ბედნიერი პრინცი – Blue Horns

ავტორი : ოსკარ უაილდ, თარგმანი სანდრო ცირეკიძის

თარიღი : 1910–იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 9-ხ.

გამოცემა :

შემოქმედება

ბედნიერი პრინცი

მაღალ სვეტზე, ქალაქზე მაღლათ იდგა ქანდაკება ბედნიერი პრინცის. პრინცი თავიდან ფეხამდე ოქროს ფურცლებით იყო დაფარული. თვალების მაგივრათ ქონდა საფირონები და მოზრდილი წითელი ლალი ბრწყინავდა მის ხმლის ტარზე.

ყველა აღტაცებული იყო პრინცით.

– მშვენიერია, როგორც ფლჲუგერი-მამალი! – თქვა ქალაქის რომელიღაც მრჩეველმა, რომელსაც სწყუროდა შერქმეოდა ხელოვნებათა დამფასებლობა, – მაგრამ, რასაკვირველია, ფლჲუგერი უფრო სასარგებლოა! – დაუმატა მაშინვე შიშთ, რომ იმას დაიჭერდენ უანგარიშობაში; ამ მხრივ კი ამას ნაკლი არ ჰქონდა.

– ეცადე, დაემსგავსო ბედნიერ პრინცს! – არწმუნებდა მოსიყვარულე დედა თავის ბიჭუნას, რომელიც სულ ტიროდა, რომ მისთვის მიეცათ მთვარე, – ბედნიერი პრინცი არასოდეს არ ჭირვეულობს!

– მიხარია, რომ ქვეყნათ ერთი ბედნიერი მაინც მოიძებნა! – ბუტბუტებდა ბედისაგან დევნილი უბედური, როდესაც შესცქეროდა ამ მშვენიერ ქანდაკებას, – ახ, ის სავსებით ანგელოზივითაა! – მოდიოდნენ აღტაცებაში თავშესაფარის გოგოები, როდესაც ჯგუფათ გამოდიოდნენ ტაძრიდან ალისფერ პერელინებით და სუფთა თეთრ წინსაფრებით.

– ეს საიდან იცით? – შეეცილათ მათემატიკის მასწავლებელი, – ანგელოზები თქვენ ხომ არასოდეს არ გინახავთო.

– ჩვენ მათ ხშირათ ვხედავთ სიზმარში! – გამოეხმაურენ თავშესაფარის გოგონები და მათემატიკის მასწავლებელი მოიღუშა და მკაცრათ გამოხედა: არ მოსწონდა, რომ ბავშები სიზმრებს ნახულობდენ.

ერთხელ ღამით იმ ქალაქზე მერცხალი მიფრინავდა. მისი ამხანაგები აგერ უკვე მეშვიდე კვირაა, რომ გაფრინდენ ეგვიპტეში, ამას კი აქ შეაგვიანდა, რადგან მოქნილ ლამაზ ლერწამზე იყო შეყვარებული. უკვე ახალ გაზაფხულზე დაინახა იგი, როდესაც მისდევდა დიდ ყვითელ პეპელას და იქვე გაქვავდა, უეცრად მოხიბლული მისი ქალწულებრივი ტანის მოყვანილობით.

– გინდა, მე შეგიყვარებ შენ? – დაეკითხა მერცხალი პირველ სიტყვისთანავე, რადგან ყველაფერში პირდაპირობა უყვარდა და ლერწამმა თავი დაუკრა საპასუხოთ.

მაშინ მერცხალმა დაიწყო ფრენა მის გარშემო, ხანდახან შეეხებოდა წყალს და სტოვებდა ვერცხლის ნაკადულებს. ასე გამოთქვამდა სიყვარულს და ასე გრძელდებოდა მთელი ზაფხული.

– რა უაზრო კავშირია! – ჟღივოდენ დანარჩენ მერცხლები, – ლერწამს ხომ ერთი ფარაც არ გააჩნია და ნათესავების მთელი ხროვა ყავს.

მართლაც მთელი ეს მდინარე სქლად დაფარულიყო ლერწმებით. შემდეგ მოვიდა შემოდგომა და მერცხლები გაფრინდენ. როდესაც ყველა გაფრინდა, მერცხალმა თავი ობლათ იგრძნო და ლერწმის სიყვარული ძლიერ სამძიმოთ ეჩვენა.

– ღმერთო ჩემო, ეს ხომ მუნჯივითაა, ერთ სიტყვასაც ვერ ეღირსები მისგან, – საყვედურით ამბობდა მერცხალი, – და მე ვშიშობ, რომ ის კეკელაა: არშიყობს ყოველნაირ ქართან.

და მართლაც, ოდნავაც რომ დაუბეროს, ლერწამი მაშინვე იზნიქება, მაშინვე თავს უკრავს.

– მერე რა, რომ შინამჯდომია, მე ხომ მოგზაურობა მიყვარს და ჩემ ცოლსაც შეფეროდა მოგზაურობის სიყვარული.

– მაშ, როგორ გამოფრინდები ჩემთან ერთად? – ჰკითხა ბოლოს, მაგრამ ლერწამმა მხოლოთ თავი გააქნია; ის ისე შეჩვეული იყო სახლს!

– ახ, შენ თამაშობდი ჩემი სიყვარულით? – შეყვირა მერცხალმა, – მაშ, მშვიდობით, მე მივფრინავ პირამიდებისაკენ! – და ის გაფრინდა.

მთელი დღე მიფრინავდა და ღამისათვის მოფრინდა ქალაქში.

– აქ სად გავჩერდე? – დაფიქრდა მერცხალი, – იმედი მაქ, ქალაქი უკვე მოემზადა ჩემ ღირსეულ შეხვედრისათვის?

ამ დროს დაინახა ქანდაკება მაღალ სვეტზე.

– ჩინებულია. აქ მოვეწყობი: მშვენიერი მდებარეობაა და სუფთა ჰაერიც ბლომათაა.

ის დაბინავდა ბედნიერი პრინცის ფეხებთან.

– მე ოქროს საწოლი მაქვს! – ნებიერათ თქვა და მიმოიხედა. უკვე დასაძინებლათ მოემზადა და თავი ფრთას ქვეშ ამოდო.

უეცრად დაეცა რაღაც მძიმე წვეთი.

– ახირებულია! – გაიკვირვა მან, – ცაზე ერთი ღრუბელიც არაა, ვარსკვლავები ისეთი სუფთაა, ნათელი,  წვიმა საიდანღა უნდა იყოს? ევროპის ეს ჩრდილოეთის ჰავა საშინელია. ჩემ ლერწამს უყვარდა წვიმა, მაგრამ ის ხომ ისეთი ეგოისტია.

ამ დროს ჩამოვარდა მეორე წვეთი.

– რაღა სასარგებლოა ქანდაკება, წვიმიდანაც თუ ვერ დაგიფარავს. ისევ სახურავზე მოვძებნი ბინას სადმე ღართან. – და მერცხალმა გადასწყვიტა გაფრენა.

მაგრამ ფრთებიც არ გაესწორებია, რომ მესამე წვეთიც ჩამოვარდა.

მერცხალმა აიხედა ზევით და რა დაინახა!

ბედნიერი პრინცის თვალები ცრემლებით იყო ავსებული. ცრემლები მოგოროავდენ მის მოოქროვილ ღაწვებზე და ისე მშვენიერი იყო მისი სახე მთვარის სხივების ციალზე, რომ მერცხალი სიბრალულით აივსო.

– ვინ ხარ შენ? – ჰკითხა მან.

– მე ბედნიერი პრინცი ვარ.

– მერე რატომღა ტირი? შენ მე სრულიად დამასველე.

– როდესაც ცოცხალი ვიყავი და მქონდა ადამიანის ცოცხალი გული, არ ვიცოდი, რაა ცრემლები, – უპასუხა ქანდაკებამ. – ვცხოვრობდი სასახლე შანს–შოუცი–ში, სადაც მწუხარებას შესვლა აკრძალული აქვს. დღისით ბაღში ვერთობოდი ამხანაგებთან, საღამოთი კი ვცეკვავდი მთავარ დარბაზში. ბაღს მაღალი კედელი ქონდა შემოვლებული და არასოდეს არ მიკითხავს, რა ხდებოდა იმის გადაღმა. ჩემ გარეშემო ყველაფერი ისეთი დიდებული იყო! „ბედნიერი პრინცი“ – მეძახოდენ კარისკაცები და მართლაც ბედნიერი ვიყავი, თუ სიამოვნებაშია ბედნიერება. ასე ვცხოვრობდი, ასეც მოვკვდი და აი ახლა, როდესაც უკვე ცოცხალი აღარ ვარ, დამდგეს აქ, ზევით, ისე მაღლა, რომ ვხედავ ყველა მწუხარებას და მთელ სიღატაკეს, რომელიც კი მოიპოვება ჩემ სატახტო ქალაქში, და თუმცა ახლა ჩემი გული ტყვიისაა, ცრემლებს ვერ ვიკავებ.

„ა, მაშ მთლად ოქროსი არ ყოფილხარ!“ – გაიფიქრა მერცხალმა, მაგრამ, რასაკვირველია, არა ხმამაღლა, რადგან საკმაოთ თავაზიანი იყო.

– იქ, შორს, ჩასახვევში დაქონქილ სახლს ვხედავ, – განაგრძობდა ქანდაკება წყნარი მელოდიური ხმით. – ერთი ფანჯარა ღიაა და ვხედავ ქალს, რომელიც მაგიდასთან ზის. მისი სახე გამხდარია, ხელები დაშვებული და დაწითლებული. ისინი სულ ნემსით არიან დაჩხვლეტილი, რადგან ის მკერავი ქალია. ყვავილებს აქარგავს დედოფლის უმშვენიერეს სეფექალის აბრეშუმის კაბას, კარის უახლოეს ბალისათვის. ლოგინში კი, კუთხისაკენ, მისი ავათმყოფი ბავშია. ბიჭს აციებს და ითხოვს ფოთროხლებს. დედას კი არაფერი აქვს მდინარის წყლის გარდა. და აი, ბიჭი ტირის. მერცხალო, მერცხალო, პაწია მერცხალო! ვერ მიუტან მას ლალს ჩემი ხმლიდან? ჩემი ფეხები მიჯაჭვულია კვარცხლბეკზე და მე ადგილიდან დაძრვა არ შემიძლია.

– მე მოუთმენლად მიმელიან ეგვიპტეში, – მიუგო მერცხალმა, – ჩემი მეგობრები დატრიალებენ ნილოსს და ბაასობენ დიდებულ ლოტოსებთან. მალე ღამის გასათევად გაფრინდებიან დიდი მეფის განსასვენებელში. იქ განისვენებს თვითონ ის, ფარაონი, თავის ძვირფას კუბოში. ის გახვეულია ყვითელ ქსოვილებში და სურნელოვან ბალახებითაა დაბალზამებული. ყელი შეხვეული აქვს მკრთალი–მწვანე ნეფრიტის ძეწკვით, მისი ხელები კი შემოდგომის ფოთლებივითაა.

– მერცხალო, მერცხალო, პაწია მერცხალო! დარჩი აქ მარტო ერთი ღამით და იყავი ჩემი მოციქული. ბიჭს ისე სწყურია, დედამისი კი ისე მოწყნელია.

– ბევრათ არაფრათ მიყვარს ბიჭები. შარშან ზაფხულში, როდესაც მდინარესთან ვცხოვრობდი, მეწისქვილის ბავშები, ბოროტი ბიჭები, ქვებს მესროდენ. რასაკვირველია, ვერ მომახვედრებდენ! ჩვენ, მერცხლები, მეტათ მოხერხებულები ვართ. ამასთანავე, ჩემი ჩამომავლობა განთქმულია სისწრაფით, მაგრამ ეს ქვების სროლა, ჩემი აზრით, მაინც ნაკლები პატივისცემაა.

მაგრამ ბედნიერი პრინცი ისე დამწუხრებული იყო, რომ მერცხალს შეეცოდა.

– აქ ძალიან სიცივეა, – თქვა მან, – მაგრამ არაფერია, ამ ღამეს დავრჩები შენთან და ვიქნები შენი მოციქული.

– გმადლობ, პაწია მერცხალო, – თქვა ბედნერმა პრინცმა.

და აი, ბედნიერი პრინცის ხმლიდან მერცხალმა მსხვილი ლალი ამოკენკა და ამ ლალით გაფრინდა ქალაქის სახურავებზე. გადაიფრინა ტაძრის სამრეკლოზე, სადაც ანგელოზების თეთრი მარმარილოს ქანდაკებებია, გადაიფრინა მეფის სასახლეზე და გაიგონა ცეკვის ხმა. აივანზე გამოსულიყო ლამაზი ქალწული და მასთან ერთად მისი სატრფო.

– რა სასწაულია ეს ვარსკვლავები, – უთხრა სატრფომ, – და რა სასწაულია სიყვარულის ძალა.

– იმედია, ჩემი ტანისამოსი მოესწრება კარის ბალისათვის, – მიუგო მან. – მე მასზე ყვავილების ამოქარგვა ვუბრძანე, მაგრამ მკერავები ისეთი ზარმაცები არიან.

გადაიფრინა მდინარე და დაინახა ცეცხლები გემების ანძებზე. გადაიფრინა გეტტოზე და ნახა ბებერი ებრაელები, რომლებიც ერთმანეთთან სავაჭრო პირობებს სდებდენ და ფულებს წონიდენ სპილენძის სასწორებზე. და ბოლოს ის მიფრინდა დაქონქილ სახლთან და შეიხედა შიგნი. ბიჭი ძრწოდა სიცხით, დედამისს კი მაგრათ ჩასძინებოდა, – ის ისე დაღლილი იყო. მერცხალი შევიდა ოთხში და ლალი მაგიდაზე დადვა, მკერავის სათითურთან, შემდეგ დაიწყო ბიჭის თავზე ტრიალი და მის სახეს აგრილებდა.

– რა სიგრილე ვიგრძენ! – თქვა ბავშმა. – მაშ მე მალე გამოვკეთდები. – და მიეცა სასიამო თვლემას.

მერცხალი კი დაბრუნდა ბედნიერ პრინცთან და უამბო ყველაფერი.

– და საოცარია, – დაუმატა მან, – თუმცა გარეთ სიცივეა, მე სრულებით აღარ მცივა.

– ეს იმიტომ, რომ შენ კეთილი საქმე ქენი. – აუხსნა ბედნიერმა პრინცმა.

და მერცხალი დაფიქრდა ამაზე, მაგრამ მაშინვე ჩაეძინა. საკმაო იყო ჩაფიქრებულიყო, რომ მაშინვე ჩაეთვლიმებოდა.

ალიონზე მდინარეში საბანაოთ გაფრინდა.

– საოცარი, გაუგებარი მოვლენაა! – თქვა ორნიტოლოგიის პროფესორმა, რომელიც იმ დროს ხიდზე მიდიოდა. – მერცხალი – შუა ზამთარში!

და ამის შესახებ ერთ ადგილობრივ გაზეთში მოათავსა ვრცელი წერილი რედაქციისადმი. ყველას მოყავდა ადგილები ამ წერილიდან: ის ავსებული იყო სიტყვებით, რომლებიც არც ერთს არ ესმოდა.

„ამღამვე ეგვიპტისაკენ!“ – გაიფიქრა მერცხალმა და მაშინვე გამხიარულდა.

იმან დაათვალიერა მთელი ქალაქი, თითოეული საზოგადო ძეგლი და დიდხანს იჯდა ტაძრის სამრეკლოს წვეტზე. სადაც არ უნდა მისულიყო, ბეღურები დაიწყებდენ ჟივილს: „ვინაა ეს უცხო! ვინაა ეს უცხო!“ – და ეძახოდენ დიდებულ უცხოელს, რაც იმას ძალიან სიამოვნებდა.

როდესაც მთვარე ამოვიდა, მერცხალი დაბრუნდა ბედნიერ პრინცთან.

– ეგვიპტეში ხომ არაფერს დამაბარებ? – ხმამაღლა დაეკითხა, – მე ახლავე გავფრინდები.

– მერცხალო, მერცხალო, პაწია მერცხალო! – თქვა ბედნიერმა პრინცმა. – დარჩი მარტო ერთი ღამეთი.

– ეგვიპტეში მელიან, – მიუგო მერცხალმა, – ხვალ ჩემი ამხანაგები გაფრინდებიან ნილოსის მეორე ჩქერებისაკენ, იქ გიპოპოტამები წევან ლერწმებში და იქ ვეებერთელა გრანიტის ტახტზე ზის ღმერთი მემნონი. მთელი ღამე მიჩერებია ვარსკვლავებს, ხოლო როდესაც გაბრწყინდება ცისკარი, იგი შეეგებება მას გახარებულის ხმით. შუადღით ყვითელი ლომები მდინარესთან ჩადიან სასმელათ. მათი თვალები – მწვანე ბერილებია, მათი ღრიალი კი უფრო ძლიერია, ვიდრე ღრიალი ჩანჩქერის.

– მერცხალო, მერცხალო, პაშია მერცხალო! – თქვა ბედნიერმა პრინცმა, – იქ, შორს, ქალაქ გარეთ, ზედა სართულში ყმაწვილს ვხედავ! დასჩერებია მაგიდას, ქაღალდებს. მის წინ დამჭკნარი იებია. მისი ტუჩები წითელია, როგორც ბროწეული, მისი შავი თმა ხუჭუჭაა, მისი თვალები კი დიდრონი და მეოცნებე. უჩქარის თავისი პიესის დათავებას თეატრის დირექტორისათვის, მაგრამ ძლიერ სცივა, ცეცხლი ჩაქრობია ბუხარში და შიმშილისაგან გრძნობა ეკარგება.

– კარგი, დავრჩები შენთან დილამდი! – უთხრა მერცხალმა პრინცს. იმას ნამდვილად კეთილი გული ჰქონდა. – სადა გაქვს მეორე ლალი?

– მეტი ლალი აღარ მაქვს, სამწუხაროთ! – თქვა ბედნიერმა პრინციმა. თვალების მეტი არაფერი დამრჩა. ისინი იშვიათი საფირონებიდან არიან გაკეთებული და ათასის წლის წინეთ მოუტანიათ ინდოეთიდან. ამოკენკე ერთი და მიუტანე იმ კაცს. ის მიყიდის ოქრომჭედელს და შეიძენს საჭმელს და შეშას და დაათავსებს თავის პიესას.

– საყვარელო პრინცო, მე ამას არ ვიქმ! – და მერცხალი ატირდა.

– მერცხალო, მერცხალო, პაწია მერცხალო! აასრულე ჩემი ნება.

და მერცხალმა ბედნიერ პრინცს ამოკენკა თვალი და გაფრინდა პოეტის სადგომისაკენ. მას არ გაჭირვებია იქ შესვლა, რადგან სახურავი დახვრეტილი იყო. ყმაწვილი თვალებზე ხელებმიფარებული იჯდა და ფრთების ფრთხიალი არ გაუგონია. მხოლოდ შემდეგ შენიშნა საფირონი დამჭკნარი იების კონაში.

– სჩანს, ჩემ დაფასებას იწყებენ! – სიხარულით წამოიძახა, – ეს ვინმე მდიდარი თაყვანისმცემლისაგან იქნება. ახლა კი შემიძლია ჩემი პიესის დათავება! – და ბედნიერება იყო მის სახეზე.

დილით კი მერცხალი ნავთსადგურისკენ გაემართა. ის ჩამოჯდა დიდი გემის ანძაზე და იქედან უცქეროდა, მეზღვაურებს ბაწრებით როგორ ამოქონდათ ტრჲუმიდან რაღაც ყუთები.

– ერთად! ერთად! – ყვიროდენ ისინი, როდესაც ყუთი ამოდიოდა ზევით.

– მე კი მივფრინავ ეგვიპტეში! – აცნობა მათ მერცხალმა, მაგრამ იმას ყურადღება არავინ მიაქცია.

ის პრინცთან დაბრუნდა მხოლოდ საღამოთი, როდესაც მთვარე ამოვიდა.

– ეხლა კი ნამდვილათ გემშვიდობები! – შორიდან დაიძახა მან.

– მერცხალო, მერცხალო, პაწია მერცხალო! – მიუგო ბედნიერმა პრინცმა. – არ დარჩები დილამდი?

– ახლა ზამთარია, – უპასუხა მერცხალმა: – და აქ მალე მოვა ცივი თოვლი. ეგვიპტეში კი ეხლა მზეა პალმების მწვანეზე და გველეშაპები გაწვდილან შამბში და ზარმაცად იცქირებიან გვერდებზე. ჩემი მეგობრები უკვე ბუდეებს იკეთებენ ბაალბეკის ტაძარში, თეთრი და ვარდისფერი მტრედები უცქერიან მათ და ღუღუნობენ. საყვარელო პრინცო, მე არ შემიძლია დარჩენა, მაგრამ მე არასოდეს არ დაგივიწყებ და, როდესაც მოვა გაზაფხული, მოგიტან იქედან, ეგვიპტედან, ორ ძვირფას ქვა, შენ რომ გაეცი, იმათ მაგივრათ. წითელ ვარდზე უფრო წითელი იქნება ლალი და საფირონი ტალღაზე მწვანე.

– დაბლა, ხეივანში, – თქვა ბედნიერმა პრინცმა: – პატარა გოგონა დგას წუმწუმებით.  მას ისინი ნარვალში ჩაუცვინდა და გაუფუჭდა და თუ უფულოთ დაბრუნდა, მამა მისი გალახავს. ის ტირის. არც ფეხსაცმელი აქვს, არც წინდები და თავშიშველია. ამომკორტნე მეორე თვალი, მიეცი გოგონას და მამამისი აღარ შეეხება.

– მე შემიძლია შენთან დავრჩე, – უპასუხა მერცხალმა: – მაგრამ შენი თვალის ამოკორტნა არ შემიძლია. მაშინ ხომ ბრმა იქნები.

– მერცხალო, მერცხალო, პაწია მერცხალო! – უთხრა ბედნიერმა პრინციმა: – შეასრულე ჩემი ნება.

და პატარა მერცხალმა ისევ ამოკორტნა პრინცს თვალი და მიფრინდა გოგონასთან და განძი ხელში ჩაუგდო.

– რა ლამაზი ჭიქაა! – წამოიძახა პატარა გოგონამ და სიცილით გაიქცა სახლში.

მერცხალი დაბრუნდა პრინცთან.

– ახლა, როდესაც შენ ბრმა ხარ, მე დავრჩები შენთან სამუდამოთ.

– არა, ჩემო საყვარელო მერცხალო, – მიუგო უბედურმა პრინცმა: – შენ უნდა წახვიდე ეგვიპტეში.

– მე შენთან დავრჩები სამუდამოთ, – თქვა მერცხალმა და დაიძინა მის ფეხებთან.

დილიდან კი მთელი დღე უჯდა მხარზე და უყვებოდა თუ რა უნახავს შორეულ ქვეყნებში: ვარდისფერ იბისებზე, რომლებიც გრძელ მწკრივებათ დგანან ნილოსის ნაპირის გასწვრივ და ნისკარტებით იჭერენ ოქროს თევზებს; უდაბნოში მცხოვრებ და ყველაფრის მცოდნე სფინქსზე, ქვეყანასავით ძველზე; ვაჭრებზე, რომლებიც თავის აქლემებს ნელა მიყვებიან ქარვის კრიალოსნებით ხელში; მთვარის მთათა მეფეზე, რომელიც შავია, როგორც შავი ხე და თაყვანს სცემს ბროლის დიდ ნაჭერს; პალმის ხეში მძინარ დიდ გველზე: ოცი მოგვია საჭირო, რომ კვებონ ის თაფლიანი კვერებით; პიგმეებზე, რომლებიც ტბაზე დაცურავენ პტყელ ფართო ფოთლებზე და პეპლებს ეომებიან მუდამ.

– საყვარელო მერცხალო, – თქვა ბედნიერმა პრინცმა, – ბევრ საოცარს მიამბობ შენ. მაგრამ ქვეყნად ყველაფერზე საოცარი ადამიანის ტანჯვაა. სიღარიბეზე უფრო საკვირველი სასწაული არ არსებობს. შემოიფრინე, საყვარელო, ჩემი ქალაქი და მომიყევი ყველაფერი, რასაც იქ ნახავ.

და მერცხალი გაფრინდა სატახტო ქალაქის თავზე და დაინახა, როგორ მხიარულობენ მდიდრები მორთულ დარბაზებში, ღარიები კი სხედან მათ კარებთან. ბნელი ორღობეებიც მოიარა და ნახა მკრთალი სახეები დამშეული ბავშების, რომლებიც მოწყენით უცქერდენ შავ ქუჩას. ხიდის ქვეშ ორი პატარა ბიჭი იწვა ჩახუტებული და ცდილობდენ გათბობას.

– გვშია! – იმეორებდენ ისინი.

– აქ გდება არ შეიძლება! – შეუყვირა დარაჯმა და ისინი ხიდზე გამოვიდენ წვიმაში.

მერცხალი დაბრუნდა პრინცთან და უამბო ყველაფერი, რაც ნახა.

– მე სულ მოოქრული ვარ, – თქვა ბედნიერმა პრინცმა, – მომხსენი ოქრო ფურცლა–ფურცლა და დაურიგე იმათ, ვისაც უჭირს. ადამიანები სანამ სცოცხლობენ, ფიქრობენ, რომ ბედნიერება ოქროშია.

ქანდაკებას თითო ფურცლობით აშორებდა ოქროს მერცხალი, სანამ ბედნიერი პრინცი არ შეიქნა რუხი და დაბინდული. თითქო ფურცლობით დაურიგა მისი წმინდა ოქრო ღარიბებს და ბავშების ღაწვები ვარდისფერდებოდენ და ბავშები იწყებდნენ სიცილს და ქუჩებში თამაშს აბამდენ.

– ჩვენ კი პური გვაქ! – იძახოდენ ისინი.

შემდეგ თოვლი მოვიდა, თოვლს მოყვა ყინვაც. ვერცხლივით ბრწყინვალე შეიქნენ ქუჩები; ყინულები ბროლის ხანჯლებივით დაეკიდენ სახლის სახურავებს; ყველა გაეხვია ქურქებში და წითელქუდიანი ბიჭები დასრიალებდენ ყინულზე.

მერცხალი, საბრალო, იყინებოდა, მაგრამ პრინცის მიტოვება არ უნდოდა, რადგან ძლიერ უყვარდა. მალვით კენკავდა ფინჩხებს ფურნესთან და ფრთებს იბერტყავდა, რომ გამთბარიყო, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ მისი სიკვდილის დრო მოვიდა. ძლივს ეყო ძალა – უკანასკნელათ ასულიყო პრინცის მხარზე.

– მშვიდობით, საყვარელო პრინცო! – წაიჩურჩულა მან: – ნებას მომცემ, რომ შენ ხელს ვემთხვიო?

– მიხარია, რომ ბოლოს მიფრინავხარ ეგვიპტეში, – უპასუხა ბედნიერმა პრინცმა, – აქ მეტათ დიდხანს დარჩი: მაგრამ შენ უნდა მაკოცო ტუჩებში, რადგან მე მიყვარხარ შენ.

– ეგვიპტეში კ არ მივდივარ, – მიუგო მერცხალმა, – მე მივფრინავარ სიკვდილის სავანეში. სიკვდილი და ძილი მკვიდრი ძმები არ არიან?

და ტუჩებში აკოცა ბედნიერ პრინცს და დაეცა მის ფეხებთან.

და იმავე წუთში საშინელი ტკაცანი გაისმა ქანდაკების შიგნი, თითქოს იქ რაღაც გასკდა. ეს გაიპო ტყვიის გული. ჭეშმარიტათ საშინელი ყინვა იყო.

დილით ადრე დაბლა ხეივანში სეირნობდა ქალაქის თავი და მასთან ქალაქის მრჩევლები. პრინცის სვეტთან გავლისას, ქალაქის თავმა შეხედა ქანდაკებას.

– ღმერთო! როგორ დაკონკილა ეს ბედნიერი პრინცი! – წამოიძახა ქალაქის თავმა.

– სწორედ, სწორედ დაკონკილა! – გაიმეორეს ქალაქის მრჩევლებმა, რომლებიც ყოველთვის ქალაქის თავს ეთანხმებოდენ.

და ისინი დასათვალიერებლათ მიუახლოვდენ ქანდაკებას.

– ლალი აღარაა ხმალში, თვალები დაცვენილა და ოქროც გადასულა, – განაგრძობდა ქალაქის თავი. – ყოველ მათხოვარზე უარესია!

– სწორედ, მათხოვარზე უარესია! – დაუმოწმეს ქალაქის მრჩევლებმა.

– მის ფეხებთან კი რაღაც მკვდარი ფრინველი გდია. დადგენილება უნდა გამოვცეთ: ჩიტებს ეკრძალებათ აქ სიკვდილი.

და ქალაქის საბჭოს მდივანმა ეს წინადადება მაშინვე წიგნში შეიტანა.

და ჩამოაგდეს ბედნიერი პრინცის ქანდაკება.

– მასში აღარაა სილამაზე და, მაშასადამე, აღარაა სარგებლობა! – ამბობდა უნივერსიტეტში ესთეტიკის პროფესორი.

და გაადნეს ქანდაკება ქვაბში და ქალაქის თავმა მოიწვია ქალაქის საბჭო, და სწყვეტდენ, რა ექნათ ლითონისთვის.

– გავაკეთოთ ახალი ქანდაკება! – შეიტანა წინადადება ქალაქის თავმა. – და ამ ახალ ქანდაკებაში მე ვიყო გამოხატული!

– მე! – თქვა თითოეულმა მრჩეველმა და ყველანი წაიჩხუბენ.

ამას წინათ გავიგე: ისინი აქამდის ჩხუბობენ.

– საოცარია! – სთქვა ლითონის ჩამომსხმელმა უფროსმა მუშამ. – ამ დამსხვრეულ ტყვიის გულს ღუმელში გადნობა არ სურს. ჩვენ ის უნდა გადავაგდოთ.

და გადაისროლეს ის ნაგავის გროვაში, სადაც ეგდო მკვდარი მერცხალიც.

და უბრძანა უფალმა თავის ანგელოზს:

– მომიტანე ყველაფერზე უფრო ძვირფასი, რასაც კი ნახავ ამ ქალაქში.

და მიუტანა მას ანგელოზმა ტყვიის გული და მკვდარი ჩიტი.

– სამართლიანად ამოგირჩევია, – სთქვა უფალმა, – რადგან ჩემი სამოთხის ბაღებში ეს პატარა ჩიტუნა იგალობებს უკუნითი უკუნისამდე, ხოლო ჩემ ოქროს სასახლეში ბედნიერი პრინცი ქებას შემასხამს.

 

თარგმანი სანდრო ცირეკიძის

1910–იანი წლები