ბედით ტანჯული, სოფლით დევნილი,
ურწმუნო ფიქრთგან ბოროტ-ღელვილი,
დედა-ბუნებავ! ჩემო ღვთაებავ!
შენსკენ მოვილტვი, უსასოთ ქმნილი.
ტანჯვა-ვაებას ვეღარ გავუძელ,
სული მოითხოვს მშვიდ ნავთსაყუდარს,
ვერ მივეთვისე ადამიანსა –
სულ-მდაბალ მონას, უღმერთოს, მზაკვარს.
მიყვარს ეგ შენი მშვენიერება,
უკვდავებისა გამომხატველი,
ოდეს შენთან ვარ, რაღას დამაკლებს
გულის დამწველი, შავი ნაღველი?
ტანჯვათ სავანე არის სოფელი,
ამაოება – ჩვენი ცხოვრება,
მაგრამ მე შვებად ისიც მეყოფა,
რომ თვით სამარე შენთან მექნება…