ბნელი ღამეა. ცის კაბადონზედ
არ მოსჩანს მთვარე, არც ვარსკვლავთ კრება;
ქვეყნად აჩრდილნი აღტყინებულან,
ცა, მოღრუბლული, ცრემლათ იღვრება.
გადმოსწოლია სამყაროს ნისლი,
ჩასძინებია ხევში ნაკადულს,
გლოვობს ბულბული, ხმა ჩაკმედილი
და ცრემლები სდის მის სატრფო სუმბულს.
ნელი ნიავი ჩუმათ სისინებს,
რიონიც გაჰყეფს, გოდებს, დუდუნებს…
სჩანს, რომ ნაღველი შემოსწოლია
და ან წარსულ დროს კვნესით იგონებს.
ცად კაეშანი გამეფებულა,
ზლაზვნით მიმოვლენ შავი ღრუბლები,
კავკასიის მთას, ცაში აგრაგნილს,
შავ-ფიქრთგან პყრობილს, მოსავს ძაძები.
სამშობლო მხარე, ვერანათ ქმნილი,
მწარეთ ქვითინებს, კვლავ იცრემლება…
ოხ! ღმერთო, ღმერთო! ამდენ ცრემლთ ფრქვევას,
ნეტავ, საზღვარი არ დაედება?