ბალაგანის მეფე
…და ვიცი მე, საიდან მოვედი,
რომელი ქვეყნის ცხელი მზე მწვავდა.
მე დიდი მყავდა წინამორბედი,
წინამორბედი მაცხოვარს ჰგავდა.
და რომ ვერ ვმღერი, როგორც მე მინდა,
თანამედროვეთ კი არ ვედრები,
მე ძველი მახსოვს აღთქმები წმიდა
და დავიწყებულ ღმერთს ვევედრები.
ვარსკვლავთ ჟონგლერის, პოეტის, მაგის,
ვიგონებ ქებას, მაღალს, შორეულს,
როს რესტორანში გამოღვიძებულს
მეძავი მაბნევს გადამხმარ ნარგიზს.
ჰკივის ორკესტრი ხმა ჩახლეჩილი,
ზარხოში ზანგი ბარბაცებს, ცეკვავს,
მეც შერცხვენილი, ჩამოგლეჯილი
მივდივარ, როცა მსახური რეკავს.
…და ბალაგანის მოვკვდები მეფეთ,
რაღაც მეფური იყო ჩემ სულში,
დაგვიანებულ ხმათ შემიერთეთ
თქვენ, ვინც მღეროდით ღმერთზე წარსულში…
ტიციან ტაბიძე
2 თებერვალი, 1917
მოსკოვი