* * *
წყნარი ღამეა, დუმილი სუფევს,
ცის კაბადონზე ძლივს მოსჩანს მთვარე,
გარს ახვევია ვარსკვლავთ ლაშქარი
და გზას განაგრძობს მჭვუნვარ-მწუხარე.
ანგელოზთ გუნდი ცაში მიმოფრენს,
ძირს ჩამოისმის მათ სიმთა ჟღერა,
ქებათა ქებას ასმენს შემოქმედს,
უკვდავებაა მათი სიმღერა.
ნუ, ნუ შესწყვიტავთ სამღთო მუსიკას,
გრძნობით დაუკათ დავითის ქნარი,
ჩემ მოკლულ გულსა თუ გააცოცხლებს
ისევ თქვენი ხმა, ნაზი, ნარნარი.
ოხ! რომ შემეძლოს – ბედკრულს ამ ჟამად,
შემოუერთდე თქვენს ღვთიურ კრებას,
მოვსწყდე ქვეყანას – ცოდვის სავანეს,
სასიზმრო მხარეს გავყვე ოცნებას.
მაგრამ ამაო, ფუჭი ნატვრაა,
ოცნება ისევ ოცნებად რჩება,
გულის წიაღში მეფობს ნაღველი
და სულს მიშფოთებს კვლავ მწუხარება.