ტფილისის ღამე – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 16.03.27

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი 24893-5-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ტფილისის ღამე

თითქო კვდებოდა ტფილისის ღამე,

სარაჯიშვილის ხმებით სტიროდა,

თარს ამოჰქონდა გულის ბალღამი

მტკვარის მარჯვენა სანაპიროდან.

უკანასკნელად მღერის მეტივე

ფიჭვის შეკრული თეთრი გედებით

და უეცარი ძველი მოტივი

წობით და ფისათ გულში მედება…

რა მაბადია, ან რა მებადა,

მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა,

მაგრამ გული რომ მაინც მომტირის,

თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკირეს!..

ტივებზე რომა სუფრა გაშლილი,

ღვინით გალეშილს ველევი კინტოს…

მე მირჩევნია ჯორჯიაშვილი,

რომ გრიაზნოვი კიდევ დახვრიტოს!..

გთხოვთ, მაპატიოთ მემაწვნე ბიჭი,

რომ დილას მისი ხმა მაღვიძებდეს,

პატარა ვირის მტკიცე ნაბიჯით,

თითქო ქარვასლას მართლა იძენდეს.

ყოველი კვირა ჩემთვისა ბზობა

და ტფილისია იერუსალიმი.

ოქროყანიდან რამდენი გზობა

მოდის ეს ქრისტე ბავშის ღიმილით.

არ ვარ ბურჟუა, ღმერთი და რჯული,

მეც ეს ბავში ვარ მზით გარუჯული,

რა მაბადია, ან რა მებადა,

მე ვარ ტიტველი მთა შავ-ნაბადა.

ეხლა მეც ვაქებ ინდუსტრიის ქარს,

მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწა.

თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარს

და გული ფრთაზე მალე დაეწვა.

და მაპატიეთ, მეც რომ მივტირი

ტფილისის რძიან ბალახის დილას.

მე მეხარბება მართლა მესტვირე,

არსენას ლექსით რომ გამოზრდილა.

ჯერ კიდევ ვზივარ ამ ჩემ ძველ ტივზე,

ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით.

არ შევჩერდები მე ამ მოტივზე,

მე თვითონ ვსცხოვრობ ამ იმედებით…

 

ტიციან ტაბიძე

16-III 927 წ.

ტფილისი