I
სულის დემონი, სულის სატანა,
არყოფნის ღამეს თან გაჰყვა თანა,
ტანჯვის სამყოფელს დავშორდი სოფელს,
ცოდვის სავანეს, სულის შემხუთველს.
ზეცამ მომიხმო სოფლად ტანჯული,
მადონნას თმები ჩანგს მოექსოვა,
ზეცად წარვიღე უკვდავი სული;
დავსტოვე სოფლად გოდება, გლოვა.
ვარსკვლავთ ციმციმი, მთვარის ღიმილი
შვების მგოსანსა მიმკობენ ჩანგსა;
შვების ჯალათი დავგმე სიკვდილი,
და სოფელს ვეტყვი მე სულ სხვა ჰანგსა.
II
ოხ! ვისაც ჩემებრ დაგწვიათ გული,
შხამსა გასმევდათ ცხოვრება მწარე,
შემომიერთდით, ხელი მომეცით,
შურის ძიების დაუკრათ ჰანგზე.
ცეცხლში გაჰქრება სოდომ-გომორი,
კერპთა სადგური იწვის გომონი,
ზღვევის გრიგალი, გმირთა საფლავებს
სოფლად მოუხმობს, ასვლას აფიცებს.
აღსრულდა უკვე, რაც იყო თქმული,
საფლავით აღსდგა შურის ძიება,
აღარ მომკვდარა უკვდავი სული,
ზღვევის კოცონი გულს არ ნელდება!
ზღვამ შეინახა მაშვრალთა ცრემლი,
ზეცამ აზიდა ყოფნის ნაღველი,
ეხლა კი ზღვევის ჟამი დამდგარა,
მებრძოლთ მოუხმობს მგოსნის ნაღარა,
უძლეველია მებრძოლთ ლაშქარი,
სამგლოვიარო ჩამოვკრათ ზარი!