ჩვენ დროს, შესაძლებელია, ისე არაფერი აწვალებდეს, როგორც პრობლემა მემარცხენეობის პოეზიაში. შეიძლება ითქვას, მე კი მგონია, აუცილებლათ უნდა ითქვას, რომ ისტორია პოეზიის არის ერთი განუწყვეტელი სამოქალაქო ომი, რომ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ ჟარგონით, რომელიც დღეს დასჩემდა ქვეყანას.
პოეზიის ისტორიას არ ახსოვს, რომ გამოსულიყოს პოეტი და მიეღოს წინანდელი შემოქმედება. ამ შემთხვევაში რევოლიუციებს ვერც კი დაითვლიდა ადამიანი. თავი რომ დავანებოთ მაგალითებს ანტიურ ქვეყნიდან, საკმაოა მარტო დასახელება ბაირონის და ვოლტერის, რომ ვიგრძნოთ ამ ტეზისის პირდაპირობა. წინათ ეს იყო საკითხი პირადობის, შემდეგ შეიქნა საკითხათ შკოლების და უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც თვითონ პოეზია დაუახლოვდა თავის დასასრულს, როცა ამოიწურა ლირიკა და ქვეყანა გადაბრუნდა ყველა კუთხეებით. მიუხედავათ იმისა, რომ საფრანგეთის რომანტიზმი ნაპოლეონის ბარაბანივით სცემდა თავის პირველ ბრძოლაში, მაინც პრობლემა მემარცხენეობის და საზოგადოთ პრობლემა პოეზიის დააყენეს მხოლოდ ფრანგმა სიმვოლისტებმა, მათი მანიფესტი, რომელსაც შემდეგ მოყვა დამტკიცება შემოქმედების, მსოფლიო რადიუსით გადაჭრის ამ დავას. ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ როცა შარლ ბოდლერი ჯერ კიდევ ბარაბანულ ვიკტორ ჰუგოსავით აჩენდა ახალ ჟრუანტელს პოეზიაში, როცა ის აქებდა სიკვდილის შავ კაპიტანს და ანალოგიას ხედავდა ბავშის და დედაბერის კუბოებში, როცა ყველაზე ფანტასმაგორიულმა ედგარ პომ გაიარა მის პრესაში და მიიღო ახალი შობა პოეზიისთვის, როცა უარყოფილი იქნა პრიმიტიული, სილამაზეს დაუპირისპირდა კოსმეტიკა და კულტი შავი ვენერის და დეკადანსის პირველი არგუმენტაცია, როცა ბოდლერი 48 წლის რევოლუციაში ბარიკადებზე იბრძოდა და სცემდა კიდეც გაზეთ „ბარრიკადს“, მაშინ საქართველოში არც იყო დაწყებული დავა ილია ჭავჭავაძისა და კნ. ბარბარე ჯორჯაძის შორის. მაშინ შინ გაზრდილი კნეინა სრული დაუეჭველობით სწავლობდა ანბანის თეორეტიკას და ან ვის გაახსენდებოდა ის ამბავი, რომ პოეზიის ხერხემალი სწორედ მაშინ ტყდებოდა.
ილია ჭავჭავაძე 70-იან წლებში კომუნის დამარცხების დროს მაინც გრძნობს ანალოგიას, სხვა პოეტებისთვის კი პოლიტიკური ანალოგიაც არ ყოფილა. ამ დროის შემოქმედება მოგვაგონებს ჭურში ჩამჯდარ ადამიანის სიმღერას. მთელი ტრაგიზმი ქართულ პოეზიის ის იყო, რომ პოეტები ჩამორჩენ მშობლიურ პრიმიტივს და ევროპის რადიუსი ყოველთვის უარდა გვერდით ტფილისს. თუ ილიასთვის არ არსებობდა ეს პრობლემა, მით უმეტესს ეს არ იყო აკაკისთვის, იმიტომ რომ, უნდა ითქვას მთელი მეცხრამეტე საუკუნის არა მარტო პოეზიის, არამედ ყველა იდეოლოგია მარტო ილია ჭავჭავაძემ გადაიტანა… და დიდხანს დარჩებოდა კიდევ ქართული პოეზია რუს სემენარიელების ესტეტიკის დამრღვეველთა რკალში, რომ „ცისფერი ყანწები“ არ ყოფილიყო.
პირველად „ცისფერ ყანწების“ მანიфესტებში დაისვა პრობლემა პოეზიის საქართველოში, პირველად აქ გაიმართა სიტყვა და პირველი ეს იყო მაგარი უარი რუტინის, ფილისტერობის და ესტეტიურ ბარბაროსობის წინააღმდეგ.
„ცისფერი ყანწელები“ მაშინ გამოვიდენ პოეზიაში, როცა სიმვოლიზმი ათავებდა თავის ციკლს, როცა ფუტურიზმი დეკლარაციების შემდეგ დარჩა მხოლოდ სიტყვათ და როცა მსოფლიო ომი აპირებდა ხირურგიულად გადაეტეხა კულტურა. ეს იყო გზა ჯვარედინი.
„ცისფერ ყანწებმა“ პირველად შეგნებულათ უარყვეს თეორია აზიის და ევროპის „სინტეზის“… გრიგოლ რობაქიძემ დაამტკიცა, რომ არავითარ აზიურ გავლენაზე ლაპარაკი არ შეიძლება საქართველოში, აქ გავლენა კი არ იყო მონგოლების და სხვა დამპყრობელ ერების, არამედ სრული განადგურება, და ამიტომ არის, რომ გრიგოლ მერჩულის და რუსთაველის შემდეგ ქართული ენა გადაგვარდა და ლექსი გაიტეხა. ჩვენში დღემდე გრძელდებოდა ეს ეროვნული დეკადანსი, ქართული ლექსი და ქართული სიტყვა „ცისფერ ყანწელებს“ ჩაუვარდათ ხელში, როგორც გადამწვარი მუგუზალი. და საჭირო იყო მართლა სასწაული, რომ ლექსი გამართულიყო ლექსად და ამდგარიყო პრიმატი ფორმის და იდეის (აქ ბრჭყალებში უნდა ითქვას, რომ საქართველოში დღევანდლამდე ფორმა სწამთ, როგორც ლირიკული წყალი და იდეა, როგორც კრეტინობამდე დაყვანილი რიტორიკა). ჯერ კიდევ ადრეა „ცისფერ ყანწები“-ს ისტორიის დაწერა.
ჯერ კიდევ არ გათავებულა ცეცხლით გადაწვა. შეიძლება აშკარად ითქვას, რომ „ცისფერი ყანწები“ ისე იბრძოდა ქართულ კულტურისთვის, როგორც მთაწმინდელები ათონში, ისე ებრძოდა ლიტერატურულ ფეოდალიზმს, როგორც გიორგი სააკაძე (ამიტომ არის, რომ პირველად „ყანწებში“ დადგა სააკაძის პრობლემა).
მართალია ნოვატორობისთვის საქართველოს მზად აქვს ჭავჭავაძის წიწამური და მაჩაბელის მტკვარი თუ საკირე.
შეიძლება ეს წინასწარმეტყველებაც გამოდგეს, შეიძლება იყოს ამგვარი სასჯელიც, მაგრამ საქართველოს ბუდე ყველაფერს მოინელებს, ამ შემთხვევაში ზედმეტია სიბრალულიც, რადგან ფრანგი დენდიზმის მომგონის სიტყვაა: არ შეიძლება შეცოდება იმ ადამიანის, რომელსაც ერთხელ სწვავდა შემოქმედება…
მე ვამტკიცებ გადაჭრით, რომ ბოდლერის შემდეგ პოეზია ერთი ხაზითაც არ გახრილა. იდეოლოგია და თეორია სიმვოლიზმის, რამდენათაც ამას გვაძლევს ისტორია სიმვოლიზმის, ყველა ხაზებით ამოიწურება ბოდლერით.
რა არის ის მთავარი, რომელიც განირჩევა სიმვოლიზმის ყველა განმარტებიდან, და რომელიც ბოდლერს აყენებს პოეზიის უკანასკნელ პოზიციაზე.
რემი-დე-გურმონს, რომელიც თავის „ნიღაბთა წიგნის“ შესავალში იძლევა ელემენტარულ განმარტებას სიმვოლიზმისას, გაკვრით წამოცდება: რომ უკანასკნელი გამართლება პოეზიის არის ირონია.
ანდრეი ბელლი, რომელიც თვითონ ითვლებოდა რუსულ სიმვოლიზმის იდეოლოგათ, შემდეგ დასცინის თავის თავას, რემი დე გურმონს და მალლარმესაც, მაგრამ მას ერთხელაც არ უგრძვნია რემი დე გურმონის ეს პარადოქსი, რომელიც შემდეგ შეიქნა თეორიათ.
ბოდლერში არის დაწყებული ურბანიზმი, ეს რკალი შემდეგ გაარღვია ვერჰარნმა, მაგრამ იგივეა სათავეში ირონიის. ეს რკალი დაიყვანა ძირამდი ჟიულ ლაфორგმა.
და აქამდი არ ყოფილა სხვა ხმა პოეზიაში, რომელიც გაუსწორდეს ლაЄორგის ჟრუანტელს, აქ ქვეყანა პირველად არის მობრუნებული უკუღმა, აქ არის არა მარტო დედამიწის რეკვიემი, ეს იმავე დროს რეკვიემია პოეზიის. „მოწყენა არა მარტო ირგვლივ, არამედ პლანეტაზეც“, აქ ორივე მხრივ არის გამართლებული ბოდლერის ინტელეკტის სუვერენობა. უნდა ითქვას აგრეთვე, რომ ირონია, არა თუ დამთავრებაა ფრანგული პოეზიის, შეიძლება ეს იყოს მისი ეროვნული გამართლებაც.
ყოველ შემთხვევაში ეს არის ნიშანი: фრანსუა ვიონის, არტურ რემბოს, ტრისტან კორბიერის, ლოტრეამონის…
მოლდარორის დიალოგი ლოტრეამონის არის უკანასკნელი დაწურვა ირონიის, განა უნდა გამეორება იმ სიტყვებს, როცა მოლდარორი ხედავს ყველა ერთად შეერთებულს: აკვარიუმის სასწაულებს, ძერას, რომელიც სდარაჯობს მკვდარ ილიუზიას, რვა ფეხას აბრეშუმის ცქერით, ყველაფერს ძილის მომგვრელს, ანემიურს… და ვინ დათვლის ამ პარადს ლეშებისას, მოლდარორი მოითხოვს ამის რეაქციას…
სხვა დროს მეტი დამტკიცებით იქნება თქმული ფრანგულ პოეზიაზე. რუსეთმა საფრანგეთის ირონიას უპასუხა ცინიზმით. მე მხოლოდ ამ მხრივ ვხედავ რუსულ უკანასკნელ პოეზიის გამართლებას. ერთხელ ფლობერი ამბობდა: მე ვიქნებოდი მისტიკოსი, რომ ფორმა არ მიყვარდესო. რუსულ მისტიციზმს სწორედ ფორმის უქონლობა აიძულებს ხლისტობას და აქ არც გასაკვირია, რომ ირონია გადავიდა ცინიზმში. შესაძლებელია ეს ეროვნული გამართლებაც იყოს რუსული ახალი პოეზიის. მაიაკოვსკიმ დაიწყო ლაфორგით და გაათავა ჟურნალისტიკით და ცინიზმით, ვასილი კამენსკი, მეორე ეპიგონი ფუტურიზმის, სამუდამოთ დაიხრჩო ბანალობაში. აპოლოგია ცინიზმის ეკუთვნის ვ. როზანოვს.
ყველაზე უფრო პრინციპიალური რუსულ ფუტურიზმში, რომელიც ენათესავება ფრანგულ დადაიზმს, ეს 41 გრადუსი: ილია ზდანევიჩი, ა. კრუჩიონიხი და ი. ტერენტიევი – ნამდვილი წარმომადგენლები არიან რუსული ცინიზმის.
მათ უკვე დაკარგეს თავის იდეოლოგია „ზაუმნაია“ პოეზიის და დღეს განიცდიან უკანასკნელ დეკადანსს.
მათი სიკვდილი უკანასკნელი დამარცხება იქნება ფუტურიზმის.
რასაკვირველია, ჩვენ აქ არ ვეხებით მარინეტის სკოლას. ყველაზე უფრო უშედეგოთ პოეზიისთვის გაიარეს მარინეტის მანიფესტებმა. მარინეტი შეიქნა გ. დანუნციოს ეპიგონი, მისი დეკლარაციები მაშინაზე და მილიტარიტულ ლექსებზე დარჩენ მხოლოდ ნიმუშებათ ყალბი რიტორიკის და უნაყოფონი.
რასაც მარინეტი ლაპარაკობდა ზედმეტი ჟესტიკულიაციით, უკვე გადაიმღერა ვერჰარნმა, პოეზია ეკვივალენტით რომ აყვეს კიდეც მაშინას, ამით სრულიად არაფერი არ იცვლება.
რადგან დღეს ლექსი იზრდება უფრო სიღრმით და მარრინეტი ვერასდროს ვერ მისწვდება ლოტრეამონის უკანასკნელ ტერრორს.
ამიტომ არის დიდი გაუგებრობა, რომ მარრინეტი ითვლებოდეს პოეზიის მემარცხენე ფრონტზე. მართალი იყვენ რუსი ფუტურისტები, როცა მარრინეტის უთხრეს რუსეთში: „Воистину Россия футуристичнее Маринетти“.
ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ პოეზია უფრო ტრაგიულია, ვინემ მარინეტის მაშინა.
ინგლისელების ტანკებმა დალეწეს გერმანიის მილიტარიზმი, მაგრამ პოეზიას ამით არაფერი მომატებია.
პოეზიის სედანი და მარნა – ერთად იყო ლაЄორგში და ლოტრეამონში. პირველად აქ გადატყდა ხერხემალი, და ამას ვერ გაამართლებს რახიტიკების თაობა, ბევრიც რომ წერონ მაშინის პაфოსზე.
სად არის მემარცხენეობა პოეზიაში:
დადაიზმი თუ „ცისფერი ყანწები“
ეს იყოს ტემა შემდეგი წერილისა.
ტიციან ტაბიძე
ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1923, №9