მგზავრის სიმღერა – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1910

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მგზავრის სიმღერა

(მიბაძვა გეტესი)

 

ცათ კაეშანი გამეფებულა,

სძინავს სამყაროს, ნისლით დაბურულს,

შავი ძაძები ჩაუცვამს მყინვარს,

მაღლა ატყორცნილს, ცად აყუდებულს.

ჩემი ქვითინი, მოთქმა, გოდება

არავის ესმის, არ ეყურება,

სევდა-ნაღველმა დალიეს გული,

მარტოდ-მარტო ვარ, არ მესვენება.

ოჰ! ზენაარო! მითხარ, როდემდის

ვიდოდე მწირი მე უსაფარი,

დავიღალევი ცხოვრების გზაზედ,

არ ძალმიძს ვზიდო წამების ჯვარი?

მეგობრის ალერსს არ ვარ ჩვეული,

მუდამ თან დამდევს შავი ნაღველი,

აღთქმის ქვეყანა კიდევ შორს არი,

რწმენა-იმედის ჰქრება კანდელი.

მშვიდობას ითხოვს… მშვიდობას სული,

სოფლის ვაებით ანატირები.

ნუ, ნუ დამმარხავ ასე სიცოცხლით,

მომხედე ბედ-კრულს, გემუდარები!