მიყვარს მე ღამე, გულჩახვეული,
როს ღრუბელთ გუნდი დაჩრდილავს მთვარეს,
ოდეს ნიავი ჩუმად ქვითინებს,
იდუმალობა მოიცავს არეს.
როცა ბულბული, სევდითა კრული,
მგლოვიარე ხმით დაკვნესის სუმბულს,
ნაზი ზეფირი ნანას უმღერის,
თავზედ ევლება მდელოს დანამულს;
ნაძვი მაღალი, ჩაყვითლებული,
ცად ატყორცნილი, როს ჩუმად სტირის
და მარტოობას, მუდამ ობლობას
გულჩათხრობილი ზეცას შესჩივის;
მაშინ სიმღერა მესმის მწუხარე,
ხმა კაეშნისა ველს ეფინება
და ჩემი ჩანგიც მოსთქვამს, ქვითინებს,
აკვნესებული ცრემლებად სდნება.
მუდამ ტირილი ხვედრია ჩემი,
ვაგლახ, დიდების არ ვარ მცნობელი;
დაბადებიდან წილად მშთენია,
აღარ მშორდება შავი ნაღველი.