მედეიას სიმღერა – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1910

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მედეიას სიმღერა

შუა ღამეა. ძრწის ქარიშხალი,

ზღვა ბობოქარი კვნესის, ღრიალებს,

სჩანს – პასეიდონ განრისხებულა

და ადამის ძეთ წარღვნას უქადებს.

ზვირთი ზვირთს მისდევს, კლდეს ეხეთქება,

ვერარას აკლებს, ზღვას უბრუნდება,

მთა კი მაღალი, ცათ აზიდული,

სდგას, ვით ტიტანი, ცას ებჯინება.

ვიცი, ახლოა ჩემთან სიკვდილი,

თავს დამციმციმებს მისი აჩრდილი,

მეც იმას ვეძებ… ოხ! მოდი, ტალღავ!

გულში ჩამიკარ, ობლათ შთენილი.

არ მენანება, მინდა დავტოვო

მცდარი, ამაო საწუთროება;

სიკვდილი იყო ჩემთვის ცხოვრება,

სხეულ შესხმული ამაოება.

ზღვისა წიაღში მოველი საფლავს,

მხოლოდ იქ ვპოვებ თავ-დავიწყებას;

ასე საბრალო, თუ ვიქნებოდი,

გაუჩენივარ რისთვის განგებას?!

ჩემი ლტოლვანი ვერ დაიტია,

მევიწროება ცრუ ეს სოფელი;

სიკვდილს გეძახი, ნუ იგვიანებ,

ჩემი თხოვნაა… უკანასკნელი.