იყო და არა იყო რა, ჩემს დედოფალზე უკეთესი ვინ იქნებოდა.
მყინვარის წვერზე ბროლის კოშკი როა, იქ სცხოვრობდა დედოფალი, რომელიც ჯერ არავის ენახა. მარტო მის თვალთა ლურჯი შუქი გადმოანათებდა ხოლმე მთვარიან ღამეში მთის მწვერვალიდან და თოვლის ფიფქზე ათამაშდებოდა.
ათასნაირი ზღაპარი იცოდა ხალხმა იმ დედოფალზე. მგოსნები და მემუსიკენი უმღეროდენ მისი სულის მშვენიერებას; მხატვრები და მოქანდაკენი დედოფლის ტანის სილამაზეს ბაძავდენ…
დედოფალი უფრო მშვენიერა, დედოფალი უფრო ლამაზია! – ამბობდა ხალხი და სასოებით შესცქეროდა ბროლის კოშკს…
მთვარიან ღამეში შეყვარებულნი დედოფალზე ჩურჩულობდენ:
– შენი თვალები ისეა ლურჯი, როგორც დედოფლის თვალები.
– შენი ულვაში დედოფლის წამწამებსა გავს…
თოხზე დაყრდნობილი შუბლ-ნაოჭიანი გლეხი ფიქრის დასასვენებლად დედოფლის კოშკს გახედავდა ხოლმე.
გადიოდა ჟამი. დედოფალს უმღეროდენ.
დედოფლის თვალთა ლურჯი შუქი მარტო ზღაპარში ღა დარჩა. და ხალხი მაინც უმღეროდა ბროლის კოშკს, ლურჯთვალა დედოფალს.
მგოსნები ლექსებში ამკობდენ, მხატვრები მის ტანზე ოცნებობდენ.
ერთ დღეს იჭვიანმა მეცნიერმა დურბინდით გახედა მყინვარის მწვერვალს:
იქ მარტო თოვლი იყო.
და ათასობით დურბინდი მიაჩერდა ბროლის კოშკს.
ლურჯთვალა არსად ჩანდა.
ათასობით მოხსენებებს კითხულობდენ ცრუ დედოფალზე, ცრუ მგოსნებზე…
მარტო ფერმკრთალი ჭაბუკი, რომელმაც თავისი დურბინდი დაამსხვრია, მთვარიან ღამეში ისევ ხედავდა ლურჯ შუქს, თეთრ თოვლზე მოციალეს…
ჟამსა ლოცვისას. 3 ნოემბერი
სანდრო ცირეკიძე
გაზეთი „მეგობარი“, 1915, №27