სერგო კლდიაშვილს – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 27.01.1936

ადგილი : მოსკოვი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი 26444-4-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

სერგო კლდიაშვილს

ძვირფასო და საყვარელო ძმაო სერგუნია!

მივიღე შენი წერილი და ეს იყო ერთადერთი, საერთოდ რაც მივიღე ტფილისიდან – მხოლოდ გოგლამ მიულოცა ნინას დღეობა დეპეშით.

ნუთუ მართლა არაფერი ხდება ტფილისში, ან მე ასე დამივიწყეს მეგობრებმა. სერგო ჩემო, მოსკოვი გასაგიჟებელია – ვერ წარმოიდგენ, რა რია-რია ამბებია! ალბად ვალერიანი მოგიყვებოდა ზოგიერთი ტრიუმфების ისტორიას. აქ ძალიან სერიოზულად ფიქრობენ შენი საღამოს მოწყობას და გამოძახებას, ყველანი დიდი ქებით და აღტაცებით გიგონებენ, იური ტინიანოვი სულ შენზე და მარტო შენზე მელაპარაკა მწერლობაში, მეც მოვუყევი, რაც ვიცოდი.

მაქსიმ გორკის ალმანახისთვის ელიან შენ ნოველებს, არ ვიცი, ბარათი მიიღე თუ არა? ეს ალმანახი გამოვა გაზაფხულზე და დიდი ამბით იქნება გახმაურებული.

იყო აქ გუშინ წინ პაველ ანტოკოლსკის პოეზიის საღამო, სულ საქართველო დატრიალდა, რამდენჯერმე წააკითხეს ლექსები საქართველოზე და მე ოვაციებს მიმართავდენ, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის მაგონდება, რომ მანდ ბაიყუშებმა იცოდენ, სად არის პოეზია? პასტერნაკს მოუყვა ტინიანოვი შენ ამბებს და მთელი დღე ვიცინეთ. ტინიანოვმა დასძინა, ცარიელი ნიჭია და სიხარულიო.

სერგუნი, რატომ არ მოინდომებ, ერთი გამოუდგე აქეთკენ გზას, შენი წიგნები ეხლა შეიძლება ერთად გამოვიდეს გოსლიტიზდატში ერთ ტომად და თან ახალიც დაუმატო, კ. გამსახურდიამ აიღო უკრაინა და ეხლა რუსეთს მოადგა. ვერ წარმოიდგენ, რა მეწყინა, თურმე აქ იყო ცაკის სესიაზე შენი სიძე ისლამოვი, გაზეთებში გვიან დაიბეჭდა მაგის სიტყვა და ვერ მივუსწარი მოსკოვში, რომ მეცა პატივი _ ისე კი, მოსკოვი ამისთვის გაჩენილია ამ პერიოდში. შეიძლება ქეთოც აქ იყო, მაგრამ ვერ გავიგე. კ. ჭიჭინაძე ძალიან ემადლიერება, კარგად მიმიღოვო. ეხლა ორივე კოწია მოსკოვში არიან.

სერგუნია, შენ რომ წიგნები შემომითვალე, უეჭველად ჩამოგიტან, თუ დამაგვიანდა, გამოგიგზავნი, უკვე ვიყიდე და ნინა კითხულობს.

სერგო, ძალიან გთხოვ, შალვა აფხაიძეს გამოაგზავნიო ლექსები, შენ მოეხმარე და გააკეთებიე „подстрочник“-ები ან ვალერიანს სთხოვოს და ის გაუკეთებს. საჭიროა აქ ანტოლოგიისთვის და ისეც დავბეჭდავ ჟურნალებში, ანტოკოლსკი და სპასკი მზად არიან, თარგმანი საჩქაროთ გააკეთონ.

ნ. ტიხონოვმა გამოსცა თავის წიგნი „Избранное“, შიგ შეუტანია ქართველი პოეტები, მაგრამ ვინც ბევრს ყვირის და ვინც სთარგმნა, ისიც ამოუყრია და ეხლა უყურე, რა ალიაქოთი იქნება.

სერგუნია, გენაცვალე, მომწერე მანდაური ამბები, ზოზოსი, პაოლოსი, ლიალიასი და ასე.

გაკოცებ ბევრს შენ, სონიას და მელიტას.

შენი ტიციან ტაბიძე

[მოსკოვი, 27 იანვარი, 1936]

P.S. სერგო, გენაცვალე, „კომუნისტის“ რედაქციაში მოიკითხე ჩემი წერილი ვაჟა-ფშაველაზე, ძალიან გთხოვ, ხელნაწერი გამოართვა, გადაბეჭდილი აქვთ, მეშინია, არ დამეკარგოს.

 

ტიციან ტაბიძის წერილი სერგო კლდიაშვილს, მოსკოვი, 27 იანვარი, 1936