* * *
ნიავი დაქრის, ნაზი ზეფირი,
დანამულს მდელოს თავზედ ევლება;
ნაზი სუმბული, ეშხით დამთვრალი,
მგოსანს ყურს უგდებს და იცრემლება.
ცისა ტატნობზედ მთვარე კაშკაშებს,
გარს ახვევია ვარსკვლავთ ლაშქარი,
თავს დასტრიალებს მძინარ სამყაროს
და ციურ ნანას უმღერს დამტკბარი.
მთანი მაღალნი, ცათ ასტყორცნილი,
ჯანყში ხვეულნი ფიქრს მისცემიან
და მშობელ მხარეს მცველათ, დარაჯათ,
ვით გველვეშაპნი ზედ შემორტყმიან.
ყველა ნეტარებს, „დღით ფეთქავს რაცა“,
მოლხენით არის „მიწაც და ცაცა“,
მხოლოდ ბუჩქის ძირს გულ-ჩათხრობილი
კვნესის მგოსანი, ობლად შთენილი.
ალმანახი „ჩვენი ნაბიჯი“, №1