სონეტი
ი. გრიშაშვილს
ნუ მომაგონებთ შვების გაზაფხულს,
ჩემთვის დაღუპულს, ჩემთვის დამარხულს!..
ვინ განმიახლებს დამჭკნარ გვირგვინებს?
ვინ დამიბრუნებს იმ ნეტარ დღეებს!..
უცხო მხარეში სული ღონდება:
ჩემი მამული მომაგონდება…
ვაგლახ! ჩამოსჭკნა ალერსის ბაღი _
მკვდარს არ მიმიღებს მშობლის წიაღი…
სტიროდეთ მეფის აეტის ასულს,
ერთხელ უცოდველ კოლხეთის ქალწულს,
უცხოთა შორის, უცხო მხარეში _
ის ცოცხლათ შთავა ცივ სამარეში,
და იქაც ძვლები შიშით იძრწოლებს,
მამულის წყევლას რა გაიგონებს…