მუზას – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1910

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მუზას

რა მემღერება! დე, მან იმღეროს,

ვისაც უღიმის ბედნიერება,

მე-კი არ ვიცი, რა არის შვება,

შავი ნაღველი გულს არ ეშვება.

ცათ კაეშანი გამეფებულა,

ძილი სწვევიათ მთისა მწვერვალებს,

მწუხრის ზეწარში გამოხვეული

ხევში ნაკადი ჰგოდებს, ვალალებს.

სძინავს სამყაროს, ნისლით დაბურულს,

გაუმჭვირვალე ღამეა ბნელი,

აღტყინებულან საფლავით მკვდრები,

დაძრწის, განგაშებს ძირს ბელზებელი.

ბოროტი ღიმით პირზედ სატანა

განადგურებას უქადის სოფელს,

რისთვის დასტოვე, მუზავ, პარნასი,

რისთვის დაშორდი ღმერთთა სამყოფელს?

დასწყდენ სიმები… ჩანგიც მდუმარებს,

ვერა, მონობას ვეღარ უმღერებს!

ამაო არის, მუზავ! ღიმილი,

ეპატრონება სოფელს სიკვდილი.