დათვლილი არი დღე შენ მეფობის,
თავს დაგტრიალებს სიკვდილი შავი,
ძრწოდე, ვალტასარ… ახლოა ჟამი,
გახვალ სოფლისგან, გშთანგთქავს საფლავი.
ოხ! უბედურო, მალე გოდებათ!.
შენ შეგეცვლება ტკბილი სიმღერა,
არა რა არის უცვლელი ქვეყნათ,
სიკვდილს გიმზადებს დღეს ბედისწერა.
შურსა იძიებს… შურს იეღოვა,
ვეღარ აიცდენ ბედის განაჩენს,
უკვლოთ გაჰქრები და თვით შენ ფერფლსაც
ქარი ღრიალით ველათ გააბნევს.
შემცდარი იყავ, ოდეს ფიქრობდი
სოფლის ვაების ღვინოში ჩაკვლას,
ამაო ცდაა… ვერვინ შესცვალოს,
წინ ვერ აღუდგეს განგების ძალას.
ძრწოდე, ვალტასარ… მოდის კიროსი,
ბაბილონისა ირღვევა ზღუდე
და მის ლაშქარმა უნდა ამოფხვრას
უღვთო მტარვალის ცოდვილი ბუდე.