზარში, მაგრამ ვერაფერს დაეკარა. ყველაფერი მამასისხლათ ფასობდენ. ათ საათამდი იარა ბაზარში უნაყოფოთ, და მერე დუქანში შევიდა, ერთ ჭიქა არაყს დავლევ გულის დასამაგრებლათ, უჭმელი ვარო, მაგრამ დუქანში შესვლისას გადაიფიქრა და ჭიქა არყის მაგივრად, ნახევარი ჩარექა ღვინო მოითხოვა. ნახევარმა ჩარექამ მადა აღუძრა და მეორე ნახევარიც მოითხოვა თავის საუზმიანათ. ამ დუქნიდან გამოვიდა შემთვრალი და მეორეში შევიდა; ერთი ჭიქა ღვინო იქ დალია. მეორედან მესამეში გადავიდა. საყიდლები დაავიწყდა. დაიწყო დუქნიდან დუქანში სიარული. ამ ყოფაში შეხვდა გიგოს და ორიოდ ალაგას ძალით დაალევია. შემდეგ აღარ გაუშვა და ისიც დაათრო. ამ ყოფაში შევხვდით იმათ ქალაქ გარეთ, სამიკიტნოსთან. ამავე დროს მათ ორივეს მოუთმენლათ ელოდენ თავ-თავის სახლში. მოთხრობის თავში გაცნობილი მაკრინე იაკოს ცოლი გახლდათ.
IV
უკვე შესაღამოვდა, თოვლი ნაცრის ფერს ღებულობდა და იაკო ჯერაც არ მოსულიყო სახლში. ამ დროს საახალწლო სამზადისს მისი მეზობლები ათავებდენ და იმას არც კი დაეწყო. მაკრინე ვერ ისვენებდა. ყველა მეზობლები ჩამოეარა და სათითაოთ ჩამოეკითხა, იაკო ხომ არსად გინახავთო, მაგრამ ვერაფერი გაეგო. თითონ აპირობდა საძებრათ წასვლას, მაგრამ გადაიფიქრა და ახლა ეზოში მეზობლის გოგოს ელაპარაკებოდა.
– სა წევიდა ამდენხანს ნეტაი გამაგებია. დეიძინა ბაზარში თუ რეიქნა?
– მართლა გასაკვირია მისი საქმე. ყველა მევიდა ბაზრიდან და ის რაღას აკეთეფს იქინა? იქნება მთელ ბაზრის ყიდვას აპირობს. – გაეხუმრა მეზობლის გოგო.
– მთელ ბაზარს კი არა და ნეტაი ხვალის საყოფ რამეს მეიტანდეს.
– არა, მართლა გასაკვირია მისი საქმე!
„იქნება ქე მოკლეს გზაში“-ო გაიფიქრა მაკრინემ. და ტანში ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც გზაში მოკლულ მის მეზობლის სურათი გაახსენდა. „აჰ, იმას ვინ ერჩოდა! მარა, ღმერთო, შენ შეგცოდე, ახლა იმნაირი დროა, რომ თუმნისთვინ კი არა, მანეთისთვინ მოკლავენ კაცს“.
– იქნება გოუწყრეს ვინმეს ღმერთი და ქე… – ის-ის იყო დაიწყო მაკრინემ, მაგრამ ამ დროს შემოესმა ფეხის ხმა და ორი სხვა და სხვა ხმით „ჰეი“, „ჰეი“-ს წამოძახილი.
– ის ხომ არაა ნეტაი? – იკითხა ყურ აცქვეტით მეზობლის გოგომ.
– ერთი ისაა ქე ვიცანი, მარა მევორე ვინ უნდა იყოს?
„ჰეი“, „ჰეი“-ო შემოსძახეს კიდევ და მოსაუბრეებს გამოეჭიმენ წინ ორი მოფანდალე კაცი. ესენი იყვენ იაკო და გიგო.
– სად იყავი ამდენხანს, კაცო? რას გავხარ? რაა ეს? – მივარდა მაკრინე ქმარს.
– ჰეი, ჰეი, დელია ჩელა ჩელა ოდელა, ჰეი. – წამოიძახა იაკომ და წაიწია მაკრინესაკენ.
– უკაცრავათ, ბატონო, ჩვენ მთვრალები ვართ. – წაილუღლუღა გიგომ და დაფანდალდა.
– ჰეი, ჰეი – შესძახა იაკომ.
მაკრინემ იაკოს ჯიბეში ორი მანეთი ღა უნახა და დააწვინა თუ არა მთვრალები, მაშინვე ბაზარში გაიქცა. ამ ორი მანეთით ძლივს იყიდა ხორცი, კანფეტები და ცოტა სახაჭაპურე პურის ფქვილი, ერთი ბოთლიც არაყი. ყველი სახლში ქონდა. იმ ღამეს განთიადამდი არ დაუძინია: საახალწლო სამზადისში იყო.
V
ახალ წლის ნაშუადღევი იყო. ქუჩებში სუბთათ ჩაცმული ხალხი დადიოდა ჯგუფ-ჯგუფათ და იშვიათათ ცალ-ცალკეც. ისინი ხან ერთ სახლში შედიოდენ და ხან მეორეში, თითქოს ძალიან დასაქმიანებულები არიანო, მაგრამ მათ ნელ სიარულს და შეზარხოშებულ სახეებს საქმიანობა არ ეტყობოდა.
მიმლოცვლები იაკოსთანაც მოდიოდენ. ესენი გახლდენ იაკოს მეზობლები და ხშირათ შორეული ნაცნობებიც. მათ გასამასპინძლებლათ იაკოს თეთრ იაფფასიან სუფრა გადაფარებულ სტოლზე განახევრებული დიდი ხაჭაპური, ნახევარი ბოთლი არაყი და საინით კამფეტები ეწყო. მეტი ვეღარ მოეხერხებია. მომლოცვლები შემოვიდოდენ, კაი გულითად დიდი ხნის უნახავ მეგობრებივით ჩაკოცნიდენ იაკოს და მოუჯდებოდენ სტოლს, მაგრამ ორიოდ რუმკა არყის შემდეგ ისევ გარეთ გადიოდენ. ხან და ხან სიმღერასაც შემოსძახებდენ. თავ შეხვეული იაკოც ბანს მისცემდათ, მაგრამ გული კი გაუბანელი ქონდა. ის ახლა ხვდებოდა გუშინდელ საქციელს და ჯავრობდა. ის თუმანი მისი პირველი ქალაქელი ვალი იყო. სტოლზე ყველაფერი ვალათ ეჩვენებოდა: ხაჭაპურიც, კამფეტებიც და არაყიც, იქით გახედვა ეზარებოდა.
23.08. 1910 წ. – 14. 09. 1910 წ.
10 მარტი.
ჭაღარა ხელოვანი დღეს კრიფავს მის მიერ რგულ ყვავილებს.
ჭაღარა ხელოვანი დღეს თავის გრძნეული ხმის ამოძახილს ისმენს ხალხის გულიდან.
– მაინც ბრუნავს, მაინც ბრუნავს! – აღტაცებული იძახის ერი, როდესაც ღირს ძეს, ლადო მესხიშვილს შესცქერის… ხმა იგი სიმართლისათვის წამებულთა ამოძახილია; იგი ჭეშმარიტების ხმაა, რომელმაც მძლავრ ნაკადულათ ამოხეთქა მხუთავ ჭაობიდან…
დიახ, ბრუნავს საქართველოს მზე და ამის მოწმე მისი სხივია, ლადოს შუბლზე მოთამაშე…
სალამი შენ, მშვენიერების მესაიდუმლევ! ერი რომ გვირგვინს გიწნავს, იმაში პატარა იას ჩვენც ვდებთ… იგი მადლიერი ახალგაზრდობის გულისნადებია…
გააღმერთეს ჭაღარა ხელოვანი; დაფნის გვირგვინით შუბლს უმკობენ და…
გულგაღეღილი, თმა გაჩეჩილი მოვიდა იგი უდაბნოდან.