რაა სიცოცხლე მთისა არწივის,
თუ კი ვერ ხმარობს თავის ამაყ ფრთებს!..
ზღვისა ტალღები უიალქანო
ნავსა დაამტვრევს, გაატიალებს…
რა არი სული უსიყვარულოთ,
თუ არ უდაბნო მუნჯი და ვრცელი.
სული სიმშვიდეს ვერ ეგუება,
სურს სიყვარულის დრტვინვა, ნაღველი…
გაფიცებ, ცაო, დევის ნაფეხურს,
ვარსკვლავებისა ცეცხლის ნიაღვარს,
კვლავ დაუბრუნე სულს სიყვარული,
სიყვარულითვე ოდესღაც დამწვარს.
კვლავ დამიბრუნეთ მე წარსული დრო,
ჩემი სიგიჟე, ბავშობის ბოდვა,
სული სამოთხეს რომ შეხაროდა,
როს წმიდა იყო, წმიდა თვით ცოდვა!..