სძინავს ტყეში პანს… სთვლემს ცის ეთერი,
ზეფირს ეხვევა ყვავილთა მტვერი…
ნეტარი ძილით სდუმს არემარე,
ვით მყუდროების ცივი სამარე.
მოაქვთ ანგელოზთ ზეცით სიამე…
ცისა მშვენებას სდარაჯობს ღამე.
ოცნების ფრთებზე შენ გთვლემს და გძინავს,
საბნათ ოცნება მგოსნის გახურავს.
ნუ გაიღვიძებ, ისევ გეძინოს…
მგოსნის თვალებით ცრემლმა იწვიმოს.
მიყვარს მე, მიყვარს შენი დუმილი,
და თუ მგოსანი ვით იტანჯება,
იდუმალ გზნებით სული ვით ხდება,
მას წაგჩურჩულებს გრძნეული ძილი.