ჩემი სიმღერა – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1911

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჩემი სიმღერა

საფლავის ხმაზედ მოთქმა, გოდება

მოსწყინდა სულსა ცრემლით განბანილს.

აღთქმის ქვეყნისკენ მიჰქრის ოცნება,

ჯალათს დიდების ვამარცხებ სიკვდილს.

აღახვეთ ბჭენი… ბედის კარები!.

მოვა თავადი ძლევის დიდების,

მოეხსნა ლტოლვას არწივის ფრთები,

ვპოვე სავანე ბედნიერების…

აღარ მაშინებს ჩურჩული ღამის,

აწ თვით მევე ვარ მეუფე ჟამის,

აწ თვით მეფე ვარ ბედის მჭედელი,

წყვდიადში გაჰქრა სევდა, ნაღველი.

მოსწყინდა სულსა მოთქმა, გოდება,

უკვდავებისკენ მიჰქრის, მიილტვის,

ზეცას უამბობს, გადაფრინდება,

თუ სოფლად ხალხი როგორ იტანჯვის,

აღახვეთ ბჭენი… ბედის კარები,

მოვა თავადი ძლევის დიდების,

მოესხა ლტოლვას არწივის ფრთები,

ვპოვე სავანე ბედნიერების…