წიგნიდან „ქალდეას ქალაქები“ – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1916, ზამთარი

ადგილი : სოხუმი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი 20848-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

წიგნიდან „ქალდეას ქალაქები“

I

Ars Poétique

 

ჰაфიზის ვარდი მე პრუდომის

ჩავსდე ვაზაში.

ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის

ბოროტ ყვავილებს.

და რაც შემხვდება, გამაჩერებს

შორეულ გზაში,

ჩემ ღვრია ლექსში დაისვენებს

და დაიჩრდილებს.

გრძნობის სიჭარბე მომეტებით

გრძნობას ამკრთალებს,

უვნებო ვნებით მინდა ვსწვავდე

ვნებიან მკლავებს

და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან

დაიმტვრეოდა,

თუ გიტარაზე მისი ლექსი

მოესმებოდა.

ვიცი, რომ მოვა საყვარელი,

ვისაც მოველი.

ვიცი, რომ მოვა სილამაზე

დაუთოველი.

მეც წაუკითხავ და ვუმღერებ

ჩემ ქალდეაზე.

ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს

მწუხრი სინაზე.

ვუცქერ გულგრილათ წარმოდგენას,

ვსტირი ანტრაქტებს.

დავიწყებული ძველ სიტყვების

ვგრძნობ ანდამანტებს.

და თუ არ ამყვა ხმა სამღერი,

გაშლილი, ლაღი,

უხმო ბულბულსაც დამაფასებს

ქართული ბაღი…

 

II

გრძელი, შორი გზა და ოცნება

უსაზღვრო გზებზე,

მზის სიცხოველე, მზით მოთენთა,

სიმღერა მზეზე.

ჩემში სტირიან წინაპარი

ბრძენი მოგვები,

დანგრეულ კიბეს მე ვაშენებ,

უკან მივყვები.

ძველი სიტყვები დაფიცების –

დავიწყებული,

ძველი ქალაქი – დღეს ნაცარი,

უწინ ქებული,

ძველი ქალდეა წვავს ოცნებას

და ეძახის სულს,

ოქროს ლექსებში მე ვუმღერებ

დიდებულ წარსულს…

გამობრწყინდება სიდონისკენ

მიმავალი გზა,

თეთრ უდაბნოში გაიშლება

საკურთხეველი.

რომ სთქვას სიმღერა, ჩემი გული

უკვე არი მზათ,

მბრძანებელ ჩრდილთა მოწოდებას

მხოლოდ მოველი.

მარტო ვიქნები, მარტოობას

წინადვე ვსტირი,

მაგრამ ამასაც არ შეუკრთება

გვიანი მწირი.

მესმის – მეძახის, ვხედავ – მხედავს,

ვიჩქარი, მივჰქრი.

ძვირფას საფლავებს როგორც ქორი

დაფრინავს ფიქრი.

გრძელი, შორი გზა და ოცნება

უსაზღვრო გზებზე,

ჩემი საფლავი ძველ ქალდეას

იქნება მზეზე.

 

III

 

გრძელია ჟამი, ღვდელთმსახურობს

რაც ჩემი გვარი,

ვინ დათვლის წირვას, რაოდენი

გამოიყვანეს.

ეხლაც ეზოს წინ დაღვრემილი

მოსჩანს ტაძარი,

ეს გერბი არი, ამაყ მგოსანს

რომ დამიხატეს.

ლოცულობს მამა… მწუხრის ლოცვას

მუნჯათ ვუცქერი,

ფსალმუნი სულში შეფრინდება,

დაიმარხება.

შავ ანაფორას მეწამული

გადაკრავს ფერი

და ვხვდები ეხლა, თუ ქალდეა

რათ მენატრება.

ყვითელ სანთელზე მაგონდება

მე მზე ბრწყინვალე,

მზის სადიდებლათ აზიდული

დიდი ტაძარი.

ზვიად ქვის სვეტებს თითქო ადნობს

ჰანგი მხურვალე,

და მღერის მაგი, ვინც რომ ჩემი

დაიწყო გვარი.

ასე ადიდა წინაპარმა

ასტარტა მწველი,

ღვთისმშობლის ქება ეხლა მამის

ასველებს წვერებს,

არ დალეულა ჩვენ მოდგმაში

ჯერე მლოცველი,

გადახდილ წირვის დათვლა თვითონ

ღმერთს დააბერებს,

წინაპართ ჩრდილნო, არ დაგწყვეტთ გულს

ჩამომავალზე.

მე მაბეზღებენ, რომ მხედავენ

ჯერ ასე ყრმა მშვიდს.

და თუ ვეღარ ვსთქვი ლიტურგია

მე თავის თავზე,

ქვეყანას მაინც გადაუხდი

ერთხელ პანაშვიდს…

 

IV

და მე ხანდისხან მეჩვენება,

ვითომ სამყარო

ბაღია დიდი, დაწყევლილი

და შხამიანი.

მძიმე მხედარნი, შუბლშეკრული

და უაბჯარო,

მოჰქრიან: რემბო, ჰერედია,

ემილ ვერხარნი.

თითქო შეცდომით შემიყვანა

ვიღაცამ ბაღში

და შიშით ვხედავ გიგანტის ჩრდილს,

მიმფრინავ მხედარს.

უღონო, სუსტი, ავტირდები

პატარა ბავში

და თან მრცხვენია, ვიხედები,

ხომ არვინ მხედავს.

როგორ აბრუებს დამწველ შხამით

ყვავილები სულს,

თითქო მორბიან გიჟი რბენით

აქ კენტავრები.

ცხელი უდაბნო უფრო ცხოველ

უძახის წარსულს

და ცას ეწვება, როგორც ძველ სახლს,

ცეცხლში ყავრები.

ვინ მომიყვანა, ვინ შემიშვა

ამ ბაღში ბავში?

დამწვარ ქალაქის ვინ აუშვა

ჩემ სულში ბოლი?..

რად ისვრის გრძელ ჩრდილს მიმფრინავი

ამ მხედრის რაში,

უდაბნოში ვარ, მაგრამ რაა

ეს მწვანე მოლი?..

 

ტიციან ტაბიძე

ზამთარი, 1916

მოსკოვი

 

ტიციან ტაბიძე, წიგნიდან „ქალდეას ქალაქები“, ზამთარი, 1916