სევდის სიმღერა – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1911

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სევდის სიმღერა

როს დაბინდდება და შავ-ბნელი მწუხრი ღამისა

ცოდვილ ქვეყანას თავს ევლება, გულში იხუტებს,

ნელი ნიავი სევდიანი ასული მთისა

ეამბორება ცათ აზიდულ მთასა მწვერვალებს.

ცის კაბადონზედ როს მჭუნვარე მთვარე ანათებს

და შავ ღრუბლებში გახვეული ჰკრთება, კანკალებს,

როცა გრძნეული ცის სივრცეში ჰანგი მისწყდება,

სატანას ქნარზედ არე მწარედ აქვითინდება.

მაშინ სიმღერა მე მომესმის სადღაც მწუხარე!

სიმღერა ჩუმი, სევდიანი და მგლოვიარე,

გულის წიაღში სწვდება ეს ხმა სულთ ქვითინებას,

მუდამ ობოლი ობლობასვე მოსთქვამს, ვალალებს,

ოხ! რარიგ მიყვარს ეს სიმღერა ნაღვლიან ხმაზე!..

ამ სამარის ხმას კაეშნიანს ვერ გავცვლი სხვაზე,

მაგრამ ვისია ნეტა ეს ხმა ან გულს რად ხვდება,

სატრფო-მეგობრის, თუ იმღერის ვასრკვლავთა კრება?..