მუზას
დეე, იცინონ ბედნიერებმა,
ედემათ აჩნდეთ ეს ბრმა სოფელი,
მე კი არ ვითხოვ მხიარულებას,
ჩემი სატრფოა შავი ნაღველი.
ჟამს მას მძიმესა ცხოვრებაშია,
როს კაეშანი გულს დაიბუდებს,
შენი ჩურჩული, ნაზი ჩურჩული
მხოლოდ ერთიღა მე მასულდგმულებს.
მუზავ, ღვთაებავ! გემუდარები,
ჩემთან იყავი, ნუ დამშორდები,
თორემ არ ძალმიძს, მწირს მიუსაფარს,
ავსულთ _ ვისმენდე კვლავ უღვთო ხარხარს.
ტ. ტაბიძე
1909
ქუთაისი
(გიოტედან)
მთანი მაღალნი, ცად ატყორცნილნი,
ჯანყში ხვეულნი, შეუპყრია ძილს,
ტურფა წალკოტი, გადაფენილი,
ძაძით უმოსავს ღამისა აჩრდილს;
აღარ ინძრევა ხეზედ ფოთოლი,
გზას აღარ ასდის კორიანტელი,
ცრემლებსა აფრთქვევს ნაღვლიანი ცა,
შენც დაისვენებ _ ცოტა მოიცა.
ტ. ტაბიძე
1909
ტფილისი
ის კი მზაკვრულათ იღიმებოდა
მარტოთ ვიყავი, მწარედ მოვსთქვამდი,
ჩემს მარტოობას, სულის ობლობას.
ვსწყევლიდი სოფლის უკუღმა ტრიალს,
მის სიდუხჭირეს, დაუნდობლობას.
თითქო შეეკრა ჩემთან კავშირი,
ზეცაც ჩემსავით იცრემლებოდა,
ორივ ვსტიროდით, ვაფრქვევდით ცრემლებს,
`ის კი მზაკვრულათ იღიმებოდა~.
შავს სარეცელზედ, სიკვდილის მლოდე
ვეგდე ბეჩავი, სული მხდებოდა.
დამაშვრალ თვალთგან ცრემლები რბოდენ,
`ის კი მზაკვრულათ იღიმებოდა~.
ტ. ტაბიძე
1909
ქუთაისი